ჩემს 8 წლის ბიძაშვილს, ნიკუშას, დაბადების დღეზე სანუკვარი ოცნება აუხდა და სკეიტ-ბორდი აჩუქეს. ჩემი მოტანილი საჩუქარიც ზრდილობის გამო შეათვალიერა _ პარკიდან უხალისოდ ამოიღო პრიალაყდიანი, ახალგამოცემული "ტომ სოიერი" და ზრდილობიანად გამიღიმა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშას ვერც სიზარმაცეს დააბრალებ, ვერც გაუგონრობას, გაკვეთილებსაც თავის დროზე ასრულებს, წიგნების კითხვა არ უყვარს.
თუკი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს დავუჯერებთ, ქართველი მოზარდების ნაკითხობის დონე ძალიან დაბალია და დაახლოებით 50 ქვეყნის მონაცემებიდან საქართველო ბოლო ათეულში შედის.
ეს ალბათ საგანგაშო ციფრია, თუმცა მხოლოდ სოციალური რეკლამების ჩვენებით. ისიც, ბავშვებისთვის აბსოლუტურად უინტერესო არხზე და შეუფერებელ დროს, (ხშირად ამ რეკლამებს ღამის 12 საათიდან ატრიალებენ), პრობლემა არ აღმოიფხვრება.
საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად არის სოციალურ თემატიკაზე მიძღვნილი სიუჟეტები, თუმცა მხოლოდ იმ თემებზე, რომლებიც უშუალოდ ისევდაისევ პოლიტიკას უკავშირდება.
განათლების დაბალი დონე ბავშვებში და მოზარდებში _ ნუთუ ეს არაა პრობლემური საკითხი და ნუთუ არ აღელვებს ეს ფაქტი ჩვენს საზოგადოებას?
ამ პრობლემას უნდა აგვარებდნენ მასწავლებლები, რომლებიც კლასგარეშე საკითხავ მასალას მისცემდნენ ბავშვებს, სკოლის ფსიქოლოგი _ რომელთანაც ინტენსიური ურთიერთობა ექნებოდათ მოსწავლეებს, აგრეთვე ტელევიზია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს არასრულწლოვნებზე.
ვის კომპეტენციაში შედის ამ საკითხზე ზრუნვა? როგორ შეიძლება მათი წიგნით დაინტერესება?
არის თუ არა მიღებული ჰარი პოტერით და სხვა მსგავსი "ლაითი" (ნუუ, ვისთვის როგორ) ზღაპრებით კითხვის დაწყება, როგორც ზოგი მიიჩნევს, თუ ასეთი ლიტერატურით ბავშვს მხოლოდ გავრყვნით, "ქრისტეს გზას გადავაცდენთ" სხვა ბევრ მარაზმს გავუკეთებთ და ა.შ.?
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ღირს თუ არა ამ თემის წამოწევა მედიაში?
მძიმე თემას შეეხე ნაღდად. იცი რა? ჯერ არ ღირს მგონი. ოღონდ სხვა რამეს ვგულისხმობ: სანამ ამაზე ხმამაღალ და მასშტაბურ საუბარს დავიწყებდეთ, ჯერ გავერკვეთ კარგად (მერე რომ არ დავცხოთ ერთმანეთს), რა გვინდა, რას მოვითხოვთ, რა მიგვაჩნია სწორად და რა არა ;)
ReplyDelete