Saturday, September 19, 2009

-----------------------

წუხელ ქრისტე მესიზმრა.
იჯდა მხიარული სამზარეულოში,
მიირთმევდა ყავას და ბუტერბროდებს.
ეცვა ჯინსები. 
რომ დამინახა, მხიარულად დამიქნია თითი და მითხრა:
მე რას მიმალავ, ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ.
არაფერს გიმალავ, ღმერთო.
ხანდახან ადამიანების მრცხვენია და
მოდი, ეს ყველაფერი
ჩემი და შენი საიდუმლო იყოს.
თუ გინდა დამცინე და თითი მიქნიე,
ოღონდ არ გამცე.
თუ გინდა გაბრაზდი,
ოღონდ გიყვარდე.
ხანდახან ისე მეშინია, როცა გავიფიქრებ:
ნუთუ ღმერთიც გადაიყვარებს ვინმეს?
არ გადამიყვარო, ღმერთო.
თუ გინდა დამცინე და თითი დამიქნიე.
შენც ხომ იცი, 
მე ყოველღამე, უკვე სიმშვიდით, მისჯიან სიკვდილს,
თავის მოკვეთას და 
მთხოვენ, ჩავაგდო მონეტა სალაროში, ავიღო ქვითარი და
ჩემს რიგს ველოდო.
ჩემი მეგობარი კი ამ დროს, ისიც სიმშვიდით,
"ძაღლის გულს" კითხულობდეს.
მივეჩვიე თვითმკვლელობასაც, ზაფხულის საღამოობით
მშვიდად რომ ჩამოვჯდები მტკვრის ხიდზე მოაჯირთან 
და უინტერესოდ ვუყურებ,
როგორ იყრება ჩემი სხეულიდან შიგნეულობა გასაოცარი თანამიმდევრობით.
თვალს ვარიდებ, მრცხვენია თვითმკვლელობის.
ხმამაღლა ვყვირი: ეს ჩემი არ არის!
ხიდზე კი ამ დროს ჩემი მეგობრები მორბიან
მხიარული შეძახილებით.
ვერ მიხვდნენ თავი რომ მოვიკალი.
მე კი ჩურჩულით გაბარებ, ღმერთო, აღსარებას.
ვიცი, რომ ცოდვა ჩავიდინე.
თუმცა ისევ ცოცხალი ვარ.
არ გამცე ღმერთო.
ხომ იცი როგორ მრცხვენია ადამიანების.
როცა ჩემში ხელების ფათურს იწყებენ, მეცინება. 

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