ის ფილმი გამახსენდა, "როგორ დავკარგოთ ბიჭი 10 დღეში". ოღონდ ჩემს შემთხვევაში ბიჭის მაგივრად, სამსახური რომ ჩაჯდეს. ასე მგონია, სამსახურის დაკარგვა-მოძებნაში მასტერ-კლასს ჩავატარებ. 24 წლის ასაკში ეს უკვე მე-13 კომპანიაა, სადაც ვმუშაობ. სამსახურის დაკარგვა პირველად ტრაგედია იყო, მეორედ - გაოცება, მესამედ - მხოლოდ ღადაობის მორიგი თემა. ახლა კიდევ ბევრს ვერაფერს ვფიქრობ, მივეჩვიე და იმიტომ.
როცა პირველი სამსახური, სადაც ჯიპაში სწავლის დროს ვმუშაობდი, დაიხურა, ვიფიქრე, რომ ეს შემთხვევით მოხდა. პირველი სამსახურეობრივი გასაუბრება იქ მქონდა, პირველად გავაგზავნე CV, პირველად ვიგრძენი პასუხისმგებლობები უფროსის წინაშე. ეს იყო რადიო "ჯიპა". პროექტი მანამდე დაიხურა, სანამ თავისით დამთავრდებოდა. გავედით შვებულებაში და ვეღარ გამოვედით. :)))
მერე რამდენიმე ისეთ სამსახურში ვიმუშავე, საიდანაც მე თვითონ წამოვედი. შარშან ამ დროს რადიო "ცხელ შოკოლადში" მივიღე პირველი შოკი - საინფორმაციო გამოშვების ერთი საათიდან მეორე საათს შორის რადიოს მფლობელებთან გამართულ შეხვედრაზე გავიგე, რომ რადიო რეორგანიზაციას განიცდის და ნიუსი საჭირო აღარ ყოფილა. ჩემს ერთ შოკს მეორე მაშინ მიემატა, როცა გვკითხეს, კითხვები ხომ არ გაქვთო და ერთადერთი რაც ვიკითხე, დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებები სრულად გავუშვათ თუ გავთიშოთ-მეთქი. რაც გინდათ ის ქენითო, გვიპასუხეს. აი შოკი ეს იყო, თუ იყო.
ამ ამბიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ "მზერას" ჯგუფი შეგვკრიბა ნათია აბრამიამ. ამ მედიის იდეა ინტერნეტ-ტელევიზია იყო, რომელსაც ორი ბიურო - ლონდონი და თბილისი ექნებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იდეა, გუნდი, შესაძლებლობები, რესურსი - მართლა ფანტასტიური იყო. არჩევნები და სექტემბრის აქციები ძალიან მაგრად გავაშუქეთ. ბევრი ამბავი საერთოდ განსახვავებული კუთხით წარმოვაჩინეთ. მოკლედ, სამსახურში მისვლა რომ გიხარია და შაბათ-კვირის გასვლა რომ გეჩქარება, ეგ ამბავი იყო.
არჩევნების შემდეგ ესეც დაიხურა. ვითომ შვებულებაში გავედით, მაგრამ "მზერას" რა ბედიც ეწია, თქვენც კარგად იცით.
ის იყო კომპენსაციები მივიღეთ, რომ იმ საღამოს ჩემმა მეგობარმა, სანდრო ლორთქიფანიძემ დამირეკა. მითხრა, რომ ინფო-9-ზე გადაცემა მიყავდა და წამოსვლას აპირებდა, ჰოდა თავის შემცვლელს ეძებდა. მეორე დღეს მოვამზადე ჩემი რეზიუმე, რეკომენდაციები და ასე მივადექი ლუბა ელიაშვილს. ლუბამ არც აცია, არც - აცხელა, პირდაპირ ეთერში შემაგდო - ასე უკეთესად გავიგებ, რა შეგიძლიაო. იმ დღიდან ინფო-9-ზე ვიყავი და მე და ჯაბა ზარქუას "ინფოგრამა" მიგვყავდა. ერთი თვე გავიდა და ახლა ინფო-9-ს მაუწყებლობა დაიხურა და მხოლოდ ვებ-გვერდი დარჩა.
