Friday, September 2, 2016

კულისები

მთელი დღეა მოცარტის “ჯადოსნურ ფლეიტას” ვუსმენ. ეს ამათი ფლეილისტის ერთადერთი ტრეკია და, ცოტა არ იყოს, ყელშია უკვე ამოსული. სხვა მხრივ, არაფერი გვიჭირს: საკვები ყოველთვის დროულად მოაქვთ, თან გემრიელად ამზადებენ. თეთრეულიც ყოველთვის სუფთაა; ავეჯი იაფი და უბრალო, მაგრამ - ნორმალური, ამინდი - გადასარევი წელიწადის ნებისმიერ დროს. ერთი ეგაა Wi-Fi არ იჭერს. ზედამხედველები თვლიან, რომ სოციალური ქსელები ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობას აშლის, ძველ დროს გაგვახსენებს, ამიტომაც მაქსიმალურად გვზღუდავენ ინფორმაციის მიღებისგან. მეც ვეღარ ვპოსტავ ვერსად. არც მეგობრები მირეკავენ. (თუმცა, დედაჩემი დღეში ასჯერ მირეკავს და მკითხულობს, თან ათას ჭორ-მართალს მიყვება, ვეღარ გავიგე რა დავიჯერო და რა - არა). მოკლედ, სრულ ინფორმაციულ იზოლატორში ვარ. აი, ბიბლიოთეკა გიყვარდეს, იმდენი წიგნია, თვალები აგიჭრელდება, მაგრამ კითხვით თავს არავინ ვიწუხებთ.



აქაურობას ვარსკვლავების საერთაშორისო სარეაბილიტაციო პანსიონატი ჰქვია, თუმცა ჩვენ, მოფერებით კულისებს ვეძახით. იცით რატომ? გინახავთ კონცერტის მერე კულისებში უპატრონოდ მიყრილი სასცენო რეკვიზიტები? აი, ასე მიგვყარეს ჩვენც ჩვენმა პროდიუსერებმა, უცხო თვალს მოგვარიდეს, გაპრიალებული კადრიდან მოგვაშორეს და ერთ კუთხეში მიგვაწყვეს.


მე ოცი წლის ვარ. მარგო მქვია. გონებაში ყოველწუთას ვატრიალებ განვლილ დღეებს და ტვინს ვიჭყლეტ, მართლა მოხდა თუ არა ის ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, რაც მოხდა. მაშინ წარმოვადგენდი კი რამეს? მინდა მჯეროდეს, რომ - კი. ამის მერე რაღაცების უბრალოდ, დაუსაბუთებლად დაჯერება მომიწევს. სამწუხაროდ, არგუმენტები ნელ-ნელა მეცლება ხელიდან, იმიტომ რომ ფაქტები მავიწყდება. ან, სულაც, ყველაზე უარესი - ისინი არც არასოდეს არსებულან.


რომ მცოდნოდა, ეს ერთწლიანი ფეიერვერკი ისევე უეცრად დასრულდებოდა, როგორც დაიწყო, საერთოდ არ გავბედავდი მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მეც ისევე დამეხვა თავბრუ, როგორც მილიონ ჩემნაირ ადამიანს.


ყოველდღიურად რამდენიმე პროდიუსერი ათასობით ტელევიზიის ნიუსრუმებში იმისთვის იკრიბება, რომ იმ დღეს დაგეგმონ, კიდევ რამდენ ადამიანს შეაზიზღონ საკუთარი ცხოვრება და დაანატრონ თავიანთ შექმნილ დავარცხნილ-დაუთოებულ, გასწორებულ, უნაკეცო, უნაკლო კადრს, სხვისი, ვარსკვლავის ცხოვრებას. იმ ცხოვრებას, რომლითაც ზუსტად ერთი წელი მეც ვიცხოვრე, და რომელიც, საბოლოო ჯამში, კადრის უბრალო რეკვიზიტი გამოდგა. ჩემი ნომერი დამთავრდა, მაყურებელმა ტაში დაუკრა, პროდუქტი გაიყიდა, რეკლამა შემოვიდა, მე კი კულისებში ვარ სხვა ჩემნაირ, უკვე უსახელო ადამიანებთან ერთად კუთხეში მიწყობილი.


ყოველი დღე მოცარტის “ჯადოსნური ფლეიტით” იწყება და იმაზეც მადლობლები ვართ, რომ ერთმანეთის სიმღერებს არ გვასმენინებენ. აქაურების საუბარს მოვკარი ყური, თურმე, ერთხელ აქ აჯანყება მომხდარა. ერთი დამლაგებელი მეორეს ეწუწუნებოდა, რა უბედურებაა, ამომივიდა ყელში ამდენი კლასიკაო. გაგიჟდიო, მეორემ უთხრა, შენ არ იცი ამ რამდენიმე წლის წინ აქ რა ამბები დატრიალდა მაგ ფლეილისტის გამო და არ გაბედო და არაფერი შეცვალოო. მათი საუბარი სულ შემთხვევით გავიგე, მერე გავიკითხ-გამოვიკითხე, ცოტაც მზარეულს ვკითხე, ცოტა - დამლაგებლებს. ყველამ ცოტ-ცოტა რაღაც მიამბო მაშინდელი არეულობის შესახებ.


საქმე ის იყო, რომ იქამდე, განსაკუთრებით, ჯიუტ მონაწილეებს ერთმანეთის ნამღერებს ასმენინებდნენ გაუთავებლად. ხომ წარმოგიდგენიათ, ის უბედურები რა დღეში ჩაცვივდებოდნენ. ახსენდებოდათ ძველი დრო. ხოდა, ერთ დღესაც ამდგარან და აჯანყებულან. დინამიკები დაუმტვრევიათ, ჭურჭელი დაულეწავთ. მერე კი დადგნენ და ერთმანეთს ტაშს მთელი ხუთი წუთი უკრავდნენ, თან ხმამაღლა ტიროდნენ. მას მერე დინამიკები ჭერში დაამონტაჟეს.


ეს პატარა კუნძულია. წყნარ ოკეანეში გაფანტულ კუნძულებს შორის, ერთ-ერთი უსახელო. სწორედ, აქ მდებარეობს საერთაშორისო მედიის მიერ აღმოჩენილი უსახელო ვარსკვლავების სარეაბილიტაციო სანატორიუმი. ჩვენ, ყველა, სხვადასხვა მედია-პროექტებში მონაწილე და გამარჯვებული ვარსკვლავები ვართ. გსმენიათ, იქს-ფაქტორის, “ვოისის”, “ტალანტის” შესახებ? აი, სწორედ, ამ პროექტებზე მაქვს საუბარი. მათ სცენებზე ყოველწლიურად უამრავი ადამიანი გამოდის. მღერიან, ცეკვავენ, სხვადასხვა ურთულეს აკრობატულ ილეთებს ასრულებენ. ჟიური ყველა მათგანს ეუბნება, რომ მსგავსი რამ აქამდე არ უნახავს, რომ ის ერთადერთია, საოცნებო და განუმეორებელი. მაყურებელი ხმას გვაძლევს, ტაშს გვიკრავს და გვამხნევებს დარბაზიდან, სანამ ჩვენ სცენაზე ვმაიმუნობთ, პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე თვე, ან იქნებ, წელიც, ვცხოვრობთ ნამდვილი ვარსკვლავური ცხოვრებით, ვწერთ სიმღერებს, ვიდეო-რგოლებს, გვიწვევენ შოუებში.


შემდეგ კი, იწყება ახალი სეზონი და ნელ-ნელა ახალი ვარსკვლავებით გვანაცვლებენ. მაყურებელს ვბეზრდებით, ის ახალ სახეს ითხოვს. შესაძლოა, სადღაც, რომელიმე ქვეყნის პროვინციაში ვიღაც თინეიჯერი კითხულობს, სად გაქრა ესა და ეს მომღერალი, მოცეკვავე ან შოუმენი, რატომ აღარ ჩანსო, მაგრამ პასუხის დალოდებასაც ვერ ასწრებს, ისე უნაცვლებს მედია ერთ საყვარელ მომღერალს - მეორეთი, ერთ ტელეწამყვანს - სხვით და ასე შემდეგ.





*******


ჩემი ამბავიც ისევე დაიწყო, როგორც - ყველა სხვა დანარჩენის. ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდი. რა მნიშვნელობა აქვს, სად. დედამიწაზე ყველა პატარა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს. ყველგან პატარა და გაცილებით მოვლილი ქუჩებია, ვიდრე - მეგაპოლისებში, ყველგან ერთი დიდი მთავარი მოედანია და ერთიც - მთავარი სალოცავი. რაც მთავარია, ქალაქის ყველა მაცხოვრებელს აქვს ერთი ჯადოსნური ნივთი, ტელევიზორი.


მსგავსი შოუების ყურების დროს, თვალს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, როგორ გავიდოდი სცენაზე, მიკროფონს ავიღებდი და ვიმღერებდი. სიმღერის კულმინაციაზე მაყურებელი ტაშს დამიკრავდა, თვალცრემლიანი ჟიური კი ფეხზე ადგებოდა და მეტყოდა, რომ მხოლოდ ჩემი ნომრის ნახვისთვის ღირდა მთელი ეს სეზონი.


მერე კი მეც გამიცნობდნენ. ქუჩაში ავტოგრაფებს გამომართმევდნენ; საკონცერტო ტურნეს გავმართავდი, ვარსკვლავების დახურულ წვეულებებზე ვივლიდი, მომართმევდნენ ყვავილებს და ჩემზე იჭორავებდნენ.


ჩემ გარშემო ყველა მირჩევდა პროექტში მონაწილეობის მიღებას. ვოკალის პედაგოგი ჩემს დიდ სასცენო მომავალს უწინასწარმეტყველებდა დედაჩემს. ამდენი ქებისგან თავბრუდასხმული ჩავედი დედაქალაქში და კითხვა-კითხვით მივაგენი დიდ თეატრს, სადაც პროექტის შესარჩევი კასტინგი ტარდებოდა.


