Friday, April 15, 2011

is this revolution..?

წესად მექცა, რომ რამდენიმე თვიანი სტაბილურობის შემდეგ, ტვინში არეულობა უნდა მეწყებოდეს, რაღაცებს ვაფასებდე, ვირეცხავდე, ახალს ვიღებდე, ძველს ვიშორებდე, ჩემს თავს გავურბოდე და ახალ მე-ს ვეძებდე. ყველა ასე ხართ? 

თავს "დოგვილის" პერსონაჟი, გრეისი მგონია. თითქოს სანამ გამართლებას და შვებას მივაღწევდე, იქამდე ყველამ რაღაც უნდა დამიშავოს და დავუშავო. ან ბოლომდე თავი დავხარო და come what may, ყველამ ის ქნას, რაც უნდა. მე კი ბოლომდე ვითმინო, სანამ მამაჩემი მოვა და გადამარჩენდეს. (ლარს ფონ ტრიერის სიმბოლოებზე ლაპარაკი სულაც არ მინდა და არც გამომივა). 

ბევრი ცუდი რამ გავაკეთე ამ ერთ წელიწადში, რაც ალბათ ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. იმდღეს სერგიმ მითხრა, რომ პეტრე სასწორი იყო. მგონი პეტრესავით მამლის ყივილამდე სამჯერ იესოს გაცემა მეც მარადიულად უნდა ვიგლოვო. 

ნუ ფოტოები მაქვს, ტყუილია:))
ნეტა სუყველა ისევე განიცდის ცუდ საქციელს, როგორც მე? ხშირად ვეწინააღმდეგები ჩემს თავს. ცუდ რამეებს ვაკეთებ და მგონი იმაზე მეტად განვიცდი, ვიდრე ის, ვისაც რაღაც დავუშავე. მგონია, რომ სალომ ყველაფერი სწორი მითხრა. ალბათ იმიტომ, რომ ის არაა ჩემი მეგობარი და ყველაფერს ისე მომახლის, თვალსაც რომ არ დაახამხამებს. ხანდახან ძალიან საჭიროა ასეთი ადამიანები, სილის შემოკვრასავით, რომ გამოგაფხიზლოს და იმ გზიდან მოგაბრუნოს, რომელიც ყველაზე სწორი გგონია და ამ დროს ჯოჯოხეთში თუ არა, არც უკეთეს ადგილას მიგიყვანს. 

ტვინში, მაინც ბევრი აზრი მერევა. ასეთ მომენტებში, სულ ვამბობ, რომ არასოდეს აღარ ვენდობი ბოლომდე არავის, მაგრამ დრო გადის, წყენა მავიწყდება, სიტუაცია სტაბილური ხდება და მეც ვიწყებ ადამიანების ხელახლა შეყვარებას უგონოდ და მათ ბრმად მინდობას. ცხელ გულზე წამოსროლილ სიტყვებს კი აქა-იქ რამდენიმე სწერვულად ნათქვამი თუ მახსენებს ხოლმე. 

ერთადერთმა ადამიანმა გაიგო, რატომ დავშორდი მთვარეს. "შენ გაიზარდე და ის ვერ დაგეწია, არა?" მკითხა. როგორ შეიძლება უცხო ადამიანები აბსოლუტურად ხმის ამოუღებლად ხვდებოდნენ როგორი ხარ, რას განიცდი, რა გიყვარს და როგორ იზრდები? და როგორ შეიძლება ამას უახლოესი ადამიანები ვერ ხვდებოდნენ? 

ახლა ისევ გზაჯვარედინები მელანდება. როგორც წესი, ბევრი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი. გული მწყდება, რომ აღარ ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი. კარგია, როცა არც ეჭვიანი ხარ, ყველას ენდობი, მერე რა რომ ამ ნდობით ბევრი სარგებლობს, საბოლოო ჯამში, გულში ეკლებად მაინც არ გრჩება შენი სიავე. 

ცუდია, რომ ამ გზაჯვარედინებში, ხანდახან ადამიანებიც გამოერევიან ხოლმე. მე ერთხელ უკვე დავკარგე საყვარელი მეგობრები ჩემი შეცვლის გამო და მეორეჯერ ამის გაკეთების მეშინია. თანაც, დღეს არც ერთი ადამიანი აღარ მიღირს დაკარგვად, რომელიც ახლა ჩემ გვერდზეა. ვფიქრობ, რომ ადამიანის სიმდიდრე მეგობრებია და ვერც ერთი ფეშენებელური სასტუმრო, ლამაზი კაბები და ბრჭყვიალა სამკაულები ვერ შეცვლის ამას.

