Monday, May 30, 2011

"თუ არ მოგწონვარ გაიხედე" (c) ...

როცა ჩემი გარშემომყოფები ჩემდამი რწმენას და ნდობას კარგავენ, ძალაუნებურად საკუთარი თავი მეც გადასაგდები და უვარგისი მგონია. არც მე მჯერა საკუთარი თავის და მგონია რომ ვიტყუები.
ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ ვინც თავს იმართლებს, დამნაშავეც სწორედ ისაა. ისიც მითქვამს, რომ მე არ უნდა მჭირდებოდეს დამნაშავეების ძიება, ეს მარტივი ადამიანების საქმეა და არა ჩემი.

ურთიერთობებით მანიპულირება მიყვარს. მომწონს, როცა უკანასკნელ ზღვარს უკვე მკაფიოდ ვხედავ, რის მერეც ჩემი და რომელიმე ადამიანის ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება. ერთგვარი ადრენალინია. მთელი ხმაურით დანგრეულ ურთიერთობებს ჩემსავით კარგად მგონი ვერავინ აღადგენს. შემიძლია, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლით დავიწყო და სხვასაც შევაძლებინო იგივე.

მაინტერესებს, ასეთი არანორმალური რამეებით მარტო მე ვერთობი, თუ ჩემ გვერდით კიდევ რისკავს მეგობრობას და სიყვარულს ვინმე. და თუ ასეთი ვინმე გამოჩნდებოდა, როგორი იქნებოდა ჩვენი ერთად ცხოვრება, საინტერესოა.

არასოდეს არ მაქვს რომელიმე ჯგუფის მიმართ მიკუთვნებულობის გრძნობა. როცა მეგობრებში ვარ, ყოველთვის ვამბობ, "თქვენ"-ს და არა "ჩვენ"-ს, იმიტომ რომ საკუთარ თავს მინდა თუ არ მინდა, განყენებულად და მარტოდ აღვიქვამ. ალბათ ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ იგივე მომდის სამსახურში, სასწავლებელში და ა.შ. ნებისმიერ ჯგუფში.

არ ვიცი ეს რისი ბრალია, 4-ჯერ გამოცვლილი კლასის და საცხოვრებელი მისამართის, თუ რისი. ფაქტია, რომ არც ერთგან არ ვგრძნობ, რომ იქ "ჩემია", "ჩემნაირები" ცხოვრობენ, "ჩემნაირად" იქცევიან...

და როდესაც ჩემს არეულ-დარეულ ხასიათს ვერ უძლებენ, მერე მაბრალებენ, რომ ცინიკოსი, ქარაფშუტა და ზედაპირული ვარ. რა ვქნა, ზედაპირული ადამიანები ისევ ზედაპირულად ცდილობენ ჩემს გაგებას. აბა ვინ მოიფიქრებს, რომ მე ასე ვთამაშობ.

Saturday, May 28, 2011

1968 > / = ?

მე არც დუჩკე მაინტერესებს, არც _ მეინჰოფი. რამდენიმე დღეა ჩემი მეგობრების პოსტებს ვკითხულობ. ყველა მეტნაკლებად 1968 წელს უტრიალებს. ზოგი ამბობს, რომ არაა საჭირო ყველაფრის კოპირება, ზოგი კი ყველაში შესაძლო ულრიკეს ეძებს. (სხვათა შორის, ერთი ულრიკე მეც მყავს ფეისბუქზე მეგობრებში).

არც მე ვარ გამონაკლისი. შეუძლებელია დღეს ძლივს გამოღვიძებულ ახალგაზრდებს შეხედო და უნებურად ეს თარიღი არ გაგახსენდეს. (ამ ბოლო დროს 1984-ვით რომ მეორდება ტვინში და სოციალურ ქსელებზე დაპროგრამებულივით).

სულ იმას ვიმეორებ, რომ ჩვენი საერთო პრობლემა განათლების დაბალი დონე და გაპროტესტების ფორმების უცოდინრობაა. რომ ყველა პროტესტი "მიშა წადი"-მდე არ უნდა მიდიოდეს და სადაც 2 კაცზე მეტი შეგროვდება, იქ ოპოზიციონერი არ უნდა მირბოდეს ხელში ტრანსფარანტით.

მგონი ჩემს წარმოდგენებს და სტერეოტიპებს ჩვენზევე უნდა გადავხედო. დღეს მე ბევრი ახალგაზრდა ვნახე რუსთაველზე შეკრებილი. არც ერთი პოლიტიკოსი (თუ არ ჩავთვლით ირაკლი ალასანიას, რომელიც იქვე ვიღაცას გაცხარებით ეკამათებოდა რაღაცაზე) და არც ერთი მღვდელი მე იქ არ დამინახავს. არც საქართველოს დროშას აფრიალებდნენ. აი ასე უბრალოდ, ყველანაირი რუპორიანი ურაპატრიოტი პოლიტიკოსის გარეშე შევძელით შეკრება.

