Wednesday, February 26, 2014

აფხაზეთიდან დევნილები "სიდას" ობიექტივში

ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის დასახლება
ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე, შემდეგი პოსტი ზუგდიდის სოფლებში სიარულზე დამეწერა.

წასვლამდე რუსუდან ყალიჩავასგან ავიღე ონლაინ-კონსულტაციები, კარგად დაგვაკვალიანა და გაგვიშვა. ზუგდიდის რაიონის სოფლებში მაიკოსთან ერთად წავედი.

თავიდან, ფურცელზე ჩამოწერილი, დანომრილი პრობლემები, თითქოს, ერთი და იგივე და მოსაწყენი ჩანდა. დევნილები სოფელ ოქტომბერში, დევნილები რუხში, დევნილები რიყეში... ვფიქრობდი, ამას ერთ თემად გავაერთიანებ და მეტი რა უნდა გადავიღო-თქო. მაიკო აპირებდა სიტუაციის ადგილზე გაცნობას და ადგილზევე წერილების გამზადებას ან კონსულტაციების გაცემას საჭიროებისამებრ.

მოკლედ, ზუგდიდში "ათინათის" ირაკლი ცანავას შევხვდით და პირველივე სოფლისკენ ავიღეთ გეზი. დევნილთა პირველი საცხოვრებელი. ყოფილი კულტურის სახლი. ახლა აქ კულტურის სახლის ადმინისტრაციის გარდა საბავშვო ბაღი და აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებულები.

ხალხს ვეძებთ, ვინც გაგვესაუბრება და ინტერვიუს მოცემაზეც დაგვთანხმდება. დიდხანს ლოდინი არ გვჭირდება. აქაურები შორიახლოს მიდი-მოდიან და მერე, როცა ვეცნაურებით, თავიანთ გაჭირვებაზე გვიყვებიან.

სანატორიუმი "იმერეთი"
გაზი არაა. რა თქმა უნდა, სოფელში გადის გაზის მილი, მაგრამ ყველა ოჯახს თვითონ შეყავს სახლში, მათი პატრონი კი არავინაა. სახლში შეყვანას ფული უნდა, 50 ლარად თვეში კი მილს ვერ იყიდი. თვეში 50 ლარად ვერც წამალს იყიდი, ვერც - მცირეწლოვან ბავშვებს არჩენ, ვერც - ერთი თვის სამყოფ საკვებს იშოვი, ტანსაცმელზე, ავეჯზე, დასვენებაზე, გართობაზე, სწავლაზე... ლაპარაკი ზედმეტია.

ერთი ქალი ერთ-ერთ ყოფილ სასტუმროში იმასაც გვეუბნება, რომ წინასაარჩევნოდაც კი არავინ მოსულა, ბოლოს ერთ-ერთი [დეპუტატობის კანდიდატი] სულ შემთხვევით მოხვდა აქეთ და აღმოაჩინა, უი, აქ ხალხი ცხოვრობსო?! 

სანატორიუმი "იმერეთი"
იგივე მდგომარეობაა წყალტუბოშიც. (წინა დღეს ვიყავით). ერთ დროს ულამაზესი სასტუმრო ახლა გაპარტახებულია. იცით, როგორია სიტყვა "გაპარტახებული"? თვალებს რომ დახუჭავთ, ეგრევე წარმოიდგენთ. დიდი შუშები ჩალეწილი, მარმარილოს იატაკი ამომტვრეული, ზოგან ფიცრებით აჭედილი ფანჯრები, ზოგან - დამწვარი პარკეტი, წარწერებით აჭრელებული კედლები, ნესტი, ვირთხები... ულამაზეს ეზოში, სადაც წიწვოვანი ხეები ხარობს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია. აქაურობა კანალიზაციის სუნით ყარს. არაფერი არ განიშნებს იმაზე, რომ ეს ადგილი შეიძლება ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი იყოს, არათუ ერთ დროს ულამაზესი კურორტი და სასტუმრო. ესაა წყალტუბოს სასტუმრო "იმერეთი".

სმენადაქვეითებული 60-იოდე წლის მარტოხელა კაცი გვიხსნის, რომ ვისაც შეეძლო, აქედან გადავიდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ცალკე ბინაც იყიდა და არც აქაურ ნომრებს თმობს, ზოგი სხვა დევნილებზე "აქირავებს". ერთმა ქალმა გვითხრა, გარდაცვლილი ახლობელი ჩემს პატარა ოთახში ვერ დავასვენე, მეზობელს ვთხოვე ოთახი, დაკეტილი ჰქონდა და არ ჭირდებოდა, თვითონ უკვე გადასული იყო სხვაგან, მაგრამ ნება არ დამრთოო.

