Wednesday, May 18, 2011

ჰომოფობიის, ქსენოფობიის და ამ თემებზე გამართული შეხვედრების პასუხად

ამ ბოლო დროს ისეთი სიხშირით აღარ დავდივარ სხვადასხვა დისკუსიებზე, ფილმების ჩვენებებზე და ა.შ. თემატიკა არ შეცვლილა, არც დამსწრე საზოგადოება. უკვე ყველას ვცნობ, სახეზე მაინც. იმ ხალხის აზრსაც მეტნაკლებად პატივს ვცემ, ვინც ძირითადად ყველაზე მეტს აქტიურობს ხოლმე ასეთი ტიპის შეხვედრებზე.

მაგრამ როგორც წესი ასეთი შეხვედრებიდან ყველაზე ადრე ალბათ მე და ჩემი მეგობრები გამოვდივართ. იმიტომ, რომ ჩვენ გვბეზრდება ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა: გასაგებია ადამიანის უფლებები, გასაგებია, რომ ადამიანი თავისი იდეებით, შრომისმოყვარეობით, შემოქმედებით, ხასიათით ფასობს და არა რასის, წარმომავლობის, ეთნიკურობის, მრწამსის და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. ამაზე იქ აღარავინ დაობს.

იგივე ეხება თუნდაც ამ პოსტს და თუნდაც იმ მრავალრიცხოვან პოსტებს თუ სტატიებს, რომელიც ამ თემაზე იწერება: ასეთი მასალების მკითხველიც სწორედ ე.წ. "ფეისბუქ-ელიტაა", რომელმაც აღარ იცის თავისი ლიბერალიზმი სად წაიღოს.

მახსოვს, როცა ჯიპაში პირველ კურსზე ვიყავი, ჩემი თანამოაზრე ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი (ზურა არა, ანი!) და ერთი-ორი ჩემი ჯგუფელი იყო, რომლებიც ადამიანის არჩევანის თავისუფლებას ყველაზე წინ აყენებდნენ. ორი წელი გავიდა და მთელი ჯგუფი უკვე მეტნაკლებად ერთ აზრზე დავდექით.

ასე მოხდა ამ ერთ დიდ აუდიტორიაშიც, რომელიც არც ერთ შეხვედრას არ აკლდება: ჩვენ ვდაობთ დეტალებზე, ვეკიდებით ერთმანეთს სიტყვებში, კადრებში, გემოვნებაში, მაგრამ რეალურად, რაზეც ვიკრიბებით, იმაზე დისკუსია უკვე აღარაა საჭირო. ამ აუდიტორიისთვის, ანუ მაქსიმუმ 150-200 კაცისთვის, უკვე ზედმეტიცაა იმის შეხსენება, რომ ეთნიკურობა, რასა და ა.შ. მეორეხარისხოვანი დეტალებია და რომ სწორედ უმცირესობები ქმნიან მრავალფეროვნებას. მრავალფეროვნება კიდევ ამ სამყაროს მთავარი საჩუქარია.

ადამიანის არჩევანის თავისუფლება ვახსენე და მგონი ჩემს თავთან წინააღმდეგობაში მოვალ, თუ ვიტყვი, რომ ადამიანისვე ნებაა რას აირჩევს, ცეცხლით და მახვილით დაუპირისპირდება "ანტიქრისტიან ლიბერალებს" თუ ერთი-ორ წიგნს გადაფურცლავს და მიხვდება, რომ სამყარო უბრალოა და მშვენიერი. (არადა, როგორ გინდა ასეთი ტიპები გვერდით მშვიდად აიტანო?:))))) )

ეს ბოლო წინადადება ხუმრობით, თორემ ისე, ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს ერთმანეთის პირად ცხოვრებაში საჩხრეკად.

