Saturday, November 5, 2011

"მილენიუმის" ამბავი ანუ "გოგონა დრაკონის ტატუთი"

როგორც წესი, საქართველომდე ახალი წიგნები დაგვიანებით აღწევს.

სტიგ ლარსონის ტრილოგიის პირველმა ნაწილმაც სულ ახლახანს აღაფრთოვანა ქართველი მკითხველი. "გუგლში" "გოგონა დრაკონის ტატუთი" ძებნისას, პირველივე გვერდზე 20-მდე ბლოგის მისამართს ყრის, სადაც ბლოგერები აღფრთოვანებულები აქებენ საერთაშორისო ბესტსელერს.



სტიგ ლარსონი წიგნის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა, 2004 წელს და ვერ მოესწრო, როგორ გახდა მისი დეტექტიური რომანი საერთაშორისო ბესტსელერი, როგორ გაიყიდა 15 მილიონი ეგზემპლარი ამ დროისთვის და როგორ გადაიღო ნილს არდენ ოპლევმა 2009 წელს ამავე სახელწოდების (ბიუჯეტი: 13 მილიონ აშშ დოლარი) ფილმი. 2005 წლისთვის, ანუ მაშინ, როცა წიგნი დაიბეჭდა, ლარსონის სახლში კიდევ ორი ნოველა ინახებოდა, ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილი. დღესდღეისობით დღის სინათლე ორივე ნოველამ ნახა. მეოთხე ნაწილს ლარსონი 2004 წელს წერდა, თუმცა ის დაუმთავრებელია - საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მისი წიგნად გამოცემა ვერ ხერხდება.

რამ უბიძგა ლარსონს დაეწერა მილენიუმის მთელი სერიები, რომელიც გაჯერებული იქნებოდა ფემინიზმით, გენდერის პრობლემებით, ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მთელი რიგი საკითხებით?

როგორც ამბობენ, მან 15 წლის ასაკში ნახა, როგორ გააუპატიურა განგსტერმა გოგონა, სახელად ლისბეთი. ეს მის წარუშლელ ტრავმად დარჩა მომავალში - ლისბეთი მისი ტრილოგიის პირველი ნაწილის მთავარი გმირი გახდა. "ქალთმოძულე მამაკაცები", ანდა "გოგონა დრაკონის ტატუთი" გარდა იმისა, რომ შვედი ჟურნალისტის, მიქაელ ბლუმკვისტისა და ჰაკერი გოგონას, ლიზბეთ სალანდერის ამბავს გვიყვება, გვაჩვენებს შვედეთის უახლეს ისტორიას - როგორ ეპყრობიან მამაკაცები ქალებს, რამდენი გაუხსნელი მკვლელობა მოხდა მთელ ქვეყანაში. აქვეა მოყვანილი შთამბეჭდავი სტატისტიკაც:  შვედეთში ქალების 18%-ს ერთხელ მაინც დამუქრებია საფრთხე მამაკაცისგან, ქალების 48% არაერთხელ გამხდარა მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი, შვედეთში ქალების 13% არაპარტნიორი მამაკაცის მხრიდან გადაჭარბებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, შვედეთში ქალების 92%-ს, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, უკანასკნელი ძალადობის ფაქტის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებიათ.

ბევრმა კრიტიკოსმა მსოფლიო მასშტაბით, სწორედ ფემინისტური ხასიათის გამო შეაფასა დეტექტიური რომანი დადებითად. მაგალითად, კრისტინა კონიგი "ტაიმსის" მიმომხილველი, რომანს "ფემინიზმის საკითხებზე თანამედროვე პოლემიკად" აფასებს "ძველმოდური ტრილერის" სტილში. ხოლო ჯოანა სმიტი "Sunday Times"-ში აღნიშნავს, რომ "ლარსონი, გარდა იმისა, რომ გამოხატავს აღშფოთებას ფაშისტური მოძრაობით, აღწერს ქალთა მიმართ ძალადობას, ნაკლებად, მაგრამ მაინც, ბლუმკვისტის წინაშე ქალთმოძულეობის შემაძრწუნებელი ფესვები იშლება, ისევე როგორც, ფაშიზმში".

მაინც რას ეხება რომანი? ესაა დეტექტივი - დინამიკური, თანამედროვე, რელიგიური შტრიხებით, რომელიც 40 წლის წინანდელ მკვლელობის ამბავს ეხება. ჟურნალ "მილენიუმის" ეკონომიკის მიმომხილველი მიქაელ ბლუმკვისტი და ჰაკერი გოგონა, ლიზბეთ სალანდერი ვანგერების ოჯახის ჩახლართულ ინტრიგებს იძიებენ ჰენრიკ ვანგერის, ოჯახის ერთ-ერთი წევრის თხოვნით. პარალელურად, ავტორი მთავარი გმირების ხასიათსაც გვიხატავს, აღწერს გარემოს, გვთავაზობს უამრავ ისტორიულ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალს და თხრობას დინამიურ რიტმში განაგრძობს. 

ორივე დაკარგული თუ მკვდარი ჰარიეტ ვანგერის ასავალ-დასავალს ეძებს. ჩახლართული ისტორია კიდევ ორ რომანში გრძელდება, რომელიც, სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ჯერჯერობით არაა ნათარგმნი.

მიქაელ ბლუმკვისტის ხსენებაზე ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთი პერსონაჟი გაგახსენდათ, რომელიც დეტექტივობაზე ოცნებობს? ზუსტად ასეა. ჟურნალისტს ოპონენტები სწორედ კალე ბლუმკვისტს ეძახიან, რაც მას დიდად არ სიამოვნებს. მისი გამოცემა გაკოტრების პირასაა, თავად მას კი რესპონდენტზე ცილისწამებაში დაადანაშაულებენ. ვანგერების ისტორიას პარალელურად ვენერსტრომის კორპორაციის დანაშაულებრივი მმართველობის დეტალები გასდევს. ლიზბეთ სალანდერი კი 24 წლის გოგონაა, ოჯახის გარეშე, სახელმწიფოს მიერ დანიშნული მოძალადე მეურვით, ყველასგან გარიყული, გულჩათხრობილი და ჩუმი, ფოტოგრაფიული მეხსიერებით, ჰაკერი.

2011 წლის 21 დეკემბერს იგეგმება დევიდ ფინჩერის ეკრანიზაციის მსოფლიო პრემიერა. მთავარ როლებს დანიელ კრეიგი და რუნი მარა ასრულებენ. ფილმის ბიუჯეტი ამჯერად 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.



No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