Tuesday, February 18, 2014

130 წელი მანგანუმის გვერდით - ჭიათურა

როგორც ყოველთვის, ახლაც საინტერესო სამსახური მაქვს. წარმოდგენა  არ მაქვს, როგორ მპოულობენ საინტერესო სამსახურები, თუ მე ვპოულობ ხოლმე, მაგრამ ასეა - ბოლო 2-3 წელია არასოდეს მქონია შეგრძნება, რომ რაღაც რუტინულს და მოსაწყენს ვაკეთებ. ჩემმა მეგობარმა დღეს მომწერა: "ირინკა, ამ რეგიონებში იმდენს დადიხარ, მე მგონი, ამაზე ბლოგპოსტები უნდა დაწერო". მეც ვიფიქრე: "რატომაც არა!"


დღეს ჭიათურიდან ჩამოვედი. ახლა გათიშული ვარ. ვცდილობ, ნელ-ნელა აღვიდგინო, იქ რა გავაკეთე.

პირველ რიგში, შევხვდი ჩვენი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭიათურელთა კავშირის" დირექტორს, შოთა გაფრინდაშვილს და მის გუნდს. გავიცანი მოსწავლეები, რომლებიც, არც მეტი, არც - ნაკლები, მოსწავლეთა საკრებულოს წევრები არიან, ყოველკვირეულად იკრიბებიან და თავიანთი ქალაქის პრობლემებზე მსჯელობენ. რამდენიმე მათგანს ჟურნალისტობა ნდომებია! ვგიჟდები იმ ბავშვებზე, რომლებსაც ჟურნალისტობა სურთ!

მერე წავედით პრობლემების გადასაღებად. თვითონ ქალაქი ულამაზეს ადგილასაა განლაგებული. ქვაბივით ჩაღრმავებულ მთაგორიან მიწაზე. გარშემო მანგანუმის კარიერია. ქანებს ყოველდღიურად ასობით ადამიანი ამუშავებს. ქალაქის გარშემო საბაგიროებია გაკეთებული. ამ საბაგიროებიდან ზოგს მანგანუმი დააქვს, ზოგიც - ადგილობრივებს დაატარებს სოფლიდან - სოფელში. შოთა მეუბნება, რომ შპს ადგილობრივ თვითმმართველობას 2006 წლიდან მხოლოდ 0.012%-ს უხდის მოგების წილს, როცა მანამდე 0.12% იყო. ახლა საუბარია ძველი პროცენტის აღდგენაზე. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მანგანუმის მოპოვებით ქალაქის ეკოლოგიას გამოუსწორებელი ზიანი ადგება ყოველდღიურად, მე მგონი, ეს გადასახადი საჭიროა. (თუმცა, დაზუსტებით ვერაფერსაც ვერ ვიტყვი, ეკოლოგიურ პრობლემებშიც დილეტანტი ვარ და ბიზნესის სფეროშიც).

გარდა ამისა, ამ რეგიონშიც სასმელი წყლის პრობლემაა. საერთოდ, სასმელი წყლის პრობლემაა მთელ საქართველოში! არსად, არც ერთ ქალაქში თუ სოფელში ონკანის წყალი არ ისმევა! ყველგან წყალს პირდაპირ მიწა, ფოთლები და რა ვიცი, ათასი ნაგავი მოყვება! თანაც, ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ყველგან დაახლოებით ერთსა და იმავე ამბავს მიყვებიან: "საბჭოთა კავშირში მოგვარებული იყო, 90-იან წლებში გაფუჭდა, რაღაც მოიპარეს, იმას პატრონი არ ყავდა და ა.შ."

შემდეგი პრობლემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურია. საქმე ისაა, რომ ჯეოჰოსპიტალსის ახალი საავადმყოფოც არის, (სადაც პაციენტებისთვის ადგილები არ ჰყოფნით და შეიძლება ორსული ქალი და ინფექციური დაავადების მქონე ადამიანი ერთად ეწვინოთ), წამლებიც და მედპერსონალიც. თუმცა მოუგვარებელი პრობლემაა სასწრაფო დახმარების მანქანები! მთავარი ექიმი მეუბნება, რომ, თითქმის, ყოველკვირას უწევთ თბილისიდან ახალი ნაწილის გამოწერა, პროფილაქტიკაში მანქანის მიყვანა, შეკეთება... შედეგად 5 მანქანიდან წესიერად მხოლოდ 2 ფუნქციონირებს.

თუ ამ ფონზე იმასაც გავიხსენებთ, რომ ჭიათურაში ონკოლოგიური და კარდიოლოგიური დაავადებების რიცხვი სტატისტიკურად დიდია საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით (მანგანუმის გამო) და მაღაროებში დაშავებულთა რიცხვიც საკმაოდ მაღალია, ალბათ ასეთ რეგიონში სამედიცინო პუნქტები განსაკუთრებით მაღალ დონეზე უნდა იყოს აღჭურვილი.

ჭიათურადან გვიან წამოვედით. გზა ჭორვილადან საჩხერემდე ფანტასტიური იყო, მაგრამ მერე "რატომღაც" სადღაც აორთქლდა, ასე რომ, მთავარ ტრასამდე 20კმ/სთ-ით ჩამოვედით.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