Wednesday, March 14, 2012

ქალთმოძულე კაცები გარშემო

მგონი ჩემი ბლოგის თითქმის 4-წლიანი არსებობის მანძილზე არასოდეს დამიწერია არც ქალთა უფლებებზე, არც 8 მარტზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის მაღელვებდა.

დღეს კი ამ თემაზე პოსტი რომ დამეწერა, ბევრმა რამემ მიბიძგა: "ჯი-პი-აი ჰოლდინგის" ახალმა "ვირუსულმა" მარკეტინგმა, გადაცემა "ქალურმა ლოგიკამ", სხვადასხვა კომპანიების შეთავაზებებმა და, ზოგადად, 8 მარტს ქალთა დღესთან დაკავშირებით გამოსულმა ქართველმა ქალმა (და არამარტო) პოლიტიკოსებმა. კიდევ, "ქალთმოძულე კაცებმა", ანუ შვედურმა წიგნმა, რომელსაც გადათარგმნისას "გოგონა დრაკონის ტატუთი" დაარქვეს. იმიტომ რომ ჩემ გვერდით უამრავი ქალთმოძულე კაცია და ამის შესახებ მინდა რომ მოგიყვეთ.


ალბათ საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ 8 მარტი არაა მხოლოდ ყვავილების, სამზარეულოს აღჭურვილობის და სხვა ასეთი უსარგებლო საჩუქრების ჩუქების დღე; რომ 8 მარტი გასული საუკუნის 10-იან წლებში კოპენჰაგენში პირველ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე კლარა ცეტკინის მიერ დაფუძნდა და მოიცავდა სოლიდარობის, ქალი მუშების სამუშაო პირობებსა და ხელფასს, მათ მიერ პროფკავშირის  დაარსებას და ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით გამოსვლების დაწყების ამბებს.

ეს მოკლედ - თუ რას ნიშნავდა დაარსების პერიოდში 8 მარტი ნებისმიერი სოციალისტი ქალისთვის. (და არამარტო სოციალისტი ქალისთვის - დღეს). მაგდა ანიკაშვილის საყურადღებოდ, რომელმაც აზრი გამოთქვა, რომ 8 მარტს დავანებოთ თავი საკუთარ უფლებებზე საუბარს და უბრალოდ ქალთა დღითა და მოლოცვებით დავტკბეთ. (არადა, რატომ არის საკუთარ უფლებებზე საუბარი ცუდი ტონი, არ მესმის!)

მე არ მომწონს, როცა ასეთი ისტორიის მერე 8 მარტი ისევ საოჯახო ტექნიკაზე ფასდაკლებაში გამოიხატება, რომ მამაკაცები ისევ მიიჩნევენ, რომ ქალისთვის საუკეთესო საჩუქარი სარეცხი მანქანა ან მტვერსასრუტია; რომ ასეთი ისტორიის მერე 21-ე საუკუნეში სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგი" ატარებს სარეკლამო კამპანიას სახელწოდებით "ფრთხილად, საჭესთან ქალია" და სწორედაც რომ სტერეოტიპზე დაყრდნობით, "იუმორში ატარებს ყველაფერს" და, შესაბამისად, ხელს უწყობს ისედაც მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპის "რომ ქალი საჭესთან არ დაისმება" დაფუძნებას. მით უმეტეს, რომ 2 დღის მერე გამოდის ამავე კომპანიის თანამშრომელი და ბოდიშს უხდის ქალებს და ამატებს, რომ ყველაზე ნაკლებად ქალები მოდიან დატვრეული მანქანების შესაკეთებლად, სავარაუდოდ, ქალები უფრო ნაკლებად ამტვრევენ მანქანებს ამ სტატისტიკის მიხედვით, ვიდრე მამაკაცები და შესაბამისად, ქალები უფრო კონცენტრირებული და კარგი მძღოლები არიან, ვიდრე - მამაკაცები. შესაბამისად, არასოდეს ვეკამათები ტაქსისტებს, რომლებიც ყველა თავის წარუმატებელ მანევრს საიდანღაც გამოჩხრეკილ ქალ მძღოლებს აბრალებენ.

