Friday, May 29, 2009

The Economist- იმპულსურმა მიხეილ სააკაშვილმა სიმშვიდით მოიგო

ბრიტანული The Economist- ის შეფასებით, იმპულსურმა მიხეილ სააკაშვილმა სიმშვიდით მოიგო. გამოცემის აზრით, საქართველოს პოლიტიკური დრამა რეალური შოუს ინსპირაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ თეატრი საქართველოში ცხოვრების ფორმაა და რუსეთი ქუჩაში დაღვრილ სისხლზე ლაპარაკობდა, პრეზიდენტმა მისთვის განკუთვნილი “ცხელთავიანის” როლი არ ითამაშა, პირიქით, მან ოპოზიციას თვითიზოლირების საშუალება მისცა. გაზეთის აზრით, იმის შიშმა, რომ საქართველო, შესაძლოა, უკან, ქაოსისკენ წავიდეს, ბევრ ქართველს ოპოზიციის მხარდაჭერისგან თავი შეაკავებინა. ამერიკული კვლევითი ცენტრის Greenberg Quinlan Rosner-ის მონაცემებით, დემონსტრაციის დაწყების შემდეგ სააკაშვილის შრომის ეფექტურობის რეიტინგი 5 პუნქტით, 43%-მდე გაიზარდა. სააკაშვილის ბევრი გონიერი ოპონენტი აღიარებს, რომ ალტერნატივა უარესი იქნება. სააკაშვილმა ნდობა იმითაც მოიპოვა, რომ ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნებისკენ სვლა და ოპოზიციის ხელმძღვანელობით იმ კომისიის შექმნა შესთავაზა, რომელიც უფრო დაბალანსებულ პროექტზე იმუშავებს. როგრც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ თავი გამოიმწყვდია, ახლა სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება, ამ მდგომარეობამ არ უნდა დაჩრდილოს სააკაშვილის შეცდომები. საქართველოს ეფექტური პოლიცია, მართალია, არ არის კორუმპირებული, მაგრამ არ არის დამოუკიდებელი, ხოლო ტელევიზია უფრო ნაკლებად თავისუფალია, ვიდრე - იყო. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილმა თავის ხელში მოაქცია ზედმეტად დიდი ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღებისას უფრო ვიწრო წრეზეა დამოკიდებული, ვიდრე - ინსტიტუტებზე. მისივე აზრით, სწორედ ამიტომ იყო, რომ ასე ნაჩქარევად შეიყვანა ქვეყანა რუსეთთან ომში. ბრიტანული გაზეთის მტკიცებით, საქართველოს მომავალი დამოკიდებულია როგორც გარე, ისე საშინაო ფაქტორებზე. გამოცემის აზრით, რუსეთი საქართველოსთან ახალ ომს იმის გამო აღარ დაიწყებს, რომ კარგად იცის, რუსეთი საქართველოში პრორუსულ მთავრობას ვერ დააყენებს. “კრემლს, სააკაშვილთან ერთად თუ სააკაშვილის გარეშე, ისეთი დისფუნქციური და არასტაბილური საქართველო აწყობს, რომელიც დასავლეთს ტვირთად დააწვება”, - დასძენს ბრიტანული The Economist- ი. ბრიტანული გამოცემის სტატიის თარგმანს ინტერნეტგამოცემა “ფორინპრეს.გე” ავრეცელებს.


რატომ არ შეიძლება რომ ჩვენთანაც ასეთ შეფასებებს აკეთებდნენ ჟურნალისტები? :((((((((
რატომ ითვლება აქ, რომ თუ ოპოზიციას აკრიტიკებ, ე.ი. "მიშისტი" ხარ (ფუ როგორ მეზიზღება ეს სიტყვა, საერთოდ, "ვიღაცისტი", მარაზმი!), რატომ ითვლება აქ, რომ თუკი არ იწონებ ემოციებით ნაკარნახევ ნაბიჯებს ოპოზიციის მხრიდან "ჯიგარი არა გაქვს"?
პოლიტიკაში რა უნდა "ჯიგარს", გამაგებინეთ?
თურმე ბატონ გიორგი შენგელაიას ირაკლი ალასანია იმიტომ არ მოსწონს, რომ ჯიგარი არა აქვს! :)))) კარგით რა, კარგით რა...
(გასაგებია, არც მე მეხატება ალასანია გულზე, მიუხედავად ტუჩებისა და სექსუალური ხალებისა, მაგრამ ნუ აი არგუმენტებით დამისაბუთეთ რა!)

