შვედეთის შესახებ მაშინ გავიგე, როცა პირველად, მეორე თუ მესამე კლასში დედამ ნილსის თავგადასავალი მომიტანა. ეს იყო თხელი, სქელყდიანი წიგნი, ზედ პატარა ქერა ბიჭუნა ეხატა, უკანა მხარეს კი ჭაღარათმიანი ქალის ფოტო. ეს ქალი იყო ასტრიდ ლინდგრენი. მას მერე გადავწყვიტე, რომ ამ მწერლის ყველა წიგნი წამეკითხა და, ფაქტობრივად, ავასრულე კიდეც.
ასე გავიგე მკაცრი სმოლანდური ზამთრის, გრილი სალტკროკული ზაფხულისა და სტოკჰოლმური გაზაფხულის შესახებ, რომლის ჩუმ საღამოს შეიძლება მოტორის წყნარ ზუზუნს მოკრა ყური. მას მერე სელმა ლაგერლოფის ბატებთან ერთადაც ვიმოგზაურე და ლინდგრენის კალე ბლუმკვისტთან ერთად წარმატებით ავითვისე "ფაფების" ენაც. მოკლედ, ეს იყო ჩემი ბავშვობის შვედეთი.
მოგვიანებით კიდევ ამოტივტივდა. ეს უკვე იყო მითების, ისტორიების, ვიკინგების, ფრეიების, ტროლების სამყარო - სადაც ვერ გაიგებ რა არის სინამდვილე და რა მითი, თუ იქაური არ ხარ, თუ გრძელ ღამეებს ან 24 საათიან ნათელს არ შესწრებიხარ, მით უმეტეს, ჩრდილოეთის ციალს.
|
"ხმაურის ხმა" |
და ასე იყო წელს, თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზეც. "სიყვარულით შვედეთიდან" სექციაში 6 შვედური ფილმი აჩვენეს. და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ეს ქვეყანა მიყვარს. ეს ხალხი მიყვარს - მშვიდი, ორიგინალური, უცნაური, არანორმალური და აუღელვებელი სიუჟეტები, თითქოს ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს - გინდა საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტზე დაუკარი და ხმა წაართვი, გინდა სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დროს ერთი ინსტრუმენტის ხმაც არ გესმოდეს, გინდა ქმარს უღალატე, რომელიც თავის მხრივ 20 წელია გღალატობს.
წარმოუდგენლად ბუნებრივად თამაშობენ მსახიობები ფილმებში. წარმოუდგენლად ადამიანურ და ყოველდღიურ ისტორიებს ყვებიან რეჟისორები და ამასობაში შვედური ენაც იმდენად ჩვეულებრივად გესმის, რომ გგონია თითქოს 10 წელი ინგლისურს კი არა, შვედურს სწავლობდი მთელი გულმოდგინებით, სამსახურშიც შვედურის თავისუფლად ცოდნისთვის აგიყვანეს.
|
შეგვიძლია ასე ვიყოთ ამ ასაკშიც? |
გემრიელი პრომეთე იყო წელს. დილაობით მივდიოდით მე და თეო კინოთეატრში, ვისხედით ნახევრად ცარიელ დარბაზში, ვუყურებდით ბევრ ფილმს და შთაბეჭდილებებს ერთმანეთს ვუზიარებდით. მაიკ ლის "კიდევ ერთი წელიწადიც" ვნახეთ. ეს იყო გემრიელი ფილმი ბეევრი წითელი ღვინით, ნამდვილი ბრიტანული აქცენტით (მაგალითად, what would you answer her? აბა წარმოიდგინეთ როგორ იტყოდა ნამდვილი ბრიტანელი), მოსიყვარულე ბებერი ცოლ-ქმრით და მათი მეგობრებით, რომლებისთვისაც ცოლ-ქმრის სახლი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ბებრები დარდობენ, რომ ვეღარ ერთობიან და რომ, ერთ-ერთის თქმით, ხმაური ახალგაზრდების პრეროგატივაა. მოხუცებს კი ისღა დარჩენიათ წყნარად იყვნენ და წითელი ღვინო წრუპონ. თანაც, პეპისა არ იყოს, მოხუცები მხოლოდ სისულელეზე იშლიან ნერვებს და წუთით ვერ ისვენებენ, რამე სადარდებელი რომ არ გაიჩინონ.
No comments:
Post a Comment
დააკომენტარეთ