Monday, June 30, 2014

21 ივნისი, 2014 - თბილისიდან ბაქომდე

მე და გიომ ბაქოში გავიღვიძეთ. ჯერ კიდევ მატარებელში ვართ, მაგრამ ბაქოშიც მლე ჩავალთ. ფანჯარაში ვიყურები. გარეთ აღარსადა მწვანე, გაფოთლილი ხეებით დაფარული მთები. მთლიანად დაბლობია, შემაღლებული ბორცვებით და მზის მცხუნვარებით გადახრუკული ბალახით და დაბალი ბუჩქებით. ჰო, ლანდშაფტი საქართველოსგან გაცილებით სხვანაირია.

ამას ვგულისხმობდი განსხვავების დანახვაში - ევროპაც და მისი ბუნებაც დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც საქართველოშია, ყოველ შემთხვევაში, იმ ქვეყნებში, სადაც მე ვარ ნამყოფი. აი, აზერბაიჯანი კი სულ სხვაა. თანაც მატარებელში წამდაუწუმ ჩაის გვთავაზობენ. გამცილებლები ძალიან თავაზიანი და მხიარული ქალები არიან. გიო მოეწონათ ძალიან და სულ უცინიან. ჩვენთან ერთად ერთი აზერბაიჯანელი კაცი და ერთიც უკრაინელი სტუდენტი გოგო მგზავრობენ.

გუშინვე ამ კაცმა სამივე აზერბაიჯანულ ჩაიზე დაგვპატიჟა, თან აღნიშნა, თბილისში იმდენი ჩაი დავლიე და ჩვენნაირი მაგარი არსად შემხვედრიაო. ამაზე ჩვენ მხრები ავიჩეჩეთ და დაახლოებით სომხურად ვუთხარით, „ზატო უ ნას ღვინო გვაქვს ძაან მაგარი თქო“.

მერე გიომ აღმოსავლეთის პოლიტიკზე დაუწყო საუბარი და სადღაც ქურთისტანიც ახსენა. ამერიკელების მადლობლები არიანო. აი აქ კი შეეცვალათ სახე აზერბაიჯანელ მეგზურს და გამცილებელს.

- ისინი საერთოდაც ყველგან არიან! ეგრე ყველგან უნდა მოითხოვონ დამოუკიდებლობა? - აიბზუა ცხვირი გამცილებელმა.

ჩვენ გაგვეცინა. თბილისშიც მრავლად არიან ქურთები, მაგრამ წარმოიდგინეთ, ოდესმე თსუ-ს ბაღის ან ვერის ავტონომია რომ მოითხოვონ.

- ან კიდევ ეს სომხები! - აბრიალებს თვალებს გამცილებელი - ყველგან ისინი არიან! საბჭოთა კავშირამდე ერევნის ტერიტორია მთლიანად აზერბაიჯანის იყო. რაის მთიანი ყარაბახი, სულ ჩვენ ვიყავით, მერე საბჭოთა მთავრობამ დაუკანონა მაგათ მიწები! - ამატებს გულმოკლული.

მე და გიო ერთმანეთს შევცქერით და არ ვიცით, გავიცინოთ თუ არა. ამისთანა რამეს ყველაზე გიჟი ქართველიც კი არ იტყვის, მე მგონი! მაგრამ სანამ გავიცინებდეთ, ვხვდებით, რომ არ ღირს სტუმართმოყვარე მასპინძლების გაბრაზება, თანაც ეს კაცი სულ ჩაიზე გვეპატიჟება და ფულსაც არაფრისდიდებით არ გვართმევს.

ფანჯრიდან ქვის დიდ კარიერებს შევყურებთ. ალი გვიხსნის, რომ იქ აგურს აწარმოებენ. არასოდეს მინახავს კარიერი. ჩემს აღფრთოვანებას ალის ვუზიარებ. დიდი კლდეებია, ქვის ნანგრევებით, რომლებსაც პაწაწინა მანქანები შესევიან.

- თქვენ სად ნახავდით აბა კარიერს, თქვენთან თვითონ მიწაა ოქრო - იცინის ალი, - სიმინდი, ლობიო, ხილი, ბოსტნეული.. ყველაფერი მოდის, რასაც დარგავ!

გამცილებელს ისევ ჩაი შემოაქვს. გიო ყნოსავს და იძახის, რომ სურნელი მოსწონს. ალი ისევ იცინის - აი ეს კი ნამდვილად ქართული ჩაია, უგემური! ჩვენც ვყვებით სიცილში.


ალი ბაქოს საუკეთესო ადგილებს გვასწავლის. თუმცა მერე ამატებს, ბულვარში გაისეირნეთ და ისიც გეყოფათო. ზღვასთან კაფეები ძვირიაო, ამატებს. 

და უცებ, ფანჯრებში როგორც იქნა, კასპიის ზღვა გამოჩნდა! უცნაურია არა? რუკაზე პირველი კასპიის ზღვის ცნობა ვისწავლე საქართველოსა და შავი ზღვის მერე და ამდენი ხნის მერე ბოლოსდაბოლოს სინამდვილეშიც ვნახე! 

2 comments:

  1. უფრო დიდ პოსტს ველოდი :დ

    ReplyDelete
  2. ეს მერე ერთი დღე იყო მარტო :დ შემდეგი პოსტები ნახე, შვიდია და დიდები :დ

    ReplyDelete

დააკომენტარეთ