თეატრში ვცხოვრობთ მართლა!
გუშინ პირველად დავიჭირე ჩემი თავი იმაში, რომ უბრალო რაღაცების მრცხვენია უკვე.
ინტერვიუზე მივდიოდი ერთ კაცთან, თსუ-ში, იურისტებთან და უცებ გავიფიქრე, რომ გრძელი ფარფარა ბოლოკაბით, თიხის მძივებით და საყურეებით ალბათ სერიოზულად ის კაცი არ აღმიქვამს თქო. რა თქმა უნდა, სახლში მიბრუნება და გამოცვლა დამეზარა. თანაც + წვიმდა, ფეხსაცმელებიც დამესვარა. ჰოდა აი აქ უკვე მეორედ შემრცხვა, ვაიმე, ასეთი დასვრილი ფეხსაცმლით როგორ მივიდე მეთქი. (გეგონება ტანსაცმლის გასამარიაჟებლად მივედი, მეც კაი ვინმე ვარ რა :)) ). ნუ, ეგეც დავიკიდე.
მერე სამსახურში რომ მივედი, უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემხელა გოგოებს ყველას ქუსლიანი ლამაზი ფეხსაცმელები აცვიათ (რა თქმა უნდა ყველას სუფთა, ისე მაგრა მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანმა ამ წვიმიან ამინდში ისე იარო, ერთი წვეთი არ შეგესხას... ალბათ დაფრინავენ), ყველა ნუუ "სამსახურეობრივად" გამოიყურება, გაუთოვებული პერანგები, რამე, (არადა, სტუდიაა რა, ყველა ან ჟურნალისტია, ან ოპერატორი, ან რეჟისორი, ბანკი კი არაა :)))) ), კარგი მაკიაჟით.. ვა, მეთქი, ეტყობა სადღაც ჩამოვრჩი.
ჩვენთან მოაქვთ ხოლმე კვება. სამზარეულოში შემოვლენ ქალი და კაცი, პარკებიდან ამოალაგებენ საჭმელებს და არის ერთი გნიასი სანამ ამ საჭმელებს ვიყიდით. ჰოდა, ისიც შევამჩნიე, რომ როცა უკვე ვჭამდით, ყველაზე სწრაფად (და გაუზრდელივით შესაბამისად) მე შევჭამე. აი აქ უკვე დავიწვი სირცხვილით.
მერე გაჩერებაზე რომ ვიდექი, დავიღალე, რა მექნა, და სკამები სულ დაკავებული იყო, ავდექი და ტროტუარზე ჩამოვჯექი. არავის არაფერი არ უთქვამს, არც შემოუხედავს, მაგრამ აუუუ, ისე შემრცხვა, ისე შემრცხვა, მეთქი ადე გოგო, 20 წლის ხარ, რაღა დროს შენი ეგეთებია..
ვა... რაღაც ვერ მჭირს არა კარგი ამბავი? დედას ვფიცავარ, გუშინ პირველად შემრცხვა ჩემი თავის და ჩემი ჩვევების... :(

http://www.youtube.com/watch?v=LrfNa40sZhU აი სონგიც ;)

Wednesday, May 27, 2009

რუხი კარდინალები

ქალი თავდახრილი უნდა დადიოდეს, ჩადრით, ჩრდილივით ჩუმად, ფეხისწვერებს ძლივს უნდა აკარებდეს მიწას... და კაცებს ასე მართავდეს. ჰო, მგონი, ჩვენს ძვირფას ქართველ ვაჟკაცებს ასე ძალიან მოსწონთ, როცა იმართებიან და ყველაფერს დედა-ს ეძახიან, სიყვარულსაც და სიძულვილსაც "დედით" გამოხატავენ და ყველაზე ძვირფას სიტყვებსაც "დედა-"ს ურევენ. 

