Tuesday, October 5, 2010

for my closest friends



უკვე შემოდგომას ვგრძნობ. ვგრძნობ მთელი ტანით, ტვინით, ვგრძნობ რომ ნელ–ნელა ვგრილდები, ვმშვიდდები და ზამთრისთვის ვემზადები. კანონზომიერია. ვგრძნობ რომ სამყაროს ნაწილი ვარ და საოცარი გრძნობაა იმაზე ფიქრი, როგორ მოქმედებს შენზე ყველაზე პატარა კენჭიც კი, რომელიც ოკეანის ფსკერზე დაგორავს, ან როგორ მოქმედებენ შენზე დიდი და შორეული ვარსკვლავები, როგორ განაპირობებს ხასიათს მთვარე, მზის სინათლე და სითბო.



ბავშვობაში თვეებს ფერების და სუნების მიხედვით ვყოფდი. მაგალითად, ზაფხული წითელი მეგონა, გაზაფხული ვარდისფერი, შემოდგომა ყვითელი, ზამთარი კიდევ, ნაცრისფერი. ზაფხული თავისთავად იმიტომ მიყვარდა, რომ არდადეგები იწყებოდა, მაგრამ შემოდგომა მიხაროდა _ მთელი ზაფხულის სიცხით დაღლილს სულ მენატრებოდა გრილი ნიავი და თბილი მზის სხივები, სურნელოვანი ფერადი ფოთლები. ჰაერი თითქოს თაფლის სუნით იჟღინთება. ოქტომბერი კი ყველაზე ჭრელი თვეა ჩემთვის. ფერადი, ხალისიანი, ხის ფესვების და სველი მიწის სურნელით. ფერადი ჟაკეტები და შარფები, ლამაზი ქუდები, გრილი საღამოები და წვიმები _ შეიძლება ადამიანებს ის თვეები უყვართ გამორჩეულად, როცა დაიბადნენ. ანიც და მერიც ასე არიან, მარტი უყვართ. მართალია მეტს არავის ვიცნობ თავისი დაბადების თვე უყვარდეს, მაგრამ მე და ჩემი ორი მეგობრის მაგალითიც სავსებით კმარა.


ადამიანებს ხალისიანი და უპრობლემო ვუყვარვარ. ალბათ სულ ასეთიც უნდა ვიყო, თუ ძალიან ძალიან არ გამიჭირდება ოდესმე.

ბედნიერებაა, როცა მთელ საღამოს მეგობრებთან ერთად ატარებ. ზოგჯერ მოწყენილებთან და გაურკვეველ ხასიათზე მყოფებთან, მაგრამ მაინც, შენს მეგობრებთან. თავს ეკონომიკის სამინისტროს არკას აფარებ და ათას სისულელეზე ყბედობ. ხანდახან უსტვენ კიდეც. შენ თუ არა, გვერდით ზურა ყოველთვის აღმოჩნდება, რომელიც უპრობლემოდ დაუსტვენს. იმღერებ და სამინისტროს გვიანობამდე შემორჩენილი თანამშრომლები უკმაყოფილოდ გადმოგხედავენ და ჟალუზს ჩამოწევენ. მერე ძალიან გაწვიმდება და საყვარელ ადამიანთან ერთად ცივი წვეთები გაგლუმპავენ. ეს ზაფხულის წვიმა არაა, გრილი წყალი გესიამოვნოს. სიცივე უკვე ძვალსა და რბილში გატანს, თავს ვერც ცხელი წყლით და ცხელი ლიმნიანი ჩაით იმხნევებ. აღარ გყოფნის ფანტაზია.



ბოლოს კიდევ, როცა სურნელოვანი კრემების და ათასი ლოსიონის შეზელის და წასმის შემდეგ საყვარელ ლეპტოპს მიუჯდები, ფეხებში უცებ იგრძნობ დაღლას და კუნთების ტკივილს და პოსტის წერას დაიწყებ. თუ პოსტის არა და დღიურისას, ან ფეისბუქზე სტატუსს მაინც განაახლებ.
მიყვარს შემოდგომა.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