უკვე ორი კვირაა რაც ახალ სამსახურში დავიწყე მუშაობა. ძველშიც ვმუშაობ, ოღონდ არ მკითხოთ, როგორ. მე თვითონაც არ ვიცი ორი კვირა როგორ გავქაჩე. დილით ახალ ოფისში მივდივარ, 10-2-მდე აქ ვრჩები, ვწერ სტატიებს, მერე 3-ზე ძველ ოფისში. გზაში ჭამასაც ვასწრებ, ეს ხომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღის წესრიგში.
ახალ სამსახურს მგონი კარგად ავუწყე ფეხი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ცოტანი ვართ და ამ ცოტადან ერთი გოგო ჩემი თსუ-ელი ჯგუფელია. კიდევ ერთი ბიჭია აქ და რედაქტორი. მართალია აქ კიდევ ორნი არიან, მედიამკვლევარები, რომლებიც სიძულვილის ენას სწავლობენ "ქრონიკასა" და "ალიაში" (ნუ არა მარტო აქ, მაგრამ ვისაც ეს გაზეთები ერთხელ მაინც გადაუშლია, მიხვდება, რომ სამუშაო საკმაოდ მრავალფეროვანია ამ მხრივ), მაგრამ ისინი უშუალოდ ჩვენს რედაქციას არ ეხებიან, ამიტომაც გამოდის, რომ ოთხნი ვართ.
ნატა, ჩემი ჯგუფელი და უკვე ჩემი თანამშრომელი ჩემგან ცოტა მოშორებით ზის და როცა 1 საათი ახლოვდება, ფეისბუქში გულისმომკვლელ წერილებს მიგზავნის, ადექი, გავიდეთ და ვჭამოთო. ზუსტად ამ დროს მშივდება მეც.
ლევანია კიდევ აქ ჩემი თანამშრომელი. ჩემსავით სწრაფად დადის და ჭამს.
აღმოჩნდა რომ ეს ორი მედიამკვლევარი Gossip girl-ს უყურებს. ჩემი ლეპტოპის დესკტოპზე სერენას და ბლერის ფოტო მიყენია, ხოდა ამ გოგომ თვალი მოკრა და ჩავირთეთ!:))) მაგრამ უფრო მეტად გავოცდი, როცა მისმა პარტნიორმა ბიჭმა ყურებში თითი გაირჭო და ნუ მასპოილერებთო, აყვირდა. რამდენიმე სერიით ჩამოგვრჩება.
რედაქტორი ზოდიაქოს ნიშნით ლომია. დაახლოებით, მამაჩემის ხნის, ან შეიძლება ცოტა პატარა. ლომებთან ურთიერთობის 23 წლიანი აქტიური გამოცდილება მაქვს, ამიტომაც თუ ვიღაცას მათი ფეთქებადი ხასიათი და ტემპერამენტი აღიზიანებს, მე, პირიქით, აღფრთოვანებული ვარ. გარკვეულწილად მეც ასეთი ვარ და იმიტომ.
ამ ოთახში კიდევ ერთი არსება, ვაშლი ცხოვრობს. აქ მოსვლის დღიდან ეს ვაშლი ერთ-ერთის მაგიდაზე დევს, წითელია, ალაგ-ალაგ მომწვანო, გემრიელად გამოიყურება, მაგრამ რატომღაც არავინ ჭამს. მეც რაღაცნაირად მერიდება მისი, ეგ ალბათ ჩემს აქ მოსვლამდეც მანდ იდო და უფროს-უმცროსობის ამბავია.
აქ კიდევ ბევრი ნივთია საინტერესო. მაგალითად, ჩვენი ექსპრესის ბანერი, საქართველოს ეთნიკური რუკა, სადაც სხვადასხვა ფერით არის მონიშნული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, კიდევ გაკვეთილების ცხრილი. მიქშერსაც მოვკარი თვალი.
ორშაბათიდან აქ სრულად გადმოვდივარ. 10-7-მდე აქ ვიმუშავებ. ორშაბათიდანვე იოგაზე სიარულს ვიწყებ. უკვე ჩავწერე და ამ თემაზეც ვაპირებ წერას ბლოგზე.
აქაური გამოსაცდელი ვადა 1-ელ ნოემბერს მიმთავრდება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ გამოსაცდელი და არა ყოფნის.
წარმატებები :)
ReplyDeleteვაიმე ვაშლიი, რა მისტიური გახდა :) ისე კიდევ რამდენი სახის აპარატურა დევს, ტყუილად ვიხვეწები გაიტანეთ მეთქი :) უცნაური სხვენი გვაქვს
ReplyDeleteვაშლი:))))
ReplyDelete