სხვა მონაწილეების შემხედვარე ჩუმ-ჩუმად ვფხუკუნებდი ჩემთვის. ერთი ბიჭი გამაყრუებლად უსტვენდა საოპერო არიებს და წამდაუწუმ ტელეფონში იჭყიტებოდა. თავზე კი რატომღაც ჯადოქრის ქუდი ეხურა. ერთი გოგო გამალებით ამუშავებდა ტანმოვარჯიშის ილეთებს. ატრიალებდა ფერად ლენტებს და თავსაც გრაციოზულად იქნევდა. ვიღაც 50 წელს გადაცილებული ქალი შავი ვუალის ქვეშ დაჟინებული მზერით მიცქერდა. წვრილი ტუჩებით ბუტბუტებდა რაღაცას, თან დამცინავი ღიმილი არ შორდებოდა. აქეთ-იქით დაქროდა ძალიან გამხდარი, ჩაჩაჩულ-ჯინსებიანი, მოკლედშეჭრილთმიანი გოგო ოპერატორთან ერთად. ოპერატორს თავისივე გამოსახულებიანი მაისური და ჭუჭყიანი ბათინკები ეცვა. კუთხეში ბავშვების ანსამბლი სევდიანად მღეროდა ფოლკლორულ სიმღერებს. შუახნის, მკაცრი გამომეტყველებიანი ქალი კი მათ დირიჟორობდა. სახედაბიჟვინებული კაცი მათ გვერდით იჯდა და გირებს ეწეოდა.


კასტინგი დილით დაიწყო და გვიან საღამომდე გაგრძელდა. შუადღისას გადაცემის ემბლემიან მაისურებში გამოწყობილმა ბიჭებმა ფენოვანი ხაჭაპურები და ლობიანები მოგვიტანეს. ჩვენც ეგრევე ვეცით საჭმელს და 15 წუთში მაგიდაზე ფენოვანი ცომის ნაფხვენებიღა დარჩა. ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა თავისთვის ილუკმებოდა. თვით იმ ჯადოქრისქუდიანმა ბიჭმაც კი შეწყვიტა სტვენა და ჭამა დაიწყო. ვიდექით ასე უხერხულად, რაც შეიძლება ერთმანეთისგან შორს მიყუჟულები და ვჭამდით. თან ერთმანეთს ჩუმ-ჩუმად ვათვალიერებდით. თუმცა, ძირითადად, უხერხულად, სადღაც სივრცეში გვქონდა თვალი გაშტერებული. ვცდილობდით, უხმაუროდ გვეჭამა, თუმცა ერთ-ერთმა დაბნეულმა ბიჭმა მაინც მოახერხა და კოკა-კოლა ზედ გადაივლო. ვიღაცამ გაიცინა. მეორე აჰყვა. მერე კი მოსაცდელი დარბაზი ისევ მოსაწყენად აზუზუნდა.


დაახლოებით 5 საათისკენ ჩემი რიგიც დადგა. მღელვარებამ, რომელიც სადილის შემდეგ ცოტა მინელდა, განახლებული ძალებით შემომიტია. სისუსტეს ვგრძნობდი მკლავებში, მუხლებს ვერ ვიმორჩილებდი. მუცელი ამტკივდა. ფეხსაცმელმა მომიჭირა. შემცივდა. ზურგზე ჩემი რიგის ნომერი მეკრა. რატომღაც ის პატარა სტიკერი საშინლად დამძიმდა და კაბაზე უკან მექაჩებოდა. გულისრევის შეგრძნება გამიმძაფრდა. ორმა რაციიანმა გოგომ ერთ ოთახში შემიყვანა. იქ ორი კამერა, ორი ოპერატორი, კიდევ ერთი სტაფილოსფერთმიანი გოგო და ორი წამყვანი იყვნენ, რომლებიც მაშინვე ვიცანი. პატარა მიკროფონი დამიმაგრეს კაბაზე, მიმღები ჟაკეტის ჯიბეში ჩამიდეს, წარმატება მისურვეს და პირდაპირ სცენის კულისებში შემაგდეს. იქიდან ჩუმად ვუყურებდი ერთ ბიჭს, რომელიც მართლა კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. მაყურებელიც ტაშს უკრავდა. მერე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ცნობილმა ჟურნალისტმა, რომელსაც თვალები მტაცებელი ფრინველივით ჰქონდა დახატული, ბიჭს უთხრა, რომ კარგად მღერის, თუმცა მსგავსი რამ უკვე ნანახი აქვთ და ასე ადვილად ხალხს ვერ გააკვირვებს.
ჟიურის მეორე წევრმა, ცნობილმა რეჟისორმა, რომელიც იმ სიცხეშიც არ იშორებდა კაშნეს, თქვა:


  • ჩვენ აქ ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვნახეთ. რით გაგვაკვირვებ მეორე ტურში? რატომ გადაგიყვანოთ?


ბიჭი დაიბნა და აბლუყუნდა. არარეალურად მოკლე დროში საოცარი მიზნები დასახა, კიდევ რამდენიმე ინსტრუმენტზე ერთად დავუკრავ და მე თვითონ ორ ხმაში ვიმღერებო. (მე მგონი იუტუბზე ავი კაპლანის ვიდეოები ჰქონდა ნანახი). რა თქმა უნდა, არავინ დაუჯერა. ხალხი უკვე ტაშს აღარ უკრავდა. უკმაყოფილო ზუზუნებდა, იცინოდა და უსტვენდა. ბიჭი გაფითრდა, მხრები აიჩეჩა, სკამიდან წამოდგა, გიტარა მხარზე გადაიკიდა და კულისებისკენ წამოვიდა. მე რომ შემეჩეხა, თვალი თვალში გამიყარა და კბილებში გამოსცრა:


  • წარმატებებს გისურვებ ამათ გაოცებაში!


“შემდეგი, შემდეგი”, აჩოჩქოლდნენ ჩემს ზურგს უკან. უცებ ვერ მივხვდი, რატომ. მაგრამ რამდენიმე წამში თავში დამარტყა, რომ ეს “შემდეგი” მე ვიყავი. ჰოდა, ოდნავ არეული ნაბიჯით გავწიე სცენისკენ. გზა უსაშველოდ გაიწელა. უცნაურია, ტელევიზორიდან სცენა გაცილებით პატარა ჩანს, ვიდრე - სინამდვილეშია. როგორც იქნა, იმ წერტილამდე მივაღწიე, სადაც მონაწილეები დგებიან ხოლმე. იქ ერთი ციცქნა სკოჩია დაკრული. ამის შესახებ იმ სტაფილოსფერთმიანმა გოგომ მითხრა, სკოჩთან გაჩერდიო. თავი ავწიე და ჟიური თვალით მოვძებნე. ყველა პროჟექტორი მე მანათებდა. ხალხის მხოლოდ ხმა მესმოდა, მაგრამ ვერავის ვხედავდი. სამი კამერა ამწეკრანზე ეკიდა, სცენის ქვეშ, ორმოში რამდენიმე ოპერატორი იჯდა კამერებით. ოპერატორები იყვნენ ჟიურის წევრების უკანაც. ხოჭოსავით აპარატები მთელ დარბაზში იყო გაბნეული.


  • სახელი და ასაკი - მკითხა მოკლედ კაშნეიანმა რეჟისორმა.
  • მარგო, 19 წლის - ვუპასუხე მე.
  • ნუ გეშინია, ჩვენ არ ვიკბინებით - სავარძელზე გადაწვა ცნობილი მსახიობი კაცი და აშკარად მტაცებლის თვალებით მომაჩერდა.
  • ვიცი - მეც გამეცინა.
  • კარგი, გადავიდეთ საქმეზე - მკაცრი გამომეტყველება მიიღო ჟურნალისტმა ქალმა - რით გაგვაკვირვებ?
  • უნდა ვიმღერო - ამოვთქვი, როგორც იქნა, და წელში გავსწორდი.


გაისმა moon river-ის ნაცნობი აკორდები და მეც დავიწყე სიმღერა. პირველი ორი გაუბედავი ბგერის შემდეგ, როგორც იქნა გულიდან რაღაც მომშორდა და მივხვდი, რომ არაფერი მემუქრებოდა. აქ ნამდვილად არავინ შემჭამდა. მაყურებელი გაჩუმდა, ზოგი ფეხზე წამოდგა. ჟიური თვალმოუშორებლად მიყურებდა და მიღიმოდა. მეორე სტროფი უფრო გაბედულად განვაგრძე. მოდულაციაზე ტაში დამიკრეს და, აი, მაშინ პირველად გამეღიმა. ფრთაშესხმულმა დავასრულე სიმღერა და გამარჯვებული სახით გამოვხედე დარბაზს. აპლოდისმენტები არ წყდებოდა. მტვრის ნაწილაკები ირეოდა პროჟექტორების შუქზე და მათ შორის ბუნდოვნად ვხედავდი აჟიტირებულ მასას, რომელიც ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჟიურიმაც ამოიღო ხმა და დარბაზიც გაჩუმდა. ჩემ წინ ამწეკრანზე დამაგრებულმა კამერამ შხუილით ჩამიქროლა (გული გამიხეთქა) და პირდაპირ ჟიურის წევრ რეჟისორთან შეჩერდა.


  • ასეთ ხმას აქამდე როგორ მალავდი? - მკითხა გაოცებულმა. სხეულში თბილმა ტალღამ დამიარა. გადავრჩი! ჩემზე არ იღადავებენ!
  • საოცარი ხმა გაქვს, ჩამოყალიბებული ვოკალი, გემოვნება, ზუსტი ბგერები - აგრძელებდა რეჟისორი, მაგრამ მისი სიტყვები ნაწილ-ნაწილ აღწევდა ჩემამდე.
  • თქვენ ოთხი “დიახ” გაქვთ, შემდეგ ტურში გელოდებით - გამიღიმა ბოლოს ჟიურის თავმჯდომარემ.


ბედნიერებისგან თავბრუდასხმული დავბრუნდი კულისებში. ჩავუარე იქვე მიწყობილ მიკროფონის შტატივებს და ერთმანეთზე აწყობილ შავ, საოფისე სკამებს და სტაფილოსფერთმიან გოგოს მივუახლოვდი, რომელიც ხელს მიქნევდა.


  • ჩქარა, ჩქარა, წამოდი, სიუჟეტი უნდა გავაკეთოთ - მიბიძგა დერეფნისკენ. - გილოცავ შემდეგ ტურს - დააყოლა ცოტა ხნის შემდეგ.


მოსაცდელ დარბაზში ხალხი უკვე შეთხელებულიყო. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ მეგონა შესვლიდან გამოსვლამდე რამდენიმე საათმა გაიარა. გოგომ უკმაყოფილო თვალი მოავლო დაცარიელებულ დარბაზს, კაბაზე პატარა მიკროფონი ხელახლა დამიმაგრა და ავტომატის ჯერივით დამახალა კითხვები:


  • მოგვიყევი შენს თავზე: ვინ ხარ, საიდან ხარ, რამდენი ხანია რაც მღერი, რატომ გადაწყვიტე აქ მოსვლა.
  • მე მარგო ვარ, 19 წლის, ბავშვობიდან ვმღერი. რა ვიცი, გარშემო ყველა მირჩევდა აქ გამოსვლას და მეც გამოვედი… - ავბლუკუნდი. რაც მოვეშვი, დაღლილობა უცებ ვიგრძენი.