ვინ იყო საქართველოს განმანათლებელი? ქალი, წმინდა ნინო.

ვის ჰყავდა ქალი მეფედ? საქართველოს, თამარ მეფე. 

ვის რაცხავენ წმინდანებად? ქალებს, დედებს.

მოკლედ, არცთუ უსაფუძვლოდ, ნელ-ნელა მიჩნდება ეჭვი, რომ ქართველი კაცების კომპლექსები, დედის კალთას გამოკერება (ომგ, ძალიანაც არ გეწყინოთ! :P), დედის გინება, დედის დაფიცება, ქალიშვილობის ინსტიტუტი, დაკემსილების ინსტიტუტი (უიიი იცით ქალიშვილობის ინსტიტუტში ვაბარებდი და ქულები არ მეყო_მუაჰაჰა, რა ძველი ხუმრობაა, შოთა :D), სექსი ერთ პოზაში, "უი ჩემი შვილების "დედას" ამას ვერ ვაკადრებ" და ა.შ. ყველაფერი ისევ ქართველ ქალამდე მიდის.

მოდით რა, ჩვენც ვაღიაროთ: ვის ვჭორავთ ყველაზე ხშირად? იმას, ვინც ჩვენზე ბევრად ლამაზი და სექსუალურია და ბიჭებშიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. ვისზე ვთითხნით ათას ბინძურ ტყუილს? იმაზე, ვისაც ლამაზი ფეხები აქვს და მოკლე კაბას იცვამს, ან იმაზე, ვისაც გრძელი და ნატიფი თითები აქვს და სიგარეტი უხდება (უიიი ქალი რომ პირში სიგარეტს ჩაიდეეებს_გეგონება პირიდან უარესი არაფერი ამოსვლია, ლაპარაკს ვგულისხმობ :D), რაო, რაო, ის ძველი ხუმრობა თუ სიმართლეც გავიხსენოთ, ძველად დედამთილები სად ამოწმებდნენ რძლებს და რაზეო? ბოზ ქალს რძალი არ გაუბოზდებაო, ნათქვამია. :)) 

