Wednesday, May 16, 2012

ქართული ენა და ქართული მასმედია

გუშინ ვაკეთებდი ასეთ თემას: ვამახინჯებთ თუ არა ქართულ ენას ჟურნალისტები და საერთოდაც როგორი ქართულით უნდა ვწეროთ/ვიკითხოთ/წავიყვანოთ და ა.შ. ვიყავი მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ფილოლოგები VS ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ნუ ეს VS ბრჭყალებში, იმიტომ რომ სულაც არ იყო დაპირისპირება, უფრო გარჩევა იყო ამ საკითხის, რა ვქნათ, როგორ ვქნათ, რაზე შევთანხმდეთ, და ა.შ.



ეს ზოგადი სურათი იყო კონფერენციის, თუმცა რამდენიმე დეტალი იყო ისეთი, რამაც გული გამიხეთქა: ფილოლოგი აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამი სტილის თეორია დღეს საკმაოდ მოძველებულია და აღარც ასეთი მკაცრი ჩარჩოები არსებობს, მაინც უნდა ვეცადოთ და დავიცვათ სტილი სხვადასხვა საკითხების მიმართ. ის ამბობდა, რომ არის საკითხები, მაგალითად, ჰიმნი, რომელსაც მხოლოდ მაღალი სტილის სალიტერატურო ენა უხდება და მხოლოდ ამ ენით უნდა დაიწეროს! შემდეგ მწერლების სტილსა და ენაზეც ისაუბრა. მოდერნიზმსაც შეეხო, ხუმრობით ისიც თქვა, რომ მწერლებს და ჟურნალისტებს არ ვუყვარვართ, მასწავლებლები ვგონივართო.
არადა, ჩვენ წესით კოლეგები ვართ და ერთ სფეროში ვტრიალებთო. შეეხო დავით კლდიაშვილსაც და მის იმერულ კილოკავსაც. ვერ გავიგე, რისი თქმა უნდოდა, მაგრამ რა ჰქონდა ზოგადად კლდიაშვილის იმერელი აზნაურების იმერული კილოკავის საწინააღდეგო, ვერაფრით გავიგე - აბა იმერელი აზნაური რატომ ილაპარაკებს მაინცდამაინც დახვეწილი სალიტერატურო ენით?!

არ ვიცი, მგონია, რომ ბუნებრივია, როცა ავტორებს თავიანთი განუმეორებელი სტილი აქვთ - თავისი კილოკავით, ბარბარიზმით, ჟარგონით თუ კალკით - რომელსაც ისინი ხმარობენ, არა იმიტომ რომ ქართულად ნორმალურად ვერ საუბრობენ და არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ასე უფრო კოლორიტულია, როგორც პაატა შამუგიამ მითხრა, უფრო ცოცხალი და ემოციური გამოდის. ასევეა ჟურნალისტიკაც. რა თქმა უნდა, არავინ დაობს იმაზე, რომ გამართული ქართული წინადადებებით უნდა წერო, მით უმეტეს, მაშინ როცა საუბარი რადიოს ეხება და მსმენელი მთლიანად შენი ქართულის ცოდნაზეა დამოკიდებული.

ამ თემაზე ადრეც ვიკამათეთ, ოღონდ ჩვენს რედაქციაში და ნათია აბრამიასთან. პრინციპში, ვიკამათეთ რა, ყველა ერთ აზრზე ვიყავით, უბრალოდ სხვადასხვა კუთხეს ვავითარებდით:))) მაშინ როცა ინგლისში თითქმის ყოველწლიურად ოქსფორდის ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონი გამოდის და თითქმის ყოველ წელს ენას რამდენიმე ასეული სიტყვა ემატება, საქართველოში 50-იანებიდან დღემდე, ძირითადად, ისევ არნოლდ ჩიქობავას 8-ტომეულს ვუტრიალებთ. არადა, ენაზე ხომ ქვეყნის განვითარება, ისტორია და კულტურა ახდენს გავლენას. არ შეიძლება დღეს 90-იან წლებში გამოსული ლექსიკონით სარგებლობდე - როცა საზღვრები გაიხსნა და საბჭოთა კავშირი დაიშალა, ძალიან ბევრი ახალი სიტყვა შემოვიდა და დაიკარგა. მოკლედ, ამ მხრივ, მხოლოდ ჟურნალისტები არ ვცოდავთ და ფილოლოგებსაც საკმაოდ ბევრი სამუშაო აქვთ.

და საერთოდაც, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, დათო ჩიხლაძემ მითხრა, "როცა რამე საშინელება ხდება შენ ირგვლივ, უნდა დაიკიდო ყველანაირი ანტონ პირველის ღრამატიკა და სინტაქსი და ხალხს ელაპარაკო ისე, როგორც მათ ჭირდებათ, იმიტომ რომ მათაც ასევე ჰკიდიათ ეს ჩარჩოები და წესები" :)))))


1 comment:

  1. რა თქმა უნდა მწერლებს საკუთარი წერის სტილი უნდა ჰქონდეთ და ისე წერონ, როგორც მოესურვებათ, ეს შემოქმედებაა. მაგრამ როცა ჟურნალისტი ხარ, ჩემი აზრით, გევალება იცოდე გამართული საუბარი და არ უშვებდე ისეთ შეცდომებს, რომ ნებისმიერი მაყურებელი ხვდებოდეს ამას. რა თქმა უნდა შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ ზოგიერთს ეს უფო მეტად ევალება ვიდრე დანარჩენებს. იმედია ეს პრობლემაც ადრე თუ გვიან გამოსწორდება :)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