გოგოს უფრო უკმაყოფილო სახე აქვს. რაღაცას ფიქრობს და უცებ მეკითხება:


  • როგორ შოუს შესთავაზებ მაყურებელს? რას იზამ ისეთს, რომ ხალხი გააოცო? ჟიურის შენი ნამღერი რატომ მოეწონა, შენი აზრით?
  • არ ვიცი… ალბათ მართლა კარგად ვიმღერე - უცებ შემეშინდა. რამე ისე რომ ვერ ვთქვა და მაინცდამაინც ის ჩასვან?
  • უფრო ვრცლად! - მოკლედ მომიჭრა.
  • ააა, რა ვიცი… მაყურებელს მინდა, რომ დაუვიწყარი შოუ შევთავაზო. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პროექტი მოვიგო და ჩემს ნამღერზე წლობით ილაპარაკონ. ჟიურის კი ალბათ იმიტომ მოვეწონე, რომ გულწრფელი ვარ - მომადგა ერთმანეთზე სულელური წინადადებები ენაზე.
  • კარგი გოგო ხარ, ასე სჯობია - მიღიმის უცებ და იმ პატარა მიკროფონს მხსნის. - ახლა კი, ადექი და შედი ისევ კულისებში.


მეც მის დავალებას ვასრულებ და რამდენჯერმე შევდივარ და გამოვდივარ კულისებში. უკნიდან კამერა მიღებს. მას მერე რაც ჩემს წვალებას მორჩა, შემდეგ გამომსვლელზე გადავიდა, მრავალშვილიან მუსიკალურ ოჯახზე. ჩემი კოორდინატები დავტოვე და სახლში ფრთაშესხმული წამოვედი.


******************


ორ კვირაში მთელი ჩემი ქალაქი მხოლოდ ჩემზე ლაპარაკობდა. მცნობდნენ ყველგან - ტრანსპორტში, ქუჩებში, კაფეებში, ჩემს სასწავლებელში. მილოცავდნენ და მამხნევებდნენ, წარმატებას მისურვებდნენ. მოკლედ, ქალაქი მთელი გულით მგულშემატკივრობდა.


მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე დედაქალაქში ჩავედი. ამჯერად პირველად შევხვდი პირისპირ პროდიუსერებს. ერთ-ერთმა მათგანმა ყველას მოგვილოცა პირველი ტურის გადალახვა. შემდეგ აღნიშნა, რომ ჩვენს ადგილზე ყოფნას მილიონობით ადამიანი ნატრობს და ჩვენ ბედმა ძალიან გაგვიღიმა. ბოლოს კი ოთახი ყველას დაგვატოვებინა და სათითაოდ გამოგვიძახა ნომრის ასარჩევად.


ამის მერე საგრიმიოროში შევედით. იქვე გარდერობი იყო, სადაც ყველა ზომის, ყველანაირი და ძალიან ლამაზი ტანსაცმელი ეკიდა. ტანსაცმელი რომ შემირჩიეს (ლამაზი, ყვავილებიანი, სადა კაბა და კრემისფერი ჟაკეტი), შემდეგ სტილისტების ჯერი დადგა.


  • საყვარელო, ისე გაგალამაზებთ, კაციშვილი ვერ გიცნობს. კონკიასავით იქნები, პრინცესად რომ გადაიქცა! - მახარა ერთ-ერთმა სტილისტმა ქალმა.
  • რა ვიცი, ნიუსის წამყვანს მაინც ვერაფერს უხერხებ და - წაკბინა მეორემ.
  • იმას რა გაალამაზებს, თუ ქალი ხარ! - გულიანად გადაიხარხარა ერთმა პუტკუნა ბიჭმა.


ქალები მის ხორხოცს მაშინვე აყვნენ. ჩემთვის 5 წუთში მოიცალეს. თავზე ათასნაირი კრემი და ლოსიონი წამისვეს. შემჭრეს, ფენით და დიდი სავარცხლებით დამვარცხნეს. თმა დამიკულულეს და დამიტალღეს. სარკეს ძლივს მოვწყდი, რომ ვიზაჟისტმა დამავლო ხელი.


  • პრინცესობა ამის მერე ნახე! - თვალი ჩამიკრა მან.


დიდი მონდომებით ღეჭავდა კევს, თან სახეზე ტონალურ კრემს მისმევდა. ოც წუთში მზად ვიყავი. სარკეში ჩემს თავს ვერ ვცნობდი. ჩემი გამოსახულება ლამაზი, თავდაჯერებული გოგო იყო, მე კი გულში მეცინებოდა და არ მჯეროდა.


ცოტა ხანში ერთი გოგო შემოვიდა რაციით, სწრაფად გადაგვთვალა და რაციაში ჩასძახა, ოთხნი არიანო. მერე დაგვავლო ოთხივეს ხელი და დერეფნისკენ გაგვიძღვა. დერეფანი დიდ სცენაზე გადიოდა. დარბაზი ჩაებნელებინათ და სცენა ამოენათებინათ. იქ რიგში სხვა მონაწილეებიც იდგნენ. რაღაც ტექსტებს წერდნენ. ჩემმა რიგმა ერთი საათის მერე მოაღწია. იქამდე სხვა მონაწილეები გავიცანი.


ჟურნალისტმა ისევ იგივე კითხვები დამისვა. ოღონდ ამჯერად ისევ ის სტაფილოსფერთმიანი გოგო არ ყოფილა, სხვა იყო. მეც უფრო მეტი ხალისით გავეცი პასუხები. როგორც აგვიხსნეს, ეს ინტერვიუები ამჯერად მომავალი გადაცემის ანონსისთვის იწერებოდა.


შემდეგ ჩავწერეთ ერთი ვიდეო რეკლამისთვის და ერთიც, თუ სწორად მახსოვს, - სპონსორებისთვის, რამდენჯერმე გავიმეორე ჩემი პროექტში მოხვედრის ისტორია და იმედები, რომელსაც ამ პროექტზე ვამყარებდი და ბოლოს, როგორც იქნა, პროდიუსერის ოთახშიც მოვხვდი.


პროდიუსერი 30 წლამდე კარგად მოვლილი, სპორტულ ფორმაში ჩაცმული სასიამოვნო გარეგნობის ქალი აღმოჩნდა. ნათელი კაბინეტი არც ძალიან ოფიციალური იყო, არც ძალიან - უშუალო. საწერ მაგიდებზე უახლესი მოდელის კომპიუტერები დიდი, თხელი მონიტორებით და ერთი უზარმაზარი ტელევიზორი იდგა. მაგიდებზე მიმოფანტული იყო ფურცლები, ბლოკნოტები და სხვადასხვანაირი ფერად-ფერადი საკანცელარიო ნივთები. იქვე, თაროზე კარგა ხნის გაურეცხავი ყავის ჭიქები იდო. რაღაცას ბეჭდავდა და თან ტელეფონზე ლაპარაკობდა. რომ შევედი, ხუთიოდე წუთი ფეხზე ვიდექი და ვერც მოვიფიქრე დავმჯდარიყავი თუ რა უნდა მექნა. არც არავინ შემიმჩნია. ხალხი გადიოდა და შემოდიოდა, პროდიუსერს ესაუბრებოდა სწრაფად, ისიც რაღაც დავალებებს აძლევდა. ბოლოს, როგორც იქნა, შემომხედა და სწრაფად მომაყარა:


  • ჰა ახლა, მანდ რაღას დგახარ, მოდი აქ, ამდენი დრო სად გვაქვს!


დაბნეულობისგან გამეცინა, შევედი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.


  • მოკლედ, უნდა გადავწყვიტოთ, როგორ “ობრაზს” მივაწვებით შენს შემთხვევაში. moon river კარგი სიმღერაა, მაგრამ “ექშენი” არ გვაქვს. ერთ ტურზე გაქაჩე, შემდეგზე რამე დინამიური გვინდა - მითხრა მან.
  • რა ვიცი, იქნებ რამე თანამედროვე გვეცადა, ბიონსე ან რიანა - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
  • არა, მთლად ეგეთი თინეიჯერულიც არ გვინდა. მოდი, რამე 90-იანებიდან ავიღოთ - მიპასუხა თვალმოჭუტულმა და სიგარეტს მოუკიდა.
  • ჯენის ჯოპლინი რომ გვეცადა? - გამოვცოცხლდი მე. ჯოპლინს ბავშვობიდან ვუსმენდი და გულში იმედი მიბჟუტავდა, იქნებ ოდესმე მეც შემესრულებინა მისი სიმღერები.
  • ვაიმე, არა, რა ჯოპლინი, რამე უფრო ჰიტური გვჭირდება. მაგ შენს ჯოპლინს, მაქსიმუმ, ჰა-ჰა, 20 კაცი აყვეს დარბაზში. მაიკლ ჯექსონი ავიღოთ. “ობრაზის” მოფიქრებაც არ გაგვიჭირდება, მოცეკვავეებიც მიჩვეულები არიან, ტანსაცმელსაც უცებ შეგირჩევთ. billie jean იყოს - მომიჭრა და კლავიატურაზე კაკუნი განაგრძო.
  • კი ბატონო, მაიკლ ჯექსონიც მიყვარს - გამეხარდა მე. - როდის დავიწყებ რეპეტიციებს?
  • ხვალ, დილის 11 საათზე აქ იყავი - შემომხედა და გამიღიმა. - ჰო მართლა, გილოცავ მეორე ტურს! - მომაძახა უცებ.


დერეფანში გამოსულს მისი ასისტენტი დამეწია. ყველა მონაწილეს ერთ ოთახში ვკრებთ და იქ წამოდ ოთახი, რაღაც დეტალებზე უნდა დავილაპარაკოთო. მეც გავყევი.ში დაახლოებით 20-იოდე გამომსვლელი დამხვდა. მალე მთავარი პროდიუსერი და არხის გენერალური დირექტორი შემოვიდნენ.