რატომღაც ქართველ ქალებს ძალიან მოგვწონს მუდმივად ნადირის როლში ყოფნა. ჩვენ უნდა დაგვდევდნენ (ვთქვათ, სამი წელი მოუბეზრებლად, ჩვენც ცოცხალი თავით არ უნდა ვაძლევდეთ :)) ), საჩუქრებს გვჩუქნიდნენ, პაემნებზე გვპატიჟებდნენ, რომანტიკულ საღამოებს გვიწყობდნენ... და რა ამის სანაცვლოდ საწყალ კაცებს, სექსის გარდა ყველაფერი შეყვარებულობის ამბავში (აი ამ მარაზმს საქართველოს გარდა სხვაგან სახელიც კი არ აქვს მგონი :D), ქორწილის შემდეგ კი ჯერ სექსი ერთ პოზაში კვირაში ჰა და ჰა ორი სამი დღე, მერე კი ფანტასტიკური ფინალი _ ორი ბავშვი და გასიებული ერთი ადგილი. საწყალი ქართველი კაცები. ჯერ იყო და, დედიკოები არიგებდნენ (ნუუ, ზოგს ძმაკაცები, რომლებსაც ასევე ჩუმ-ჩუმად დედიკოები არიგებენ), რომ არაქალიშვილი ოჯახში შემოსაშვები არ იყო, დედიკოებისგან ესმოდათ, თუ რა "საშინელება" და "ღვთის გმობა" დაატრიალა განათხოვარმა და შვილიანმა ვიღაცის ოჯახში (კარგით რა, მამას რა ევალება კაცმა რომ თქვას ბავშვის აღზრდაში, ხელფასის თავის დროზე მოტანა და ბიჭისთვის ჰა და ჰა ქალებში წაყვანა), მამისგანაც სახეირო არაფერი ესმის, ჰოდა უყალიბდება ბოლოსდაბოლოს ამდენი კომპლექსი, რომ ტემპერამენტიანი, მომხიბვლელი და ჯანმრთელი ქალი_ბოზია, ჭკვიანი ქალი_ასეთი ცნება არ არსებობს (აბა დედამისზე ჭკვიანი ხომ ვერ იქნება!), (უი, უი, ჰომოსექსუალების მიმართ ასეთი "უცნაური" დამოკიდებულებაც დედების "წყალობით" აქვთ_ასეთი დოზით "დედიკოს ბიჭს" ყოველთვის შეეშინდება, რომ თვითონაც "ეგეთი" გამოჩნდება, თუ მით უმეტეს თავის თავში თუნდაც ერთი უცოდველი თვისება მაინც აღმოაჩინა "იმათნაირი", თანაც ხომ იცით, ჩვენთან რა გამძაფრებული აქვთ განსხვავებულობის შიში)_ ჰოდა რა ქნას ქართველმა ვაჯკაცმა, რომელსაც ბავშვობიდან დედა უჩიჩინებს, რომ არ უნდა იტიროს, იმიტომ რომ მხოლოდ გოგოები ტირიან, რომ დედა ხშირად უწუნებს რჩეულებს იმიტომ, რომ მისთვის კარგი უნდა... ვერაფერსაც ვერ იზამს. ჰოდა, სანამ ქალები ჩუმად დაძვრებიან (აი ზუსტად ეს სიტყვა ერგება ჩვენს კდემამოსილებას :)) ), კაცებში იმ პატარა ხორცის დაკარგვის გარეშე და ერთობიან, მერე კი, ისევ პატიოსანი სახელით თხოვდებიან, სანამ ასეთი ქალები არ შეწყვეტენ თავიანთი საცოდავი ვაჟკაცების ამგვარად აღზრდას, სანამ მამები ერთხელ და სამუდამოდ გამოიფხეკენ ყურებს და მიხვდებიან, რომ ისინიც ჩვეულებრივი მშობლები არიან და მათაც შეუზლიათ ბავშვს პამპერსიც გამოუცვალონ და გაკვეთილებიც კი ჩაიბარონ, მანამდე ისევ გვექნება ასეთი მოჯადოებული წრე: ბიჭები კომპლექსიან გოგოებს დასცინებენ, უკომპლექსოებს კი ბოზებს დაუძახებენ, გოგოები კი მუდმივად იწუწუნებენ გაუხარელ ქალიშვილობაზე, სამაგიეროდ ისიამოვნებენ ორალური და ანალური სექსით, მერე ქორწილის წინ ერთს წაიკემსავენ (ვაიდა ერთ-ერთი აქტის დროს აუცდეს იმ საწყალ ბიჭს :D:D:D) და იიისევ თავიდან! კარგით რა გოგოებო! გვეყო რა, ბოლოსდაბოლოს ეს მარაზმი! და მიხედეთ თქვენს შვილებს!

Tuesday, May 26, 2009

იდიოტები

აბზაცები თემაზე “დოგმა_95”