ჯერ 19 აპრილის აქცია, მერე გუშინდელი დღე, ბოლოს დღეს... აქა-იქ შეუკრავი პროტესტი, ნელ-ნელა ერთად უნდა შეგროვდეს. სულ უფროდაუფრო მეტ თანატოლს ვხედავ აქციებზე. ეს არაორგანიზებული და სპონტანური პროტესტი უფრო გულწრფელი და ძლიერი მეჩვენება, ვიდრე 3-თვიანი კარგად გააზრებული და დაგეგმილი, კარდაკარშემოვლილი დემონსტრაციები. ალბათ იმიტომ, რომ მიტინგებზე კარგად გამობრძმედილი, რუსთაველნატკეპნი ხალხი უფრო ნაკლები ჩანდა. ან არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდებს საკმარისზე მეტად დაგვასხეს თავზე და გამოვიღვიძეთ.

მოკლედ, ფაქტია, რომ გამოღვიძება გვეტყობა. თუმცა სად წაგვიყვანს ეს პროტესტი? არ მინდა, რომ 90-იანების იმედგაცრუება განმეორდეს. ალბათ ამის ჩემნაირად ბევრს ეშინია.

იმედია ამ 20 წელიწადში ემოციურობიდან ცოტათი მაინც რაციონალიზმისკენ გადავინაცვლეთ, იმედია ჩვენი მოთხოვნები წლებთან ერთად უფრო კონკრეტდება და მატერიალურს უახლოვდება და არ რჩება "გაბრწყინებულ ივერიად" და "სამოთხე აფხაზეთის დაბრუნებად". იმედია, რომ ჩვენი პატრიოტიზმი ცარიელი მიწის სიყვარულიდან ხალხის სიყვარულამდე შეიცვალა. იმედია, 20 წელი ფანატიზმამდე გადასული რწმენა რელიგიის რაციონალურად გააზრებამდე გავზარდეთ და ღმერთს წვერებიან მოხუც კაცად აღარ აღვიქვამთ, რომელიც ჩვენი ნებით გამოვკეტეთ ცაში და რატომღაც ილია მეორეს დავამსგავსეთ გარეგნობით. (ბავშვობაში რატომღაც ეგრე მეგონა). იმედია 20 წელი კარგად გადავხარშეთ წარსული და ახლა მზად ვართ, რომ მომავალი ამ საფუძველზე ავაშენოთ.

მოკლედ ძალიან პათეტიკური ვარ. როგორც ერთი ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ასტატუსებს, დღეს მთელი საქართველო ეკრანების წინაა გაერთიანებული, ყველაზე ძვირადღირებული მატჩის საყურებლად მსოფლიოს სპორტის ისტორიაში. წავედი, მეც გავერთიანდე.

Friday, May 27, 2011

როგორი უნდა იყოს იდეალური სამსახური?

ოთხშაბათს 2 წლიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ნანატრი და უკვე მითიური საგანი, მედიამენეჯმენტი დაგვეწყო. დათო გოგიჩაიშვილმა, რომელიც ამ საგანს გვიკითხავს, სილაბუსი გაგვაცნო და მოსალოდნელ დავალებებზეც პირველივე ლექციაზე გვესაუბრა. ერთ-ერთი ლექციის თემა არის როგორ ვიშოვოთ სამსახური/როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი/როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე. ამ ლექციაზე ერთ-ერთი დავალება იქნება ის, რომ ჩვენი იდეალური სამსახური უნდა აღვწეროთ როგორი იქნება.

ნუ, ამ დავალებას დავწერ ოდესმე, (ნუ სტანდარტები ალბათ მეტნაკლებად ყველასი ერთნაირი იქნება) მაგრამ მე შევეცდები უფრო კონკრეტული ვიყო და ყველაზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც გავითვალისწინო:

ე.ი. იმ ოფისში, სადაც ოდესმე ვიმუშავებ, უნდა იყოს:

1. იდეალური ტემპერატურა (ზამთარში _ თბილი, ზაფხულში _ გრილი)
2. 10-ზე ნაკლები თანამშრომელი ერთ ოთახში (10-იც ბარდაგია უკვე)
3. სასურველია საკმარისი რაოდენობის ნაუშნიკი (ვინიცობაა, თუ ვინმე ვერ ძლებს მუსიკის გარეშე)
4. არ იყოს დაბლოკილი არც ერთი ვებ-გვერდი (ფეისბუქზე ფერმის სათამაშოდ ოფისში არავინ შედის, წესით)
5.  კვება ოფისის ახლომახლო უნდა იყოს უზრუნველყოფილი!!!!! (სწრაფად, იაფად, ხარისხიანად, გემრიელად) (ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია)
6. თუ საქმეს 6 საათამდეც მორჩება ვინმე, შეეძლოს, რომ 6-მდე ტყუილად არ იყურყუტოს
7. ოპტიმალური მდებარეობა _ ერთადერთი მარშუტკა არ უნდა მიდიოდეს მარტო იმ ადგილამდე, სასურველია ტრანსპორტის ვარიაცაი (მაგ. მეტრო, ავტობუსი)
8. იუმორის გრძნობა (უკომენტაროდ)
9. ნორმალური ინტერნეტი
10. შაბათ-კვირას სრული დასვენება და იზოლაცია


ღმერთო ჩემო, რა მნიშვნელოვანია ცხოვრება უმნიშვნელო დეტალებით! :))))

Wednesday, May 18, 2011

ჰომოფობიის, ქსენოფობიის და ამ თემებზე გამართული შეხვედრების პასუხად

ამ ბოლო დროს ისეთი სიხშირით აღარ დავდივარ სხვადასხვა დისკუსიებზე, ფილმების ჩვენებებზე და ა.შ. თემატიკა არ შეცვლილა, არც დამსწრე საზოგადოება. უკვე ყველას ვცნობ, სახეზე მაინც. იმ ხალხის აზრსაც მეტნაკლებად პატივს ვცემ, ვინც ძირითადად ყველაზე მეტს აქტიურობს ხოლმე ასეთი ტიპის შეხვედრებზე.

მაგრამ როგორც წესი ასეთი შეხვედრებიდან ყველაზე ადრე ალბათ მე და ჩემი მეგობრები გამოვდივართ. იმიტომ, რომ ჩვენ გვბეზრდება ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა: გასაგებია ადამიანის უფლებები, გასაგებია, რომ ადამიანი თავისი იდეებით, შრომისმოყვარეობით, შემოქმედებით, ხასიათით ფასობს და არა რასის, წარმომავლობის, ეთნიკურობის, მრწამსის და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. ამაზე იქ აღარავინ დაობს.

იგივე ეხება თუნდაც ამ პოსტს და თუნდაც იმ მრავალრიცხოვან პოსტებს თუ სტატიებს, რომელიც ამ თემაზე იწერება: ასეთი მასალების მკითხველიც სწორედ ე.წ. "ფეისბუქ-ელიტაა", რომელმაც აღარ იცის თავისი ლიბერალიზმი სად წაიღოს.

მახსოვს, როცა ჯიპაში პირველ კურსზე ვიყავი, ჩემი თანამოაზრე ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი (ზურა არა, ანი!) და ერთი-ორი ჩემი ჯგუფელი იყო, რომლებიც ადამიანის არჩევანის თავისუფლებას ყველაზე წინ აყენებდნენ. ორი წელი გავიდა და მთელი ჯგუფი უკვე მეტნაკლებად ერთ აზრზე დავდექით.

ასე მოხდა ამ ერთ დიდ აუდიტორიაშიც, რომელიც არც ერთ შეხვედრას არ აკლდება: ჩვენ ვდაობთ დეტალებზე, ვეკიდებით ერთმანეთს სიტყვებში, კადრებში, გემოვნებაში, მაგრამ რეალურად, რაზეც ვიკრიბებით, იმაზე დისკუსია უკვე აღარაა საჭირო. ამ აუდიტორიისთვის, ანუ მაქსიმუმ 150-200 კაცისთვის, უკვე ზედმეტიცაა იმის შეხსენება, რომ ეთნიკურობა, რასა და ა.შ. მეორეხარისხოვანი დეტალებია და რომ სწორედ უმცირესობები ქმნიან მრავალფეროვნებას. მრავალფეროვნება კიდევ ამ სამყაროს მთავარი საჩუქარია.

ადამიანის არჩევანის თავისუფლება ვახსენე და მგონი ჩემს თავთან წინააღმდეგობაში მოვალ, თუ ვიტყვი, რომ ადამიანისვე ნებაა რას აირჩევს, ცეცხლით და მახვილით დაუპირისპირდება "ანტიქრისტიან ლიბერალებს" თუ ერთი-ორ წიგნს გადაფურცლავს და მიხვდება, რომ სამყარო უბრალოა და მშვენიერი. (არადა, როგორ გინდა ასეთი ტიპები გვერდით მშვიდად აიტანო?:))))) )

ეს ბოლო წინადადება ხუმრობით, თორემ ისე, ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს ერთმანეთის პირად ცხოვრებაში საჩხრეკად.

