Wednesday, March 7, 2012

ვსწავლობთ ჟურნალისტიკას!

ორი კვირაც არაა რაც შეთავსებით მუშაობა დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაცია ADC-ში ჟურნალისტიკის მასწავლებლად.

ჩემს ჯგუფში 13-14 წლის მოზარდები სწავლობენ. სულ დაახლოებით ოცამდე იქნებიან, თუმცა გაკვეთილზე უფრო ცოტანი დადიან. ჟურნალისტიკაზე ზოგადი წარმოდგენა აქვთ - როგორსაც ველოდი.

თუმცა ბევრი ცხელი თემა უტრიალებთ თავში და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თავიდან სუყველას ვკითხეთ, რა თემა აინტერესებდათ და თითქმის ყველამ მუსიკა, კინო, გართობა, კომპიუტერი და ა.შ. დაასახელა. 

მერე ვკითხე, მოსწონდათ თუ არა სკოლა, გაკვეთილები, მანდატურების სისტემა, რას შეცვლიდნენ და რას - არა; როგორ ცხოვრობდნენ, რა აწუხებდათ და ა.შ. 

იმდენი თემა წამოვწიეთ, თვითონაც არ იჯერებდნენ. ეს ყველაფერი შეიძლება რომ დავწეროთ? მეკითხებოდნენ. მაგალითად, თუ როგორ და რატომ არ მოსწონთ მანდატურები, როგორ არ უყვართ ინგლისურის გაკვეთილები, იმიტომ რომ მასწავლებელი 30 კაცში გაკვეთილს ვერ ატარებს; უნდათ ნახონ თავიანთი მდიდარი თანატოლების ცხოვრება და დაწერონ ამის შესახებ, დაწერონ მშობლების შესახებ - რას უკრძალავენ, რატომ და თვითონ როგორი დამოკიდებულება აქვთ. 

მოკლედ, ბევრი ცხელი თემა წამოწიეს ისეთი, რამაც შეიძლება მათივე ტოლი მოზარდი დააინტერესონ.

მერე დავთქვით, რომ მოვიწვიოთ სტუმრები: საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პროფესიონალი ჟურნალისტები. მითხრეს, რომ აინტერესებთ როგორ მუშაობენ ჟურნალისტები ომში, როგორ აშუქებენ პოლიტიკურ ამბებს, როგორ პოულობენ რესპონდენტებს და როგორ იგებენ ახალ ამბებს. მოკლედ, ვეძებთ პროფესიონალ ჟურნალისტს, რომელსაც გაუშუქებია ომი, შეხება ჰქონდა ცნობილ პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტური გამოძიებებიც უწარმოებია.

ისე კი, ჭკვიანი და მონდომებული ბავშვები ჩანან. ენთუზიაზმით შეუდგნენ ახალი საქმის სწავლას. თან ყველაზე მეტად ის გაუხარდათ, რომ ინტერნეტთან და კომპიუტერთან ხშირი შეხება ექნებათ. 

ძალიან საინტერესოა ეს ახალი საქმე ჩემთვისაც. ყოველთვის მინდოდა, ჟურნალისტიკით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დამეინტერესებინა. ბავშვებს ვეუბნები, რომ მობილური ტელეფონითაც მათ შეუძლიათ გაცილებით საჭირო მასალა შექმნან, ვიდრე პროფესიონალური კამერით, როცა ცენზურა არაა. 

შემდეგ პოსტში დავწერ ერთ-ერთ მოსწავლეზე, რომელიც არცთუ ისე კონტაქტურია, ძალიან მორცხვია და ვატყობ, რომ გაკვეთილებზე ხშირად თითქოს "ითიშება". არ ვიცი რა სჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლებს ის ლაპარაკობს და მგონია რომ საერთოდ არ მისმენს, ხშირად ყველაზე ზუსტ რაღაცებს "არტყამს" ხოლმე. მაგალითად, გაზეთის სახელი, რომელიც სულ მალე უნდა დავაარსოთ, ყველაზე კარგად მან მოიფიქრა; ყველაზე სერიოზულ და მტკივნეულ თემებზე ის ფიქრობს. საინტერესო ისაა, რომ გაკვეთილის მერე ვკითხე, რას საქმიანობდა თავისუფალ დროს. მიპასუხა, რომ ბევრს კითხულობს და რაც ჰარი პოტერის შვიდივე ტომი წაიკითხა, მიხვდა, რომ თავადაც ჯადოქარია, იმიტომ რომ სხვების ტვინებში შეძვრომა შეუძლია. 

2 comments:

  1. რა მაგარია. როგორ მიყვარს მოზარდები, ყველაზე საინტერესო ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები არიან, ჩემი აზრით.

    საინტერესო პოსტია და ახლავე ვავრცელებ ყველგან, სადაც შემიძლია :)

    ReplyDelete
  2. ხო, ყველაზე რთული და საინტერესო ტიპები არიან, მართლა. ძალით ვერაფერს გააკეთებინებ, ვერაფერს ასწავლი - თავი ყველაზე ჭკვიანები ჰგონიათ.. :))) მაგრამ ძალიან საყვარლები და მონდომებულები, მართლა!

    ReplyDelete

დააკომენტარეთ