20 წელი დიდი დროა. 20 წელი ის დროა, რომ თუ ჯანმრთელი ხარ, ცხოვრება თავიდან ააწყო. მაგრამ ყველას ეს არ შეუძლია. ვინც შეეგუა ახალ რეალობას, წავიდა. ზოგმა კი ხალხის გაჭირვებაზე იშოვა ფული.

კიდევ ერთ სოფელში მივდივართ. ისევ სამეგრელოში. გზად ერთ პატარა ჯიხურთან ვჩერდებით. აქ ერთ კომპიუტერთან ლიბერთი ბანკის ოპერატორი ზის, მეორე კუთხეში კი აქაურ ქალებს არასამთავრობო ორგანიზაცია აქვთ გახსნილი. ასეთი უცაბედი აღმოჩენით გაოცებულები და გახარებულები კითხვებს ვაყრით ქალებს: რას საქმიანობთ? რამდენი ხანია გაიხსენით? ვინაა თქვენი ბენეფიციარი? რა პროექტები გაქვთ? ინტერნეტში იგუგლებით? დაფინანსება კარგად გაქვთ? 

დაფინანსება არ აქვთ. ესაა სოფელ რიყის თვითდახმარების ჯგუფი. უფროსი ნინო ქუხილავაა. ნინო და მისი მეგობრები მოხალისეები არიან. აქაურებს კომპიუტერთან მუშაობას ასწავლიან. თემის გაძლიერებაზე მუშაობენ. დისკუსიებს მართავენ, სოფლის საჭიროებებს განიხილავენ და ერთად წყვეტენ, როგორ უნდა გადაჭრან ესა თუ ის პრობლემა. ამ ქალებით მოხიბლულს წასვლა აღარ მინდა. ვგიჟდები მათზე!

უკეთეს ხასიათზე ვარ. ამდენი დათრგუნული ხალხის შემხედვარე ეს ენერგიული ქალები ჩემზე კარგად მოქმედებენ.

თუმცა შემართება მალე ისევ უკვალოდ მიქრება. დევნილებით დასახლებულ ერთ-ერთ შენობაში, სადაც გაუსაძლისი პირობებია (უკვე აღარ გვიკვირს), 80-მდე წლის ქალი გვიხსნის, რომ შვილები ჰყავს სარჩენი, სხვა პატრონი არ ჰყავს და სახელმწიფოს დახმარებას თხოვს. მე და მაიკოს, ბუნებრივია, გვგონია, რომ მცირეწლოვან ბავშვებზეა საუბარი.  ილუზიები თავზე მას მერე გვენგრევა, როცა ოთახში საკმაოდ ჯანმრთელი, 25-30 წლის ბიჭი შემოდის. :| ბიჭს თურმე ცოლის მოყვანა ნებავს და იმ სახლში გოგოს მიყვანა რცხვენია! საწყალი დედამისი კი ისევ წელებზე ფეხს იდგამს და იმის მაგივრად, რომ შვილებმა კეთილინებონ და მოუარონ, სიბერეს უმწარებენ! მე რომ სახელმწიფო ვიყო, ასეთებს დახმარებას საერთოდ არ ვაღირსებდი, ჩემთვის ვფიქრობ გაბრაზებული.

სასტუმროში ისევ გულდამძიმებულები მივდივართ. მისაღები ოთახი ისეთი ავეჯით და სტატუეტებითაა გავსებული, მე და მაიკო ფეხისწვერებზე დავდივართ, რამეს არ დავეტაკოთ და ვალებში არ გადავვარდეთ. საოჯახო სასტუმროს დიასახლისი გვიხსნის, რომ ყველაფერი მოსკოვში და პეტერბურგში აქვთ შეძენილი, (მოსკოვები და დონეცკები :D ) რომ ამნაირი ავეჯი და ნივთები მეორე აღარ იშოვება და რომ თვალისჩინივით უფრთხილდებიან.

მაიკო ამბობს, რომ აღარასოდეს იწუწუნებს არაფერზე მას მერე, რაც ეს სამდღიანი კოშმარი ვნახეთ. მეც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები.

წინასაახალწლოდ ვიყავით ზუგდიდის სოფლებში და დღემდე არ გამნელებია ეს გრძნობა.

უფრო დაწვრილებით ინფორმაცია, ვიდეო და ფოტომასალა ამ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ: http://www.cso.ge/qselis_tvalit.php?gv=2

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