არ ღირს არაფრის შელამაზება. სულაც არაა საჭირო უადგილო ადგილას მუსიკის, “შარპების” და “ბლარების”, კონტრასტების ბალანსის, ფერების დაწყობის გამოყენება. ქვეყანამ უნდა აღიაროს რომ დანარჩენი მსოფლიოსგან საკმაოდ შორს ცხოვრობს, საკუთარ გამოგონილ საზღვრებში ჩაკეტილი. იქ, შორს, ხალხი იცავს კანონს, იფიცებიან პროფკავშირები, ცვლიან კანონებს, ზრდიან ხელფასებს, გამოხატავენ პროტესტს და იღებენ შედეგს, ახალგაზრდები არ თაკილობენ “ოჯახის და გვარისშვილობის შეუფერებელ სამსახურს”, მაგალითად მიმტანობას ან დამლაგებლობას, და 20-25 წლისებს სულაც არ ეჩქარებათ სახელმწიფო სამსახურში კანცელარიის თაგვად ქცევა, არც ძვირფას რესტორნებში ვახშმობაზე გიჟდებიან მაინცდამაინც, ჩვენი ქართველი თანატოლებისგან განსხვავებით, “შარდენის” და “პეროვის” ქუჩები რომ აქვთ საფუძვლიანად ათვისებული. (სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ბლოგზე მოვკარი თვალი ამ ფრაზას, “რა გეჩქარება 20 წლის ახალგაზრდას სახელმწიფო სამსახურში ნაადრევად დაბერებაო”. აბა რა უნდა ქნას, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ახალგაზრდამ, რომელსაც ოჯახი უშლის (!) მუშაობას, მთელი თავისი არსით აიძულებს სწავლას ახლა უკვე PhD-მდე და უამრავ ფულს აძლევს დაუნანებლად დასახარჯად). იქ ხალხი არ აძლევს ხელისუფლებას საშუალებას, გაერიდნონ ხალხს, შეიქმნან საკუთარი ჩაკეტილი სამყარო, გამოიგონონ თავიანთ თავებში იდიოტები და მარაზმამდე დატკბნენ საკუთარი თავებით, ისე, რომ გარშემომმყოფნი დაივიწყონ.
აი რა უნდა ავსახოთ.

აბა, კარგად დაფიქრდი, რა მოხდებოდა, თუკი შენი სკოლის ქართულის შინაბერა მასწავლებელი, შენი დეპუტატი მეზობელი, რომელიმე სარეკლამო კომპანიის მენეჯერი, შენი ერთ-ერთი ჟურნალისტი მეგობარი ერთად წასულიყვნენ სადმე, რომელიმე მიყრუებულ დაბაში და მოქცეულიყვნენ როგორც იდიოტები, ეჭამათ, ესვათ და ევლოთ ისე, რომ ყველაზე დაფარული სურვილები აესრულებინათ.

შუაგულ ევროკავშირში, სადაც გარანტირებულია უსაფრთხოება, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ეკონომიკური მდგრადობა, ძლიერი პოლიტიკა და დემოკრატია, შეგიძლია თავს იდიოტობის უფლება მისცე. ერთ დღეს ადგე, შეკრიბო რომელიმე შენი ნათესავის სახლში ვიღაცები (არაა აუცილებელი მეგობრები იყვნენ) და დატკბე საკუთარი შინაგანი იდიოტის ყურებით. კარინასავით იგრძნო, როგორი ბედნიერი ხარ სრულიად უცხო ხალხთან და როგორ აღარ გინდა საკუთარ სახლში დაბრუნება, სადაც, პრინციპში, არავის აინტერესებ და ორი კვირის დაკარგულს სახლში მარტო “გამარჯობა, კარინა”-თი დაგხვდებიან.

იქ, შუაგულ დანიაში, რომელიმე მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში შეგიძლია გული თავისუფლად დაგწყდეს იმაზეც, რომ საკუთარ იდიოტს შენს ახლობლებს ვერ შეაყვარებ და გულის გადაშლა მხოლოდ უცხო ხალხისთვის მოგიწევს. მაგრამ აქ არა. ქვეყანაში, სადაც თვითონ ხელისუფლებაა ჩაკეტილი ლარს ფონ ტრიერის გამოგონილ სახლში, შენ ვერც იდიოტს დაირქმევ და ვერც ამ იდიოტს შეაყვარებ სხვებს. უბრალოდ, ამის დრო და ნერვები არავის აქვს.

