Saturday, April 21, 2012

ორიოდ სიტყვა ნოდარიკო მელაძის შესახებ

დღეს ქართულ საზოგადოებას თვალი აეხილა - თინეიჯერი სატანისტები ჩვენს ქალაქშიც მოიპოვებიან - ნუ, თუ ამას ყველაზე ცხელი თოქშოუს წამყვანს დავუჯერებთ. არა, აშკარად გულით უნდოდა ადამიანს სკანდალურად შეფუთვა, მაგრამ იმ ვიდეოშიც დიდად არ ჩანდა კატას ატყავებდნენ თუ რას აკეთებდნენ
(ძირითადად მაინც ლუდს და არაყს სვამდნენ). იქ მერე აღმოჩნდა, რომ სატანისტები კი არა, ემოები (ან) გოთები იყვნენ, რომლის არსი ვერც თვითონ სტუმრებმა დაადგინეს, ვერც მგონი იმ ბავშვებმა თვითონ. აი ნოდარ მელაძეს კი საერთოდ არ უცდია ემოს, გოთსა და სატანისტს შორის რაიმე განსხვავება დაენახა - შავად თვალებშეღებილი, გრძელთმიანი და პირსინგიანი ბიჭი ან გოგო იმისთვის უკვე სატანისტია და მორჩა! გინდა კატა დაუკლავს, გინდა თითი გაუჭრია.  

რატომ ირჩევთ მაინცდამაინც სასაფლაოებსო, გადაეკიდა. კაცო, გეუბნება ეს ბავშვი, სასაფლაოს კი არა, პროსტა წყნარ ადგილას მივდივართ, სადაც ხელს არავინ შეგვიშლისო. (აბა ბატონო პარკებში აკრძალეს ლუდის სმა და სადმე ხომ უნდა დალიოს ადამიანმა ალკოჰოლი??) თუმცაღა ბატონი წამყვანი იმას სულ არ ჩასძიებია, რატომ იღებს არასრულწლოვანი ალკოჰოლს, ვინ მიყიდა საერთოდ მას ალკოჰოლი, ზრუნავს თუ არა მშობელი ან სკოლა მასზე. თუმცა ნეტა მხოლოდ ეს იყოს!

წარმოვიდგინოთ, რომ ერთხელაც ეს 14 წლის პატარა ემო ბიჭი გაიზარდა. (მოხდება ალბათ ესეც). თმაც შეიჭრა, თვალები ამოიბანა და "დაემსგავსა ადამიანს" თუ "განაგდო ეშმაკი", მოკლედ როგორც არის ხოლმე რა. გაგზავნა თავის რეზიუმე სადმე და დაურეკეს. ვაიდა იცნო გასაუბრებაზე მომავალმა ბოსმა, შენ ის არ იყავი, რამდენიმე წლის წინ სასაფლაოებზე რაღაც რიტუალებს რომ ატარებდიო? მოდი და უმტკიცე, რომ "რიტუალების ჩატარება" ტუტრუცანა ნოდარიკო მელაძემ შეგაწმინდა, რომ გადაცემა გამოსვლოდა, შენც სიტყვა არ გათქმევინეს. ხოდა გონიხარ შენს მომავალ დამქირავებელს "სატანისტი" და "გადაგვარებული".

რა მიიღო ამ გადაცემით საზოგადოებამ? როგორ დაუბრუნდა რამდენიმე მოზარდი "ნორმალურ" ცხოვრებას? არის რო ეს ცხოვრება "ნორმალური"? უკეთესი ალტერნატივაა ვითომ ახლანდელი სკოლა, განათლება, საზოგადოება მოზარდისთვის? რამე უკეთესს გვთავაზობს დღევანდელი სისტემა, გარდა "მექანიკური ფორთოხლებისა"? არის სადმე ადგილი ან არის სადმე ისეთი მასწავლებელი/დირექტორი/მანდატური/ა.შ. ვინც მოზარდის ინდივიდუალურ განვითარებას შეუწყობს ხელს, მიუთითებს იმაზე, რომ დიახაც, ის უნიკალური და განსხვავებულია და თვითგამოხატვისთვის ყველანაირ საშუალებას მისცემს? გვაქვს ასეთი გარემო? ჰოდა რატომ უკვირს მერე ხალხს, თუ გარდატეხის ასაკში მყოფი ადამიანი თვითგამოხატვის რადიკალურ ფორმას აირჩევს? (თანაც, ვისთვის რადიკალურია, ვისთვის - ჩვეულებრივი).

გაურკვეველი ტიპის "ექსპერტებზე", არაკომპეტენტურ კითხვებზე (მაგ. საფლავებს ბილწავთ?), პირდაპირ და აშკარა შეფასებებზე, სასულიერო პირების ამხელა დოზით ჩართვასა და უაზრო და გაურკვეველ დემაგოგიაზე (ის კატა შენი გაზრდილია რომ კლავ? ე.ი. ჩემს გაზრდილ კატას რასაც მინდა იმას ვუზამ???) აღარაფერს ვამბობ. მით უმეტეს, როცა საქმე არასრულწლოვნებს ეხება.

გარდა ამისა, როდესაც რამე თემაზე გადაცემას აკეთებ, ელემენტარულად ყველაზე მინიმუმ გუგლში მაინც უნდა ჩაწერო "ემო", "გოთი" და "სატანისტი", რომ მიხვდე, ვინაა და რა ხალხია საერთოდ. გაიგო რას ნიშნავს ტერმინი "სექტა" და მხოლოდ ამის მერე იხმარო.

და კიდევ ერთი: ჩემი აზრით, დაუშვებელი იყო ამ მოზარდების ვინაობის გამხელა. ან, თუ ე.წ. "საზოგადოების დაკვეთა" იმდენად მაღალი იყო, რომ აუცილებლად მათი ვინაობა მთელ საქართველოს უნდა სცოდნოდა, მაშინ ეცლია ბატონ წამყვანს, ნოდარ მელაძეს მათთვის აზრის გამოთქმა, დაეცლია სანამ ისინი ჩამოაყალიბებდნენ თავიანთ სათქმელს.  

ჩემი აზრით, ეს არაა მხოლოდ მორიგი "ყვითელი", სკანდალური გადაცემა. "პროფილისა" და "ნანუკას შოუსგან" განსხვავებით, აქ ბევრი ადამიანი ზიანდება, ვრცელდება სიძულვილის ენა, რეალურად პრობლემის არსი ისევ ბუნდოვანია და აუდიტორია მხოლოდ ზედაპირზე ყაყანებს და ამ შემთხვევაში მოგებული მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კაცი რჩება - ვინც გადაცემა გააკეთა და რეკლამის მოზიდვით ფული იშოვა. ეს არაა უგემოვნობა, ეს, მინიმუმ, არაეთიკურია.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