Monday, June 1, 2009

აბზაცები

* * *
ყველაზე მეტად საკუთარ თავზე მიყვარს ლაპარაკი-მეთქი, პირველ პოსტში ვთქვი. რაღაც მოვლენებს მხოლოდ "ყურით" და "ცხვირით" ვიმახსოვრებ. აი გუშინ, მაგალითად, კუს ტბაზე მთელ ხმაზე ისმოდა ჯო კოკერის რომელიღაც სიმღერა, ჰოდა მაშინვე ის დღე გამახსენდა, მე, იორიკი და თაკო რომ მოვსეირნობდით კოსტავაზე და ჯო კოკერიანი კოკა-კოლა რომ მეჭირა ხელში, მეთქი არ გადავაგდებ, შევინახავ, რა იცი, ჯო კოკერი მეორეჯერ თბილისში როდის ჩამოვა და ასეთ კოკა-კოლებს როდის გამოუშვებენ-თქო, ისე, კარგი ზაფხული კი იყო. ჯაზით, ზღვით, კოკა-კოლით, ზაგრით, მერე ლუდით და ჩიფსებით. სულ იმას ვამბობ, ჯაზი ცხოვრების წესია თქო. თავისი ზაფხულით, ცხელი მზით, საქსოფონებით, ლამაზი გოგოებით და ბიჭებით, ზაგრით, ლუდით და ზღვით. იიიფ! მომინდა :

* * *
ერთი წლის წინ ერთ-ერთ ჩემს კარგ ნაცნობთან (საქმე ისაა, რომ ამ ბიჭთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს ინტერნეტში, აი ლაივში კი არც კი ვიცით რაზე ვილაპარაკოთ, მხრების აჩეჩვით ვიფარგლებით ხოლმე) ცხარე კამათი მომივიდა (რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ფორუმზე) პაზოლინის "სალოზე". (ზუსტად იგივე სიცხარით მანამდე ერთი წლით ადრე უკვე მქონდა ნაკამათები ჩემს რეჟისორ საუკეთესო მეგობართან. მაგრამ ეს ამ თემას არ ეხება). ეს ბიჭი მოკლედ, მიმტკიცებდა, რომ "სალოზე" საზიზღარი ფილმი ჯერ არ უნახავს და ყველა "ჩაინიკს" ურჩევს ხოლმე ამ ფილმს. ჩემი საყვარელი ფილმი, რაღა დაგიმალოთ და, არაა, მაგრამ ერთ-ერთი ფილმი, რომელსაც ყველას ვურჩევ სანახავად, მაინც სალოა. http://www.lib.ge/body_text.php?6777 პირველ რიგში ამ ლინკს დავაგდებ წასაკითხად, (კარგი ლინკია, ნახეთ), და მეორეც, ამ ფილმის ნახვიდან რამდენიმე თვე გული მერეოდა როცა სალო მახსენდებოდა. მერე, პრინციპში (ნუ, რაღაც-რაღაცების წაკითხვის მერეც, ალბათ), მივხვდი, რომ სალო ყველაზე მწარე სიმართლეა კაცობრიობის შესახებ, რომ ადამიანის ყველა სურვილი, ფობია, მანია... იმ სურვილზე დადის, როგორმე მიიპყროს საწინააღმდეგო სქესის ყურადღება და თუ ვერ იკმაყოფილებს ამ სურვილს, მთელი სექსუალური ენერგია, რაც მასშია მოზღვავებული ან აგრესიად იქცევა, ან, (მეტნაკლებად გონიერი ჰომო-საპიენსის შემთხვევაში) რაიმე ნიჭად და შესაძლებლობად...


