Friday, March 19, 2010

რადიო "ჯიპა"

ეს ბლოგი მარტო მაშინ მახსენდება, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, შედეგად ცუდ პოსტებს ვწერ და ამიტომაც არ კითხულობენ ალბათ. I don't care, ის დანიშნულება აქვს, რაც მე მჭირდება.

რა უცნაურია, ყველა სამსახურ ში ყველაზე თავისებური ადამიანები მხვდებიან, ever. არც იმ რადიოში იყვნენ რიგითი ტიპები, არც აქ მით უმეტეს. თითქოს, ღმერთს უნდა რომ ისეთი ადამიანები გამაცნოს, აი მკაფიოდ ჩამოყალიბებული, სხვანაირი ტიპები და არა ჩვეულებრივი და უფერულები. ამ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი და ვმუშაობ,დიდი გამოცდილება აქვთ, ყველას რთული გზა ჰქონდა, (მეტნაკლებად) ყველა ჩემზე დიდია და დაახლოებით თანატოლები.

ამ სამსახურში ოთხნი არიან, დიდები. ჩვენი საინფორმაციოს პროდიუსერი, ბიძინა, მათ შორის (და შესაბამისად ჩვენზეც) ყველაზე უფროსია. ტიპური მერწყულია _ ხან გენიოსი მგონია, ხან ჩვეულებრივი ხელმოცარული. ვერასოდეს ვატყობ სახეზე როცა ჩვენს ტექსტებს კითხულობს, მოსწონს თუ არა. ხანდახან გაფანტულია ხოლმე და ასე მგონია, რომ ამ დროს ყველაზე ნაკლებად ჩვენი ტექსტები ადარდებს. თავისებური კაცია, ცინიკოსიცაა, როგორც ყველა ინტელექტუალი ალბათ.

ნატაც მერწყულია. ზუსტად არ ვიცი სიმართლე რომ ვთქვა რისი მენეჯერია, მაგრამ მგონი ყველაფერს აკეთებს _ პროექტების წერით დაწყებული და გრანტების მოზიდვით გაგრძელებული, ჩვენი ტექსტების კითხვით და ჩაწერაზე დასწრებით დამთავრებული. გარეგნობაც კი უცნაური აქვს. რაღაცნაირი, აი ძველი სკანდინავიელები წარმომიდგენია ეგეთები,ჩრდილოეთის ციალს რომ უყურებდნენ, ფრეია რომ ჰყავდათ ქალღმერთი, მკაცრი გარეგნობა აქვს და ეგზოტიკური. მე ძალიან მომწონს გარეგნობით. ჩაცმის სტილიც კი განსხვავებული აქვს. თანაც ჩვენი თანდასწრებით არასოდეს შეგვაქებს, ისე კი ძალიან სამართლიანია.

აი ჟორა მართლა ყველაფერია რადიოში. ბიძინას თუ მოეწონა ჩვენი ტექსტი, ჟორას არ მოსწონს, ნუ რა მოსწონს საერთოდ ეს ცალკე საპოსტე თემაა:)) ყველაზე ამოუცნობი ობიექტი ჩვენს ოფისში ჟორაა. უცებ რაღაცას იტყვის სერიოზულად, უკვე ვფიქრობ რომ უნდა გავიქცე და თავს ვუშველო, რომ გაიცინებს და გულზე მომეშვება. არადა ძალიან კეთილია. ხან მზე და მთვარე ამოგვდის მაგაზე მე და ანის, ხან ცოფებს ვყრით. (ხომ ვამბობ არა, ჩვენთან ნეიტრალური ტიპები არ არსებობენ–მეთქი!) ვერძია და საშინლად ჯიუტია, როგორც წესი პირველია და როგორც წესი ყოველთვის მართალი. არადა... ჰო, კარგი, თორემ ჩემი ბედი რომ ვიცი, შემომივარდება ზურა აქაც და გამაწყვეტინებს.:)))

აი გუგა რომ არ იყოს, მართლა ყოველდღე მეგონებოდა, რომ ეს ჩემი ბოლო დღეა რადიოში. :)) გუგა ჩვენი მთავარი დირექტორია, მოკლედ ყველაფრის დირექტორი. სასწორია, ესეც მეტნაკლებად გამოკვეთილი სასწორი. ოპტიმისტია და არ არსებობს ეს განწყობა არ გადმოგვდოს. თან კარგ ხასიათზე დადგომა ხომ ძალიან ადვილია! არც შექება ენანება, მაგრამ თუ გაბრაზდა, ისეთი გაბრაზება სცოდნია, მტრისას! ყველაზე მეტად კამათი უყვარს და (მე მგონი:p) არ არსებობს მოუგო. ამის ილუზია იქვე უნდა დაივიწყო. როგორც სასწორების უმეტესობა, ესეც "ყველა განსხვავებული_ყველა თანასწორის" პრინციპით ცხოვრობს. რასაც ყველა ადამიანში ვაფასებ და რაც მთავარია, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ან დაღლილი იყოს, ყოველთვის ცდილობს გაიღიმოს და ზოგზოგიერთივით სხვაზე გაბრაზებული ჩვენზე ჯავრს არ იყრის!

ჰოდა ამის მერე დედაჩემი ყოველ საღამოს გაოცებული მეკითხება, ასე რამ დაგღალაო. მეც სასწორი ვარ დე და ემოციებით უფრო ვიღლები, ვიდრე მუშაობით.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