აქ მე ჩემი მეგობრების ერთი ბლოგიდან მეორეზე გადავდივარ და აქციები, მიტინგების ხმაური, დროშის ფრიალი პირდაპირ მონიტორიდან მესმის. ჩვენ უკვე ორი საუკუნეა რაც ერთი და იგივე პრობლემები გვაწუხებს. ვტკეპნით გოლოვინის, ლენინის, რუსთაველის გამზირებს, ვწუწუნებთ ბიჭებზე და “მარადიულ” ქალიშვილობაზე, დასაბადებელ და დაბადებულ ბავშვებზე, შუა ქუჩაში “შემთხვევით” და “შეუმჩნევლად” დაგდებულ ნაგავზე, ცელოფნის პარკებით დახუნძლულ შეცდომით დარგულ ალვის ხეებზე, ორი საუკუნის წინანდელ დაგებულ და ერთი საუკუნის წინ აყრილ ასფალტზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოუყალიბებლობაზე... სანამ ჩვენში საბოლოოდ გაუღვიძიათ იდიოტებს, სანამ ყველა უბედურებასთან ერთად, სუფრასთან მოქცევის კულტურაც დაგვვიწყნია და ნაჭამი ლუკმა ისევ უკან არ დაგვიდია თეფშზე (თუმცა საერთაშორისო მასშტაბებით არც უამისობა არაა), იქნებ ცოტა ხნით მაინც დაგვეწყნარებინა ჩვენ-ჩვენი იდიოტები იმ დაპირებით, რომ ოდესმე ჩვენთვისაც მოვა დრო და სკოლის მასწავლებელი, რომელიღაც პრესტიჟული სარეკლამო სააგენტოს მენეჯერი, თუნდაც ჩვეულებრივი შინაბერა ერთად იცხოვრებენ, გაწვებიან შუაგულ მზეზე და გაირუჯებიან, შეჭამენ და დაიძინებენ ისე, როგორც მოსწონთ, ქუჩაშიც ისე მოიქცევიან, როგორც ნამდვილ იდიოტებს შეეფერებათ. იდიოტად ყოფნის ფუფუნება ჯერ არ გვაქვს. როცა საყოველთაო უსამართლობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსვლა პარლამენტში შესვლაზე მოწადინებული პოლიტიკოსების მოწოდებების გარეშე შევძლებთ, ჩვენ დავრთავთ საკუთარ თავებს ნებას, რომ ვიყიდოთ, ან ვითხოვოთ საძილე ტომარა და ლეიბი. როცა პატარა ქერა გოგონა შეწყვეტს კედლებზე გაკრული პლაკატების ახევას და აუჩქარებლად ძირს დაყრას, ხოლო შორიახლოს მდგარი მამამისი დაუშლის ამ საქმიანობას, ჩვენ დავრთავთ საკუთარ თავებს ნებას, ჩავალაგოთ ჩვენი ბარგი-ბარხანა და მოვემზადოთ იდიოტობისთვის. როცა ჩვენი საყვარელი მძღოლები ქალაქში ოდესმე ისწავლიან, რომ შუქნიშნის ყვითელი ფერი გასაჩერებლად მომზადებას ნიშნავს და არა მთელი სიჩქარით წითელზე გასწრებას, ჩვენ დავრთავთ საკუთარ თავებს ნებას, შევხვდეთ ჩვენნაირ ადამიანებს, რომელთაც განზრახული აქვთ, დაჰყვნენ თავიან ფარულ სურვილებს, შეიყვარონ თავიანთი იდიოტები. თუკი ოდესმე ხალხი იმასაც მიხვდება, რომ პოლიცია საზოგადოებრივი ინსტიტუტია და არა ხელისუფლების “კუნთები”, ჩვენ იმის ნებასაც მივცემთ საკუთარ თავებს, მოვნახოთ ძველი სახლი რომელიმე წყნარ დაბაში (დანია აუცილებელი არაა, არც ევროკავშირი) და გავემართოთ ორი კვირით საცხოვრებლად და საკუთარი იდიოტების შესაყვარებლად. და თუკი ოდესმე სხვების პირადი ცხოვრების მიხედვის მაგივრად საკუთარი პირადი ცხოვრების მიხედვას ვისწავლით, მაშინ ამ ჯადოსნური სახლის ილუზიას რეალობაში გადმოვიტანთ.

