Wednesday, May 19, 2010

next post:))

როცა მარწყვის შეიკს სვამ, გარეთ კი ახალი ნაწვიმარია და თან რადიო "სინდიკატს" უსმენ, უფრო მეტად გრძნობ, რომ გარეთ ზაფხულია.

არ გეგონოთ, ასეთ სულელურ და ბანალურ სტილზე გადავედი. უბრალოდ ვერაფრით ვიწყებ ახალ პოსტს. რაღაცებზე ვფიქრობდი დღეს, ავტობუსშიც და მერე გზაშიც. პირველ რიგში იმაზე, რომ ადამიანები უფრო მეტად კეთილგანწყობილები მაშინ ხდებიან, როცა მათ შვილებზე ელაპარაკები. მით უმეტეს, როცა აქებ. რაც არ უნდა უკარება და მკაცრი იყოს, სახე უნათდებათ ხოლმე, როცა ბავშვებზე იწყებ ლაპარაკს. 

დღეს დავადგინე, რომ სიკვდილის იმიტომ კი არ მეშინია, რომ არ ვიცი მერე რა მომელის, იმიტომ რომ ტკივილის მეშინია. შესაბამისად, ყველა ფობია, რომელიც აქამდე მეგონა, რომ სიკვდილის შიშამდე მიდიოდა, ახლა ვხვდები, რომ სიკვდილიდან ტკივილის შიშზე გადადის. ტკივილის შიში კი ალბათ უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე _ სიკვდილის. 

არადა, საერთოდ არ ვარ სიკვდილზე ფიქრის ხასიათზე. დღეს მაგალითად, მგონია, რომ ჩემი ცხოვრება ფრაგმენტულია. განა ლოგიკური ჯაჭვით ვითარდება და ყველაფერი ერთმანეთთან ბუნებრივად დაკავშირებული ამბებია. არა. მე და ჩემი ცხოვრება ფრაგმენტებით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული და ყველა ფრაგმენტში ჩემი ერთი კონკრეტული მე თამაშობს. 

ადრე განვიცდიდი, როდესაც ვამჩნევდი, რომ ყველა ადამიანთან სხვადასხვანაირი ვარ. ძირითადად კი ისეთი, როგორიც მათ სურთ რომ ვიყო. ამით არც დისკომფორტს განვიცდი. სულ მეგონა, რომ გამოუსწორებელი კონფორმისტი ვიყავი. ნელ–ნელა კი იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ბევრნაირი ვარ და არა კონფორმისტი. 

თუმცა ამავე დროს მომწონს, რომ კანონმორჩილება მე თვითონ გამოვიმუშავე. არავის უსწავლებია. ჩემი ძმა ისევ ისე არღვევს კანონს ქუჩაში გადასვლისას, ყრის ნაგავს სადაც მოესურვება იქ და რა თქმა უნდა ავტობუსში ბილეთის აღებაზე თავს არ იწუხებს. მე იმიტომ ვარ ასეთი, რომ ბავშვობიდან ვერ ვიტან, როცა მასას მადარებენ. ყოველთვის მომქონდა თავი, რომ ალტერნატიულს ვაწვებოდი.:)) ამ ქვეყანაში კი კანონმორჩილება უფროა ალტერნატივშჩიკობა, ვიდრე კანონდარღვევა. ნეტავ იმ დროს მომასწრო, როდესაც სახელმწიფოს და სისტემის ჯინაზე დავარღვევ კანონს და ხალხი გამკიცხავს! დიდი სიამოვნებით ვირბენდი სანაპიროზე ტროტუარიდან ტროტუარზე. მერე ალბათ რომელიმე მანქანა გამიტანდა.

მაგრამ მე ხომ სიკვდილის აღარ მეშინია. თუ არ მეტკინებოდა, რა უჭირს, გავეტანე ეხლა... 

არა, სისულელეს ვამბობ. ღმერთი ალბათ ცაში ზის და მისმენს. ან სულაც ისეთივეა, როგორც სიზმარში ვნახე _ ჩემს სოფელში სამზარეულოში, დახეული ჯინსებით, ყავას და ბუტერბროდებს რომ მიირთმევდა. მერე თითი რომ დამიქნია და სიცილით რომ მითხრა, ხომ იცი, მე ვერაფერს გამომაპარებო. 

ნეტავ, მართლა ასეთი იყოს. 

იმედია ეს ქვეყანა ღვთის გმობის წინააღმდეგ კანონს არ შემოიღებს.

პრინციპში, რაც უნდათ ის უქნიათ. ბავშვობაში ვფიქრობდი ხოლმე, ნეტავ სულ ოცნებებში შეიძლებოდეს ცხოვრება და მარტო მაშინ ფხიზლდებოდე, როცა ჭამა მოგინდება მეთქი.

გავიზარდე და მივხვდი, რომ მთელი ჩემი ქვეყანა მინიმუმ 20 წელია, რაც ასე იქცევა. 

1 comment:

  1. momwons sheni blogi, ogond komentarebze is gamourte ra, ragac kodi ro unda sheiyvano, sanam komentars dapostav, tore gadavirie :(

    ReplyDelete

დააკომენტარეთ