დირექტორმა საკმაოდ გრძელი და გულისამაჩუყებელი სიტყვით მოგვმართა. გვითხრა, რომ ამიერიდან ჩვენზე იმუშავებენ ქვეყნის საუკეთესო ვოკალის, დრამის და ქორეოგრაფიის პედაგოგები, გრიმიორები და სტილისტები, ჟურნალისტები, ოპერატორები და მემონტაჟეები, სცენის ტექნიკური პერსონალი, მარკეტინგის ჯგუფი და ფოტოგრაფები; რომ ჩვენს ხუმრობებს მეორე დღეს ხალხი გაიმეორებს; ერთ კვირაში ყველა ჩვენზე ილაპარაკებს, ყველა ჩვენს ნამღერს განიხილავს და რომ მილიონობით თვალი გვაკვირდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც; რომ ამ ქვეყანაში სჭირდებათ ახალი ამომავალი ვარსკვლავები და რომ ისინი ჩვენ ვართ; რომ ერთ კვირაში ჩვენს ავტოგრაფებზე ინადირებენ და რომ ყველა მთავარ გამზირზე ბილბორდები ჩვენი ფოტოებით იქნება აჭრელებული. შემდეგ ყველას წაგვაკითხეს კონტრაქტები, რომელსაც ვდებდით ტელევიზიასთან და რომლის თანახმადაც ჩვენ უფრო მეტი ვალდებულების შესრულება მოგვიწევდა, ვიდრე - ტელევიზიას (თუმცა სიტყვა-სიტყვით არავის წაგვიკითხავს, რა თქმა უნდა), ხელი მოგვაწერინეს, ასლი ჩვენ მოგვცეს და სახლებში გამოგვიშვეს.


გენერალური დირექტორი მართალი აღმოჩნდა. პირველივე ტურზე გადაივსო დიდი დარბაზი. კონცერტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ხალხის ტევა აღარ იყო. კონცერტი ზუსტად 11 საათზე დაიწყო. წამყვანები, თითქოს, ტანსაცმლიდანაც კი შუქს აფრქვევდნენ. სცენაზე ყველგან პროჟექტორები იყო დამაგრებული. აქაურობა ბევრად უფრო განსაცვიფრებელი ჩანდა, ვიდრე - შესარჩევ კონკურსზე. ჩემებს დავურეკე. ხმა მიკანკალებდა. დედაჩემმა მითხრა, რომ დარბაზში იჯდა, მერე წარმატება მისურვა და გამამხნევა. ლამის მთელი ქალაქი ჩამოსულიყო ჩემს საგულშემატკივროდ.


ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, ხმა, თითქოს, სხვა პლანეტიდან ჩამესმა, ისე ვნერვიულობდი. გავედი თუ არა დარბაზში, თვალი მომჭრა დამაბრმავებელმა სინათლემ. თუმცა დარბაზში მაინც შევამჩნიე დიდი პლაკატი - ჩემი ფოტოთი და წარწერით - “დაუმესიჯეთ მარგოს!” ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, მუცელში რაღაც მყარი და მაგარი მეგდო.


იმ ტურში მეშვიდე ადგილზე გავედი. ცუდი არ იყო, მაგრამ მგონია, რომ ისინი, ვინც გამასწრო, დიდად არ მჯობნიდნენ. იმ საღამოს ყველანი ერთად წავედით after party-ზე, გვიანობამდე ვუხსენით სიყვარული ერთმანეთს და საუკუნო მეგობრობაც შევფიცე რამდენიმეს. ჩვენმა პროდიუსერმა თქვა, რომ ყველასგან მოელის მეგობრულ, პატიოსან შეჯიბრს და იმედოვნებს, რომ ინტრიგებს და უსაფუძვლო ჭორებს ჩვენთან ადგილი არ ექნება.


თუმცა, იმ საღამოსვე ვერ მოვითმინე და ერთ გოგოს ვეწუწუნე, რატომ დამჩაგრეს-მეთქი.


მეორე დღეს, როცა ფხიზელმა ეგ მომენტი გავიხსენე, ცოტა არ იყოს, ცუდი წინათგრძნობით მივედი ტელევიზიაში. რაღა თქმა უნდა, ჩემი ნათქვამი ისე იყო შებრუნებული, გულზე შემომეყარა. ოცივე მონაწილე ამრეზით მიყურებდა. აშკარა იყო, რომ ჩემი ნათქვამი ბგერის სისწრაფით გავრცელებულიყო მთელ გუნდში. მთელი დღე სარეპეტიციო ოთახიდან არ გამოვსულვარ. ჭამითაც კი აპარატიდან ვიყიდე სენდვიჩები და კოკა-კოლა და ტუალეტის კაბინაში  ვჭამე. აბა რა მექნა, ტელევიზიის კაფეში ყველა მაგიდა დაკავებული იყო. მონაწილეების გარდა იქ არავის ვიცნობდი, მონაწილეები კი თავიანთ მაგიდებთან არ მსვამდნენ. მთელი დღის ნერვიულობის შემდეგ, საღამოს სათითაოდ ჩამოვუარე ექვსივეს და ბოდიშები ვუხადე. შევატყვე, ესიამოვნათ, თუმცა არაფერი უთქვამთ.  


საღამოს, ტელევიზიიდან რომ გამოვედი და, ტრადიციულად, გაჩერებაზე დავდექი, უცებ თვალში დიდი ბილბორდი მომხვდა, სადაც მე ვიყავი გამოსახული. ხალხი ჯერ ჩემს ფოტოს აკვირდებოდა, მერე მე და მიღიმოდა. ბავშვები ჩემზე ანიშნებდნენ მშობლებს და მხიარული თვალებით ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. ერთმა ყველაზე გაბედულმა ბიჭმა ავტოგრაფიც მთხოვა. სანამ ჩანთაში პასტა მოვნახე, მეგონა მთელმა საუკუნემ გაიარა. თუმცა ბავშვი მაინც მოთმინებით მელოდა და მეტიც, სიხარულისგან ხტოდა კიდეც. ასეთი უცნაური რამ ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მომხდარა. უბრალოდ, ყველა მცნობდა. ჩვენი პროდიუსერი მართალი იყო.


და უცებ მეორე უცნაური რამ მოხდა ჩემს ტვინში - ჩემი ავტობუსი რომ მოვიდა, ასვლა აღარ მომინდა. “ვარსკვლავები საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დადიან”, გავიფიქრე ჩუმად. ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. რაღა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლმაც მიცნო და მთელი გზა დეტალურად მიყვებოდა მისი თვალით დანახულ პირველი შოუს შინაარსს.


*****************  


სამი თვის განმავლობაში არ წყდებოდა ჩემს სახლში ზარები. ერთ თვეში ჩემი ქალაქიდან დედაქალაქში გადმოვედი საცხოვრებლად. ქუჩებში აბსოლუტურად ყველა მცნობდა. ზოგიერთი მათგანი ჩემს ნამღერ სიმღერებს მიმღეროდა და ავტოგრაფს მთხოვდა. ყველგან ჩვენი ფოტოები იყო გაკრული. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან ჩემი გადიდებული გამოსახულება დამცქეროდა თავზე. ყოველდღე მირეკავდნენ ჟურნალისტები და ან ჟურნალისთვის ინტერვიუს მთხოვდნენ, ან - გადაცემაში მონაწილეობის მიღებას.


გადაცემის ჟურნალისტები ხომ სულ კუდში დაგვდევდნენ და ჩვენს ყველა ნაბიჯს იღებდნენ. თავიდან მეუხერხულებოდა ჩემს თავზე ამდენ ხანს ლაპარაკი, ის გოგო სულ მაიძულებდა, მეთქვა: “ჩემი ნომერია 888120, დამიმესიჯეთ”. ეს “დამიმესიჯეთ” და “მხარი დამიჭირეთ” ვერაფრით ამოვთქვი. თუმცა ნელ-ნელა ამასაც მივეჩვიე. მივეჩვიე იმასაც, რომ კამერა ჩემს ყველა მოძრაობას იღებდა. თავიდან ჟურნალისტი მთხოვდა, გამემეორებინა ის მოძრაობები თუ სიტყვები, რასაც თვითონ თვლიდა საჭიროდ, რომ მეთქვა. მერე და მერე მე თვითონ ავუღე ალღო და დიდი ხალისითაც ვასრულებდი მის დავალებებს. თუმცა მისი და ოპერატორის სახელებს ვერაფრით ვიმახსოვრებდი და ამის დასამალად, მხოლოდ მაშინ დაველაპარაკებოდი ხოლმე, როცა მიყურებდა. კი მრცხვენოდა ამის გულის სიღრმეში, მაგრამ ვეღარ ვასწრებდი რაღაცების დამახსოვრებას, ყოველდღიურად იმდენ უცნობ ადამიანს ვხედავდი გარშემო.


ყოველი ლაივ-შოუს მერე ეგრეთ წოდებული after-party იმართებოდა და ჩვენც, ყველანი იქ მივდიოდით. გათენებამდე ვერთობოდით, ვსვამდით და ვცეკვავდით, მეორე დღეს კი, რეპეტიციებზე პედაგოგებთან ერთად ვკვდებოდით ნაბახუსევზე. პირველი არაყიც აქ გავსინჯე. ჩვენი გადაცემის რეჟისორმა პირდაპირ ჩემსკენ გამოიხედა და თქვა:


  • დღეს ამ მონაზონს ანგელოზებს დავუფრთხობთ.


მე იხტიბარი არ გავიტეხე და, მიუხედავად იმისა, რომ არყის სუნიც კი მეზიზღება, მოწოდებული ჭიქა ბოლომდე გამოვცალე. მერე რაღაც გაზიანი სასმლით სავსე ჭიქა მომაწოდეს და ისიც დავლიე. ზუსტად ნახევარ საათში კი ჩემზე მთვრალი მთელ ბარში არავინ იყო. დავბანცალებდი, ვცეკვავდი, ყველას სიყვარულს ვუხსნიდი და მეგობრობას ვეფიცებოდი, ბოლოს გული ამიჩუყდა და ვიტირე კიდეც.


მეორე დღეს, გაცეცხლებულმა დედაჩემმა წიოკით დამირეკა და ლოგინიდან წამომაგდო.


  • შენი ფოტოებით გადაჭედილია ინტერნეტი! ასეთი რა ჩაიდინე, გამაგებინე? - მიყვიროდა დედა.


ტვინი დავძაბე. მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. მახსოვდა მხოლოდ პირველი ჭიქა არაყი, რომელიც რეჟისორმა ძალით დამალევინა. კარგა ხანს ვფიქრობდი, რანაირი იყო თვითონ დათრობის პროცესი. პაზლის მხოლოდ მცირე ფრაგმენტებს ვაწყობდი ჩემს მეხსიერებაში. დედაჩემს კი აქეთ ვუყვირე.


