Thursday, December 5, 2013

წინასაახალწლო პოსტი

ახალ წელს პირველ რიგში მანდარინების სუნით ვგრძნობ. წარმოიდგინე, მიდიხარ ქუჩაში, ცა მოჟამულია, ხელები ჯიბეებში, ყურებში ნაუშნიკები, ძირს იყურები, სადმე ტალახში რომ არ ჩახტე შემთხვევით და უცებ, სახეში რაღაც ნარინჯისფრად განათებს - ახედავ, სურნელი გცემს, მანდარინებია - მოხუცი ბებო გაჩეჩებს. რა თქმა უნდა, ვყიდულობ! (მართალია მერე სულ მავიწყდება ჭამა, სანამ დედა არ გამომილაგებს, გამიფრცქვნის და ცხვირწინ არ დამიდებს, მაგრამ მაინც).



ღამღამობით შეგინიშნავთ დეკემბერში როგორი ცაა? ოდნავ მოწითალო, ბურუსიანი, თითქოს, მყარი - და ისევ სუნები: ამჯერად თოვლის სუნი გესმის. გახსოვთ, თოვლს როგორი სუნი აქვს? რაღაცნაირი, სუფთა:)) ჰოდა, როგორც კი თბილისში ასეთ ცას შევნიშნავ, იმის უტყუარ მტკიცებულებად ვთვლი, რომ ახალი წელი წელსაც ისეთივე ჯადოსნური იქნება, როგორიც საერთოდ არის ხოლმე.

და როცა დეკემბრის დასაწყისი დადგება, ყოველ წელს ან ზურას, ან ანის და ან მე გვახსენდება, რომ მაღაზია "სუპერში" წასვლის დროა. რატომღაც ყოველთვის ღამე მივდივართ, დაახლოებით 30-40 წუთი ვრჩებით, ვთამაშობთ, საახალწლო დეკორაციებს ვათვალიერებთ, ფოტოებს ვიღებთ, მერე დაცვა მოდის და გვეუბნება, რომ ფოტოების გადაღება აკრძალულია (თანაც ყოველ წელს ერთსა და იმავეს ვიმეორებთ), ბოლოს ვამბობთ, რომ მომავალ წელს იმდენი ფული გვექნება, რომ მთელ "სუპერს" გამოვიტანთ და სახლებში ვბრუნდებით.

მერე სასწრაფოდ ვცვლი ტელეფონის ზარს და რომელიმე საახალწლო სიმღერას ვაყენებ, ვცვლი მობილურის და კომპიუტერის wallpaper-ებს და ვირტუალურ ნაძვის ხეებს ვდგამ  მათ ეკრანებზე, მობილურის ფლეილისტსაც ვანახლებ - საახალწლო სიმღერებს ვამატებ.

ახალი წელი ვინმეს კოკა-კოლის რეკლამის და მანქანების გარეშე წარმოუდგენია? მე - ვეღარ. კარგად მახსოვს, მე და ჩემი ძმა ფანჯარაში როგორ ვეკიდეთ, როცა სახლში შუქი არ გვქონდა, სადღაც შორს კი კოკა-კოლას ჯადოსნური სიმღერა გვესმოდა და ორი წამით მოვკრავდით ხოლმე თვალს კორპუსებს შორის გაელვებულ წითელ ტრაილერს. ჰო, კიდევ, თოვლის პაპის არასდროს მჯეროდა, მაგრამ სავსებით დარწმუნებული ვიყავი, რომ სანტა კლაუსი მხოლოდ მდიდარ ბავშვებთან მიდიოდა, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობდნენ და ინგლისური იცოდნენ.



შემდეგ ერთ-ერთ საღამოს, როცა იუტუბზე მორიგ სიმღერას ვეძებ, უცებ, გაუაზრებლად ვკრეფ ან jingle bells rock ან all I want for Christmas ან რომელიმე ასეთ პოპულარულ საახალწლო სიმღერას და ვუსმენ. ვუსმენ ასჯერ და ახალი წლის მოსვლა კიდევ უფრო მეჩქარება.



იმდენად მეჩქარება, რომ ყოველ საღამოს რუსთაველზე ვამოწმებ, დაკიდეს თუ არა საახალწლო განათებები! და სანამ ამას ვამოწმებ, ამასობაში ვამჩნევ, რომ "მაკდონალდსებში" დიდი და ფუმფულა ნაძვის ხეები დაუდგამთ, მაღაზიების ბრჭყვიალა ვიტრინებში ფასდაკლებების სტიკერები მიუკრავთ, (ფასდაკლებები დიდი ვერაფერი, მაგრამ ვიტრინა ლამაზია) საახალწლო ნათურებით მოურთავთ და საახალწლო სიმღერების ჩართვაც არ დავიწყებიათ.

აი როცა ბარბარობას აღვნიშნავთ, თევზსა და ლობიანს ვაკეთებთ და პირველი სადღეგრძელოს აღსანიშნად შავი ღვინით სავსე ჭიქებს ვუჭახუნებთ ერთმანეთს, უკვე გულდამშვიდებით ველოდები, როდის იყიდის დედა მასტიკას და ხის ავეჯის საპრიალებელს და როდის დადგება ერთ დღესაც მათი სუნი სახლში.

ნაძვის ხეს კი ყველაზე ბოლოს ვდგამ, დაახლოებით 29-30 დეკემბერს. რომ არ მომბეზრდეს, როცა ჩავალაგებ, უკვე მენატრებოდეს და შემდეგ ახალ წლამდე მის აწყობას სულმოუთქმელად ველოდებოდე! :)

ხოდა, ვერასდროს, ვერც ერთი ჩემი შვილი, რომელიც ოდესმე მეყოლება, ვერ მაიძულებს, ნაძვის ხის აწყობა მათ დავუთმო!:))))) ეს ჩემს პრივილეგიად დარჩება, თუნდაც 80 წლის ვიყო.


1 comment:

  1. My compliments for your blog and pictures included,I invite you in my photoblog "photosphera"

    CLICK PHOTOSPHERA

    Greetings from Italy

    Marlow

    ReplyDelete

დააკომენტარეთ