აი, მაგალითად, დედაჩემს კი, ერთი სული აქვს, როდის მოიცლის, როდის დაისვენებს და საერთოდ არ აინტერესებს ვის რა პრობლემები აქვს. ტელევიზორს განტვირთვის მიზნით უყურებს, აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და ინტერნეტ-მედიითაც გადასარევად სარგებლობს. ჩემი მეგობრების პოსტებსაც ხშირად პირველი ის კითხულობს ხოლმე.

დედაჩემი, მოკლედ რომ ვთქვათ, არის საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომელიც მუშაობს, დაკავებულია და სხვისი პირადი ცხოვრებისთვის ნამდვილად არ სცხელა. ამავე დროს "პროფილსაც" უყურებს და "ნანუკას შოუსაც", თუმცა არანაკლები ინტერესით კითხულობს "ლიბერალის", "ცხელი შოკოლადის", რადიო "თავისუფლების" სტატიებს და ბლოგებს, ხანდახან "წითელ ზონასაც" შეავლებს თვალს, თუ თემა მოეწონა. რაც მთავარია, თვლის, რომ ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც სურს და საკუთარ თავისუფლებაზე პასუხისმგებლობაც თვითონ აიღოს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებს საქმე აკლიათ. უსაქმური ყოველდღიურობა აძლევს მათ საშუალებას, რომ ისეთ რამეებზე იფიქრონ და ილაპარაკონ, რაც მათი საქმე არაა. მედიაც უფრო მეტად აღაგზნებს ასეთ ხალხს საჭორაოდ: იხსნება და იხსნება ახალ-ახალი შოუები, სადაც ცნობილი ადამიანები ყვებიან, მაგალითად, როდის ჰქონდათ ბოლოს სექსი. ნუ, თურმე 2 დღის წინ. ამავე დროს კი, ასეთი შოუების მაყურებელთა უმრავლესობას, მაგალითად, ჟურნალ "ლიბერალში" გადახდილი 2 ლარი გადაყრილად ეჩვენება.

ჰოდა, ჩემი აზრით, ამდენ უკვე უაზრობაში გადასულ შეხვედრას, მგონი ჯობია სამსახურის შოვნა ვცადოთ, დანარჩენი თავისუფალი დრო კი საყვარელ ადამიანებს და სამყაროს შეცნობას დავუთმოთ.

მე მგონი ასე აჯობებს.

P.S. რა ვქნა, მეც ბოლო დროს გავრცელებული მოდის პონტში სათაურში ერთხელ მაინც ვახსენო სიტყვა "სექსი" თუ ისედაც შემოვა ნეტა ვინმე? :D

15 comments:

  1. მართალია საქმე აკლიათ, მაგრამ როგორ უნდა იპოვონ სამსახური ბაზარზე სადაც ასეთი არაა? ანუ მივდივართ ისევ და ისევ დასვკნამდე რომ ყველაფერში დამნაშავე, ცუდი ეკონომიკურ-სოციალური ფონია. მასლოუს პირამიდა მოკლედ არ მომიგონია მე და სანამ პირამიდის მწვერვალზე ავიდოდეს ადამიანი ელემენტარული საჭიროებანი უნდა დაიკმაყოფილოს, ასეთის შესაქმნელად კი ფული და სამსახურია საჭირო.

    ReplyDelete
  2. ვოტ, ჭკვიანი კაცი იყო მასლოუ მერე :| მეც სულ მაგას ვამბობ, რომ განათლება, რელიგია, ხელოვნება და ა.შ. ძალიან დიდი ფუფუნებაა ადამიანისთვის და სანამ ელემენტარულ ინსტინქტებს არ დაიკმაყოფილებს, ამ ფუფუნებამდე ხელი არ მიუწვდება.

    ReplyDelete
  3. "პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს ერთმანეთის პირად ცხოვრებაში საჩხრეკად." მიზანში :)

    ReplyDelete
  4. დავიღალე უკვე ყველა კუთხე-კუნჭულში მაგ თემის განხილვით. გუშინ, უნივერსიტეტში შევესწარი საკმაოდ მწვავე დისკუსიას და მეჩვენება, რომ უკვე ტვინს ბურღავენ ამ თავიანთი ლიბერალიზმით.

