ხოდა რაც ყველაზე მთავარია, როგორც ვთქვი, მოსმენაც იცის და ერთ საერთო კონკრეტულ დასკვნამდე მისვლაც. სწორედ ამიტომ მასთან ყველაზე მეტად "მესხნება" ხოლმე. სალაპარაკო თემა ძალიან ბევრია. მერე ამ ყველაფრის შესახებ ან პოსტს ვწერ, ან რამე ასეთს, და წერილობით უკეთესად გადმოვცემ რისი თქმაც მინდოდა და ვერ ვთქვი. დედაჩემიც მშვიდდება, რომ ჩემი აღზრდა მთლად წყალში გადაყრილი შრომა არ ყოფილა.
ბებიაჩემი. საბჭოთა ტელევიზორი. |
ხოდა კიდევ ერთხელ მივხვდი რამხელა სხვაობაა ჩემსა და ჩემი მშობლების თაობის მენტალიტეტს შორის. მე მგონია, რომ არანაირი შრომა არაა სირცხვილი: შენივე წარმოებულ რაღაცას, ან თუნდაც შენით ნაშოვნ რაღაცას თუ შესაფერისად ფუთავ და მომგებიანადაც ყიდი _ ძალიანაც კარგი! რა არის ამაში ცუდი, როცა ადამიანს ტვინი ლოგიკურად და სწრაფად უმუშავებს, ხვდება რა დროს რა გამოადგება და სიტუაციას კარგად ერგება? მერე ვიკამათეთ, ვიკამათეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ რადგანაც საბჭოთა კავშირში მიუღებელი იყო საერთოდ საკუთარი ქონება და მით უმეტეს მისი გაყიდვა და ბიზნესის წარმოებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, მთავრობას კაპიტალისტები "თეთრ და მსუქან ბიძიებად" გამოყავდა (რაზეც დედაჩემი გამოტყდა, რომ ბავშვობაში ის კაპიტალისტი თეთრი და მსუქანი ბიძიას კარიკატურა ბევრად უფრო მოსწონდა, ვიდრე შავი და კუნთმაგარი, მაგრამ დაჩმორებული მუშის), შეიძლება ვაჭრობის დაკნინებაც მათი პროპაგანდის კიდევ ერთი ნაწილი იყო _ ხალხს რომ საკუთარი ქონების და ბიზნესის წარმოების მოთხოვნილება არ გასჩენოდა, ეს საქმე უბრალოდ სირცხვილი იყო!
მოკლედ, საბჭოთა კავშირი და რკინის ფარდა ჩემთვის დღემდე ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ამოუხსნელ თემად რჩება. დედაჩემი ხანდახან ისეთ რაღაცებს მიყვება, რომ ვერ ვიჯერებ, ასეთი რამე მართლა ხდებოდა თუ _ არა! მაგალითად, გათბობა ჩავრთოთ თუ არაო, ვლაპარაკობდით და მე ვთქვი ჯერ თბილა და ადრე ხომ არაათქო. დედაჩემმა, უიო კომუნისტები 15 ნოემბერს რთავდნენ გათბობას და 15 აპრილს თიშავდნენო. რომ არ აციებულიყო ნოემბერში ან პირიქით მანამდე აციებულიყო–მეთქი? არაო, ეგრე ჰქონდათ დადგენილიო. აბა სახლში დასარეგულირებელი რამე ონკანი გქონდათ–მეთქი და არაო! ანუ ხალხს იმასაც კი არ ეკითხებოდნენ, როდის უნდა გამთბარიყვნენ და როდის _ არა!! იქნებ მე შუა ზაფხულში შემცივდა! ან იქნებ გიჟი ვარ (როგორც მამაჩემი მაგალითად) და იანვარშიც კი გაღებულ ფანჯარაში და თხელი საბნით მძინავს!
თუკი ოდესმე კარგი ჟურნალისტი ან კინოდოკუმენტალისტი, ან კაი როჟა გამოვედი, ამ თემაზე რამე კარგს, ანალიტიკურს და საფუძვლიანს აუცილებლად გავაკეთებ. :P