Saturday, May 19, 2012

ღმერთს რა, განსხვავებული ტიპები არ მოსწონს?

16-ში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფოტოგამოფენაზე და დისკუსიაზე ვიყავი.

ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ბევრ ძველ მეგობარსაც შევხვდი და ისეთებიც აღმოვაჩინე, რომლებსაც კაი ხანია ვიცნობ, მაგრამ დიდად საინტერესო და განსხვავებული ტიპები მაინცდამაინც არ მეგონნენ.



ფოტოგამოფენა იმ 10 ადამიანს ეძღვნებოდა, რომლებმაც საჯაროდ გააკეთეს coming out და ახლა, მინიმუმ, თვალთმაქცობასა და ტყუილში ცხოვრება არ უწევთ.

რადიოსთვის სიუჟეტი უნდა გამეკეთებინა, human story, ლგბტ ადამიანებზე, სწორედ იმათზე, ვინც აღარ იტყუება. (თუმცა ამ შემთხვევაში სრულიად მესმის იმათიც, ვისაც ტყუილის თქმა უწევს).

დისკუსიას ბოლომდე დავესწარი. როგორც წესი, ასეთ დისკუსიებს, თითქმის, ყოველთვის ვესწრები, თუმცა ყველას უკვე სახეზე ვცნობ და მგონია, რომ ესეთი ტიპის შეხვედრები ერთ წრეზე ტრიალებს. ნუ, ყოველშემთხვევაში, ეს აქამდე მეგონა.

დისკუსიაზე კი მართლა ბევრი ხალხი იყო. ძალიან ბევრი უცხოც. ბევრი სტრეიტიც და რაც მთავარია ყველა ისეთი, ვისთვისაც ადამიანები ყველა ასეთ ტერმინზე მაღლა დგანან. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, სიუჟეტისთვის ასეთი რამე მითხრა: "მე ვერ ვხედავ აზრს, რომ საჯაროდ დავაფიქსირო ვინ მომწონს: გოგო თუ ბიჭი. სხვა იდენტობებიც ხომ გამაჩნია, საქმით მიმიღონ". ამ ჩემს მეგობარსაც ვეთანხმები. თუმცა იმას უფრო ვეთანხმები, რომ საზოგადოების დამოკიდებულება შენ უნდა შეცვალო. თუნდაც იმიტომ, რომ მერე სხვებს არ გაუჭირდეთ ამ საზოგადოებაში ყოფნა, მომავალ თაობებს; იმიტომ რომ ადამიანები სიყვარულს გამოხატავდნენ საჯაროდ და არა სიძულვილს. მოკლედ, ამ მიზეზებს რა გამოლევს, ჩემზე უკეთ იცით.

ძალიან საინტერესო ადამიანები ჩავწერე ჩემი სიუჟეტისთვის. ისინი მიყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - მართლა მძიმეს და თავიანთ გამოცდილებას მსუბუქად და იუმორით უყურებდნენ. როგორ გამოხატავდნენ პროტესტს, როგორ თქვეს უარი "სოციალურ სიკეთეებზე" და მერე როგორ დაიბრუნეს. ერთ-ერთმა ისიც მითხრა, რომ იმ პერიოდში, სანამ საკუთარ თავს მიიღებდა და სტერეოტიპებისგან განთავისუფლდებოდა, ეკლესიაში დადიოდა. შეიძლება აქ გასაოცარიც არაფერია, მაგრამ ნუთუ ეკლესიამ, პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული არ უნდა ჩაგინერგოს? ნუთუ ქრისტიანობა შემწყნარებლობას და სიყვარულს არ ქადაგებს, ზოგადად? რატომ გამოიქცა ჩემი რესპონდენტი ეკლესიიდან? ღმერთს რა, განსხვავებული ტიპები არ მოსწონს? თავი ცუდად რატომ უნდა იგრძნო, როცა გწამს?

და ამ დროს, როცა ამ სიუჟეტს ვამონტაჟებდი, გავიგე, რომ მშვიდობიანი მსვლელობა მღვდლებს და მრევლს დაურბევიათ. იმათ, ვინც სიყვარული და მშვიდობა უნდა გასწავლოს, საკუთარი თავის რწმენა და იმედი ჩაგინერგოს. პოლიცია, კი რომელმაც უნდა დაგიცვას, მხოლოდ იმას აკონტროლებს, რომელიმე აქტივისტი ტროტუარს არ გადმოსცდეს. ერთს რომ ხუთი კაცი ურტყამს, იმას კი თვალს არიდებს.

მაინც მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. იმიტომ რომ არ მინდა, როცა ჩემი შვილი 20 წლის იქნება, ან მან ურტყას, ან მას ურტყან.


2 comments:

  1. ეს თემა ძალიან მტკივნეულია პირადად ჩემთვის და საერთოდ მიკვირს, როგორ შეიძლება გულგრილად უყურებდე შენ გარშემო ამდენ ძალადობას იმ ადამიანებზე ვინ განსხვავებულია? ჩვენი მენტალიტეტი ნახევრად უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამას ძალიან ცოტა თუ აცნობიერებს. პირიქით, ბევრი ეთანხმება რომ ისინი ან უნა გააძევო ან გამოკეტო კონკრეტულად მათთვის გამოყოფილ სივრცეში, ანუ საზოგადოებიდან გარიყო. იმედია ჩვენი "საზოგადოებაც" როდესმე გაიაზრებს თანასწორობის იდეას და სულ ცოტათი მაინც გამოიყენებს პრაქტიკაში.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