Wednesday, July 14, 2010
parachutes
პირველ რიგში ამოჩემებული სიმღერა
იმდღეს ავტობუსიდან ვიყურებოდი და ვფიქრობდი, რომ არაა საჭირო ისტორიების და ადამიანების გამოგონება. ცხოვრებაში ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია და ადამიანია თავისი ხასიათებით, პატარა დეტალებით და რეკვიზიტებით, რომლების შესახებაც ღირს წერა. ცხოვრებაში უამრავ ისეთ ადამიანს შევხვედრივარ, რომელსაც ჩამოყალიბებული ხასიათი აქვს. ზუსტად ისეთი, რომლებზეც წერენ, ფილმებს იღებენ. ვისაც კი ვიცნობ, ჩემთვის სუყველა მყავს დაყოფილი პირველ და მეორეხარისხოვან როლებად. ოდესმე, როცა მოვიცლი და ყოველდღიურად სიუჟეტზე ფიქრი აღარ მომიწევს, ამათ შესახებ აუცილებლად დავწერ.
როცა ქუჩაში დავდივარ, არასოდეს ვიხედები მხოლოდ წინ. ჩემს თავს გარემოს მთლიანობაში აღვიქვამ. ვხედავ მსხვილ კადრებად ჩემს ფეხებს, ჩქარი და დიდი ნაბიჯებით რომ დადიან. ჩანთა, გვერდზე რომ მაქვს გადაკიდებული, ყოველთვის უკან მექცევა. ვხედავ გამვლელების მზერებს, ვხედავ ჩემს თავს ქუჩის მეორე მხრიდან. ზევიდანაც კი, თითქოს "კრანით" მიღებდეს ვინმე. მომწონს ასე, დიდი ხანია მივეჩვიე საკუთარი თავის ასე ყურებას.
უკვე მერამდენეჯერ მივედი იმ დასკვნამდე, რომ არ ღირს თავის მართლება. ეს ხომ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. პრინციპში იმ დანაშაულის, რომელიც არ ჩამიდენია. ნუ თუ რაღაც დავაშავე, ამას მაშინვე ვაღიარებ ხოლმე და ბოდიშსაც ვიხდი. ოღონდ გააჩნია რას ვთვლი დანაშაულად. ბევრს არაფერს.
იმდღეს დედაჩემს ვუმტკიცებდი, რომ ნორმალურია, როცა 21 წლის გოგომ ჯერ არ იცის, როგორი უნდა რომ იყოს. ჩემი აზრით, ნორმალურია. მე ხომ ჯერ ისევ ძიების პროცესში ვარ და ეს პროცესი ყველაზე მეტად მსიამოვნებს. სკარლეტ იოჰანსონის გმირივით ვიცი რა არ მინდა (ვიკი, კრისტინა ბარსელონაში, ჩემი საყვარელი ფილმია). თუმცა მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს იმაზე, როგორი ვიქნები ან სად ვიქნები ათი წლის მერე. დედაჩემი მეუბნება, რომ ასე ემოციებს ტყუილად ვფლანგავ. გასაგებია, რომ ჩემზე ზრუნავს და უნდა რომ ბედნიერი ვიყო. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ უემოციოდ ცხოვრება როგორ შეიძლება. როგორ უნდა შევძლო ისე ცხოვრება, რაღაცამ ძალიან რომ არ აღმაფრთოვანოს, ან პირიქით, არ გამაწბილოს, მოკლედ, შთაბეჭდილებები რომ არ მომცეს. როგორ უნდა გამომელიოს ემოციები, როცა უბრალოდ ხასიათი მაქვს ასეთი. რატომაც არ უნდა დავუშვა შეცდომები, არ მესმის. ოდესმე ხომ უნდა გავიზარდო და დამოუკიდებელი გავხდე. მერე ნელ-ნელა მივხვდები, როგორი მინდა ვიყო, როგორი ადამიანები მინდა, რომ ჩემ გვერდით იყვნენ.
ამაში არაფერია ტრაგედია. იქამდე კი, სანამ გავიზრდებოდე (ნუ უფრო სწორედ ამ პროცესში), ვცდი ყველაფერს, ვნახავ იმდენს რამდენიც შემიძლია. კიდევ ვინ იცის, რამდენი რამის გაფუჭებას მოვასწრებ. :))
P.S. ახლა სამსახურში ვარ და ყველა ვუსაქმურობთ მერის გარდა. ზის თავისთვის პატიოსნად და კალენდარს ამონტაჟებს. მე ამ ჩემს ბლოგს ვუკირკიტებ, ანი ილუკმება და მულტფილმებს უყურებს, თეო გაცხარებული პოსტავს ფეისბუქზე რაღაცებს, მზიკა კი მთელი მონდომებით ცდილობს სკაიპში ჩეთავი და მეორე სამსახურის სტატიის წერა ერთმანეთს რამენაირად შეუთავსოს. :))))
P.P.S. საოცარი სამსახური მაქვს:)))))
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment
დააკომენტარეთ