Saturday, January 30, 2010

ავტობუსი, ხალხები, ჩემი პრობლემები..უჰ:)))

ადრე მქონდა ერთი მოთხრობა დაწერილი წითელი ავტობუსის მძღოლ გოგოზე, რომელიც ისე ეჩვევა თავის მგზავრებს, რომ მერე გაჩერება აღარ უნდა ხოლმე, მაგრამ ბოლოს სუყველა მგზავრი მაინც ჩადის, ეს მძღოლი გოგო რჩება და თავისივე კონდუქტორ კარენას უყვარს.

მოთხრობა დიდი სისულელეა ნამდვილად:)) მაგრამ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემ გვერდით სულ ასე მოძრაობენ ადამიანები. ზოგს მეტად ვეჩვევი, ზოგს _ ნაკლებად, ზოგზე უფრო მწყდება გული, ზოგის წასვლას კი საერთოდ ვერ ვამჩნევ.

ისე მივეჩვიე ასეთ ურთიერთობებს, რომ ბუნებრივი მგონია როცა ჩემგან მორიგი საუკეთესო მეგობარი მიდის. ეს ასე იყო მაშინაც, როცა მე–10 კლასში პირველად დავკარგე მეგობრები _ ჩემთვის მაშინ საუკეთესო ადამიანები. ეტყობა მე ვიცვლები, თორემ ისინი დღესაც ისეთები არიან, როგორებიც მაშინ დავტოვე. ძალიან კარგები, მაგრამ ჩემგან ტოტალურად განსხვავებულები. ეს დები ძალიან მიყვარდნენ, მაგრამ მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მიზნები და ინტერესები აბსოლუტურად შეიცვალა. მერე ერთი წელი საერთოდ მეგობრის გარეშე გავატარე. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვიკითხე, ვწერე...

მერე სხვებს შევხვდი. ჩემს კლასელებს. საოცარი ადამიანები არიან, მთელ მსოფლიოში! მაგრამ ჩვენ სხვადასხვა გზები ავირჩიეთ. მე ჟურნალისტიკა, მათ ხელოვნება. თითქოს პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძალიან დიდი სინამდვილეში, ჟურნალისტიკა ცხოვრების წესია და არა 9–6pm სამსახური მყუდრო ოფისში.

შეიძლება ჩემშია რაღაც პრობლემა. ადამიანებთან დიდხანს ვერ ვჩერდები. წლების მანძილზე არ შემიძლია ვიღაცასთან ყოველდღიური ურთიერთობა. ადრე უფრო კონფლიქტური ვიყავი, უფრო ემოციური და უფრო ადვილად ვამბობდი უარს ადამიანებზე.

რა ადვილია რაღაცებს მიაღწიო კარიერაში, კარგად ისწავლო, კარგი CV გაიკეთო, რაღაცები გაარტყა (ვთქვათ სტიპენდია), მაგრამ რა რთულია ადამიანებთან ურთიერთობა! :( თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მერე ვიწყებ ცინიკოსობას, არარსებულ პრობლემებს ვქმნი, ვეჭვიანობ სუყველაზე და სუყველაფერზე, მერე ყველაფერს ერთი დიდი სკანდალით და ხმაურით ვამთავრებ, ვიკეტები თავში და ვიწყებ ათასი სისულელის წერას, რომლებსაც მერე ლექსებს ვეძახი:))

თუმცა დღეს გაცილებით ჭკვიანი ვარ და უფრო მეტად ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს, ვიდრე მე–10 კლასში.

1 comment:

დააკომენტარეთ