Friday, March 9, 2012

მილენიუმის საგა - მეორე ნაწილი "სხვადასხვა დონის პასუხისმგებლობა"

ამწამს დავამთავრე სტიგ ლარსონის ტრილოგიის მეორე ნაწილის კითხვა. დღევანდელი დღე ისე დამთავრდა ვერც კი გავიგე. ამას ისიც დაემატა, რომ დღეს დასვენება გვქონდა და ფაქტობრივად თავი წიგნიდან არ ამიწევია.

არც ჭამის დროს, არც მტვერსასრუტით სახლის დალაგების დროს, არც მაშინ, როცა ჩემი პატარა ბიძაშვილი მოვიდა სტუმრად და ტვინი წამიღო, სამას სპარტელს ვუყუროთო.


ბავშვობაში, როდესაც პეპის თავგადასავლებს მეასეჯერ მაინც ვკითხულობდი, სულ ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა დიდი პეპი - ნამდვილი მანდილოსანი, რომელიც სხვისი თანდასწრებით ცხვირში თითს არასოდეს იყოფს თუ მეკობრე, წყნარი ოკეანის გემების რისხვა?

ჰოდა, პეპიც, 9 წლის ჟღალთმიანი უცნაური გოგონა თავისი ოქროსმონეტებიანი უზარმაზარი ტყავის ჩანთით, გაიზარდა და ქალთმოძულე კაცების ნამდვილი რისხვა გახდა. თავის ჩვეულ პრინციპებს არც მეორე ნაწილში ღალატობს. თუმცა შარშიც ისევ ისე მარტივად ეხვევა როგორც ორი წლის წინ, მიქაელ ბლუმკვისტთან კი გადაწყვეტს, რომ აღარ იმეგობროს...

შინაარსის მოყოლით და დასპოილერებით თავს არ მოგაბეზრებთ. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ მეორე ნაწილში სალანდერის ტიპი უკეთესად იკვეთება - მის ფოტოგრაფიული მახსოვრობის ნიჭს სხვა უამრავი შესაძლებლობა ემატება. ის ახალგაზრდა ქალია, რომელსაც თავისი მორალური კოდექსი გააჩნია და რომელიც ხანდახან კანონებს ეწინააღმდეგება; თუმცა საბოლოო ჯამში ის ამბობს: "მე უცოდველი არ ვარ. მაგრამ არსებობს სხვადასხვა დონის პასუხისმგებლობა" - და პრინციპში ასეა. ფრთიანი ანგელოზები ცაშიც არიან თუ არა, ესეც გასარკვევია. დედამიწაზე კი, შვედეთში, სადაც სექს-ტრეფიკინგის ქსელი ფართოდაა გავრცელებული, მით უმეტეს, არაფერი ესაქმებათ.

ხოდა ლისბეთიც დამნაშავეებს ტრადიციულად, უმოწყალოდ უსწორდება. გაიგეთ რამე, როგორია მეორე ნაწილი? ისევ ისეთი დამაინტრიგებელი, ათასი შესაძლო ეჭვმიტანილით, უცნაური, გამხდარი და ასოციალური გოგონათი, რომელსაც ბეჭზე დრაკონის ტატუ აქვს და პროფესიონალი ჟურნალისტით - მიქაელ ბლუმკვისტით.

1 comment:

  1. მაგარი წიგნია. პირველზე უფრო საინტერესოა ფინალზე გავოგნდი :)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