Wednesday, February 9, 2011

movies I've watched

ოსკარის დაჯილდოებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ყველა ფილმის ნახვა კი რა თქმა უნდა მეზარება. კაცმა არ იცის, რატომ გადავწყვიტე "გვახარიობანა", პრინციპში ეს სულაც არაა ამ პოსტის დაწერის მიზანი. თუმცა ჯობია ამ სულელურ შესავლებს პირდაპირ საქმეზე გადავიდე. ჰო, აშკარად ასე სჯობს.

რა საყვარელია თან :S
ფიილმი #1. "127 საათი". დენი ბოილი.

ჯერჯერობით არც თუ ისე ბევრი ფილმი მაქვს ნანახი. პირველი რაც ოსკარზე წარდგენილი ვნახე, არის დენი ბოილის "127 საათი". ჯეიმზ ფრანკო თამაშობს. ფილმი "საუკეთესო ფილმისთვის", ჯეიმზ ფრანკო კი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვისაა წარდგენილი. ნომინაციები კიდევ უხვად აქვს, მათ შორის საუკეთესო საუნდტრეკი, რომელსაც Dido ასრულებს. ფილმი რეალურ ისტორიასა და ფაქტებზეა დაფუძნებული. "127 საათს" შუაღამისას, რამდენიმედღიანი ფიქრის მერე ვუყურე. ტრეილერი გადასარევი ჩანს _ ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები როგორ ერთობიან გრანდ–კანიონზე. ჰა, ჰა, ჰა, გგონიათ საღამოს სასუსნავს გვერდით მოიდგამთ, ნაუშნიკებს ყურებში გაირჭობთ და სასიამოვნო 2 საათის გატარება გიწერიათ?:))) არაა! ნამდვილად არა. ადრენალინი, აჩქარებული პულსი, გაბნეული კადრები, გრანდ–კანიონი და პრაქტიკულად ერთი მსახიობი, რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში მიყავს მოქმედება და დინამიკას არ აგდებს. შინაარსს რომ მოვყვე, ფილმის ნახვას აზრი აღარ ექნება. როცა ეკრანზე ტიტრები გამოჩნდა, ეგრევე ფეისბუქზე შევვარდი და პირველივე, ვინც ონლაინზე იყო, მივწერე. ვეღარ ვიძინებდი.

დახატულია ეს გოგო:|
ფილმი #2. "შავი გედი" დარენ არანოვსკი.


ამ ფილმის ყურება ორმა რაღაცამ გადამაწყვეტინა. ნატალი პორტმანის როლმა და "გედების ტბის" მიმართ ჩემმა სიყვარულმა. მოქმედება ფანტასტიკას, ფსიქოლოგიურ დრამას და თეატრალურ წარმოდგენას შორის მიმდინარეობს. ნატალი პორტმანი პატარა გოგოა, რომელიც თეატრის პრიმა–ბალერინობაზე ოცნებობს, რომელი სპექტაკლი, თუ არა "გედების ტბა" მოუტანს მას წარმატებას და აღიარებას? ჰოდა, ისიც პრემიერისთვის ემზადება. პატარა, დედის დამჯერი გოგო ნელ–ნელა მშობლის ყოვლისშემძლე ფრთისგან გამოდის და ფრთებს თავად ისხამს. ნუ კაი ხო, ეჩვენება, მაგრამ ეს საერთოდ არაა მნიშვნელოვანი რა ეჩვენება და რა _ არა. მთავარია, მაყურებელი როგორ წყვეტს, რა რეალობად ჩათვალოს და რა _ არა. ძალიან მიყვარს ისეთი ფინალი, როცა მე თვითონ ვიგონებ დასასრულს. მიყვარს ასევე ისეთი ფილმებიც, რომლებშიც მოქმედება თეატრში ხდება. გრიმი, კოსტიუმები, კლასიკური მუსიკა, ქორეოგრაფია. ვერც ამ ფილმზე შეგპირდებით, რომ აუცილებლად საღამოს "შეიკეცავთ ფეხებს ბებრულად", ლიმნიან ჩაის მოიდგამთ და საღამოს სასიამოვნოდ გაატარებთ. თუმცა ამ ფილმის ყურებაში დახარჯული წუთები ნამდვილად ღირს. ბოლოსდაბოლოს, ნატალი პორტმანი თუ არ გევასებათ, ჩაიკოვსკია!

ფილმი #3. "ბავშვები კარგად არიან". ლიზა კოლოდენკო.


