Thursday, June 4, 2009

პარადოქსები

რამდენიმე დღის წინ, ბარსელონა-მანჩესტერის ფინალური მატჩის გახსნაზე ქართველმა გოგოებმა იცეკვეს. მერე, როგორც გავიგე, თამაშის ორგანიზატორებს უთქვამთ, ამდენი ლამაზი გოგო ასე მასობრივად ქუჩაში ჯერ არ გვინახავსო. გესიამოვნება კაცს.
იმდღეს ერთი სტატიისთვის ჭავჭავაძის "ქვათა ღაღადიდან" ერთი ციტატა დამჭირდა. ამხელა და ამისთანა თემატიკის სტატიაში ერთი ჰომოფობიური თუ ქსენოფობური სიტყვა ვერ ვიპოვე. აი ჟურნალისტიკა! აი პროფესიონალიზმი და დიპლომატია! გეამაყება, როცა გაგახსენდება, რომ არცთუ მთლად ჩამორჩენილები არ ვართ ჟურნალისტიკაში, და საერთოდაც, მენეჯმენტში _ ჭავჭავაძე ხომ თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი იყო: ადამიანმა შეძლო ბანკის, წერა-კითხვის დამაარსებელი საზოგადოების, სასამართლოს, გაზეთის დაარსება, ამდენი თანამოაზრის შემოკრება.
(დღეს არ მინდა ამ ყველაფრის ბნელი მხარის გახსენება, არ მინდა იმის თქმა, რომ ასეთი კაცი ვერ შევიფერეთ, ათასი კუდი მოვაბით, ათასი სისაძაგლე დავწამეთ და შურის გამო გავასაღეთ...)
საამაყოა.
"ალიონში" ჩემი პირველი სიუჟეტი "ერისიონის" განახლებულ პროგრამაზე იყო. მთელი კონცერტი ფეხზე ვიდექი და კამერას ოპერატორთან ერთად ჩავყურებდი. ცეკვაში, სიმღერაში, ტრადიციებში _ ხედავ, როგორ სცემდნენ შენი წინაპრები ქალს პატივს, როგორი ზრდილობა და თავაზიანობა ჰქონდათ, როგორ პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს, როგორი ჯენტლმენები იყვნენ, როგორი თავისუფლები და ლაღები... აბა ვინ მოიგონა ასეთი ცეკვა, ვინ მოიგონა შვიდხმიანი ჰასანბეგურა, ვინ მოიგონა ასეთი მდიდრულხმიანი მრავალჟამიერი, ვინ მოიგონა, რომ ცეკვისას ქალს არ უნდა შეეხო, უკან უნდა მისდიო და დაიცვა... ბებო ხშირად მიყვებოდა ერთი ქართველი თავადის ამბავს, რომლის ჩოხის კალთას ერთ სუფრაზე ქალი შემთხვევით დააჯდა. თავადმა, რომელსაც ადგომა უნდოდა, ქალი არ შეაწუხა და ჩუმად მოაჭრა ძვირფას ჩოხას კალთა...
ვინ მოიგონა ამდენი ლეგენდა, ქართული მითოლოგია, ზღაპრები, ირმისა და ასფურცელა, მისტიკური გმირები: აბუდელაური, ლაშარელა, კოპალა... ვინ მოიგონა, რომ ყველა საიდუმლოს გასაღები სანუკვარი ქალის თმებშია ჩაწნული და რომ ეს გასაღები მეცამეტე კარს აღებს, რომ დევები თავიანთ სულებს პატარა კოლოფებში ინახავენ, ვინ დაწერა "ვეფხისტყაოსანი", ვინ ჩადო ამ ჯადოსნურ პოემაში ამხელა იდუმალება, ასეთი მხატვრობა... 
ვინ მოიგონა ქართული ანბანი, მისი მრგვლოვანი მოხაზულობა, ბნელი ისტორია, ათასი ვარაუდით, თითქოს ციდან ჩამოვარდნილი, მაგრამ მაინც გამოუკვლეველი ფესვებით... 
ათასობით ქართველმა, ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანებმა როგორ უბრალოდ, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე არ გადაუარეს ხატებს და როგორ გაწირეს თავი იდეისთვის... 
და როგორ გაწყდა მე-20 საუკუნის რიგი რეპრესიების დროს საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, თავადები, განათლებული თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ელიტა... (ისევ არ გავიხსენებ ვის გამო, რის გამო და რანაირად...)
შესანიშნავია, როცა დღეს კლასიკად აღიარებული შანელის პირველი სახე წლების განმავლობაში ქართველი მერი შერვაშიძე იყო.

დღეს უცნაურ გუნებაზე ვარ. ხანდახან, ალბათ ყველას გვახსენდება, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. და ამ დროს განსაკუთრებით ვგრძნობთ ხოლმე სინდისის ქენჯნას_სადამდე მოვედით. იქამდე მოვედით, რომ ეს ყველაფერი სასაცილოდაც აღარ გვყოფნის, გმირულმა წარსულმაც ლეგენდებში გადაინაცვლა და ხანდახან არც კი გვჯერა, რომ ეს ყველაფერი, ეს ერთი სევდიანი, უცნაური, ლამაზი, მისტიკური და საინტერესო ისტორია ჩვენ გადაგვხდა თავს... 
http://www.youtube.com/watch?v=Mjm2DWh9uhY&feature=PlayList&p=E3CE128E4881ED29&playnext=1&playnext_from=PL&index=2:)

2 comments:

  1. მართლა ძალიან უცნაური და მოულოდნელი პოსტია შენგან, ირი :) განსაკუთრებით, სხვა პოსტები რომ წაკითხული მაქვს. სასიამოვნო იყო. ოღონდ თავადზე გამეცინა :D ვერ ვიტან თავად-აზნაურობას და მაგათი ჯენტლმენობაც დიდად არ აღმაფრთოვანებს, sorry.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