ნუნისზეც მინდა დავწერო.
მაშინ მართლა ძალიან პატარები ვიყავით. ორი კვირა იქამდე სანამ ნუნისში წავიდოდით, ლამის ერთად ვცხოვრობდით. მე, ნინია, ლეკა, ჩაკო, სანდრო, ალექსა, შოთა, იორიკი, რომიკო.. :) ბევრნი, მოკლედ. ვკითხულობდით ლექსებს, ვუყურებდით "იავნანას" ჩუმად და უკვე მერამდენეჯერ, თეთრ კაბებს ვიცვამდით. მოკლედ, ოაზისი-კომუნა გვქონდა შექმნილი ნინიას სახლში.
მერე ნუნისში წავედით. დიდი კაკლის ხეზე ჯონ ლენონის სახე იყო ამოტვიფრული, ეტყობა ჩვენამდე დიდი ხნით ადრე აქ სხვებიც იყვნენ. გვერდით ველური პიტნა ყვაოდა. ალექსი ამბობდა, გოგო რომ გამიჩნდება, პიტნას დავარქმევო.
ლეკას ჰქონდა ჩახვეული, "წაიყვანეს ალექსი, ბატონებმაო"_რამდენჯერაც არ უნდა გავიგო ეს ფრაზა, ყოველთვის ნუნისი გამახსენდება.
კიდევ, ის ეპიზოდი, მე ჩაკო და თაკო ჯანდიერს რომ ვკითხულობდით რიგრიგობით, მწვანე ბალახზე, თან პიტნის ჩაის ვსვამდით.
საღამოობით ცეცხლთან ვსხდებოდით, ათას სისულელეს ვლაპარაკობდით.
ჰო, იმდენს ვწერდით კიდევ... სხვები ალბათ კიდევ წერენ, მე ვეღარ, სათქმელის მეტი რა მაქვს, უბრალოდ გადავეჩვიე ყველაფრის ასე წერას.
მერე ჩამოვშორდი იმათ. ბავშვობაში დამრჩნენ _ წითელი, გრძელთმიანი ლეკა, ქერა და ბუტია ნინია, სუუულ თეთრი თეთრი ჩაკო, ძალიან ლამაზი ხვიარა, ულამაზესი, პატარა პიტერ პენივით, გაზრდა რომ არასდროს არ უნდა, რევოლუციური იდეებით შეპყრობილი შოთა (ალბათ იმასაც აღარ სჯერა დღეს, ერთ დროს ამდენ ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრებს რომ აფრქვევდა), იორიკი.... :) ბატონებმა წაიყვანეს. ან მე წამიყვანეს, საერთოდ სხვაგან.
მათ მერე ჩემი ცხოვრება საერთოდ შეიცვალა. ჩავჯექი ჩარჩოებში, დავიწყე მოქცევა ისე, როგორც ყველა "წარმატებული ადამიანი" იქცევა.
ის ალილო კი ისევ ნუნისს გამახსენებს, შოთას და გიგილოს კარავთან გამოკიდებულ დიდი ბრიტანეთის დროშას, ჯონლენონიან კაკლის ხეს და პიტნის სუნს.
და საერთოდაც, ალილო შობას კი არა, ზაფხულს გამახსენებს. ცხელ ზაფხულს ნუნისში.
http://www.allshares.ge/download.php?id=0D2634CC24
bavSvobas zogjer pitnis suni udis xolme :)
ReplyDelete