ერთხელ ერთ ფრაზას მოვკარი ყური, რატომღაც მახსოვს რომ ან ოთარ იოსელიანმა თქვა, ან _ მერაბ მამარდაშვილმა. ეს ფრაზა დაახლოებით ასე ჟღერდა, რომ ადამიანებმა დღევანდელობაში დაკარგეს ფიქრის, ანალიზის და განსჯის სურვილი და ერთმანეთს ამბებს უყვებიანო.
ადამიანებმა არ ვიცი, მაგრამ დღევანდელმა მედიამ ნამდვილად დაკარგა. ყველა გადაცემაში მხოლოდ ამბებს ყვებიან. ამბებია ანალიტიკურ პროგრამებში, გასართობ თოქ-შოუებში, საინფორმაციო გამოშვებებში. ეს ისტორიები დღეში მილიონი ხდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს არა იმიტომ, რომ ეს ფაქტი რომელიმე კონკრეტულ ოჯახს/პოლიტიკოსს/ვარსკვლავს და ა.შ. შეემთხვა.
ალბათ განსაკუთრებულს და ახალს ვერაფერს აღმოვაჩენ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მოვლენა თავისი კონტექსტითაა საინტერესო და არა იმით, თუ ვის შეემთხვა, რამდენი მოკვდა, რამდენს სახელი გაუტყდა, რამდენი გაგიჟდა და გადაირია და ა.შ.
იმდღეს "სპეციალური რეპორტაჟის" ანონსს მოვკარი ყური: რაღაც კრიმინალური ისტორია შემთხვევია ერთ ოჯახს. გასაგებია, რომ კრიმინალი საშინელებაა და ყველა ადამიანი ცოდოა ამისთვის, დამნაშავეებიც უნდა დაისაჯონ, მაგრამ ვერ ვხვდები რა საჭიროა ყოველი ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნება და მით უმეტეს, მთელი ანალიტიკური გადაცემის მისთვის მიძღვნა?
ასეთივე ისტორიებს თხზავენ და ყვებიან გასართობ შოუებში. ხელოვნურად ქმნიან ვარსკვლავებს და მერე ეს ვარსკვლავები თავისსავე კონცერტებზე და გადაცემებში გამოჰყავთ ხალხს რომ არ დაავიწყონ. რიგითი ადამიანებისგან კიჩები გამოყავთ. კიჩები კი საქართველოში ყველაზე იაფად და სწრაფად მზადდება: საკმარისია, კლასიკური გულისამაჩუყებელი წარსული, პატრიოტული სიმღერა, თვალზე ცრემლმომდგარი ჟიური და ფეხზე წამომდგარი და მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმებული მაყურებელი. მერე თუ გინდა ხაჭაპური ჭამე მოსაცდელში, თუ გინდა _ საზამთრო.
ისტორიების მოყოლა მეორდება საინფორმაციო გამოშვებებში. რომელი პოლიტიკოსი რომელს შეხვდა, ვინ რა თქვა, მოკლედ ჩვეულებრივი საინფორმაციო ბუკლეტი, ყოველდღიური რუტინა, პროტოკოლური ნიუსი _ რაც გინდათ დაარქვით. არ მაინტერესებს და მომკალი დღეს ჩემი პრეზიდენტი ვის შეხვდა, ან რომელი მინისტრის მოადგილე მოხსნეს. სამაგიეროდ მაინტერესებს რა კანონპროექტი შედის უახლოეს მომავალში ძალაში, ვინ უჭერს მხარს, ვისი იდეაა და კონკრეტულ საშუალო სტატისტიკურ ოჯახზე ეს კანონი როგორ აისახება, რომ უფრო კარგად დავიდეს ჩემს საშუალო სტატისტიკურ ტვინამდე ეს ამბავი.