და იმედია, რომ ჩემს მეგობრებსაც არ უღირთ ჩემი დაკარგვა. ზოგს მოქმედება და შეცდომის დაშვება ჭირდება, რომ ჭეშმარიტებას მიაგნოს, ზოგი ამას უმოქმედოდ და თითის გაუნძრევლადაც გადასარევად ხვდება. მე ბევრი შეცდომის დაშვება დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს თავში ბევრი რამე აღმომეჩინა, რაც მჭირდება.



 

Sunday, April 3, 2011

აპრილი on my mind

გვერდით ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება. მოიცა, გადავხედო: ერთი ჭიქა ცოტა ლუდით, რამდენიმე მარილიანი ჩხირი, ლეპტოპი, (უი, მუსიკა უნდა ჩავრთო!) ახალი პოსტის ფანჯარა, ორი ცალი ფურცელი "კი" და "არა"–თი და მე. ნუ წესით ნორმალური პოსტი უნდა გამოვიდეს, ისეთი, მინიმუმ მე და მაქსიმუმ ჩემი 22 follower-ი რომ წავიკითხავთ, ისეთი.

ჰო, ახლა მეკითხება ჩემი ერთი მომდურებული მეგობარი, რატომ სვამო. რა უნდა ვუპასუხო? ერთი ჭიქა ლუდი რა სასმელია–თქო? ღამე კარგად რომ დამეძინოს თუ გავლოთდი და ვერ შევამჩნიე–თქო? :S

მოკლედ, who cares. დღეს რაღაც კონცერტზე ვიყავი. კარგზე რა, კი გავერთეთ. კორკოტა მღეროდა. მანამდე ვიღაცებმა იმღერეს. კაი იყო. მერე ბილიარდიც ვითამაშეთ. ჩემი სასწაულებრივი თამაში არ გენახოთ, საოცრებებს ჩავდივარ:))

იმდღეს ბუტკაში ჩავედი, სემიჩკა უნდა მეყიდა. გვერდით ერთი მოხუცი ქალი იდგა, მათხოვარი. სადღაც იყურებოდა და კანკალებდა. ცოტა ცრიდა და ციოდა. ხურდებით მქონდა ლარი და ერთი საათი ვიფიქრე სემიჩკა მეყიდა თუ იმ ქალისთვის მიმეცა. მერე სემიჩკა ვიყიდე სულ და ერთი 5–თეთრიანიც კი არ დამიტოვებია, რომ იმისთვის მიმეცა. ძალიან კი შემეშინდა. რატომღაც მეგონა, რომ ის მათხოვარი ღმერთი იყო, მე კიდე ასეთი უნიკალური შანსი გავმაზე. მერე ეს ამბავი ჩემს მეგობარს მოვუყევი, იმან კიდევ, რა თქმა უნდა, დამცინა. სხვას მეც დავცინებდი, იმას რას ვერჩი. რამდენი მათხოვრისთვის არ მიმიცია ხურდა და რამდენ ეკლესიასთან არ გადამიწერია პირჯვარი, რამდენი მათხოვრისთვის ამირიდებია თვალი, მაგრამ ასეთი რამე არასოდეს დამმართნია. სახლისკენ რომ ავდიოდი, ვფიქრობდი, ჩამოვუტან ფულს მეთქი, მაგრამ ეგეც დამეზარა. მოკლედ, რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვკარგავ სიკეთის კეთების სურვილსაც და შესაძლებლობებსაც. ალბათ, როცა მოვხუცდები, ჩემზე ავი და ბოროტი არავინ იქნება. კუდიც რომ გამომეზარდოს, მაგარი სანახავი ვიქნები.

იმდღეს "ამერიკული ზღაპრები" დავამთავრე. ისე მომეწონა, რომ ტურაშვილს ფეისბუქზე წერილიც კი მივწერე. რამდენი ისეთი მწერლის წიგნი წამიკითხავს, ვინც ცოცხალია და სავარაუდოდ, სოციალურ ქსელებსაც იყენებს, მაგრამ არავისთვის მიმიწერია.

ღმერთი, როცა არ ველოდები, მაშინ მეცხადება ხოლმე.
სიკვდილი ასე ახლოს ჩემთან ჯერ არასდროს ყოფილა. პირველად გავიგე, რა ხდება მეგობრის დაკარგვის დროს და რას ნიშნავს დაკრძალვა.
ბევრი რამე და ვინმე იმდენად ახლობელია ჩემთვის, რომ მის დაკარგვას ვერ ვეგუები.
თუ 19–მდე პროექტს არ დავწერთ, ამ სამსახურის შანსიც დაიკარგება.
ლოგინში ყოველღამე gossip girl-ის სერიებს ვუყურებ. ვამოწმებ, რამდენად ჰგავს ჩემი ცხოვრება მანჰეტენელი თანატოლებისას.
გიტარაზე დაკვრა მგონი სულ დამავიწყდა.
მგონი ისევ ავურიე.

 America, I've given you all, now I'm nothing!