Thursday, May 27, 2010

Lost

როცა ცაზე დიდი დათვის თანავარსკვლავედს ვხედავ, ვხვდები, რომ ზაფხული მოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს რატომ ჩნდება მაინცდამაინც ზაფხულში თბილისის ცაზე დიდი დათვი, შეიძლება სულაც მთელი ზამთარი იქაა, მაგრამ მე ვერ ვხედავ. არ ვიცი. ასტრონომიის ცოდნით ვერ დავიკვეხნი, ასტროლოგიის _ კი ბატონო.

ძალიან მიხარია რომ "Lost" დამთავრდა ბოლოსდაბოლოს. არა, პრინციპში რას ვერჩი ჩემს უამრავ მეგობარს, რომლისთვისაც ზოგისთვის ცხოვრების ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მიზანი დამთავრდა და გაქრა. უბრალოდ, ის გამიხარდა, რომ როცა დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთად შევიკრიბებით, მხოლოდ "დაკარგულებზე" არ ვილაპარაკებთ. ნუ ისინი ილაპარაკებენ და მე თავს დავუქნევ.

საერთოდ არც დავწერდი ლოსთზე და არც კი გამახსენდებოდა, მე რომ არ აღმოვჩენილიყავი ზუსტად ეგეთ სიუჟეტში. ორი კვირის წინ დავგეგმეთ მეგობრებმა პახოდი ბატეთის ტბაზე. არიქა და 60 მონასტერიო, ულამაზესი ბუნებაო, ძამას ხეობაო, იქ ტბა და რომანტიკა _ მოკლედ, ავვარდით. დიდი ხანი მაფრთხილებდნენ სახლში, მაისში რომ პახოდში წასვლა არ შეიძლება და რომ წვიმამ, ქარმა, სეტყვამ და ათასმა ჯანდაბა ტრიტონმა შეიძლება ჩაგვრეცხოს. ვინ დაუჯერა პახოდებში გამოცდილ მშობელს. ეგრეც დაგვემართა. 

დომენიკოს თამაში მიყვარს. გახსოვთ როგორ თამაშობდა ხოლმე? თავს რომ წარმოიდგენდა, ვითომ დამღლელი მოგზაურობიდან სახლში ბრუნდებოდა. მეც მიყვარს ასეთი რამეების წარმოდგენა. სხვა უამრავი რამის წარმოდგენაც მიყვარს. აი მაგალითად, როცა ვხვდები, რომ მძინავს, სიზმარში სულ რამდენიმე წამის განმავლობაში სანამ გამეღვიძება, ფრენას ვიწყებ. 

ძალიან მიკვირს ჩემი მეგობრებისგან ერთი რამ. ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, ამ ბოლო დროს დავუმუღამე: საკმარისია ვინმემ რომელიმე ჩვენგანი შეაქოს, რატომღაც იმის მტკიცებას იწყებენ, რომ ის ამ შექების ღირსი არაა... შეიძლება მეჩვენება კიდეც. შეიძლება მეც ასე ვაკეთებ და ვერ ვხვდები. 

იმასაც მივხვდი, რომ რაც არ უნდა საუკუნეები გავიდეს, ხალხს მაინც ეშინია განსხვავებულების. განსხვავებულების ყველაზე მცირე დონეზეც კი. ეშინიათ სხვანაირი აზრის, ნივთის, ჩაცმულობის, გემოვნების... და ძალიან ცოტა, თითქმის არავინ არაა ჩემ გვერდით ისეთი, ვისაც განსხვავებულის ჩვეულებრივ მოვლენად აღქმა და ამის დაფასება შეუძლია. იმის დაფასება, რომ სამყარო სწორედ განსხვავებულებითაა ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი.

ვიღაცის პოსტში წავიკითხე, პირველი სიყვარული იმიტომ ამახსოვრდებათ ადამიანებსო, რომ პირველად არ უფიქრდებიან რამდენ ემოციას ხარჯავენ, ამიტომაც უფრო ემოციურები, უფრო გახსნილები არიან და სიყვარულიც ამიტომაა ასეთი დასამახსოვრებელიო. მერე და მერე კიდეო, უკვე ჭკუას ატანო რომ ის შეცდომები აღარ გაიმეორო, რაც პირველთან გქონდაო, შეცდომები აღარ მოგდისო, მაგრამ სიყვარული ისეთი აღარ გამოდისო. ჰოდა, მართალია. :| რატომ აღარ შეიძლება, რომ ვენდოთ ადამიანებს, რატომ აღარ შეიძლება ისევ ისე მიყვარდეს, უზომოდ და უანგაროდ და რაღაც საყოველთაოდ მიღებულ კრიტერიუმებს არ ვემორჩილებოდე?...

დღეს ვფიქრობდი, ალბათ ისეთს შევიყვარებდი, რომელიც ტანგოს შუა ქუჩაში მეცეკვებოდა. თან ფეხზე დაბიჯებით და გადაყირავებით კი არა, აი კარგს... :)))) 




 

1 comment:

  1. თბილისში მე ვარსკვლავებს ვერც ერთ სეზონზე ვერ ვხედავ. მაგისთვის მთაში მივდივარ ხოლმე.
    მარტო ვარსკვლავებისთვის არა, იმისთვისაც, რომ პახოდები ყველა სეზონზე მიყვარს, მთელი დაკარგვებიან-სიყვარულებიანად.

    ჩემი ბიჭების აბსოლუტური უმრავლესობა პახოდების შედეგია :) მართალია ტანგოს ცეკვამდე ბევრი მიკლია ხოლმე, მაგრამ პირველ სიყვარულზე მართალია :)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