* * *
ჰო, რატომ არ დავდივარ ეკლესიაში და საერთოდაც, რატომ არ ვცხოვრობ ეკლესიური ცხოვრებით...
მგონი არ ღირს იმის ხელახლა ახსნა, რომ მარხვის პერიოდში გინებისგან თავის შეკავება, კაბით თავდახრილი სიარული, სამარხვო ნაყინების, კატლეტების და მწვადების ჭამა, ეკლესიების წინ დიდი მეტანიების მოწყობა, ლოყების დახოკვა და აღდგომის ღამეს, ლიტანიობაზე ეკლესიის ეზოში "დაბირჟავება" რელიგიურობა არ მგონია... მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვებით. ალბათ, დაგაინტერესებთ.
რამდენიმე თვის წინ ერთ სუფრაზე მოვხვდი, სადაც მხოლოდ ერთი სასტავის ცოლები იყვნენ შეკრებილები. (ნუ როგორ და რატომ მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მხოლოდ ქალები იყვნენ, ძმაკაცების ცოლები). მძიმე მარხვის პერიოდი იყო. ერთი გოგო ამბობდა, რომ ისეთი რთული ფეხმძიმობა ჰქონდა, მეორეჯერ ბავშვის გაჩენას კაი ხანს არ იფიქრებს, არადა მის ქმარს, რა თქმა უნდა, კიდევ უნდა შვილი. ჰოდა ამიტომაც იმდღეს თურმე ქმრის უჩუმრად ე.წ. "სპირალი" ჩაუდგამს. მეორემ კი თქვა, რომ ეგ რა არისო, მეორის გაჩენა რომ არ მინდოდაო, დავფეხმძიმდიო და სანამ ჩემი ქმარი გაიგებდა, აბორტი გავიკეთეო. ნუ, გაიცინეს. მერე იმანვე, (ვინც აბორტი გაიკეთა) შეიცხადა, რა არის, ამ მძიმე მარხვის პერიოდში ამაზე რომ ვლაპარაკობთ, ცოდვააო. მერე, რაღაცაზე მოაყოლა, მარხვაზე ვარო.

არ მინდა, ბატონო, რელიგიურად ცხოვრება, არ მინდა რა, არ შემიძლია! ვერ ვიტყვი უარს რძიან და თხილიან შოკოლადზე, შარვლის ჩაცმაზე, უზრდელობაზე, ხორცის ჭამაზე და ლუდის დალევაზე, "აკრძალულ" თემებზე ლაპარაკზე და "აკრძალული" ფილმების ნახვაზე, როკის მოსმენაზე, ვერ გადავიწერ ეკლესიასთან ყოველ ავლა-ჩავლაზე პირჯვარს, ვერ მოვუყვები ჩემს ყველაზე დაფარულ ცოდვებს ვერავის, საკუთარი უახლოესი მეგობრების გარდა, რა ვქნა, არ შემიძლია და რაც მთავარია, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ჩემს ღმერთს საერთოდ არ აქვს პრობლემა ამაზე!

* * *
იმდღეს, დიდი ხნის ჩიჩინის მერე, ვუყურე "მამა მიას". ღამე იყო და ფილმის მერე ისეთ კარგ ხასიათზე დავიძინე, მთელი ღამე ფერად-ფერად სიზმრებს ვხედავდი. კარგი მუსიკით, კარგი მსახიობებით, კარგი სანახაობებით, საყვარელი, ისეთი, "გოგოშკური" სიუჟეტით, აი, მოკლედ, მთელი გულით მომეწონა. :)

* * *
ჰო და, ბარემ, სიმღერის ლინკიც, რახან "მამა მიათი" ვამთავრებ, ბარემ ალბომის ლინკსაც დავაგდებ:
http://www.avoe.ge/music/index3.php?gr=Music/&gd=Foreign/&ga=S/&galb=17680

2 comments:

  1. რა კარგი პოსტი იყო, ირიიიიიიიიი!
    გეთანხმები ბევრ რამეში :)
    რელიგიურობა ისაა, როცა ადამიანი საკუთარი თავის შეცნობას ცდილობს, პიროვნების დახვეწა სურს და სხვა რაღაცისკენ მიისწრაფის, რელიგია მარტო მარხვა და მამაოს ხელზე კოცნა არაა... ღმერთი სულ სხვაა და რელიგია - სულ სხვა, ხან ასე მგონია ხოლმე...
    ეგეთი ცოლ-ქმრობის რა ვთქვა, სპირალებს რომ ჩუმად იდგამენ და აბორტებსაც ჩუმად იკეთებენ... უჰ, მიხარია, რომ სხვა სამყაროში ვცხოვრობ...

    ReplyDelete
  2. აბა... ასეთ ამბებს რომ მიყვებიან, ან მე თვითონ რომ ვაწყდები მსგავს მარაზმებს, მართლა გულით მიკვირს, რომ ნუთუ ეს ხალხი ვერ მოეშვა ასე ცხოვრებას? იმდენად სხვანაირი ხალხია ჩემ გვერდით, თუნდაც შენ, თაზო, ბავშვები... მეგობრები, რავი, მოკლედ :)
    რელიგია ოპიუმია ხალხისთვის _ უკვდავი ფრაზაა ;) :პ

    ReplyDelete

დააკომენტარეთ