Saturday, March 8, 2014

სარვამარტოდ



მანქანით ფრთხილად მივდივართ მეჯვრისხევის გზაზე. ცხინვალს რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, ახლოს მოჩანს მთელი ქალაქი

„ჩვენ ახლა სნაიპერის მიზანში ვართ“ - ნახევრად ხუმრობით ამბობს მძღოლი.

„ნუ გეშინიათ, აქ ხშირად დავდივარ ხოლმე, არაა საშიში“, გვამშვიდებს ფიქრია გელაშვილი, ინვალიდთა კლუბის წევრი და ძალიან აქტიური და მაგარი გოგო.

ფიქრია გზაში მიყვება, თუ რა არის აქაური სოფლების მთავარი პრობლემები. საძოვრები, სარწყავი არხები, შეშა ზამთრისთვის, სასმელი წყალი და კიდევ უამრავი რამ, რაც რეალურად, პრობლემაა, მაგრამ იქაურები ასე არ თვლიან. მაგალითად, ცხელი წყალი.

პირველი ქალის ისტორია
 
 „ცხელი წყალი? რა ცხელი წყალი, სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ ძლივს მოგვდის“ - მეუბნება ახალგაზრდა, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, - „აგე, „ფეჩზე“ რაღაცნაირად ვახერხებ, რომ ბავშვებისთვის წყალი გავათბო და ვაბანაო, სად გვაქვს ცხელი წყალი“.

არც ცხელი წყალია. არც - გათბობა. ღუმელს მაშინ ანთებენ, როცა შეშას მონახავენ. ეზოში გავდივარ. რამდენიმე წვრილი ტოტი და კუნძი გდია. 

„გვეუბნებიან, რომ 200-ლარიან ვაუჩერებს დაგვირიგებენ შეშისთვის“ - ამბობს მისი ქმარი.

ასე უნდა ელოდოს 200 ლარიან ვაუჩერებს მოსახლეობა. იმიტომ რომ ის ტყე, სადაც შეშას ჭრიდნენ, ახლა რუსებს ეკუთვნით. თუ ვინმემ გაბედა გადასვლა, იჭერენ. თუ პატრონი ყავს, 1000 რუბლის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუ არა - და, კაცმა არ იცის, რა მოხდება. ყველაფერს ის ართულებს, რომ არსად არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ აქ გადასვლა არ შეიძლება. ნახირიც იქვე ბალახობს. საქონელს ვერაფრით გააგებინებ, რომ 2008 წლის შემდეგ იმ ტერიტორიაზე აღარ შეიძლება შესვლა.

„200 ლარიან ვაუჩერებს რომ ელოდებით, თქვენ გგონიათ, რამდენი ხანი გეყოფათ? რატომ სჯერდებით ამას?“, ბრაზობს ფიქრია. 

კაცები ჩუმად არიან. 

„სხვა გზა არ გვაქვს... დღეს მოჭრი ერთ ვაშლს, ხვალ - მეორეს, ზეგ რაღა გექნება, რითი გავთბეთ? ჩვენ ჯანდაბას, ბავშვებს რა ვუყოთ? გავყინოთ? ზოგი რისკავს კიდეც და გადადის ტყეში, მაგრამ აგე, ჩემი ძმა დაიჭირეს შარშან ოსებმა, საშიშია...“ - ამბობს ბოლოს ერთ-ერთი.

მეორე ქალის ისტორია


2008 წლის აგვისტოს ომის დროს ირინა წიკლაურის და სოსო მეტრეველის სახლი სოფელ ქვემო ნიქოზში დაინგრა. მათი ეზო დაახლოებით 10 მეტრშია პირველი ბლოკპოსტიდან, რომელსაც ქართველები აკონტროლებენ. გარდა იმისა, რომ სახლში ცხოვრება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ირინას არ უნდა ნიქოზში გადასვლა. დე-ფაქტო საზღვარი ძალიან ახლოა, ზედ მათ ბაღზე გადის გამყოფი ხაზი, ირინას კი ეშინია, ბავშვებმა შემთხვევით თამაშისას საზღვარი არ გადაჭრან. ამჟამად მათი 6-სულიანი ოჯახი გორში, საბავშვო ბაღში ცხოვრობს. 


თავიანთ ამბავსაც ირინა ყვება. მთელი საათნახევრის განმავლობაში მისი ქმარი, ხელებში თავჩარგული ზის და ხმას არ გვცემს. ირინა მიხსნის, რომ მისმა ქმარმა საშინელი ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანა. არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს.
 
