Thursday, April 14, 2016

ათი რამ, რაც ბავშვის გაჩენის შემდეგ აღმოვაჩინე



1. ბავშვებიც ტირიან - ჯერ ისევ ორსულად ვიყავი, როცა მე და ჩემს ქმარს მეზობლის ბავშვის ტირილი არ გვაძინებდა. მაშინ ვუთხარი: "ჩვენი ასე არ იტირებს" xD

ასე თავს ის ადამიანები იტყუებენ, ვისაც ბავშვები არ ჰყავთ. ბავშვები უმიზეზოდაც ტირიან: გამოუცვლი, ჩაბან, აჭმევ, ასმევ, დააძინებ, გაართობ, ყირაზე გაივლი - ის კი მაინც ტირის. არ შია, არ ეძინება, გამოსაცვლელი არ აქვს და არც ავადაა. კაცმა არ იცის, რა უნდა. მუნჯის ენა კი, სამწუხაროდ, არ სცოდნია დედას. ყოველ შემთხვევაში, მეცადინეობის გარეშე. 

2. დრო საერთოდ არ გაქვს - სანამ დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი, ზუსტად ერთი კვირა ვცდილობდი მისაწებებელი ფერადი ფურცლიდან ტელეფონში ვიღაცის ნომერი გადამეტანა. ალბათ გგონიათ, რომ ვაჭარბებ. სამწუხაროდ, არა. დრო ნამდვილად არ მქონდა, რომ მობილურ ტელეფონში ტელეფონის ნომერი ჩამეწერა. დრო მას მერე გამიჩნდა, რაც სამსახურში დავბრუნდი. 


3. ცხოვრებაში მთავარი ძილია - თქვენ გგონიათ, ადამიანი უძილოდ მხოლოდ ერთი კვირა ძლებს? ეს სისულელე ალბათ იმან თქვა, ვისაც არასოდეს უცხოვრია ჩვილ ბავშვებთან ერთად. აგერ უკვე მეშვიდე თვე დაიწყო, რაც ყოველღამე იმ იმედით ვწვები, რომ იმ ღამეს მაინც დავიძინებ 6 საათი გადაბმულად. ჯერჯერობით ასე ბედნიერად არ დაღამებულა, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ.

4. სიშიშვლე, ეს ფარდობითი ცნებაა  - სანამ ბავშვს გავაჩენდი, არ მქონდა ჩამოყალიბებული შეხედულება იმის თაობაზე, მაღიზიანებენ თუ არა დედები, რომლებიც ბავშვებს გარეთ აჭმევენ ძუძუს. უფრო სწორედ, არ მაღიზიანებენ, მაგრამ არ ვიცოდი, მეც იმავეს გავაკეთებდი თუ არა... იქამდე, სანამ ლაზარე პოლიკლინიკაში პირველ აცრაზე არ მივიყვანეთ და "სირენა" არ ჩართო... ყველანაირი მორიდება ქრება, როცა ბავშვის გაჩუმება-დაწყნარებაზეა საქმე. და თუ ბავშვს მხოლოდ ძუძუ აწყნარებს, მით უმეტეს. განსაკუთრებით მორიდებულების საყურადღებოდ, თუკი იცით, რომ იმ დღეს დედა-შვილს გარეთ დიდხანს გიწევთ გასვლა, უბრალოდ, ჩაიცვით მოხერხებულად, ან წაიღეთ ე.წ. "პელიონკა" და საჭირო დროს გადაიფარეთ, ოღონდ, თუ ღმერთი გწამთ, თქვენს მორიდებულობას და "ღირსებას" ბავშვის ტირილს და ისტერიკებს ნუ ამჯობინებთ. 

მშობიარობამდე 2 საათით ადრე ბლოკში ვხვანცალებთ
5. არ მინდა, ქმარმა მშობიარობის დროს მნახოს, იმიტომ რომ, ცუდად გამოვიყურები - კერქი რა. დავიჯერო, არასოდეს გინახავთ ქმარი გათხლეშილი მთვრალი? ანდა, დავიჯერო, ერთხელ მაინც არ უნახავხართ მოუწესრიგებელი, უმაკიაჟო, თმაგაწეწილი და სახეახეული? მით უმეტეს, რომ მისი შვილიც იბადება. მე თუ მკითხავთ, სასურველი კი არა, აუცილებელიცაა, მამამ შვილის დაბადებას უყუროს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს მართლა საოცარი და ამაღელვებელი მომენტია და ამის სიტყვებით გადმოცემა, როგორ იბადება ახალი სიცოცხლე, მართლა შეუძლებელია. 

6. პოსტ-მშობიარული დეპრესია - ეს მითი მეგონა, პრეტენზიული და კაპრიზული ქალების მიერ შექმნილი თავდაცვითი მექანიზმი, მაგრამ ოოო, ეს არის ჰორმონების კოქტეილი, ვულკანი, როცა მთელი შენი ორგანიზმი, როგორც გამდნარი ლავა, ისე ბობოქრობს და საწყის სტადიას უბრუნდება. მე, მაგალითად, ერთ სიმღერაზე ვიტირე მხოლოდ იმიტომ, რომ გამახსენა ერთ-ერთი ზაფხული ბათუმში. პოსტ-მშობიარული დეპრესია არის დემენტორების შემოსევა, რომელსაც ვერანაირი პატრონუსი ვერ ალღვობს, ვერც - შვილი, მათ შორის. ჰა-ჰა სუპერ-მოსიყვარულე და სუპერ-მომთმენმა პარტნიორმა ხელი მოგკიდოს და სანამ თავს არ დაგეხსნებიან, იქამდე არ გაგიშვას. ძალიან ძნელია დედობა. უძნელესი.

