ეს რამდენიმე დღეა ამ საახალწლოდ მთაწმინდაზე ხალხს ფოტოებს ვუღებ. უამრავი ადამიანი მხვდება, ზოგი მდიდარი და ხარბი, ზოგი ხელფასახალაღებული და ხელგაშლილი, ზოგიც ღარიბი და ბრაზიანი. ყველა სხვადასხვანაირია.
საინტერესო ისაა, რომ ყველა ბავშვი ერთმანეთს ჰგავს. ყველა ერთნაირად იჭყანება, ერთნაირად იმორცხვებს, გიჟობითაც კი ერთნაირად გიჟობენ. ზოგი უფრო მორიდებულია, ზოგიც უფრო ცელქი, მაგრამ რაღაც საერთო სუყველას აქვს, როცა სხვები, დიდები, ისეთი ჭრელები არიან, საღამოს თავბრუ მესხმის ხოლმე. საინტერესოა რა მოსდით ხოლმე ადამიანებს როცა იზრდებიან? რატომ ხდებიან ასეთი სხვადასხვანაირები. იმ საერთო რაღაცას, რაც ყველა ბავშვს აქვს, დიდობაში კარგავენ და რაღაცნაირები, თითქოს რაღაც დააკლდათო, ისეთები გამოდიან.
უკვე 70–მდე ბავშვი მაინც მყავს გადაღებული. ზოგის ფოტო შენახული მაქვს, უფრო მეტის, რა თქმა უნდა, წაშლილი. თმებიც კი თითქოს სუყველას ერთნაირად აწეწილი აქვთ. საყვარლები არიან. ზოგი ძალით იცინის, ზოგიც ბუნებრივად იბღვირება. წამით გაჩერდებიან ხოლმე, ანგელოზებივით სახეს მიიღებენ, მერე ეს ერთი წამი გაჩერდება და ისინი კი გიჟობებს აგრძელებენ.
რა უცნაურია ეს ხალხი. რაც არ უნდა ბრაზიანი და უკარება იყოს ადამიანი, როცა ის თავის შვილზე იწყებს ლაპარაკს, სახე უფრო უნათდება და ისეთი მკაცრიც აღარ ჩანს ხოლმე.
რა კარგი პოსტი იყო.
ReplyDeleteსრულყოფილი.
მართლა ძალიან მომეწონა.
ვარსკვლავი გუგლ ქრომში.