როცა ჩემი გარშემომყოფები ჩემდამი რწმენას და ნდობას კარგავენ, ძალაუნებურად საკუთარი თავი მეც გადასაგდები და უვარგისი მგონია. არც მე მჯერა საკუთარი თავის და მგონია რომ ვიტყუები.
ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ ვინც თავს იმართლებს, დამნაშავეც სწორედ ისაა. ისიც მითქვამს, რომ მე არ უნდა მჭირდებოდეს დამნაშავეების ძიება, ეს მარტივი ადამიანების საქმეა და არა ჩემი.
ურთიერთობებით მანიპულირება მიყვარს. მომწონს, როცა უკანასკნელ ზღვარს უკვე მკაფიოდ ვხედავ, რის მერეც ჩემი და რომელიმე ადამიანის ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება. ერთგვარი ადრენალინია. მთელი ხმაურით დანგრეულ ურთიერთობებს ჩემსავით კარგად მგონი ვერავინ აღადგენს. შემიძლია, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლით დავიწყო და სხვასაც შევაძლებინო იგივე.
მაინტერესებს, ასეთი არანორმალური რამეებით მარტო მე ვერთობი, თუ ჩემ გვერდით კიდევ რისკავს მეგობრობას და სიყვარულს ვინმე. და თუ ასეთი ვინმე გამოჩნდებოდა, როგორი იქნებოდა ჩვენი ერთად ცხოვრება, საინტერესოა.
არასოდეს არ მაქვს რომელიმე ჯგუფის მიმართ მიკუთვნებულობის გრძნობა. როცა მეგობრებში ვარ, ყოველთვის ვამბობ, "თქვენ"-ს და არა "ჩვენ"-ს, იმიტომ რომ საკუთარ თავს მინდა თუ არ მინდა, განყენებულად და მარტოდ აღვიქვამ. ალბათ ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ იგივე მომდის სამსახურში, სასწავლებელში და ა.შ. ნებისმიერ ჯგუფში.
არ ვიცი ეს რისი ბრალია, 4-ჯერ გამოცვლილი კლასის და საცხოვრებელი მისამართის, თუ რისი. ფაქტია, რომ არც ერთგან არ ვგრძნობ, რომ იქ "ჩემია", "ჩემნაირები" ცხოვრობენ, "ჩემნაირად" იქცევიან...
და როდესაც ჩემს არეულ-დარეულ ხასიათს ვერ უძლებენ, მერე მაბრალებენ, რომ ცინიკოსი, ქარაფშუტა და ზედაპირული ვარ. რა ვქნა, ზედაპირული ადამიანები ისევ ზედაპირულად ცდილობენ ჩემს გაგებას. აბა ვინ მოიფიქრებს, რომ მე ასე ვთამაშობ.
ვა, რა გაბედული საქციელია. არადა, ყველაზე ახლო მეგობრებთანაც კი მაქვს ისეთი დისტანცია, რომელიც ყველანაირ კონფლიქტსა და ზედმეტ ხმაურს გამორიცხავს. საერთოდაც, არასოდეს მიჩხუბია მეგობართან. თუ მასეთი რამ მოხდა, იქ დამთავრდება ყველაფერი.
ReplyDelete