7. სწრაფად ჭამა/სწრაფად ბანაობა  - რამდენ წუთს უთმობთ გემრიელ სადილს? ან რამდენი წუთი დგახართ ცხელი შხაპის ქვეშ? ადრე ჭამა და ბანაობა სიამოვნება იყო? დამიჯერებთ, თუკი გეტყვით, რომ შეძლებთ, ეს დრო 5 წუთამდე (ან უფრო ნაკლები) ჩამოიყვანოთ? ჯერ ვერა? კაი. 

8. ბავშვებს თავში "რადარები" აქვთ - და გრძნობენ, როდის მორჩით სახლის საქმეებს, როდის აადუღეთ წყალი და როდის დაისხთი ყავა, რომ ბარემ, სანამ სძინავს, იქამდე მშვიდად დალიოთ. ხოდა, დადგამთ თუ არა ჩაიდანს, გესმით ფხაკუნის ხმა საძინებლიდან და თქვენც, განწირული ფიქრობთ "ღმერთო, რა იქნება თაგვი გვყავდეს, ღმერთო, რა იქნება თაგვი გვყავდეს".

9. შვილის ფოტოების სოციალურ ქსელებში გავრცელებას მაქსიმალურად შეზღუდავთ - ბულშით :D მე ჯერ ახალბედა დედა არ შემხვედრია, რომელმაც გაუძლო ამ ცდუნებას, ჩემი ჩათვლით, ცხადია. არადა, ვინ მოთვლის, რამდენჯერ გამოვსულვარ სიტყვით არასრულწლოვნების ფოტოების სოც.ქსელებში გავრცელების მავნებლობის შესახებ. ერთადერთი არგუმენტი, რითაც თავს ვიმართლებ ხოლმე ახლა ისაა, რომ "თუ არ მოგწონს, დამაჰაიდე". :/ 


და, საერთოდაც, ამ ყველაფერს უფრო პრაგმატული ახსნაც აქვს: დღეს, მაგალითად, მიხაი ზიჩის აქამდე უცნობი ალბომი დავაშეარე, რომელიც ეროტიკული ხასიათის გრაფიკული ნამუშევრების სერიაა. სასწაული ნახატებია, ამაღელვებელი, ემოციური, თან მე-19 საუკუნის. უკვე ერთი საათია, რაც მიდევს და ჯერ მხოლოდ 12 "ლაიქი" აქვს. როცა ჩემი შვილის ერთი ფოტოს დაშეარების შემთხვევაში 9 ლაიქი მარტო 1 წამში გროვდება. ხოდა, გამარჯობა, ცდუნება დიდია-თქო, რომ ვამბობ, არა გჯერათ. ("იიი, რა კაი გოგო იყო, საინტერესო, ინტელექტუალურ რამეებს აშეარებდა, ახლა მარტო ბავშვის ფოტოებს აშეარებს..." - ტაში, დამილაიქეთ და ისევ იმას დავაშეარებ :D )

10. და ბოლოს, რასაც ცოტა გვიან მივხვდი და ახლა ვნანობ, იმიტომ რომ ვეღარ დავიბრუნებ, ისაა, რომ მთელი გულით ვცდილობ, ვიხსენებ ლაზარეს დაბადების პირველ ორ თვეს და არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ჩემი წუწუნი. გაუთავებელი წუწუნი უძილობაზე, დაღლილობაზე, ცხოვრების შეცვლილ წესზე, სტრესებზე... მხოლოდ ფოტოებიდან მახსოვს ლაზარე ერთი დღის, ორი დღის, რამდენიმე კვირის... ხოდა, მგონია, რომ მიუტევებელი რამ ჩავიდინე, რომ არ დავიმახსოვრე, როგორი იყო; არ ვიყავი მთლიანად მისით მოცული იმ პერიოდში და ჩემს დეპრესიას უფრო ველოლიავებოდი, ვიდრე - ახალი სიცოცხლით და ახალი სასწაულით ვხარობდი. ძალიან ვნანობ ახლა ამას. 

6 comments:

  1. უჰ, ზუსტად :( მეც ფოტოებიდან მახსოვს ლაზარეს პატარაობა და ასე მგონია პირველი სამი თვე ბურუსში ვიყავი :( ჩემი დეპრესია კი გაგრძელდა აგერ წლამდე, სამწუხაროდ.

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, აი მე სამსახურში გამოსვლამ მიშველა ძალიან.

      Delete
  2. შეუძლებელია ადამიანს გახსოვდეს ბავშვის ყველა ეტაპი, რადგან დაბადებიდან 2 წლამდე მაინც, ცვლილებები განსაკუთრებით სწრაფია. ადამიანის გონებას არ შეუძლია ამდენი ინფორმაციის თუ მოგონების ერთ დონეზე შენახვა. ამიტომ, ნურაფერს ნუ ნანობთ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო, მართალი ხართ. უბრალოდ, ორი თვის მერე დავიწყე რაღაცების აღქმა, ჩაწერა, ფოტოების გადაღება... იქამდე, რაღაც, მარტო ჩემს თავს ველოლიავებოდი და მარტო ჩემი თავით ვიყავი აღფრთოვანებული, რო "ვაიმე, რა მაგარი ვარ, მე ეს შევძელი!" - პონტში :)

      Delete
  3. რა კარგად წერ <3 ჩამოვუარე შენს ბოლო პოსტებს! You are so sweet <3

    ReplyDelete
  4. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