  • დე, მაგათ ჩემი შურთ, რომ ასეთ მოკლე დროში ამხელა წარმატებას მივაღწიე, ცნობილი ვარ, აბა როგორ გინდა - ვანუგეშე ბოლოს. როგორც იქნა, ისიც დამშვიდდა.


ტელეფონი გავთიშე და რადგან აღარ მეძინებოდა, ავდექი, ხალათი შემოვიცვი და ყავისთვის წყალი დავდგი ასადუღებლად. თან ტელეფონში ფეისბუქს ვსქროლავდი. მალე მივაგენი ჩემს ფოტოებს. დიდი არაფერი, არც გამიხდია, არც სტრიპტიზი მიცეკვია, არც ვინმესთან ვიყავი ჩახუტებული. გადასარევია პირდაპირ, ჩვეულებრივი ფოტო ყოფილა - უბრალოდ, ხელში კოქტეილის ჭიქა მიჭირავს და მე და რამდენიმე მონაწილე ერთად ვდგავართ ხელიხელგადახვეულები და ვყვირივართ რაღაცას აჟიტირებულები.


გადასარევი პირდაპირ, რა იციან ხოლმე ამ ჟურნალისტებმა, ამოგადენენ ყელში ყველაფერს, გეგონება თვითონ არ ერთობოდნენ ზუსტად ასე და უარესადაც. სათაური, გიყვარდეს, ისე ყვიროდა, ლამის ყურები დამიხეთქა: “როგორ ერთობიან თამამი ვარსკვლავები კლუბში”. არაფერი ისეთი არ ყოფილა, ამოვისუნთქე. ამასობაში ვისაუზმე და ჩავიცვი.


ერთ საათში ტელევიზიის მანქანამ მომაკითხა რეპეტიციაზე წასაყვანად.


  • რა ქენით წუხელ ეგეთი, როგორ დამთვრალხართ, მიეცით სალაპარაკო ამ სვავებს, ხო? - აჯუჯღუნდა მძღოლი.
  • არაფერი ისეთი არ ყოფილა, ცოტა დავლიეთ, ხომ იცი, ჟურნალისტებმა როგორ იციან ხოლმე - წამოვისროლე დაუფიქრებლად და უცებ დამარტყა, რომ სიტყვა “ვარსკვლავი” ზუსტად ჩემი ფოტოს ქვეშ იყო მიწერილი. მძღოლს გავაჩერებინე და კაფეში ყავის საყიდლად გადავედი. ოფიციანტმა გოგომ გამიღიმა და მითხრა, რომ მთელი გულით მგულშემატკივრობს. ჩემთვის გამოგზავნილი ეს-ემ-ეს-იც კი მიჩვენა ტელეფონში.


უცებ კაფის სიღრმეში ჩემი სამი საუკეთესო მეგობარი შევამჩნიე. დედაჩემისგან ვიცოდი, რომ ისინიც დედაქალაქში გადმობარგებულან და ნორმალური სამსახურებიც უშოვიათ. ჩუმად შევათვალიერე ისინი. ერთ-ერთი, ჩემი კლასელი და ყველაზე ძველი მეგობარი თავის უფროსზე და ბინის ქირის გაზრდაზე წუწუნებდა. ავნერვიულდი, ყავას ხელი დავავლე და სწრაფად გამოვიქეცი უკან.


საქმე ის იყო, რომ ჩემს ძველ მეგობრებს უკვე კაი ხანია, აღარ ვხვდებოდი. ძირითადად, დროის უქონლობას ვიმიზეზებდი. თუმცა ჩემს ახალ მეგობრებთან - ჩვენს პროდიუსერებთან, ჟურნალისტებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად ყოველ საღამოს სხვადასხვა ადგილას ვერთობოდით. კომპანიები თავიანთ პროდუქტს გვჩუქნიდნენ, ცნობილი ბარები საღამოებზე გვეპატიჟებოდნენ, ახალი რესტორნები კი - გახსნაზე. დანარჩენ მონაწილეებთან, ტელევიზიის თანამშრომლებთან და, ზოგადად, ტელევიზიის გიჟურ რიტმთან შედარებით ჩემი ძველი მეგობრები ზედმეტად ჩვეულებრივები მეჩვენნენ.


********************


თუმცა ძველ ცხოვრებაზე ფიქრს დროს ნაკლებად ვუთმობდი. მთლიანად პროექტზე ვიყავი გადართული და თავდაუზოგავად ვშრომობდი. ვამუშავებდი ხმას, შოუს ელემენტებს პროდიუსერებთან ერთად განვიხილავდი, კოსტიუმებზე ჩემს აზრს გამოვთქვამდი. მაგრამ იყო ამ ყველაფერთან ერთად ერთი უცნაურობაც: თუკი შოუს დასაწყისში ყველა მონაწილესთან ვმეგობრობდი, ნელ-ნელა რაღაცნაირად გავვუცხოვდით ერთმანეთისგან. მეგონა, შოუს ბოლოსკენ, როცა ცოტანი დავრჩებოდით, უფრო მეგობრულად ვიქნებოდით, მაგრამ პირიქით მოხდა. ყოველ კვირას ერთი ჩვენგანი ვარდებოდა. ისეთი გრძნობა მქონდა ლაივის ბოლოს, თითქოს, მტაცებელ ცხოველს ერთ-ერთი მონაწილე უნდა შეეჭამა, რომ დანარჩენები ცოცხლები დარჩენილიყვნენ. და ყოველ კვირას ბედნიერი ვიყავი, რომ ის ერთ-ერთი მე არ აღმოვჩნდი.


ტურიდან ტურში, ძირითადად, სმს-ებით გადავდიოდი. სმს-ები კი ყველაზე მეტი მე შემომდიოდა. არ ვიცი, ჩემი ქალაქი აქტიურობდა ასე, რომლის ერთადერთი წარმომადგენელი მე ვიყავი შოუში, თუ მართლა მოწონდა ხალხს ჩემი შოუ. ფაქტია, რომ ერთიც და მეორეც. იმიტომ რომ ჩემს ქალაქში, მაინცდამაინც ბევრი ფულიანი არ ცხოვრობდა, რომ ყოველ კვირას ჩემთვის ფული დაეხარჯა. ჟიურის არც ერთხელ არ გადავუყვანივარ. ვხვდებოდი, რომ ამით უნებლიეთ მტრებს უფრო მეტს ვიჩენდი, ვიდრე - მეგობრებს. მაგრამ ეს აღარ მანაღვლებდა ისე, როგორც პროექტის დაწყებისას.


ჩემი კონკურენტები ჟურნალისტებთან, რა თქმა უნდა, არ მახსენებდნენ, მაგრამ გაკვრით ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ხალხი “პაპსა” მომღერლებს აძლევდა ხმას. ამაზე თავიდან ნერვები მეშლებოდა, მერე კი მივხვდი, რომ უბრალოდ, ჩემი შურდათ. “ვიყო პაპსა, სამაგიეროდ მე გავიმარჯვებ”, ვფიქრობდი გულში.  


*************


ბოლო ტურში სამნიღა დავრჩით. ის დღე ყველაზე კარგად მახსოვს. შემიძლია თითოეული წამის გახსენება და გადახვევაც კი. დილით გულისრევის შეგრძნებამ გამაღვიძა. უჟმური ამინდი იყო. ქვედა მეზობელს ჩემგან წყალი ჩასვლია. დავპირდი, პროექტის დასრულების შემდეგ ახლიდან გაგირემონტებთ სამზარეულოს-მეთქი. მძღოლი დროზე ადრე მოვიდა და ნახევარი საათი ეზოში ვალოდინე. მე კი ამასობაში ოთახიდან ოთახში დავქროდი და ერთი ფერის წინდებს ვეძებდი. წინა კვირას თმა შევიჭერი და შევიღებე. ახლა ცოტათი პანკს ვგავდი, ცოტათი - სატანისტს. გვერდით მთლიანად ავიპარსე, მეორე მხარეს კი ხასხასა ყვითლად შევიღებე. ასევე ტატუ გავიკეთე ზურგზე, ოღონდ ისეთ ადგილას, დედაჩემს ეგრევე რომ არ მოხვედროდა თვალში. ჩემი გარეგნობით ფრიად კმაყოფილი მივედი ტელევიზიაში. დაცვის თანამშრომლებიდან დაწყებული ბუფეტის გამყიდველებით დამთავრებული ყველამ წარმატება მისურვა და გამამხნევა. ლაივამდე 5 საათით ადრე სტილისტთან ვიჯექი. ბიჭი ბუზღუნებდა და მსაყვედურობდა საქმე რომ გავურთულე.


  • მოგეცადა ერთი კვირა და თუ გინდა მთლიანად გადაგეპარსა, ახლა რაღა ვქნა, მითხარი, სად გაგიგია, როკერი სელინ დიონი, ნუ გამაგიჟე რაა! - მიყვიროდა ის.


მე პასუხად მხოლოდ ვიცინოდი და ვეჯღანებოდი. თმა ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზამ. თანაც სელინ დიონი კი არა, მარგო ვარ, ხოდა როგორი გარეგნობაც მინდა, ისეთი მექნება, ფეხზე მკიდია. როგორც იქნა, პროდიუსერთან ერთად შეთანხმდა, რომ ჩემი თმით გავიდოდი სცენაზე და არა - პარიკით, რომლის დახურვაზეც სასტიკი უარი განვაცხადე.


  • საცემი კი ხარ ამის გამო, მაგრამ დღეს ლაივია, ხვალ მოგხედავ - ჩამისისინა ყურში პროდიუსერმა და საგრიმიოროდან გავარდა.
  • დეგენერატი ხარ - ჩაიბურტყუნა სტილისტმა და ჩემი თმა განწირულმა შეათვალიერა. მე ისევ ენა გამოვუყავი.


პროდიუსერის ასისტენტი, რომელიც რაციით იყო შეიარაღებული, თვალს მიკრავდა. მერე ყავა მომიტანა და საიდანღაციდან ორცხობილებიც გააჩინა.


  • მე ძალიანაც მომწონს შენი თმა - გამომიცხადა ბოლოს.


გამეცინა. თვითონ ორივე მხარეს ჰქონდა თმა აპარსული, კინკრიხოზე დაეტოვებინა ცოტა და ჩინელ იმპერატორს თუ კორეელ დიქტატორს ჰგავდა რაღაცით. აშკარად ბიჭის ჯინსები ჩაეცვა და როგორც ჩანდა, ამის გამო თავი ძალიანაც მოსწონდა.


