Monday, November 25, 2013

ქმრის ოჯახი:)

მე მიყვარს დიდი, ხმაურიანი და მხიარული ოჯახი, დილით ასი კაცი რომ ერთად საუზმობს, მთელი დღე რომ ყაყანია, ყველას ცალ-ცალკე რაღაც რომ აწუხებს და ყველას საქმე სასწრაფოდ რომაა და საღამოს ბირჟაზე ყველა ერთდროულად რომ ხმაურობს. ღამე დაძინებისას გადანაწილებაზე კი სულ რომ პრობლემებია. ნუ, მაინცდამაინც კომფორტულად არ ჟღერს, ვიცი. განსაკუთრებით, მასპინძლებისთვის, ვის სახლშიც ეს ყველაფერი ხდება, თუმცა ჩემთვის მაინც მიმზიდველია. ალბათ იმიტომ, რომ მეც ასეთ ოჯახში ვარ გაზრდილი.


ზაფხულობით როცა ჩვენ და ჩემი ბიძაშვილები და დეიდაშვილები ერთდრულად ჩავდიოდით ბულაჩაურში, სახლში ტევა აღარ იყო. ერთად დავდიოდით არაგვზე, ერთად ვეჩხუბებოდით გოგოები ბიჭებს, მერე საღამოს ერთად შემოვუსხდებოდით მაგიდას, ვჭამდით ხინკალს, საზამთროს და ნესვს, ბოლოს ვიფურთხებოდით მზესუმზირას და, რა თქმა უნდა, ისევ ვყაყანებდით. ღამე კი სელიოტკებივით ჩარიგებულებს გვეძინა.

გიოსაც ასეთი ოჯახი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ პირველად ვიყავი მესტიაში კარგად და საფუძვლიანად (არჩევნებზე რომ ვიყავი ის არ ითვლება, მხოლოდ საარჩევნო უბანი ვნახე), უკეთესად გავიცანი მისი ოჯახი და ნათესავები. 


მგონი სვანებზე ყველაზე მეტი სტერეოტიპია ამქვეყნად შექმნილი, ვიდრე საქართველოს დანარჩენ რეგიონებზე ერთდროულად. არ ვიცი, შეიძლება გიოს ოჯახია (ახლა უკვე ჩემიც, მამენტ, მაგრამ ჯერ ვერ შევეჩვიე ასე თქმას) გამონაკლისი, ანდა სვანები ვერ გაუცნია დანარჩენებს წესიერად. ჯერ ნინიკოს, გიოს დის (მული ცუდი სიტყვაა,
არ მომწონს და არ ვეძახი და იმედია არც ის მეძახის ოფიციალურად რძალს :D) ქორწილში ვიქეიფეთ და ვიცეკვეთ მთელი ღამე, მეორე დღეს მესტიაში ექსკურსიაზე ვიყავით. თურმე მარგიანებს სახლ-მუზეუმი აქვთ მესტიაში, თავისი კოშკით! შიგნით რომ შედიხარ, ძველ დროს მთლიანად გაგრძნობინებს! საოცარი ის იყო, რომ იმ დროს მთელი ფინანსური და მატერიალური რესურსი მიმართული იყო თავდაცვისკენ. კოშკში რომ შედიხარ, პირველ სართულზე ერთი დაბრკოლება გხვდება, მეორე სართულზე - მეორე. ხალხი ყოველ წუთას მზად იყო შეტევის მოსაგერიებლად, გარდა ამისა, კოშკიდან მიწაში საიდუმლო გვირაბები გადიოდა, სავარაუდოდ, ამ გვირაბების მთელი სისტემა იქნებოდა, რომელიც მესტიის გარეთ, მთებში გადის. გიოს პაპა, შალვა მარგიანი ცნობილი ალპინისტი იყო, მისი გაზრდილია მიხეილ ხერგიანი და თურმე მყინვარების დასალაშქრად წასულს, ერთხელ ერთი ასეთი გვირაბის ბოლო შეუნიშნავს.