აი, მაგალითად, დედაჩემს კი, ერთი სული აქვს, როდის მოიცლის, როდის დაისვენებს და საერთოდ არ აინტერესებს ვის რა პრობლემები აქვს. ტელევიზორს განტვირთვის მიზნით უყურებს, აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და ინტერნეტ-მედიითაც გადასარევად სარგებლობს. ჩემი მეგობრების პოსტებსაც ხშირად პირველი ის კითხულობს ხოლმე.

დედაჩემი, მოკლედ რომ ვთქვათ, არის საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომელიც მუშაობს, დაკავებულია და სხვისი პირადი ცხოვრებისთვის ნამდვილად არ სცხელა. ამავე დროს "პროფილსაც" უყურებს და "ნანუკას შოუსაც", თუმცა არანაკლები ინტერესით კითხულობს "ლიბერალის", "ცხელი შოკოლადის", რადიო "თავისუფლების" სტატიებს და ბლოგებს, ხანდახან "წითელ ზონასაც" შეავლებს თვალს, თუ თემა მოეწონა. რაც მთავარია, თვლის, რომ ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც სურს და საკუთარ თავისუფლებაზე პასუხისმგებლობაც თვითონ აიღოს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებს საქმე აკლიათ. უსაქმური ყოველდღიურობა აძლევს მათ საშუალებას, რომ ისეთ რამეებზე იფიქრონ და ილაპარაკონ, რაც მათი საქმე არაა. მედიაც უფრო მეტად აღაგზნებს ასეთ ხალხს საჭორაოდ: იხსნება და იხსნება ახალ-ახალი შოუები, სადაც ცნობილი ადამიანები ყვებიან, მაგალითად, როდის ჰქონდათ ბოლოს სექსი. ნუ, თურმე 2 დღის წინ. ამავე დროს კი, ასეთი შოუების მაყურებელთა უმრავლესობას, მაგალითად, ჟურნალ "ლიბერალში" გადახდილი 2 ლარი გადაყრილად ეჩვენება.

ჰოდა, ჩემი აზრით, ამდენ უკვე უაზრობაში გადასულ შეხვედრას, მგონი ჯობია სამსახურის შოვნა ვცადოთ, დანარჩენი თავისუფალი დრო კი საყვარელ ადამიანებს და სამყაროს შეცნობას დავუთმოთ.

მე მგონი ასე აჯობებს.

P.S. რა ვქნა, მეც ბოლო დროს გავრცელებული მოდის პონტში სათაურში ერთხელ მაინც ვახსენო სიტყვა "სექსი" თუ ისედაც შემოვა ნეტა ვინმე? :D

Tuesday, May 3, 2011

ღირებულებები და ისტორიები

ერთხელ ერთ ფრაზას მოვკარი ყური, რატომღაც მახსოვს რომ ან ოთარ იოსელიანმა თქვა, ან _ მერაბ მამარდაშვილმა. ეს ფრაზა დაახლოებით ასე ჟღერდა, რომ ადამიანებმა დღევანდელობაში დაკარგეს ფიქრის, ანალიზის და განსჯის სურვილი და ერთმანეთს ამბებს უყვებიანო.

ადამიანებმა არ ვიცი, მაგრამ დღევანდელმა მედიამ ნამდვილად დაკარგა. ყველა გადაცემაში მხოლოდ ამბებს ყვებიან. ამბებია ანალიტიკურ პროგრამებში, გასართობ თოქ-შოუებში, საინფორმაციო გამოშვებებში. ეს ისტორიები დღეში მილიონი ხდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს არა იმიტომ, რომ ეს ფაქტი რომელიმე კონკრეტულ ოჯახს/პოლიტიკოსს/ვარსკვლავს და ა.შ. შეემთხვა.

ალბათ განსაკუთრებულს და ახალს ვერაფერს აღმოვაჩენ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მოვლენა თავისი კონტექსტითაა საინტერესო და არა იმით, თუ ვის შეემთხვა, რამდენი მოკვდა, რამდენს სახელი გაუტყდა, რამდენი გაგიჟდა და გადაირია და ა.შ. 

იმდღეს "სპეციალური რეპორტაჟის" ანონსს მოვკარი ყური: რაღაც კრიმინალური ისტორია შემთხვევია ერთ ოჯახს. გასაგებია, რომ კრიმინალი საშინელებაა და ყველა ადამიანი ცოდოა ამისთვის, დამნაშავეებიც უნდა დაისაჯონ, მაგრამ ვერ ვხვდები რა საჭიროა ყოველი ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნება და მით უმეტეს, მთელი ანალიტიკური გადაცემის მისთვის მიძღვნა?