ლაივამდე ერთი საათით ადრე ისევ იმ გადაცემის ემბლემიან-მაისურებიანმა ბიჭებმა მაკდონალდსის ჩიზბურგერებით და კარტოფილის ფრით დაზვინული ყუთები შუა საგრიმიოროში დაალაგეს, მერე ორლიტრიანი კოკა-კოლები შემოიტანეს და ჩუმად გავიდნენ. ჩვენ, მონაწილეები, პროდიუსერის ასისტენტი და გრიმიორები, ეგრევე ვეცით საჭმელს და პირი გამოვიტენეთ.


  • როგორი გამაძღარიც არ უნდა ვიყო, ჩიზბურგერი ყოველთვის მშია - ამოილუღლუღა ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც მოცეკვავე იყო და წარმოუდგენლად რთული ილეთები უნდა შეესრულებინა ერთ საათში სცენაზე.
  • სავსე კუჭით რა უნდა მოახერხო სცენაზე, ერთი ძაან მაინტერესებს - დავცინე.
  • გაგიჟდი, სავსე კუჭით იქ კი არ გავალ. ტუალეტში შევალ ახლა და ყველაფერს უკან ამოვაღებინებ - მითხრა სრულიად სერიოზული სახით.
  • კი მაგრამ, რიღასთვის ჭამ აბა? - დასცინა სტილისტმა ბიჭმა, თან ორივე ყბით ჩიზბურგერს ღეჭავდა მთელი მონდომებით.
  • თან ვჭამ, თან არ ვსუქდები - თეატრალურად გვიპასუხა, მერე რამდენიმე ფრი კარგად ამოავლო კეტჩუპში და ჩიზბურგერის ბოლო ლუკმასთან ერთად პირში გადაუძახა.


ცოტა ხანში მოცეკვავე დემონსტრაციულად ადგა და ოთახიდან გავიდა.


  • ეს უეჭველი სარწყევად მიდის - გასკდა სიცილით სტილისტი ბიჭი.
  • აუ, მოდი რა, გავეკიდოთ უკან - თავში გენიალური იდეა ამენთო, ავდექი და მობილური მოვიმარჯვე.
  • შენც კაი გველი ხარ ისე - ჩაიცინა პუტკუნა სტილისტმა.


საგრიმიოროს გვერდით ტუალეტში გავედით და გულისრევის ხმები გავიგეთ. მეორე ტუალეტში შევედი, ავძვერი უნიტაზზე, ხელი მეორე კაბინაში გადავყავი და იმ უბედურს რამდენიმე ფოტო ერთად გადავუღე.


  • შენ ნორმალური ხარ? - ამოიხავლა იქიდან. მაგრამ გულისრევა აღარ უწყდებოდა და ნარწყევი ნიკაპზე ჩამოეღვარა. მე გიჟივით ვიცინოდი და ფოტოებს ისევ ვუღებდი.


მერე, სანამ ის გამოვიდოდა, დამეწეოდა და წამაშლევინებდა, ავდექი და ფოტოები ეგრევე ფეისბუქზე დავდე. ჩემივე თავით საშინლად კმაყოფილი ვიყავი. ფოტოების “დაშეარებამ” არ დააყოვნა - ჩემმა ორიათას რაღაცა მეგობარმა ეგრევე აიტაცა სკანდალური “ნიუსი”.


კონცერტი რომ დაიწყო, მოცეკვავე მაშინღა გამოჩნდა. სახეზე ფერი აღარ ედო, გიჟივით მიყურებდა.


  • ჩათვალე, მკვდარი ხარ. აი მაგას აუცილებლად გაზღვევინებ, შე დამპალო - გამოსცრა კბილებში.


მე გულის წასვლის სცენა გავითამაშე და ისევ გავიცინე. შურისძიებისთვის დრო აღარ რჩებოდა, ამ ლაივის მერე კი ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყოფოდა. ან ასე იქნებოდა, ან - ისე. ასე რომ, მის მუქარაზე დიდად არ მიდარდია.


ჩემი სახელის გამოცხადების შემდეგ, სცენაზე თამამად გავაბიჯე. აღარ მეშინოდა. აღარც ამწეკრანზე დამაგრებულ კამერას ვუფრთხოდი მაშინდელივით. ის კი არა, მისი მოძრაობები, თითქმის, ზეპირად ვიცოდი. კულმინაციაზე ზევით აიწეოდა უცებ, დარბაზს გადაუვლიდა და მერე ისევ ჩემკენ გამოემართებოდა. სტედიკამიანი ბიჭი კი, თავიდან რომ ჩემს მოსაკლავად გამოგზავნილი აგენტი მეგონა, წრეს დამარტყამდა კამერით და ისევ კულისებში შევარდებოდა. ჟიურის წინ ორმოში მსხდარ ოპერატორებიდანაც ყველას კარგად ვიცნობდი. ერთ-ერთი ჩუმ-ჩუმად სიგარეტსაც მაწევინებდა ხოლმე შესვენებებზე. რა თქმა უნდა, ეს ამბავი მაშინ არავინ იცოდა. ჩემს ნამღერზე დარბაზი დაინგრა. 5 წუთი დასჭირდა ჟიურის, სანამ ხალხს ტაშს შეაწყვეტინებდა. მე კი ვიდექი ბედნიერი და ტაში ხელს სულაც არ მიშლიდა. ყველა ჰოლივუდური ფილმი გამახსენდა, სადაც კი მსგავსი კადრი მქონდა ნანახი - ტიპი დგას სცენაზე, ან შემაღლებულ ადგილას, მნიშვნელობა არ აქვს, სინათლის წყაროები მარტო მას ანათებენ და ბედნიერი სახით მძიმედ სუნთქავს. შანსი არაა, თქვენც გექნებათ ეგეთ კადრში თქვენი თავი ერთხელ მაინც წარმოდგენილი.


ჩემ შემდეგ მოცეკვავე გავიდა. ცოტა გაფითრებული იყო, მაგრამ, საერთო ჯამში, კარგად გამოიყურებოდა. კარგად იცეკვა, მაგრამ ხალხი გიჟივით უსტვენდა და დასცინოდა. ჩანდა, ის ფოტოები უკვე ყველას ნანახი ჰქონდა. ცეკვა რომ დაასრულა, ალეწილი სახით ედგა წამყვანებს გვერდით და თავს დავდებ, ჟიურის ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გაუგია.


შემდეგი კიდევ ერთი მომღერალი იყო. კარგად მახსოვს, პირველ ლაივზე 10%-ით მომიგო და მეექვსე ადგილზე ის გავიდა. დასანახად ვერ მიტანდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტთან შემთხვევით წამომცდა, მასზე უკეთესად მაინც ვიმღერე-მეთქი და იმ დღის მერე პრინციპულად არ მცემდა ხმას. საკმაოდ კარგად იმღერა და ჟიურიმ ქება-დიდებით ცაში აიყვანა. უთხრეს, რომ პირველი მომღერალია, ვის ხმაზეც ასე დაკარგეს ჭკუა და ეგონათ, რომ არა - კონკურსზე, არამედ - კონცერტზე ისხდნენ და უბრალო მსმენელები იყვნენ.


და ბოლოს სმს-ების მიღებაც შეწყდა. ეს ხმა თავში დღემდე ექოდ დამიდის. როგორ აცხადებს ორი წამყვანი ერთხმად: “სმს-ების მიღებაც შეწყდა! სმს-ების მიღება შეწყდა! სმს-ების მიღება შეწყდა!”... ეს არის ყველაზე არაამქვეყნიური, მტანჯველი და სასტიკი ფრაზა დედამიწის ზურგზე. ამაზე უარესი ალბათ მხოლოდ ის მომენტია, როცა დაახლოებით ერთი წუთი, ასეთი პროექტების მონაწილეებისთვის ორი ყველაზე საძულველი ადამიანი, არაფრისმომცემ სიტყვებს ერთმანეთს უცვლის. მერე გამოდიან სპონსორები და თავიანთ რჩეულებს ასახელებენ. ესეც არაფრისმომცემი, უმაქნისი, უსარგებლო, ცარიელი სიტყვებია. ვის რაში სჭირდება რამდენიღაცკუპიურიანი ვაუჩერი სადღაც, როცა გამარჯვებულის ბედი ახლა წყდება.


დროზე შედეგები! - ვკივი გონებაში.


  • რომ გამოვალ, ესენი უნდა გავიგდო წიხლქვეშ, პირველ რიგში - მეუბნება ცალყბად მოცეკვავე. მერე უცებ ხვდება, რომ მე მითხრა და ისევ გადმომიგდო - ცხადია, შენ მერე!
  • ტრაკში არავის გაერჭო - ვეუბნები ღიმილით.


ამ დროს ალბათ მაყურებელს ჰგონია, რომ ერთმანეთს ვამხნევებთ. პრინციპში, შეიძლება ასეცაა, ყალბ გამამხნევებელ წარმატების სურვებას ისევ გულწრფელი გინება სჯობს.


  • იდინახუიგოგო - მპასუხობს ტუჩების გაუნძრევლად.


  • ამ დროისათვის შემოსულია 1 950 789 სმს! ეს რეკორდია! - ღრიალებს ერთ-ერთი წამყვანი.
  • და ამ სმს-ების 60%, ასევე რეკორდული რაოდენობა მიუვიდაააააა…… ვიის?? - ყვება მეორე.
  • მოდი, შენ თქვი! - სთავაზობს მეორე პირველს.
  • არა, მოდი, შენ! - არ ნებდება პირველი.
  • მოდი, ერთად - ეუბნება მეორე.


მარგოოოოოოოოოოოოს!!


პირველი, რასაც მოცეკვავე აკეთებს ისაა, რომ მე მეხუტება.