    ReplyDelete
  5. საინტერესო პოსტია :)
    უქმად ყოფნას, უქმად შრომა სჯობსო და ხალხს ჭორაობა აღარ ბეზრდება. ისე, სამსახურებიც არ უშველით მგონი :)

    იმიტომ რომ ყველაზე მეტს სამსახურებში ჭორაობენ :D :D

    ReplyDelete
  6. ყველაფერი ასეა უკვე. თუნდაც ხელოვნების თემაზე გამართულ დისკუსიებზე. ყოველთვის ერთი და იგივე თემებია და დავაკვირდი ყველა პრობლემის სათავე გაუნათლებლობაა და ბოლოს მანდამდე მივდივართ ხოლმე...
    ანუ ყველამ აკეთოს თავისი საქმე და იყოს ბედნიერი :)

    ReplyDelete
  7. პოსტი კარგია, განსაკუთრებით იმ ნაწილში გეთანხმები - ამ დისკუსიებზე და შეხვედრებზე ისევ ის ხალხი იკრიბება, ვინც ერთ აზრზე არიან. თუ ვინმე სხვა გაიჩითა კიდევ - უბრალოდ მორიგი ფეისბუქ-სკანდალი იდება, როგორ სცემა ვიღაცამ ვიღაცას :დ და მერე ამ თემაზე იხსნება ფეიჯები, გრუფები და ა.შ.

    ლობჟანიძეს კომენტარს რაც შეეხება - ბაზარზე სამსახური არის. მეტიც, ბაზარზე კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ძირითად პრობლემად იმჰო განათლების დაბალი ხარისხი რჩება.

    ReplyDelete
  8. ირუშ, კარგია, რომ ერთხელ და სამუდამოდ შენც ყელში ამოგივიდა :დ
    მე უკვე ასეთი შინაარსის პოსტებიც მომბეზრდა. ხედავ, რა წინ გავიჭერი? :დდდ

    ReplyDelete
  9. აუ და მე როგორ გავიჭერი წინ, შენი კომენტარი რომ დავინახე, აზრზე ხარ? :D:D:D:D

    ReplyDelete
  10. მგონი ავტორი იმას აკრიტიკიებს, რასაც თვითონ აკეთებს. ანუ იმ საქმეს აკრიტიკებს, რომლის გაგნებაშიც აღმოჩნდა რომ არ ყოფილა. ჯიპაშიც ნასწავლება მარა სულ ტყუილად :)

    ვეცდები აგიხსნათ: თქვენთვის ეს თემა თუ მარტო ამ დისკუსიებზე იშლება, სხვისთვის ყოველდღიურობაა. ეს შეხვედრები მიზანი კი არ არის - საშუალებაა, რომ საზოგადოებას შეახსენო პრობლემის არსებობა. რომ გამოხატო საკუთარი თავი და აღნიშნო შენთვის მნიშვნელოვანი დღე.

    რაც შეეხება მიზანს - მიზანი არის ისეთ თემაზე დისკუსიის წარმართვა, რაც ადრე ან საერთოდ არ იყო, ან ძალიან მცირედ საზოგადოებრივი დისკურსების ნაწილი. ჰომოსექსუალობაზე პირველი საჯარო დისკუსია 2005 წელს გამართა ჰანრიჰ ბიოლის ფონდმა (ამაზე ბოლო დისკუსიის მოდერატორმა ნინო ლეჟავამ ისაუბრა კიდეც), შემდეგი დისკუსია უკვე ჰომოფობიას დაეთმო 2007 წელს. შემდეგ 2009-ში შეეცადნენ ოპონენტის მოძებნას და ასეც მოხდა - ქრისტიან დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნოდარ სარჯველაძე გამოვიდა მოხსენებით, რომელმაც აუდიტორიაში ღიმილი გამოიწვია. ამან კი იქ მყოფი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები გააღიზიანა და დისკუსია კინაღამ ჩაიშალა.

