Thursday, December 24, 2009

ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ზეწოლა მედიაზე _ გაზეთ „ბათუმელების“ ისტორია



როცა ხედავ, რომ ქართულ სპეცსამსახური შეუფარავად, დემონსტრაციულად არღვევს კანონს, ცინიკურად თელავს ადამიანის, ჟურნალისტის ღირსებას, გეჩვენება, რომ შენ უბრუნდები ძლევამოსილი საბჭოთა კგბ-ს ეპოქას.“ _ ნათქვამია გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

25 ნოემბერს, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი, საგამოძიებო რეპორტაჟების ჯგუფის ხელმძღვანელი, თედო ჯორბენაძე სოდ–ის და კუდ–ის თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც რედაქცია ვარაუდობს, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით, ისინი ჟურნალისტის დაშანტაჟებას ცდილობდნენ. თედო ჯორბენაძეს შიშველი მამაკაცების ფოტოები უჩვენეს, უთხრეს, რომ ერთ–ერთი თავად იყო და ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. თედო ჯორბენაძეს ასევე განუცხადეს, რომ ,,გაზეთ ბათუმელების’’ რედაქციით დაინტერესებულნი არიან უცხო ქვეყნების, კერძოდ თურქეთისა და რუსეთის სპეცსამსახურები და რადგანაც ის არის გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი რედაქციაში, მათთან უნდა ითანამშრომლოს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ხელშეუხებელია "ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი". ხოლო "საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ დაუშვას საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან."

ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს მაშინვე გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიუფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელიდათბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, სამოქალაქო სექტორი, ჟურნალისტები, ბლოგერები. ყველაზე ბოლოს განცხადება სახალხო დამცველის ოფისმაც გაავრცელა, რომელმაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურორს რეკომენდაციებით მიმართა.

რაც შეეხება თავად ჟურნალისტების მხრიდან გამოხმაურებას, გაზეთის მხარდამჭერი აქცია 1 დეკემბერს კინოთეატრამირანთანგაიმართა. აქციაზე, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების და ასევე ბლოგერების ინიციატივით მოეწყო, დაახლოებით 100-მდე მონაწილე შეიკრიბა. ჟურნალისტებთან ერთად აქციაზე მივიდნენ უფლებადამცველები და ოპოზიციის წარმომადგენლები. გამოტანილი იყო პლაკატები: „საქმე აღიძრასბათუმელების ზეწოლის ფაქტზე"; თავისუფლება მედიას"; „იდევნება თავისუფალი სიტყვა".

მხარს ვუჭერთ ბათუმელ კოლეგებს, რადგან ხვალ, შესაძლებელია, შანტაჟის მსხვერპლნი ჩვენც გავხდეთ", თქვა აქციის მონაწილე თაზო კუპრეიშვილმა, ბლოგერმა და გაზეთრეზონანსის" ჟურნალისტმა. „ის ფაქტი, რომ აქციაზე ამდენი ადამიანი მოვიდა, იმედს მიტოვებს, რომ ჩვენს სოლიდარობას შედეგი მოჰყვება", დასძინა მან.

მედია–მკვლევარი, ნინო დანელია ამბობს, რომ „ბათუმელების“ მხარდამჭერი აქცია კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ საერთაშორისო კინო–ფესტივალ „პრომეთეს“ სპეციალურად დაამთხვიეს, სადაც მედია ისედაც იქნებოდა. ტელევიზიებისთვის კი აქციის შესახებ არ შეუტყობინებიათ, ესეც შეგნებულად გააკეთეს. მოსული ტელევიზიებიდან აქცია მხოლოდ „პირველმა არხმა“ და „კავკასიამ“ გააშუქა. „იმედის“ ეთერში აქციის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს და მხოლოდ დღის გამოშვებებში თქვეს, ხოლო „რუსთავი 2“–მა მხოლოდ ფესტივალზე გააკეთა სიუჟეტი და არაფერი უთქვამს აქციის შესახებ. როგორც „კურიერის“ პროდუსერი, გიორგი ლაფერაშვილი აცხადებს, მათთვის არავის შეუტყობინებია არც აქციის და არც თვითონ თავდასხმის შესახებ და როდესაც მათ ეს გაიგეს, თემა აქტუალური უკვე აღარ იყო. თუმცა ბათუმელების ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე ამბობს, რომ „ბათუმელებმა“ პრესრელიზი ყველა მედიასაშუალებას გადაუგზავნა, მათ შორის რუსთავი 2–საც. ამ არხის რეგიონული ჟურნალისტი, თეა ვარშალომიძე იმ ბრიფინგზე იმყოფებოდა და შეკითხვაც დასვა, არსებობს პრესკონფერენციაზე გადაღებული ფოტოებიც, რომელზედაც გარკვევით ჩანს მიკროფონი რუსთავი 2 –ის ლოგოთი.