საკმაოდ სახალისო ფილმი, რომელიც, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, მთლიანად ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული. აქ ვერ შეხვდებით ვერც იარაღებს, ვერც სექსუალურ ლამაზმანებს, ვერც კაი ტიპებს, ფანტასტიკაც კი არაა, არც ფსიქოლოგიური დრამაა. მოკლედ, არაა აქ არაფერი ის, რაც დღევანდელ კინოს ან პოპკორნის მოყვარულებს აინტერესებთ. (ნუ, ვმამენტ შეიძლება აინტერესებდეთ, მე და კიდე ბევრი აბა რატომ დააინტერესათ) თუმცა აქ არის მაგალითად ასეთი მომენტი: "მერჩივნა, შენც გეი ყოფილიყავი, უფრო მეტად ემოციური იქნებოდი" (ზუსტი ციტატა არ მახსოვს). ესაა ოჯახი, სადაც ერთმანეთი უყვართ და აფასებენ, გადაწყვეტილებებს ერთად იღებენ, ერთად განიცდიან ყველა პრობლემას და ერთადვე წყვეტენ. მოკლედ, ამერიკული ოჯახი, სადაც ბავშვები ბოლოსდაბოლოს იზრდებიან, 18 წლისები ხდებიან და კოლეჯში მიდიან. (რა მაგარია, მეც მინდა ასე ვა!) მშობლები კი, ბებერი მშობლები, ერთად რჩებიან, მარტოები და უფრო მეტად ხვდებიან, თუ როგორ უყვართ ერთმანეთი. ჰო რა, მოკლედ, ვეთანხმები ჩემს მეგობარს. ეს ფილმი არის ურთიერთობებზე.

ფილმი #4. "მეფის სიტყვა". ტომ ჰუპერი.


აუცილებლად, აააუცილებლად უყურეთ ამ ფილმს ინგლისურად! სხვა შემთხვევაში მის ნახვას აზრი არ ექნება. ნუ, როგორ არ ექნება, მაგრამ მთელი თავისი "პრელესწებით" ვერ აღიქვამთ. "aand what if my husband is a duke?" აბა წარმოიდგინეთ როგორ იტყოდა ნამდვილი ბრიტანელი ამ წინადადებას? წარმოიდგინეთ? ჰო, კიდევ ამას დაუმატეთ უესტმინსტერის სააბატო, ინგლისური ამინდი, გასული საუკუნის 20–30–იანი წლები, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი და კოლინ ფირტი, რომელიც მეფის როლს ასრულებს. იცით რატომ უნდა ნახოთ კიდევ ეს ფილმი ინგლისურად?? იმიტომ რომ ამქვეყნად ვერც ერთი ენა ვერ გადათარგმნის ისე სიტყვა "kinging"-ს, როგორც ამას ინგლისურ ენაში მოახერხებდით.

ფილმი #5. "ზამთრის ძვალი". დებორა გრანიკი.


ესაა ერთადერთი ფილმი, რომლის ნახვის დროსაც არ გამჩენია სურვილი დამეხედა, რამდენი წუთი გავიდა და რამდენი დარჩა. ძალიან ბევრი რამით ჰგავს ქართულ კინოს. "მერე ეს კარგია?" მკითხა ერთ–ერთმა ჩემმა ფრენდმა ფეისბუქზე. წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ, რაღაცნაირად მშობლიური განცდა დამრჩა, კიდევ იმისი, რომ ჩვენ ასეთ დღეში მარტოები არ ვართ და ვიღაცები, თუნდაც გაფერადებულ და ბილბორდივით გაბრდღვიალებულ ამერიკაში, ჩვენს ბედს იზიარებენ. სახლს უყიდიან, ნარკომანი ახლობლები ჰყავთ, პოლიციას იქაც ჰყავს "ნასეტკები", მევალეები იქაც არიან.. არ ვიცი, რამდენად კარგად აღვწერე ეს ფილმი, მაგრამ ჩემი მიზანი ის ხომ არაა, მისი შინაარსობრივი თუ მხატვრული ღირებულებები ვარჩიო. ფილმის განმავლობაში ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა მეც იგივე მექნა, რასაც ეს 17 წლის გოგო აკეთებს. მაგალითად, მომევლო პატარა და–ძმისთვის, ავადმყოფი დედისთვის და აუტანელ სიღარიბეში მეცხოვრა. ოჯახისთვის ყველანაირი დამცირება მომეთმინა. სწორედ ეს ფილმია ჯერჯერობით ჩემი ფავორიტი სხვა ფილმებს შორის.

ფილმი #6. "სოციალური ქსელი". დევიდ ფინჩერი.