მე არ მომწონს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქალური ლოგიკა", სადაც კითხვები საერთოდ არაა ლოგიკური და უფრო სხვადასხვა ადამიანის უინტელექტობას უსმევს ხაზს, ვიდრე - ლოგიკურ აზროვნებას. თორემ რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ვიღაც რიგითმა მოდელმა გოგონამ არ იცის, რომ ბრაზილიის დედაქალაქი ბრაზილიაა? ეს რა, აუცილებლად ქალებმა არ იციან და ქუჩაში გასვლისას უარესად გაუნათლებელ და სულელ ბიჭს ვერ ვნახავთ? საქმე ის კი არაა, რამდენმა და ვინ იცის ბრაზილიის დედაქალაქს რა ჰქვია, არამედ ის, რომ ამ გადაცემის პროდიუსერი თავიდანვე ფიქრობს, რომ მხოლოდ ქალებმა არ იციან ბრაზილიის დედაქალაქის სახელი. საწყენია, როცა ამა თუ იმ ფაქტის არცოდნა მხოლოდ სქესით ისაზღვრება და არა, ზოგადად, განათლებით. მაგალითად, სულაც არ მწყინს, როცა ამბობენ, რომ მოდელი გოგონები გაუნათლებლები არიან. ამაზე პასუხი მაქვს, რომ "მერე რა, ამავე სტერეოტიპის თანახმად, ფეხბურთელი ბიჭები, ორ სიტყვას ვერ აბამენ ერთმანეთს". (ეს ჯერ ერთი ცალკე სტერეოტიპია, თუმცა ამაზე სხვა დროს). მაგრამ ზოგადად, ვიღაც კონკრეტული ინდივიდის გაუნათლებლობა-განათლებულობის საკითხი მხოლოდ სქესის მიხედვით ნამდვილად არ უნდა ისაზღვრებოდეს და ტელეკომპანია "იმედის" ეს გადაცემა, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია დანარჩენებისთვის. (და წესით, არა მარტო ქალებისთვის, კაცებისთვისაც).

როგორც გითხარით, მინდა დავწერო ქალთმოძულე კაცებზე, როგორებიც ბევრი შემხვედრია ცხოვრებაში და რომლებზეც მინდა რომ მოგითხროთ. პირველი ასეთი კაცი, არც მეტი, არც ნაკლები, მამაჩემია. ეს იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლითაც ის მოქმედებდა ჩემზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან. მაგალითად, ასეთი ფრაზებით: "ბუნების კანონია, რომ მამაკაცი ქალზე გარეგნულადაც ლამაზია. მაგალითად, ცხოველებში, თუ დააკვირდები, მამრი ყოველთვის ლამაზი და გამორჩეულია მდედრზე, ქალებიც იმიტომ ხმარობენ კოსმეტიკას, რომ გალამაზდნენ, მამაკაცებს კი ეს არ სჭირდებათ" - ამბობდა ის. მე ასე დიდი ხანი მეგონა, სანამ არ მივხვდი, რომ უბრალოდ მამაჩემს "დაავიწყდა" ეთქვა, რომ მამრი ცხოველები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არიან გამორჩეულები, რომ მდედრს თავი მოაწონონ. ეს უბრალოდ ბუნების კანონია, გამრავლების ინსტინქტი - ის ანაყოფიერებს მდედრს, ანუ მდედრი იმას უშვებს თავისთან, ვინც უკეთესია, ძლიერია, იმიტომ რომ ეს ინსტინქტია. შესაბამისად, რეალურად, ცხოველებში, მდედრი ირჩევს პარტნიორს, და არა - მამრი. რაც შეეხება ადამიანებს, ეს ცოტა სასაცილოა ამის ახსნა, რომ ქალებს რატომ "სჭირდებათ" თავის მოვლა და ესეც საკითხავია სჭირდებათ თუ არა. არც მე მომწონს მოუვლელი ბიჭი - "ბეწვეულით", "სურნელით" და ა.შ. "შეიარაღებული". მოკლედ ამაზე დავა, (რომელი უფრო "ლამაზია" ბუნებრივად სისულელეა და ამას ნუღარ განვავრცობთ) სისულელეა.

მეორე ქალთმოძულე კაცი ჩემს ცხოვრებაში ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო. ჩემზე ბევრად დიდი, რომელიც ხშირად აღნიშნავდა, რომ აღაფრთოვანებდა ქალები, რომლებიც რეალიზებულები იყვნენ, აქტიურები, მუშაობდნენ, საკუთარი საქმე ჰქონდათ და თავსაც უვლიდნენ, მაგრამ ამავე დროს, ეცოდებოდა ისინი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ "ასეთ ქალებს, როგორც წესი, პირად ცხოვრებაში არ უმართლებთ". ესეც კიდევ ერთი საშინელი სტერეოტიპი - თუ ქალს წარმატებული კარიერა აქვს ის ან მარტოხელაა, ან - ლესბოსელი, რომ დამოუკიდებელი გოგო (ისეთი როგორიც, მაგალითად, სალანდერია) აუცილებლად ბისექსუალი მაინც არის. ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებდა ჩემს დარწმუნებას და ჩემში ახალ-ახალ სტერეოტიპებს ბადებდა იქამდე, სანამ არ დავშორდით. მოკლედ, ის ამყარებდა ჩემში იმ აზრს, რომ თუკი წარმატებული ვიქნებოდი, მექნებოდა კარგი ანაზღაურება და საინტერესო საქმე, არავითარ შემთხვევაში ჩემ გვერდით არც ერთი კარგი ბიჭი არ გაჩერდებოდა.