    2 ვარიანტია: ან ეს ყველაფერი არ იცით და ისე წერთ პოსტს ასეთი ექსკლუზიური ტონით (რაც ტავისთავად ძალიან არასერიოზულია), ან გგონიათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა ამ თემისთვის და პრობლემისთვის 2 წელიწადში ერთხელ, ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს რომ დისკუსია მიეძღვნას მოსაბეზრებელია.

    და კიდევ ერთი: რატომ დადიხართ დისკუსიაზე, რომელიც ასე ძალიან არ გაინტერესებთ. იქნებ მართლა მოგეძებნად სამუშაო თემა, თან ისეთი, რომელიც იცით.

    ReplyDelete
  11. გამარჯობა, პაკო

    ვეცდები აგიხსნა, რატომ აღარ მაინტერესებს ეს თემა.

    ასე თუ ისე თვალ-ყურს ვადევნებ სად რა დისკუსიები იმართება, რა ფილმის ჩვენებები და ა.შ. მე არ ვამბობ, რომ ასეთი შეხვედრების მიზანი არ მესმის. უბრალოდ, დაახლოებით 100 ასეთ შეხვედრაზე მაინც ნამყოფი ვარ და ყოველთვის რატომღაც ისეთ აუდიტორიაში ვხვდები, (ერთი-ორი იშვიათი გამონაკლისის გარდა) სადაც ყველა ერთმანეთს ვეთანხმებით. ანუ რეალურად მე ასეთი შეხვედრებიდან ახალს ვერაფერს ვიგებ. ჩემთვის და ალბათ იქ დამსწრეების დიდი ნაწილისთვის ზედმეტია იმის ცხრაასჯერ ახსნა, რომ ადამიანის არჩევანის თავისუფლება უზენაესია და არ უნდა შევეხოთ. მე ეს ვიცი კი არა, ჩვევებში მაქვს გამჯდარი, ისევე როგორც სხვა დანარჩენებს. ჩემი აზრით, უნდა შეიცვალოს ფორმატი, გაფართოვდეს, უფრო მასობრივი გახდეს, იმ მოქალაქეებამდე მივიდეს, რომლებსაც მართლა სჭირდებათ, რომ ინფორმაცია მიიღონ. თორემ სხვაგვარად ჩვენ უკვე ჩვენი მიკრო-სამყარო გვაქვს შექმნილი, სადაც არავის ვუშვებთ, რაღაც კომუნას მსგავსი... ჩემი აზრით ასეთ შეხვედრებს ამ ტიპის კომუნებამდე მივყავართ... არადა აშკარად მინდა მეც ისევე როგორც ალბათ თქვენ და ყველა დანარჩენს, რომ პრობლემა მასობრივი გახდეს და საბოლოოდ გადაიჭრას.

    მე არ ვამბობ, რომ ასეთი თარიღები არ უნდა აღინიშნოს. არასწორად გამიგე. პირიქით, უნდა აღინიშნოს და უფრო ფართო მასშტაბებით, იმიტომ რომ სხვაგვარად, ჩემი აზრით, ისევ და ისევ ჩაკეტილ წრეში ვრჩებით და პრობლემა არაფრით გადაიჭრება ასე ერთი ადგილის ტკეპნაში.

    ხოდა, რატომ დავდივარ ასეთ შეხვედრებზე გეტყვი: იმიტომ რომ 1. მეგობრებს ვხედავ, 2. მიუხედავად ჩემი განწყობისა, მაინც ვთვლი, რომ აუცილებელია ასეთი შეხვედრების ჩატარება.