რას აკეთებთ ხოლმე ყოველდღე? რამდენი ხანი უთმობთ კომპიუტერთან ჯდომას? და კომპიუტერთან გატარებული საათებიდან რამდენი ხანი ხართ ფეისბუქზე? თქვენი აზრით, რა უფრო მნიშვნელოვანია კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიისთვის ჯილდოს გადასაცემად, ის რომ ამ სოციალურმა ქსელმა ხალხი შეცვალა, თუ თავად ფილმი როგორაა გადაღებული? გასაგებია, რომ მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღირს ამაზე ფილმის გადაღება, მაგრამ იმასაც ხომ უნდა მიაქციოს კაცმა ყურადღება რა გადაიღეს? მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ტიპური ჰოლივუდური ჩარჩოების მიხედვითაა გადაღებული (ანუ კარგად გადამღერებული კონკიას სცენარით), ესეც ღირს ერთხელ სანახავად. ნუ, კაი, ორჯერაც და რამდენჯერაც გინდათ. პრინციპში, სულაც არ მექნებოდა ამხელა აგრესია, წლის ყველა დაჯილდოების და ბოლოს ოსკარის რჩეული ფილმი რომ არ ყოფილიყო. მაგრამ როცა ყველგან თვალში ეს "სოციალური ქსელი" მაქვს გაჩხერილი და აღარა და აღარ მთავრდება ამ ფილმით გამოწვეული აღფრთოვანებების კასკადი, რა გავაკეთო, აღარ მინდა! :)))) ვგიჟდები "მამა მიაზე", "სიამაყე და ცრურწმენაზე" და "ნოუთბუქზე", მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვფიქრობ, რომ სუყველა აუცილებლად ოსკარზე უნდა ყოფილიყო წარდგენილი და გამარჯვებული?:)) და მაინც, რადგანაც ამხელა ყურადღება სწორედ ამ ფილმზეა მოქცეული, აუცილებლად უნდა ნახოთ, აუცილებლად! ბოლოსდაბოლოს ის მაინც ხომ გაინტერესებთ, როგორ შეიქმნა ეს ჩვენი უკვე მშობლიური და კარგად ნაცნობი ბირჟა, სადაც ერთმანეთს საქმეებს, სიყვარულს, მეგობრობას და ა.შ. ერთნაირი წარმატებით ვურჩევთ?

ვსო, ესაა ჯერჯერობით რაც ვნახე. ძააააააალიან მინდა, რომ "127 საათმა" და "ზამთრის ძვალმა" გაიმარჯვოს!!!

4 comments:

  1. "შავმა გედმა" იმედები გამიცრუა :| ორაზროვან ფინალებსაც ვერ ვიტან, მირჩევნია თავად რეჟისორმა გადაწყვიტოს როგორი იქნება მისი ნამუშევრის დასასრული ყოველგვარი "მაყურებელს მიანდო"-ს გარეშე. ყველაზე მეტად "ბავშვები კარგად არიან"-ით დავინტერესდი."მშობლები კი, ბებერი მშობლები, ერთად რჩებიან, მარტოები და უფრო მეტად ხვდებიან, თუ როგორ უყვართ ერთმანეთი." საყვარლები :))აქაც რომ ასეთი ოჯახები იყოს, რა კარგი იქნებოდა :დ

    ReplyDelete
  2. არ მინდა რომ ორი დედა მყავდეს :| მერე ვერასოდეს გადავწყვეტდი რომელი უფრო მეტად მიყვარს :O დედ–მამაზე ადვილია:)))

    ReplyDelete
  3. ოჰ, ეს ფრანკო რა hot–ია, გადამრევს! =)) მინდა ამ ფილმის ყურება, რომ შევაფასო, თუ ისევ კარგ ფორმაში ჩვენი ჯეიმსი. "შავი გედი" რომ ნაგავი ფილმია, ტრეილერიდანვე შევამჩნიე და ნახვას არც ვაპირებ. "ბავშვები კარგად არიან" ჯულიან მურის გამო მინდა ვნახო და "მეფის სიტყვა" კიდევ მეფის სიტყვის გამო, რა თქმა უნდა :ლოლ: კოლინ ფერთი მიყვარს ჯერ კიდევ ბრიჯიტ ჯონსის ეპოქიდან.
    ირი, ამ ბოლო დროს რა საკაიფო პოსტებს წერ, კითხვით ვერ ვძღები.

    ReplyDelete
  4. ოოო, ფრანკო, ფრანკო...:))) გოგო ჯერ მარტო რა ტანი აქვს!:))))
    მადლობა სოფი :*

    ReplyDelete

დააკომენტარეთ