ფეხზე ამდგარი ჟიური დარბაზთან ერთად თვალცრემლიანი მიკრავს ტაშს. ყველა პროჟექტორი მე დამნათის თავზე. ყველა კამერის ობიექტივში ჩემი გამოსახულება ირეკლება. მაყურებლის ტაშს შენელებულ კადრად ვხედავ და ბუნდოვნად მესმის რას აცხადებენ წამყვანები. რა მოვიგე? მერე ვკითხავ დედაჩემს. ახლა ის ვიცი, რომ გამარჯვებული მე ვარ. გარანტირებული პოპულარობა და უზრუნველი ცხოვრება მელის. კულისებში პროდიუსერს, მის ასისტენტებს, ჟურნალისტს და გრიმიორებს ვხედავ. ისინიც იცინიან და ტაშს მიკრავენ.
იმავე საღამოს რამდენიმე გადაღებაზე ვიყავი. ჩავწერეთ ქუდის, მომავალი გადაცემის ანონსის და საახალწლო გადაცემის ანონსის ვიდეოები. არხის გენერალურმა დირექტორმა პირადად მომილოცა და ჩუმად გამიმხილა, რომ თავიდანვე მე მგულშემატკივრობდა და მე ვიყავი მისი ფავორიტი. მერე კი, გვიანობამდე ისევ ვსვამდით after party-ზე და სახლში კვლავ გამთენიისას, ამჯერად, საბოლოოდ, ტელევიზიის მანქანით მივედი.


**********
პროექტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე თვე, თითქოს, ინერციით მივქროდი წინ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედი, საიდანაც ვერავინ გამომაგდებდა. ვარსკვლავების დახურულ წვეულებებზე მონაწილეებიდან მხოლოდ მე მეპატიჟებოდნენ, გადაცემებში ჩემს პირად ცხოვრებაზე მეკითხებოდნენ, ახალ სიმღერებს ვწერდი, რადიო-გადაცემებში ჩემს შემოქმედებაზე მელაპარაკებოდნენ, პრესა კი მეკითხებოდა როგორ ვუვლიდი თავს და როგორ ვინარჩუნებდი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად სილამაზეს. ავტოგრაფებს უკვე, სადაც არ უნდა შევსულიყავი, ყველგან ვარიგებდი. ჩემი პროდიუსერი ყოველკვირას მირეკავდა და მკითხულობდა, როგორ ვიყავი, რას ვაკეთებდი და რა იყო ჩემკენ ახალი. პროექტში მოგებულ ახალი ბინის გასაღების ჩაბარებას დღე-დღეზე ველოდი. მანამდე კი ჩემი ახალი სახლისთვის ავეჯს ვარჩევდი.


და მერე გადაცემის ახალი სეზონი დაიწყო. მე, როგორც წინა პროექტის გამარჯვებული, გახსნაზე მიმიწვიეს. ვიმღერე. სცენაზე უკვე თავდაჯერებული ვიდექი, ახალ მონაწილეებს ვუყურებდი და გულში მეცინებოდა. თან არ მჯეროდა, რომ მეც ასე დაბნეული ვიდექი იქ ოდესღაც და უხერხულად ვაცეცებდი აქეთ-იქით თვალებს. ლამაზი, მბრწყინავი ქვებით გაწყობილი კაბა მეცვა. სიმღერა რომ დავამთავრე, დარბაზიდან ჩვეული აპლოდისმენტების გაგონებაზე ჩავიღიმე. “ვუჩვენე კლასი”, გავიფიქრე მე და ჩემი თავი შევაქე. თან მექანიკურად, ფეხზე ხელი მივირტყი. (ეს ჟესტი პირველად მერაია ქერის დავუმუღამე, ყველა ლაივზე, სიმღერის დასრულების მერე, ეგრე იქცევა ხოლმე). მერე კი, ჟიურის გვერდით, ჩემი ადგილი დავიკავე და სხვა მონაწილეების მოსასმენად კომფორტულად მოვეწყვე.


ჩემდა გასაკვირად, პირველი ის ბიჭი გამოვიდა, ვინც მაშინ, წინა სეზონზე, ჩემ წინ გავიდა და დაიწუნეს. ახლაც ისევე მღეროდა, როგორც - მაშინ. თუმცა ჟიური ამჯერად ქებად დაიღვარა. კაშნეიანმა რეჟისორმა უთხრა, რომ მასავით აქამდე არავის უმღერია და რომ პირადად მას, თავი კონცერტზე ეგონა და არა - ჟიურიში კონკურსზე. ჟიურის მეორე წევრმა, მტაცებელი ფრინველის მაკიაჟიანმა ჟურნალისტმა ქალმა უთხრა, რომ მხოლოდ მისი მოსმენისთვის ღირდა ამ პროექტის საერთოდ დაწყება. რაღა თქმა უნდა, ორ ხმაში, როგორც მაშინ დაპირდა ჟიურის, არ უმღერია.


სარეკლამო ჭრაზე, ჩემთან მოვიდა, თვალი ჩამიკრა და ჩუმად, ისე რომ მხოლოდ მე გამეგონა, მითხრა:


  • როგორც ხედავ, მეც შემიძლია ხალხის გაოცება.


მე პასუხად მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.


და უკვე მეორე დღიდან რაღაც ისე ვერ იყო, როგორც - მანამდე. ახალი სეზონის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე შევამჩნიე, რომ ქალაქში ჩემი ფოტოები აღარ ეკიდა. ერთ თვეში მხოლოდ სამჯერ დამირეკეს ჟურნალისტებმა და ერთგან გადაცემის მესამე ბლოკშიღა დამითმეს 2 წუთი. მე და ახალი სეზონის ფინალისტები ერთად ვისხედით დივანზე და წამყვანი მხოლოდ ჩემი პირადი ცხოვრებით დაინტერესდა. არადა, რა პირადი ცხოვრება უნდა მქონოდა 20 წლის გოგოს?! ხომ არ გავთხოვდებოდი ეგრევე?! მხოლოდ ახალ წელსღა გამოვედი სცენაზე და ისიც, არხის მთავარ კონცერტზე. ორი თვის მერე კი ერთ-ერთი გარეუბნის რესტორნიდან დამირეკეს და იქ სიმღერა, არც თუ ისე, მაღალ ჰონორარად შემომთავაზეს. მე სიცილით მოვკვდი და ტელეფონი გავუთიშე.


ახალი სეზონის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ერთ-ერთ მაღაზიაში ტანსაცმლის არჩევის დროს, ვერც ერთმა კონსულტანტმა ვერ მიცნო. სამაგიეროდ, ყველა ახალი სეზონის ლაივს უყურებდა. მეც დემონსტრაციულად მივედი სალაროსკენ და გაღიმებულმა ვუთხარი, რომ შარშანდელ კონკურსანტებს ვერც ერთი ვერ შეედრებოდა. პასუხად მოლარემ გულგრილად გამომხედა და მითხრა, რომ წინა სეზონისთვის არ უყურებია და ამ გადაცემის ყურება მხოლოდ ამ სეზონიდან დაიწყო.


გაწბილებული გამოვედი მაღაზიიდან და თავი პირველივე ტაქსში შევყავი. ტაქსის მძღოლი მელაპარაკა ყველაფერზე - დაწყებული თავისი ორი დიპლომიდან, დამთავრებული ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური რეალობით - მაგრამ არც ერთი სიტყვა არ მეხებოდა მე.


მეორე დღესვე დავურეკე პროდიუსერს და ვთხოვე, რამე ეღონა. კარგად მახსოვს, ვუთხარი, ჩემისთანა ვარსკვლავს როგორ კარგავთ, რამდენი რამ მოგეცით-მეთქი. მან კი, საპასუხოდ, გამიცინა.


  • საყვარელო, რამდენიმე თვეში ახალ გადაცემას გავაკეთებთ და იქ წამყვანად მოგიწვევთ, ახლა ბევრი საქმე მაქვს, მონაწილეების ნომრებს ვარჩევთ, ხომ გესმის, რა ძნელია ეგ ამბავი - მომაყარა უცებ და გამითიშა.


გაბრაზებულმა გრძელი წერილი მივწერე ფეისბუქზე და უარი ვტკიცე გადაცემის წაყვანაზე. მე ვიღაც უბადრუკი წამყვანი კი არ ვარ, ვარსკვლავი ვარ, რომელიც აქეთ დადის გადაცემებში. მაგათ მე ვინ ვგონივარ!
მაგრამ აშკარა იყო, რომ ამ პროცესს ხელს ვერაფრით ვუშლიდი. ჩემი წერილის მერე პროდიუსერი აღარ მეხმიანებოდა და მეც მრცხვენოდა მასთან დარეკვის. ბინა ისევ არ მბარდებოდა. მიზეზად ბოლო შტრიხების დაუმთავრებლობას ასახელებდნენ. მაგრამ ეს “ბოლო შტრიხები” ვეღარასდროს დამთავრდა. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ახალი სეზონის ფინალისკენ არც ერთი გამვლელი აღარ მთხოვდა ავტოგრაფს. ვერც ბავშვები მცნობდნენ ქუჩაში. და მაშინ, უკვე ერთი წლის შემდეგ, პირველად, შიშით და სირცხვილით, ვიმგზავრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. უკვე გული იმაზე მისკდებოდა, ვაითუ ვინმემ მიცნოს-მეთქი. მაგრამ - ვერა. დაბალმა და მსუქანმა კონტროლიორმა ქალმა დაღლილი და ცოტა აგრესიული ხმით შემახსენა, რომ ბილეთი უნდა ამეღო.


ავდექი და ჩემს ქალაქში დავბრუნდი. აქ ყველაფერი ძველებურად იყო. მათთვის კვლავაც გმირი ვიყავი, რომელმაც “ტალანტის” კონკურსი მოიგო. თუმცა, ჩემი ზედა მეზობელი, თავწაკრული, გახუნებულთმიანი, 50 წლამდე ქალი, ყოველ დილით რომ ამოდიოდა დედაჩემთან ყავის დასალევად და სიგარეტის მოსაწევად, ვითომ სასხვათაშორისოდ ამბობდა, რომ ამ სეზონზე უკეთეს შოუს დგამდნენ ვიდრე - შარშან; დეიდაჩემი კი დაჟინებით მირჩევდა ვოკალზე მასთან მევლო და მემეცადინა. სიმართლე რომ ვთქვა, გულში ვფიქრობდი, შენ რა უნდა მამეცადინო, აქეთ გასწავლი რაღაცებს-მეთქი და უარის სათქმელად ხან რას ვიმიზეზებდი, ხან - რას. მამაჩემი არაფრად აგდებდა ჩემს დეპრესიას და მირჩევდა, სერიოზული რამეებით დავკავებულიყავი და, მაგალითად, სწავლისთვის მიმეხედა.


ასე იყო თუ ისე, ძველ მეგობრებთან თავიდან მაინც აღვადგინე ურთიერთობა (ამჯერად მართლა მეცალა), მაგრამ მალევე აღმოვაჩინეთ, რომ არც მე მაინტერესებდა მათი ცხოვრება და არც იმათ - ჩემი. რამდენიმე რუტინული ფრაზის გაცვლის შემდეგ საუბრის თემები ამოგვეწურა.