საერთოდ, მესტიაზე, მის სიძველეებსა და მისტიკაზე ერთი დიდი პოსტის დაწერა შეიძლება, თუმცა არ ვიცი, როგორ უნდა აღვწერო ის, რაც იქ ხდება. ერთ-ერთმა მეზობელმა ქალმა გვითხრა, რომ მათი კოშკი სავსეა ჯიხვის ძვლებით, რომლებსაც ვერ ყრიან, იმიტომ რომ ცრურწმენის თუ თქმულებების გამო, არ შეიძლება მონადირებული ჯიხვის ძვლების გადაყრა. ვინ იცის, მათ ოჯახში რამდენი ხანია და რამდენი თაობა ინახავდა ამ ცხოველის ძვლებს!

ხო, გიოს და უკვე ჩვენს დიდ ოჯახზე ვლაპარაკობდი. ძალიან, ძალიან მხიარული, საყვარელი და ხმაურიანი ხალხია - გიოს დედა მაღალი, გამხდარი, ლამაზი, მხიარული და ენერგიული ქალია, მთელ სტუმრებს ის უვლიდა, მთელი ამ ამბის სული და გული იყო, უიმისოდ არაფერი არ ხდებოდა, ყველაზე ადრე დგებოდა დილით და ყველაზე გვიან წვებოდა, როცა ყველას დააწვენდა და დააბინავებდა და მის სახეზე ერთხელაც არ მინახავს შეკრული წარბი. პირიქით! ფანტასტიური ქალია, ამდენი საქმე აქვს, ამდენს ასწრებს, სამსახური, ოჯახი, საქონელი და ბაღ-ბოსტანი - ის კი ამ დროს ფანტასტიურ ფორმაშია, თან სულ მხიარული და ალერსიანი.

გიოს მამა, პირიქით, თავშეკავებული, გაწონასწორებული, ჩუმი კაცია. როცა საყვარელ ადამიანებს უყურებს, თვალებში სითბო ეღვრება ხოლმე და ოდნავ ეღიმება. ასე იმიტომ ვამბობ, რომ როცა გიოს, შაკოს ან ნინიკოს უყურებს, ასე მოსდის, მიხარია მეც რომ ასე მიყურებს, ვგრძნობ, რომ მისთვის ძვირფასი ვარ. გიოს ბიძა, გოჩა კი ზუსტად ისეთია, როგორც - მამაჩემი. ასე ორი სრულიად უცხო ადამიანი ერთმანეთს დამსგავსებოდეს, პირველად ვნახე. ხმაურიანი, როხროხა, ემოციური და ძალიან მხიარული - ზუსტად ისეთი, როგორიც მამაჩემია.

ქორწილამდე ერთი დღით ადრე მე, გიომ, დიტომ, შაკომ და დანარჩენმა ბავშვებმა ნინიკოსთვის ფლეშმობი მოვამზადეთ. მთელი ღამე ვცეკვავდით ეზოში, მოლზე, უფროსები გვიყურებდნენ და ხმამაღალი შეძახილებით გვამხნევებდნენ გაყინულებს. ქორწილში ძალიან მაგარი გამოვიდა! ნინიკო კი ულამაზესი პატარძალი იყო. ჯერ ერთი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ჯინსებსა და კედებშიც ძალიან ლამაზი გოგოა. აბა გიო დახატული ბიჭია და სხვანაირი და არც შეიძლება რომ ყავდეს:))

საიდან დავიწყე და სად წავედი. ამ პოსტის ძირითადი აზრი ის მინდოდა ყოფილიყო, თუ როგორ უნდა შევეჩვიოთ ახალ ოჯახს-თქო. ისედაც ბევრი ვილაპარაკე და უბრალოდ, იმასღა დავამატებ, რომ მე მგონი, მთავარია, ისეთივე იყო, როგორიც ხარ, არ დაიწყო კუდაბზიკობა და უაზროდ ცხვირის აბზუება, რაღაცებს მარტივად შეხედო და ოჯახის ახალ წევრებსაც შენც უპრობლემოდ შეეგუები და რაც მთავარია ისინიც თბილად შეგხვდებიან.

მთელი 4 დღის განმავლობაში ძილი მე და გიოს მგონი დაახლოებით 10 საათი გამოგივიდა, მეტი - არა. სხვანაირად არც შეიძლებოდა, მესტიაში ძილისთვის დრო ნამდვილად არ გაქვს.



No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