ასეთივე ისტორიებს თხზავენ და ყვებიან გასართობ შოუებში. ხელოვნურად ქმნიან ვარსკვლავებს და მერე ეს ვარსკვლავები თავისსავე კონცერტებზე და გადაცემებში გამოჰყავთ ხალხს რომ არ დაავიწყონ. რიგითი ადამიანებისგან კიჩები გამოყავთ. კიჩები კი საქართველოში ყველაზე იაფად და სწრაფად მზადდება: საკმარისია, კლასიკური გულისამაჩუყებელი წარსული, პატრიოტული სიმღერა, თვალზე ცრემლმომდგარი ჟიური და ფეხზე წამომდგარი და მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმებული მაყურებელი. მერე თუ გინდა ხაჭაპური ჭამე მოსაცდელში, თუ გინდა _ საზამთრო.

ისტორიების მოყოლა მეორდება საინფორმაციო გამოშვებებში. რომელი პოლიტიკოსი რომელს შეხვდა, ვინ რა თქვა, მოკლედ ჩვეულებრივი საინფორმაციო ბუკლეტი, ყოველდღიური რუტინა, პროტოკოლური ნიუსი _ რაც გინდათ დაარქვით. არ მაინტერესებს და მომკალი დღეს ჩემი პრეზიდენტი ვის შეხვდა, ან რომელი მინისტრის მოადგილე მოხსნეს. სამაგიეროდ მაინტერესებს რა კანონპროექტი შედის უახლოეს მომავალში ძალაში, ვინ უჭერს მხარს, ვისი იდეაა და კონკრეტულ საშუალო სტატისტიკურ ოჯახზე ეს კანონი როგორ აისახება, რომ უფრო კარგად დავიდეს ჩემს საშუალო სტატისტიკურ ტვინამდე ეს ამბავი.

ასევე მომკალით და არ მაინტერესებს დღეს რომელი სკოლის მოზარდი მოკლეს ქუჩური გარჩევით, რომელი გააუპატიურეს, სად რომელი მაღაზია გახსნეს და სად _ დახურეს, ვის როგორი სენტიმენტალური წარსული აქვს, ვის სამშობლო უყვარს და ვის _ ამერიკა (:D) და ა.შ. სამაგიეროდ, დასვით ვინმე საქმის მცოდნე, გამოკითხეთ ხალხი, მოაწყეთ დიდი და ცხელი დისკუსიები, დასახეთ პრობლემების გადაჭრის გზები, სულ ცოტათი მიგვანიშნეთ მაინც და ჩვენ თვითონ მივალთ რაღაც დასკვნებამდე.

არა მგონია ასეთი ნიუსის კეთებას რომელიმე არხის მეპატრონე "უშლიდეს" ჟურნალისტს. რა ვქნა, მართლა არ მგონია. რატომღაც იმის უფრო მჯერა, რომ ჟურნალისტები ვართ ძალიან გაზარმაცებულები და ყველა ივენთზე პრეს-რელიზს ვეძებთ, პიარშიკი მთავარი წყარო გვგონია და თავადაც ვერ ვხვდებით, როგორ გვიდგენს დღის წესრიგს ერთი რიგითი PR-მენეჯერი, სავარაუდოდ, ისიც ყოფილი ჟურნალისტი. საშინელებაა ის, რომ დღის ყველა მთავარი ამბავი ცუდად გადაკეთებული პრეს-რელიზია, შემდგარი "ივენთი", გვერდზე ჩაწერილი "ექსკლუზივებით". პრობლემები არ უნდა იქცეოდეს ივენთებად, საკადრო ტექსტისთვის პრეს-რელიზს არ უნდა ეჭრებოდეს მხოლოდ თარიღის და ჩატარების ადგილის პუნქტები.

პრეს-რელიზებში არ წერია პრობლემის წარმოშობის მიზეზები, სიღრმისეული კვლევები, ყველა მხარის დეტალური ანალიზი, ბალანსირებული კვლევა, არგუმენტები. არც ექსპერტულ შეფასებას დაგიწერს ვინმე ერთ ქაღალდზე. ღირებულებების საკვლევად ლაპარაკია საჭირო, ცოცხალი საუბარი, დისკუსია, ბევრი ხმა, გადაწყვეტილებების მიღება და რაღაც გეგმის დასახვა. ჩვენ კი ერთმანეთს ისტორიებს ვუყვებით.