როგორც შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დავით პაიჭაძის გადაცემაში განაცხადა, საქმეში "აშკარა შანტაჟის ნიშნებია". "ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ იმავე გადაცემაში თქვა, რომ გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ამოსაცნობად წარუდგინეს ფოტოსურათები, თუმცა, მისი განცხადებით, ამ ფოტოებს შორის არ ყოფილა არც ერთი იმ სამ პიროვნებას შორის, რომლებიც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის განყოფილების შენობაში გაზეთის ჟურნალისტზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

თუმცა ეს არ არის გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებზე და ზოგადად, რედაქციაზე ზეწოლის ერთადერთი ფაქტი. როგორც გაზეთის ჟურნალისტი, ნანა კვაჭაძე ამბობს, 2008 წლის ზაფხულში გაზეთ „ბათუმელების“ ელ. ფოსტაზე შემოვიდა წერილი, რომლითაც რედაქციას ატყობინებდნენ, რომ დაზიანებული იყო გაზეთის ვებ–გვერდი და მალე იგივე მოელოდა რედაქციასაც. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ მალე გაზეთის ერთ–ერთ ჟურნალისტს მკვდარს იპოვნიდნენ, „პირში გაზეთგაჩხერილს“. რედაქციამ ამ ფაქტზე დაუყოვნებლივ მიმართა პროკურატურას და ინფორმაცია გაავრცელა მუქარის წერილის შესახებ. ახალი ნომრის გამოსვლის შემდეგ „ბათუმელების“ ელ–ფოსტაზე ახალი წერილი მოვიდა დაახლოებით ასეთი ტექსტით: „თქვენ გგონიათ ამ საქმეს პროკურატურა გამოიძებს?“ მუქარის წერილების ავტორი დღემდე დადგენილი არ არის. ზეწოლა ხორციელდებოდა ასევე ნათია როყვაზეც, ამავე გაზეთის სხვა ჟურნალისტზეც. რედაქციამ მომხდარი ფაქტები პროკურატურას გადასცა, თუმცა პროკურატურამ „რაიმე დანაშაულებრივი“ ვერაფერი დაადგინა, ამიტომაც გამოძიება არც ერთ ფაქტზე არ დაწყებულა.

ნინო დანელიას აზრით, მხარდამჭერმა აქციამ მოიტანა ის შედეგი, რომ „ყველა რეგიონულმა მედიამ დაინახა, თბილისში მათი პრობლემები ძალიან აწუხებთ და სოლიდარობა, მხარდაჭერა აქვთ და მარტონი არ არიან. „ეთერ თურაძემ, გაზეთის რედაქტორმა მითხრა, „ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოთ, ჩვენს გვერდით დადექითო; რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ „შევაწუხეთ“ ხელისუფლება ამ პრობლემის შეხსენებით“, აღნიშნა მან. თუმცა გამოძიება ნელა მიმდინარეობს და როგორც მედია–მკვლევარი ამბობს, ერთი კვირის შემდეგ ისინი აპირებენ წერილობით მიმართონ პროკურატურას, რათა გამოძიება დაჩქარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ მათი მხრიდან ამ ეტაპზე რაიმეს თქმა გამოძიებას ხელს შეუშლის.

ეს საკითხი დიპლომატიური კორპუსის დღის წესრიგში უკვე დგას. მათ ოფიციალური წერილები საერთაშორისო ორგანიზაციებში გაავრცელეს. ნინო დანელიას თქმით, „კარგი იყო ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხარით მათაც, რომ ეს არაა მხოლოდ ბათუმელების პრობლემა და ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაცაა“.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