„2008 წლის აგვისტოში, როგორც იცით, მთელი სოფელი წამოვედით თბილისში. ავტობუსები ცოტა დადიოდა, ჩვენც ძლივს გამოვასწარით. ჩემი მეუღლე და მისი ძმები პოსტზე იდგნენ. ჯერ კიდევ წინა დღეს ისროდნენ კანტი-კუნტად და მერე ქარ-ცეცხლი და ერთი უბედურება რომ ატყდა, წამოვედით თბილისში.

47-ე ბაგა-ბაღში თბილისში, ბაღის დირექტორმა შეგვიფარა, თუ რამე შეეძლო, გვიკეთებდა, ჩემს შვილებს აჭმევდა. მაგრამ მალე გორის რაიონის ხალხი ვინც ვიყავით, უკან გამოგვიშვეს, ჩვენ კიდევ ერთი კვირა შეღავათი მოგვცეს, ბავშვისთვის ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა თბილისში. შემდეგ გორში გუბერნატორს შევხვდი, გამგებელსაც, იმათ იქ კი თქვეს, რომ დანგრეული აქვს ამ ქალს სახლი ომიანობის პერიოდში, კომპენსაცია ეკუთვნის და ინფორმაცია მოგვაწოდოს ყველაფერი და მივცეთ კომპენსაციაო, კომპენსაცია 15 ათასი ლარი გვეკუთვნოდა, მაგრამ მერე და მერე სულ შემთხვევით გავიგეთ, რომ გამოწერილი კი ყოფილა, მაგრამ არ მოუციათ. მარტო ჩვენ კი არა, ნახევარი ჩვენი სოფელი ასეთ დღეშია ჩვენსავით".  

იმ დღეს, ღამით, აქ მოიყვანეს. მას მერე 5 წელია, აქ ცხოვრობენ. მათ ნასახლარზე დანგრეულ კედლებზე ჩასვეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, გადახურეს კიდეც. თუმცა, გადახურვისას კოჭები კი გამოცვალეს, მაგრამ ხელის დადებაზეც კი იფშხვნება კედელი, სულ დამპალია
 
"მაშინ ბავშვს ოპერაციას ვუკეთებდი და გამაგებინეს, ასეთი და ასეთი ამბავიაო, მე ავიტეხე, გინდა თუ არა, მომეცით კომპენსაცია, მეკუთვნის მეთქი. მითხრეს, აბა რას ვიზამთ, ქალბატონო, მოგცემთო, რა განერვიულებთო. თუმცა მას მერე დაპირება დაპირებად დარჩა. ვინ აღარ შევაწუხე, მაგრამ არავინ ჩვენი პატრონი არ გამოჩნდა. აუდიტის დასკვნაც კი მაქვს, რომ იმ სახლში ცხოვრება შეუძლებელია. სპეციალურად თბილისში ვიყავი შუა ზაფხულში, ტაქსის ფული რაღაცნაირად შევაგროვე, აუდიტი ისე წამოვიყვანე! თუმცა ყველა ცალყბად გვისმენდა და მერე გვიშორებდა, არ აინტერესებდათ ჩვენი ამბავი". 
   
ვეკითხები, რომელიმე თუ მუშაობს ოჯახში. ირინა მიხსნის, რომ ქმარს არ შეუძლია, ფიზიკურად სუსტია, ხოლო თვითონ კი ოჯახში იმდენი საქმე აქვს (ოთხ მცირეწლოვან შვილს უვლის), რომ სამუშაოდ ვერ იცლის. მიჩვენებს თავისი ხელით შეკერილ ბალიშებს და გადასაფარებლებს. კერვა შემიძლიაო, ამბობს, დრო რომ მქონდეს, სადმე მკერავად ვიმუშავებდიო. ჩემს წინადადებაზე, რომ იქნებ ქმარს მოევლო ბავშვებისთვის და თვითონ ემუშავა, გაკვირვებული მიყურებს. ეს ვარიანტი მათ ოჯახში არასოდეს განხილულა.




1 comment:

  1. მძიმე, თუმცა კარგი პოსტია... ხანდახან ასე მგონია ხოლმე, რომ ცხოვრების მთელი სიმძიმე ამ ადამიანებს დააწვათ ზურგზე. ალბათ, საჭიროა მეტი კონტაქტი მათთან. თუნდაც გარკვეულმა ორგანიზაციებმა ამ ქალებთან რომ იმუშაონ. ალბათ, მერე გაკვირვებული სახეები აღარ ექნებათ მსგავს შეთავაზებებზე.

    P.S.: რამდენი ხანია ამ ბლოგზე გადმოვდივარ ხოლმე და, მგონი, პირველად ვტოვებ კომენტარს. სიამოვნებით (ნუ, ოღონდ ეს "-ებში)წავიკითხავ პოსტებს მსგავს თემებზე

    ReplyDelete

დააკომენტარეთ