ასევე მომკალით და არ მაინტერესებს დღეს რომელი სკოლის მოზარდი მოკლეს ქუჩური გარჩევით, რომელი გააუპატიურეს, სად რომელი მაღაზია გახსნეს და სად _ დახურეს, ვის როგორი სენტიმენტალური წარსული აქვს, ვის სამშობლო უყვარს და ვის _ ამერიკა (:D) და ა.შ. სამაგიეროდ, დასვით ვინმე საქმის მცოდნე, გამოკითხეთ ხალხი, მოაწყეთ დიდი და ცხელი დისკუსიები, დასახეთ პრობლემების გადაჭრის გზები, სულ ცოტათი მიგვანიშნეთ მაინც და ჩვენ თვითონ მივალთ რაღაც დასკვნებამდე.
არა მგონია ასეთი ნიუსის კეთებას რომელიმე არხის მეპატრონე "უშლიდეს" ჟურნალისტს. რა ვქნა, მართლა არ მგონია. რატომღაც იმის უფრო მჯერა, რომ ჟურნალისტები ვართ ძალიან გაზარმაცებულები და ყველა ივენთზე პრეს-რელიზს ვეძებთ, პიარშიკი მთავარი წყარო გვგონია და თავადაც ვერ ვხვდებით, როგორ გვიდგენს დღის წესრიგს ერთი რიგითი PR-მენეჯერი, სავარაუდოდ, ისიც ყოფილი ჟურნალისტი. საშინელებაა ის, რომ დღის ყველა მთავარი ამბავი ცუდად გადაკეთებული პრეს-რელიზია, შემდგარი "ივენთი", გვერდზე ჩაწერილი "ექსკლუზივებით". პრობლემები არ უნდა იქცეოდეს ივენთებად, საკადრო ტექსტისთვის პრეს-რელიზს არ უნდა ეჭრებოდეს მხოლოდ თარიღის და ჩატარების ადგილის პუნქტები.
პრეს-რელიზებში არ წერია პრობლემის წარმოშობის მიზეზები, სიღრმისეული კვლევები, ყველა მხარის დეტალური ანალიზი, ბალანსირებული კვლევა, არგუმენტები. არც ექსპერტულ შეფასებას დაგიწერს ვინმე ერთ ქაღალდზე. ღირებულებების საკვლევად ლაპარაკია საჭირო, ცოცხალი საუბარი, დისკუსია, ბევრი ხმა, გადაწყვეტილებების მიღება და რაღაც გეგმის დასახვა. ჩვენ კი ერთმანეთს ისტორიებს ვუყვებით.
1000 % მართალი ხარ
ReplyDeleteსაკმაოდ საინტერესო და სწორად განვითარებული პოსტი იყო.
ReplyDeleteდრიმერ, კარგი ხარ.. ^^
გოგო, შეცალე ჩემი ბლოგის მისამართი, ვორდპრესზე გადმოვედი. :*
ადამიანებმა არ იციან მსჯელობა. თუ ვინმეს ჯერ კიდევ შეუძლია იმსჯელოს, ისიც მალე გადაეჩვევა ამდენი ტელეგადაცემის და ათასის სისაძაგლის ხელში
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteგეთანხმები, მართლაც საშინელებაა. მთელი საინფორმაციო გამოშვება ანონსს გავს.
ReplyDeleteმე ისიც მაწუხებს, რომ დღეს თითქმის არ არსებობენ სამაგალითო ჟურნალისტები, რომლებიც დამწყებ ჟურნალისტებს მაგალითს მისცემენ.
ჟურნალისტებს აკლით პრაქტიკა, ასევე კარგი რედაქტორები და ა.შ. ზოგადად შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე რომ საზოგადოებას განათლება აკლია. ეს ალბათ განათლების სისტემის პრობლემაა.
@maito, სწორი ხარ, მსჯელობაც მანდეთკენ მიმყავს სწორედ, რომ საზოგადოების მთავარი პრობლემა (თუ ერთადერთი არა, პრინციპში) არის განათლება. და მთელი სისტემა განათლების.
ReplyDeleteმე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გამიზიარეს ჩემი გამოცდილება, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას ვტყუობდი, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი დადო და ქმარი 24 საათის განმავლობაში დაბრუნდა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
ReplyDelete(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.