ლუბამ მე, ჯაბა და კიდევ რამდენიმე გადაცემის ავტორი მეცხრეზე გადაგვიყვანა. დავიწყეთ "სტერეოტიპის" გაკეთება. სეზონის ბოლოდან, როცა გაირკვა, რომ ჩვენი გადაცემა აღარ დაბრუნდებოდა, უკვე "ღია თამაშში" გადავედი ჟურნალისტად. ის-ის იყო ვიფიქრე, რომ ყველაზე მაგარ გადაცემაში მოვხვდი, სადაც ძალიან მაგრად განვვითარდები, სადაც შემეძლება ნებისმიერ თემაზე ნებისმიერი სპეც.რეპორტაჟი გავაკეთო, ჩემს ასაკში ასეთი გადაცემა მისწრებაა ნებისმიერი ჟურნალისტისთვის... დღეს გავიგეთ, რომ ახლა "მეცხრე არხი" იხურება.
აქამდე ჩემი თავი მეგონა თარსი. მეგობრები მეხუმრებოდნენ ხოლმე, მიდი "ასავალ-დასავალში", იქნებ დახურო როგორმეო. პლაკატიც კი გამიკეთეს, დაიქირავეთ ირინკა და დახურეთ ორ თვეში თქვენი ორგანიზაციაო, ზედ ეწერა. მაგრამ დღეს ბევრმა ჩემმა თანამშრომელმა ამაზე დაიწუწუნა, სტაბილურობა არსად არააო.
მოკლედ, ახლა მივხვდი, რომ თვითონ მედიაა ძალიან არასტაბილური ბიზნესი ჩვენთან. ვერ გაიგებ, როდის რა მოხდება. ვინ ვის დახურავს და ვინ ვის იყიდის. ახლა უკვე ინტერესით ველოდები, ამჯერად სად წავალ. :პოპკორნ:
მართლა აღარ ვნერვიულობ. ყოველი ახალი სამსახური წინას გაცილებით სჯობდა. ჯერჯერობით "მეცხრე არხზე" "ღია თამაშის" ბოლო ერთი კვირა მართლა გემრიელი და მაგარი იყო. სერიალი "ნიუსრუმი" გაგიგიათ? სიტუაცია თუ იცით, რაც იქ ხდება? ჰოდა, ჩათვალეთ, რომ ზუსტად ეგრე ხდებოდა ჩვენთანაც. უბრალოდ, გული მწყდება. :)
ჰოდა ბოლოს, ჩემს მეგობრებს მივმართავ: გეყოფათ ჩემზე ღადაობა, ჩემნაირი მოხეტიალე ჟურნალისტი კიდევ ბევრი ყოფილა! :)))))))))))))
ცხოვრება ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია ხოლმე.. ხშირად.. :)
ReplyDeleteჰო, დამღლელი არის ნამდვილად. მაგრამ მივხვდი, რომ ვერაფერს შევცვლი და ჯობს, თუ არ ვინერვიულებ.:)))
ReplyDeleteორივეს გეთანხმებით.
ReplyDeleteირო, არ ინერვიულო რა. <3
ჰაჰა 24 წლის, რა ახალგაზრდა ყოფილხარ :დ :პ
ReplyDeleteმე მთელი 28 წლის მანძილზე ჯერ 5 სამსახურიც არ გამომიცვლია. გმირი ხარ!!!
წარმოიდგინე, რაც შენ გამოცდილება გაქვს – ადექი და შენი რადიო ან ტელევიზია გახსენი.
სხვათა შორის, ადრე ნატამ (ძველიშვილი) მანახა ვიდეო, მეცხრე არხზე იყო, მგონი, შენ და ერთ ბიჭს მიგყავდათ გადაცემა, ნამდვილი ფისო იყავი, ჭკვიანი, ლამაზი და საყვარელი.
არადა ტელევიზიები სულ შტერებით ჰყავთ მანდ სავსე, რა წესია :(((