და მოხდება ისე, რომ მე, ჩემი სკოლის ქართულის შინაბერა მასწავლებელი, ჩემი დეპუტატი მეზობელი, ჩემი რეჟისორი მეგობარი და რამდენიმე გამოშტერებული პოეტი, “ალტერნატივშჩიკებად” რომ მოაქვთ თავი და ოქროს უსასრულობს თავგამოდებით ეძებენ, წავალთ ხევსურეთის რომელიმე სოფელში, მაგალითად, როშკაში. აი იქ, სულიერიც რომ აღარ ჭაჭანებს, ერთი-ორ არწივს თუ არ ჩავთვლით, შევიყვარებთ საკუთარ იდიოტებს და ერთმანეთს გადანათებულ კადრებზე სუბიექტური კამერით მუსიკის, შტატივის, “წჰიტე ბალანცე”-ის გარეშე გადავიღებთ. ორი კვირის მერე ცივილიზაციაში დაბრუნებულები კი დანანებით ვიტყვით, “აი, რეალობაც!”, ვიამაყებთ შინაგანი იდიოტებით და სხვებსაც ხელახლა შევაყვარებთ ჩვენს თავებს.

here is a new one: http://www.youtube.com/watch?v=natCa2asaq4&NR=1

რატომ არ დავდივართ ახალგაზრდები მიტინგებზე?

