Thursday, January 28, 2016

ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს!

სამსახურიდან მოვდივარ. ტრანსპორტში ვზივარ. პოსტს ტელეფონში ვწერ.

ამ ბოლო დროს ტელეფონით პოსტვა განსაკუთრებით დავამუღამე. სულ მიჩვევის ამბავი ყოფილა, აბზაცების ბეჭდვა შემიძლია ტელეფონით, მთავარია არ გაჭედოს!


მეგობრები ხუმრობით მეკითხებიან, რას ვაკეთებ ხოლმე ფეისბუქზე დილის 4-5 საათზე. ცხადია, მხოლოდ ის მეგობრები, ვისაც შვილები არ ჰყავთ.

მთელი სამი თვე სახლში ყოფნის განმავლობაში დღე არ გასულა, სამსახურზე, საქმეზე, გასასვლელ ტანსაცმელსა და ჩვეულებრივ სუნამოს დასხმაზე არ მეოცნება. ჩემთვის თავისუფლად შეგეძლო, "workaholic" გეწოდებინა, იმდენად მიყვარს და არ მეპრობლემება სამსახურში გვიანობამდე გაჩერება, საქმეზე თვალებანთებული ლაპარაკი, დღის განრიგის ჩამოწერა და მისი შესრულება.

ერთი თვეა სამსახურში გავედი და მთელი დღე გულისფანცქალით ველი მომენტს, როცა სახლის კარებს შევაღებ და ლაზარეს დავინახავ. ისიც ჯერ დამაკვირდება, დამაკვირდება, მერე უცებ გამიცინებს და დაიმორცხვებს. მერე ახვანცალდება.

იცით, რომელი წუთები იწელება ყველაზე მეტად? სამსახურიდან სახლამდე გზა არა, არც - თვითონ სამსახურში ყოფნის დრო, არც ეზოდან სახლამდე კიბეებზე ამორბენა. სახლში შემოსვლა, ხელ-პირის დაბანის და გამოცვლის წუთები, სანამ გულში ჩავიხუტებ არის ყველაზე მკვლელი. როცა გაოცებული, წარბებაწკიპული და პირღია მიყურებს, როგორ გადარეულივით დავრბივარ ოთახიდან სააბაზანოში, სააბაზანოდან ოთახში სველი ხელებით და პირსახოცს ვეძებ, თან ცალ ფლოსტს მივათრევ. იმდენად გაოცებულია, ისიც კი ავიწყდება, რომ შია და წუთის წინ ჭუჭყუნებდა.

დიღმის ტრასას ვუყურებ ავტობუსიდან და განვლილ სამ თვეზე ვფიქრობ. აქედან პირველი თვე საერთოდ არ მახსოვს, თითქოს, ძილბურანში ვიყავი და ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. მექანიკურად ვაჭმევდი ბავშვს, მექანიკურად ვბანდი, მექანიკურად ვიღებდი სტუმრებს და მათ მილოცვებს და საჩუქრებს, ვერაფრით ვხვდებოდი, რა აწუხებდა, როცა ტიროდა და მზად ვიყავი, პირველივე შემხვედრი დამეხრჩო, ვინც გაბედავდა და გააღვიძებდა...

მერე ნელ-ნელა მოვედი აზრზე. მგონი მას მერე, როცა პირველად გამიცინა. თუ როცა პირველად დამაკვირდა და მივხვდი, რომ გაცნობიერებულად მე მიყურებდა და მაკვირდებოდა.

ერთბაშად არ შემყვარებია. არც დაბადების მომენტიდან მიგრძვნია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. უფრო სწორად, მე თვითონ ვარ პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი, მიჩვეული ვარ დისციპლინას და შრომას. შესაბამისად, თავიდან, როგორც ყველანაირ საქმეს, ისეთივე შრომისმოყვარეობით და გაუპროტესტებლად მივუდექი. (ეს ჩემი საქმეა და სხვა ჩემ ნაცვლად ამას ვერ გააკეთებს). სიყვარული და ამ საქმის კეთებით გამოწვეული სიხარული ნელ-ნელა მოვიდა. ჩემი მეგობრები (ჩემი გმირი მეგობრები, ოდესმე ამ გოგოებს დიდ პოსტს მივუძღვნი, იმიტომ რომ საუკეთესო მეგობრები და დედები, ღირსეულები, წარმატებულები და მხიარულები არიან!) მეუბნებიან, რომ ჯერ კიდევ სად ვარ და წინ მთელი გზაა.

ვფიქრობ ჩემს მცდარ წარმოდგენებზე შვილიანი წყვილების შესახებ და მგონია, რომ ჩემი "ბრძნული" აზრების ფრქვევით ბევრჯერ ვატკინე გული ჩემს მეგობრებს, მათ, ვისაც შვილები ჰყავთ და რომლებიც ჩემგან ამას არაფრით იმსახურებდნენ. ჩემს "სიტყვით გამოსვლებს" იმის თაობაზე, რომ ადამიანს შვილი ხელს უშლის სწავლაში, კარიერაში, გართობასა და მხიარულებაში, ჩუმად და დინჯად ხვდებოდნენ და მხრებსაც კი არ იჩეჩავდნენ. და მგონია, რომ ისინი ჩემი ატანისთვის ოქროს მედლებს იმსახურებენ. ანდა, შეიძლება, არაფერი განსაკუთრებული მათ ჩემგან არ გაუგიათ. ალბათ, მეც მხრებს ავიჩეჩავ, ან გავიღიმებ, თუკი ჩემი სხვა, უშვილო მეგობრებისგან იმავე ტექსტებს მოვისმენ, რასაც მე ვუმეორებდი ერთი წლის წინ შვილიანებს.

ამასწინათ, გიომ მკითხა, ნუთუ ყველანაირ მოგზაურობას ლაზარესთან ყოფნა არ ჯობსო. მე ის ადამიანი ვარ, ვინც არანაირი არჩევანის წინაშე არ უნდა დააყენო. ვერასოდეს ვერაფერს აირჩევს და იდგება იქ სამყაროს აღსასრულამდე. საბოლოოდ ვუპასუხე და გულწრფელად მართლა ასე ვფიქრობ, რომ მინდა, მთელი მსოფლიო ლაზარესთან ერთად ვნახო და ის აღფრთოვანება და აჟიტირება, რასაც მოგზაურობისგან ვიღებ, მასთან ერთად გავიზიარო. ვიცი, ვიცი, რომ ბავშვთან ერთად მოგზაურობა ცალკე დიიიდი ლოჯისტიკაა. უბრალოდ, ახლა ვხვდები, რას ნიშნავს, როცა ერთი ადამიანისთვის მთელი სამყაროს ჩუქება გსურს.


No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