და მართლაც, არ გავჩერდი. მას მერე დიდხანს მეგონა, რომ პირად ცხოვრებას ვერ ავიწყობდი. თუმცა საბედნიეროდ, მისი მოსაზრებებიც, მიუხედავად მისი განათლებისა და ინტელექტისა, არ გამართლდა და აღმოჩნდა ქართულ, კავკასიურ სტერეოტიპებზე დამყარებული. საბოლოოდ შედეგად ის მივიღე, რომ დღეს წარმატებულიც ვარ, საინტერესო საქმე და კარგი ანაზღაურებაც მაქვს და გვერდით მყავს ძლიერი, სიმპათიური, ჭკვიანი და ყურადღებიანი ბიჭიც, რომელსაც აზრადაც არ მოუვა თავში, მგავსი სისულელეებით გამომიჭედოს ყურები.

და ბოლოს, მინდა დავამატო, რომ როდესაც გოგონები საკუთარ უფლებებზე ვიწყებთ საუბარს, როგორც წესი რეაქცია რამდენიმეა, მაგრამ შედეგით ერთნაირი:

1. არ გვისმენენ, არ აინტერესებთ და საუბარს განაგრძობენ, შენ კი გინდა ქვა გისვრია, გინდა გიყეფია
2. დაგცინიან
3. გიკითხავენ მორალს
4. იცინიან და ამბობენ, რომ "ასაკთან ერთად გაგივლის"
5. ყველაფერს ევროპას, ლიბერალიზმს, სააკაშვილს და ამერიკას აბრალებენ
6. ბრაზდებიან და მოითხოვენ, რომ გახვიდე - (მადლობა ღმერთს, საკუთარი ოთახი მაინც მაქვს).

საწყენია, როცა საკუთარ აზრს არ გათქმევინებენ. ერთხელ, ჯიპაში სწავლისას, თიკო ცომაიამ, ჩვენმა ლექტორმა ასეთი სიტუაციური თამაში შემოგვთავაზა: ჩვენ უნდა გვესაუბრა ბიჭებზე, ყველანაირი სტერეოტიპი უნდა დაგვეხვავებინა რაც ვიცოდით მათზე და ბიჭებისთვის პასუხის გაცემა არ უნდა დაგვეცლია. ისინი გაბრაზდნენ და ეწყინათ. თამაშის აზრი ის იყო, თუ რა ცუდია, როცა არ გაძლევენ საშუალებას პასუხი გასცე, რომ ვალდებული ხარ დაამტკიცო, რომ რაღაცას წარმოადგენ და შენც აზროვნებ...


3 comments:

  1. ყველაზე საინტერესო და ცუდი ის არის რომ ქალები თვითონ უკეთებენ ამ მიდგომებს პოპულარიზებას. საერთოდ არ უნდა არსებობდეს ისეთი "დღესასწაულები" როგორიცაა 8 მარტი, მაღიზიანებს ფრაზები დაიცავით გენდერული ბალანსი და ა.შ ყველა ადამიანი თანასწორია და დაუშვებელია დისკრიმინაცია რაც სამწუხაროდ ორივე სქესის მიმართ ხორციელდება და რატომღაც ქალები ამაზე უფრო ბევრს ლაპარაკობენ და ამ "როლის" ტყვეობაში რჩებიან ეს პოსტიც დაწერილია უკვე დისკრიმინირებულის პოზიციიდან : ))

    ReplyDelete
    Replies
    1. ოთო, ვფიქრობ, რომ სწორედაც უნდა არსებობდეს მსგავსი დღესასწაულები, მაგრამ არა იმ ფორმით როგორც დღესაა - 8 მარტი უნდა ახსენებდეს ქალებს, რომ მათი წინაპრები ელემენტარული უფლებებისთვის, ე.წ. "საკუთარი ოთახის" ქონისთვის იბრძოდნენ... ამას არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ მე მაღიზიანებს მედიის მიდგომა, რომელიც "ქალურ ლოგიკას" მახვევს თავს, მაღიზიანებს ტექნიკის მაღაზიების მიდგომა, რომლებსაც 8 მარტის აღნიშვნა "პილასოსზე" და სარეცხ მანქანაზე ფასდაკლება ჰგონიათ და ქალების ადგილი "კუხნაში". ქალები კი იმიტომ ლაპარაკობენ ამ თემაზე ბევრს, რომ აწუხებთ ეს პრობლემა - რაც არ გაწუხებს, იმაზე არ ლაპარაკობ, არც მოგდის თავში აზრად რომ ილაპარაკო, ასე არაა? :)

      Delete
  2. ძალიან კარგი პოსტია, გეთანხმები. კიდევ ერთი არგუმენტი რაც მოაქვთ ხოლმე კაცების აღმატებულობის დასამტკიცებლად არის ის, რომ უფრო მეტი მეცნიერი კაცი არსებობს ვიდრე ქალი. ეს კი სასაცილოა, არავინ ფიქრობს იმაზე რომ გარემო და საზოგადოებამ არ მისცა ბევრ ქალს საკუტარი ტავის რეალიზების საშუალება. ჩარჩოებში ჩასვა ის და მისი შესაძლებლობები. სამზარეულოდან კი ვერავის დაანახებ რომ აზროვნებ და შეგიძლია წარმატებული გახდე.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