    ReplyDelete
  12. შენი პოსტის პათოსიდან გამომდინარეობს, რომ ამ დისკუსიების გამართვის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მის ორგანიზატორებს საქმე არ აქვთ. ვიყოთ ჩვენთის კარგად და ნუ ვყოფთ ცხვირს სხვა საკითხებსი - ეგრე არ ხდება. როდესაც მშვიდად და შენთვის ხარ მაშინ გაქვს ყველაზე დიდი შანსი, რომ ეს მდგომარეობა ვირაცამ დაგირღვიოს.

    100 დისკუსია სად ნახე არ ვიცი.

    ReplyDelete
  13. ვაიმე, გადავირიე, ეხლა გავბრაზდები :D

    არ გამომდინარეობს ჩემი პოსტის პათოსიდან ის, რომ ორგანიზატორებს სხვა საქმე არ აქვთ. უფრო იმას ვაწვები, რომ ორგანიზატორებს ცოტათი ეშინიათ, ეს ფორმატი გააფართოვონ. თორემ გასაგებია, მე და ჩემნაირებს არ გვჭირდება ათასჯერ იმის ახსნა, რომ ადამიანი თავისი იდეებით ფასობს და არა ეთნიკური, რასობრივი ნიშნით თუ სექსუალური ორიენტაციით.

    ზუსტადაც რომ მშვიდად და წყნარად ჯდომას ჰგავს ჩემი აზრით 50 კაცში შეკრება და ერთმანეთისთვის კვერის დაკვრა _ შენ გაკმაყოფილებს 50 კაცის თანხმობა? არ გირჩევნია რომ 50 კი არა 50 ათასი ფიქრობდეს ისე, როგორც ის 50 კაცი, რომელიც ასეთ დისკუსიებზე დადის ხოლმე?

    ნუ, მამენტ შეიძლება ჩემთვის არის ერთი ადგილის ტკეპნა და შენთვის არა, რაოდენობა და დრო ერთობ ფარდობითი ცნებებია და ვერ შეგედავები.

    თორემ ღმერთმა დამიფაროს, "ვიყოთ ჩვენთვის კარგად და ნუ ვყოფთ ცხვირს სხვა საკითხებში" << ასე ვფიქრობდე. რატომ გამოიტანე ჩემი პოსტიდან ეს დასკვნა, ძალიან მიკვირს. :))

    სხვის საკითხში ცხვირის ჩაყოფად მე აღვიქვამ სხვის პირად ცხოვრებაში ქექვას, სხვისი ორიენტაციის და პარტნიორების რაოდენობის განხილვას და ა.შ. დამეთანხმები, რომ ეს არავის საქმე არაა. ასე არაა?:)) თორემ ვიღაცას პრობლემა აქვს თქო და მე არ შემაწუხოს, ისე მოაგვაროსთქო, არ მითქვამს.

    დისკუსიას რაც შეეხება კიდე, რავი, მგონი ერთი 50-მდე მარტო ფრონტლაინში გამართულა მე მგონი და დანარჩენი 50-იც გაიმართებოდა სადმე...:))

    ReplyDelete
  14. ნუ მიხსნი შენ მიდგომას, ვხვდები რომ ნორმალური დამოკიდებულება გაქვს. ახლა როდესაც გაშალე თემა კი მასე გამოდის, მაგრამ ისე, როგორც პოსტში იყო დაწერილი ასე არ გამოდიოდა. ახლა რაზე ვიდაოთ სენ მიერ მოსაზრებების წერილობითი არტიკულაციის ტექნიკაზე თუ ჩემ მიერ ტექსტის დეკოდირების უნარზე? :)

    რაც შეეხება მოძრაობის განვითარებას: არავის არაფრის არ ეშინია. ყველაფერი სტრატეგიით განისაზღვრება. სტრატეგიის განხორციელება სხვადასხვა ტიპის ღონისძიების მეშვეობით ხდება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ანუ მოძრაობა სპონტანური არ არის.

    ReplyDelete
  15. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გამიზიარეს ჩემი გამოცდილება, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას ვტყუობდი, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი დადო და ქმარი 24 საათის განმავლობაში დაბრუნდა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