ჩემი ერთ-ერთი დაქალი ახალი გათხოვილი იყო და ბავშვს ელოდებოდა. მხოლოდ ორსულობასთან და ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებული ამბები აინტერესებდა და არა - შოუ-ბიზნესი. ჩემი მეორე დაქალი ევროპაში სასწავლებლად წასასვლელად ემზადებოდა და განურჩევლად ყველას ემარიაჟებოდა. მესამე დაქალი კი მონასტერში დადიოდა და ყველას გვირჩევდა, მისთვის მიგვებაძა. აბა, რა საერთო უნდა მქონოდა მათთან? რომელი ერთი ამბავი უნდა მომეყოლა? ამიტომაც ვიჯექი მათთან ერთად სიგარეტით გაბუღულ კაფეებში და რძიან ყავას რძიან ყავაზე ვცლიდი.


ყველაზე გულისმომკვლელი ის იყო, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველა მეკითხებოდა, სადმე კონცერტს ხომ არ ვგეგმავდი, ან მქონდა თუ არა უკვე ჩემი სოლო-ალბომი. პასუხები არ მქონდა. ხან ვიგონებდი, ხან - თავიდან ვიშორებდი ხალხს, უფრო ხშირად კი სახლში ვიკეტებოდი და კვირაობით არ გამოვდიოდი გარეთ. 24 საათი ტელევიზორს შევჩერებოდი იმის იმედით, რომ ვინმე სადმე მახსენებდა მაინც. ბოლოს ჩემივე ქუჩაზე გახსნილ კოლეჯში საბუღალტრო კურსებზე ჩავეწერე.

*****


მეორე სეზონის ფინალის შემდეგ ერთ თვეში წინა სეზონის ყველა მონაწილე დაგვიბარეს ტელევიზიაში. გული ამიფანცქალდა, როგორც იქნა მათ ისევ გავახსენდი! მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა პროდიუსერმა კი არა, ოფის-მენეჯერმა დამირეკა, მაინც გამიხარდა. გულამოვარდნილი შევვარდი იმ ოთახში, სადაც მაშინ ვიკრიბებოდით ხოლმე. 20-ივე მონაწილე იქ დამხვდა. ყველა დაბნეული აკვირდებოდა რაღაც ფურცლებს. ჩვენმა პროდიუსერმა გამიღიმა, გულიანად გადამკოცნა, მომიკითხა და მეც ის ფურცელი მომაჩეჩა.


გაირკვა, რომ რაღაც ფსიქოლოგიურ ტესტებს გვავსებინებდნენ. ზოგიერთი კითხვა ძალიან სასაცილოდ ჟღერდა. მაგალითად, “ვის გადაარჩენდი უბედური შემთხვევის დროს - შეყვარებულს თუ დედას?” და მსგავსი სისულელეები. ტესტი რომ ჩავაბარე, ვიკითხე, რისთვის გვავსებინებთ-მეთქი. პროდიუსერმა თვალი ჩამიკრა და მითხრა:


  • საყვარელო, კარგ ადგილას შეიძლება მოხვდე, დაისვენებ, ფორმაში ჩადგები და ისევ დაგვიბრუნდები!
  • ანუ ახლა სცენაზე დასადგომად ტესტები უნდა შევავსოთ ხოლმე? - წავკბინე ჩემი ჭკუით.


ჩვენს პასუხებს ერთი კვირა იკვლევდნენ. ბოლოს 20 კაციდან 17 ხელახლა მოგვიყვანეს, აგვიხსნეს, რომ ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი არ იყო, რამდენიმე სათვალიან ტიპს გაგვასაუბრეს, რომლებმაც მთელი სერიოზულობით შეგვაგნებინეს და გაგვასიგრძეგანებინეს ჩვენი სავალალო მდგომარეობა.


  • კარგ ადგილზე მიდიხართ, დაისვენებთ, იფიქრებთ, მოყოჩაღდებით და ისევ დაბრუნდებით, საშიში არაფერია - გვიმეორებდნენ ისინი.
  • ეჰ, ნეტავ, ამათ მაგივრად მე მივდიოდე! - წაიწუწუნა პროდიუსერმაც.


მაგრამ, რატომღაც ყველას უსიამოვნო გრძნობა აგვეკვიატა. რაღაც ისე ვერ იყო. კონტრაქტებში ხომ არაფერი იყო ნათქვამი სადღაც დასვენებაზე გაურკვეველი დროით. ეს არც პრიზებში იყო გათვალისწინებული. რამდენიმე თვეში ბარგი ჩაგვალაგებინეს და წყნარ ოკეანეში გაგვამწესეს. ამ დროისათვის უკვე კაციშვილი აღარ მირეკავდა დედაჩემის გარდა. ვერავინ ვეღარ მცნობდა. არავინ აღარ მეპატიჟებოდა წვეულებებზე. უცნობი თაყვანისმცემლებიც ისევე სწრაფად აორთქლდნენ, როგორც - გამოჩნდნენ. ჩემი მოგებული ბინა კი ისევ “დასამთავრებელ საბოლოო შტრიხებს” ელოდა.

********************
კუნძულს პატარა გემით მივუახლოვდით. ყურსასმენები მეკეთა. თავზე კაპიუშონი მეხურა და სახეს ტროპიკულ ქარს ვუშვერდი. მლაშე, ნესტიან ჰაერს ვიყნოსავდი. მზე უმოწყალოდ აცხუნებდა. ყურებში Stromae-ს Formidable-ს ვუსმენდი და ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ბედმა აქეთ გადმომისროლა და ასეთ პათეტიკურ სიტყვებს ვხმარობდი ფიქრის დროსაც კი. სხვა მონაწილეებიც ჩემსავით სულელური სახით უყურებდნენ კუნძულს. ერთმანეთს ისევე ვარიდებდით მზერას, როგორც სულ პირველად, როცა პროექტის შესარჩევ კონკურსზე მოსაცდელ დარბაზში დამშეულები ვჭამდით ფენოვან ხაჭაპურებს. მაშინ ყველანი კონკურენტები ვიყავით და თითქოს, საკუთარი გამბედაობისვე გვრცხვენოდა, რომ ამ გადაცემაში მოსვლა გავბედეთ. ახლა კი ერთმანეთისთვის უკვე ჩავლილი საფრთხეები ვიყავით, გაუვნებელყოფილი თუ აფეთქებული ბომბები. ჩემ წინ მოცეკვავე იდგა. ერთხელაც არ შემოუხედავს არც ჩემთვის და არც - არავისთვის. დაძაბული, გაშტერებული იყურებოდა შორს. ბევრჯერ მომინდა, მივსულიყავი და მისთვის ბოდიში მომეხადა, მაგრამ მგონი უკვე აზრიც არ ჰქონდა.


პორტში სანატორიუმის დირექტორი და მძღოლები დაგვხვდნენ. კომფორტული მანქანებით მიგვაცილეს სარეაბილიტაციო ცენტრამდე. გზაში კი ამ ადგილის ქებად დაიღვარნენ. არც ერთს სიტყვა არ უხსენებია ჩვენს პროექტზე. თითქოს, აქ მხოლოდ დასასვენებლად ჩამოვედით.


ჩემი აქ ჩამოსვლიდან ერთ წელიწადში ჩემ გვერდით შენობაში ის გიტარიანი ბიჭი დასახლდა. საერთოდ, აქ ინსტრუმენტები იშვიათად მოაქვთ. განა იმიტომ, რომ კრძალავენ. უბრალოდ, აღარავის სურს წარსულთან რამე საერთო ჰქონდეს. ამ ბიჭს კი წამოუღია. ერთი წელია რაც აქაა და მაინც უკრავს. გეგონება, იმედი აქვს, რომ ოდესმე აქედან გააღწევს და თავის ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობს. მანამდე კი ახალ სიმღერებს წერს. სხვათა შორის, არც ისე ცუდს. ყოველ შემთხვევაში, იმ უბადრუკ “ქავერებს”, რასაც ჩვენ პროექტზე ვმღეროდით ხოლმე, კი სჯობს. ახლა მზე აქვს მოკიდებული, წვერი მოშვებული, მზერა - უფრო დასვენებული. ისე იქცევა, გეგონება, ძალიანაც მოსწონდეს აქაურობა. იმას კი ვერ ხვდება, რომ აქ აღარაა კამერები. აღარ გვანათებენ უჩინარი გამნათებლები სახეში პროჟექტორებს. არ გვალამაზებენ გრიმიორები და სტილისტები. აღარ დარბიან ჩვენ გარშემო მუდამ აფორიაქებული ჟურნალისტები და პროდიუსერები ტელეფონებით ხელში. და რაც ყველაზე გულისმომკვლელია, აღარ გვიკრავენ ტაშს.


ლამისაა დავიჯერო, რომ ჩემს ცხოვრებაში არასდროს გავსულვარ არც ერთ მუსიკალურ პროექტში და მე ყოველთვის უცნობი, უჩინარი 20 წლის გოგო ვიყავი, რომელსაც არასდროს დაურიგებია ავტოგრაფები, მისი ფოტოები არასდროს ყოფილა ბილბორდებზე, არასოდეს დაუპატიჟებიათ ვარსკვლავების წვეულებებზე, არასოდეს მდგარა სცენაზე და არასოდეს მომართულა მისკენ ერთდროულად რამდენიმე კამერის ობიექტივი.


ვცდილობ გამოვიცნო, დაიწყებოდა თუ არა ახალი სეზონი. ბოლოს მონაწილეები ორი თვის წინ ჩამოიყვანეს. ე.ი. ბოლო ვარსკვლავები ჯერ კიდევ თავიანთი კარიერის პიკში არიან. მაგრამ ორ-სამ თვეში ახალ ნაკადსაც ვნახავთ.


დღეს ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. სასადილოში, ჩემს მაგიდას უეცრად მოცეკვავე მოუახლოვდა, უსიტყვოდ ჩაიყო პირში ორი თითი, ზედ მაგიდაზე მირწყია, მერე ფოტოები გადაიღო და გამიცინა. მე გაოგნებული შევცქეროდი და ხმა ვერ ამოვიღე. როცა გონს მოვეგე, ერთად მოვწმინდეთ მაგიდა, საჭმელი ახლიდან შევუკვეთეთ და ერთად ვჭამეთ. არც ერთს ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს, მაგრამ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის მშვიდობა დამყარდა. თუმცა ერთმანეთს ხმას ისევ არ ვცემთ, მისი კეთილგანწყობა უკვე აშკარაა.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