ძალიან ხშირად უფროსი თაობა დღევანდელ ახალგაზრდობას ნიჰილიზმში გვადანაშაულებს. სულაც არ ტყუიან ჩვენი მშობლები, ეს მართლა ასეა. “ალტერვიზიამ” კარგად დაგვანახა, რომ თბილისში თურმე უამრავი ახალგაზრდა ცხოვრობს, რომელმაც საპროტესტო აქციებს “ხელისუფლების მიერ გამართული” ევროვიზიის ალტერნატიული ფესტივალი არჩია. უნდა ვაღიარო, რომ მეც მათ შორის ვარ. ახლავე აგიხსნით რატომაც.მიტინგზე მისულ საზოგადოებას რომ გადახედო, მაშინვე მიხვდები, რომ ეს ის თაობაა, რომელმაც, პრინციპში, გადააგდო საბჭოთა კავშირი (ყოველ შემთხვევაში მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში), რომელმაც მოიყვანა შევარდნაძე და დაამხო მისი რეჟიმი, რომელიც ვარდების რევოლუციის დროსაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ იდგა. და რომელიც დღესაც აქ დგას უკეთესი მომავლის მოლოდინში, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა პარლამენტის წინ საჯაროდ გამოსული ოპოზიციონერების და ჰგონია, რომ ამის მერე ხელისუფლებაში მოსული ადამიანები “ვეღარ გაბედავენ” ისე პარპაშს, როგორც წინა ხელისუფლება ბედავდა... კეთილი, გულუბრყვილო და მუდამ ოპტიმისტი თაობა!.. და ეს თაობა ჩვენ, ახალგაზრდებს, გვადანაშაულებს იმაში, თუ რატომ არ გვჯერა ოპოზიციონერების, (ან ნებისმიერი ტრიბუნასთან გამომსვლელი ასე თუ ისე ცნობილი პოლიტიკოსის), რატომ ვართ ნიჰილისტები, რატომ აღარ გვიჩნდება პროტესტი არსებული მანკიერებების მიმართ და რატომ არ “ვუჯერებთ” ოპოზიციას, როდესაც ისინი ქუჩაში გამოსვლისკენ მოგვიწოდებენ? ერთ დღეს, მაშინ, როდესაც ე.წ. “საზოგადოებრივი არხის” (ჯერ იმაში გამარკვიეთ, გვყავს თუ არა საზოგადოება საერთოდ და მეორეც, კაცმა არ იცის, მართლაც საზოგადოებრივია თუ არა იმ არხის საინფორმაციო პოლიტიკა, რომლის ჟურნალისტები პირდაპირი რეპორტაჟების დროს ცინიკური გამომეტყველებით და ათასი ჰიპერბოლით “ალამაზებენ” მიმდინარე მოვლენებს) წინ კოსტავას გამზირი გადაკეტილი იყო, ქუჩაში ხუთიოდე წლის ძალიან ლამაზი, ქერა გოგონა, და სავარაუდოდ, მამამისი იდგნენ. ეს ძალიან ლამაზი, ქერა გოგონა არხეინად ხევდა კედლებზე გაკრულ ძველ პლაკატებს და ძირსაც ნება-ნება ყრიდა. მამამისი კი ამ დროს იმდენად იყო გართული “საზოგადოებრივი არხის” წინ უსამართლობის და სოციალური პრობლემების მიმართ პროტესტის გამოხატვით, რომ სავარაუდოდ, ვერ შეამჩნია, როგორ მშვიდად და აუღელვებლად დაანაგვიანა მისმა შვილმა იქაურობა. მართალია ამ ბავშვის მამა, ის უფრო ეროვნული პრობლემებითაა დაკავებული და ალბათ ამიტომაც გამორჩა ის ფაქტი, როგორ ანაგვიანებდა შვილი საკუთარ დედაქალაქს!.. ეს ისე, ლირიკული გადახვევისთვის.სულაც არ მინდა არასაპარლამენტო ოპოზიციამ, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ჩემს ხარჯზე პარლამენტში შესვლის მოსურნე პოლიტიკოსმა, ჩემი ხმა მიტინგზე გამოიყენოს და ჩემით “დაიწეროს ქულები”; ჩემით “ემარიაჟოს” ხელისუფლებას, აი, ქუჩაში რამდენი ხალხი გამომყავსო... სამოქალაქო საზოგადოება თვითონ ამჩნევს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას და თვითონ გამოხატავს პროტესტს. საამისოდ მას რიგითი ხელისუფლებიდან “პროტესტის ნიშნად” წამოსული, სინამდვილეში კი გამოგდებული პოლიტიკოსის მოწოდება არ სჭირდება. ქვეყანაში, სადაც საზოგადოება არსებობს (საზოგადოების საუკეთესო გაგებით!), პროფკავშირები მარტო “გრანტიჭამია სასტავი” არ არის, საკმარისია ერთი რგოლი მაინც გაიფიცოს (მაგალითად, ავტობუსის მძღოლები), რომ ქვეყანა ეკონომიკურ ზარალს იღებს. თუმცა, ალბათ ჩვენთან იმიტომაც სვამენ პროფკავშირებში ლიტრობით ყავას და ავსებენ რამდენიმე კროსვორდს დღეში (გნებავთ, სუდოკუს), რომ ჩვენ არც გამართული ეკონომიკა გვაქვს, რომ დაზარალდეს და არც სამოქალაქო საზოგადოება, რომ ხმა ამოიღოს... მგონი, აქ დროულია, გავახსენო ჩვენს უფროს თაობას, რომ პატრულის მიერ მკვლელობების სერიის შემდეგ პირველად ახალგაზრდებმა, თანასწორობის ინსტიტუტმა და რიგითმა სტუდენტებმა, ამოვიღეთ ხმა. მართალია, არც ათასობით ვყოფილვართ, არც რუსთაველის გამზირი გადაგვაკეტინეს, პატრულმაც რამდენიმე ჩვენგანი “ხულიგნობისთვის” დაიჭირა, მაგრამ ახალგარდობა ქუჩაში მაინც გამოვიდა. რატომ არ დავდივარ მე, ჩემი უამრავი თანატოლის მსგავსად, საპროტესტო აქციებზე, რატომ არ ვუერთდები ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნებს და რატომ მივედი “ალტერვიზიის” ფესტივალზე? ამასწინათ, წინა თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი მეკითხებოდა, თქვენი თაობის კუმირი ვინააო. არავინაც არაა. რა კუმირი შეიძლება ჰყავდეს თაობას, რომელიც 90-იან წლებში სათამაშოების მაგივრად, ჩაბნელებულ ეზოებში “ჯაბაიოსელიანობანას და ზვიადისტობანას” თამაშობდა, შუქის მოსვლის ეშინოდა და ნაყინსაც მხოლოდ დღესასწაულზე ჭამდა? რა მაგალითი შეიძლება მისცეს ახალ თაობას ყოფილმა მხედრიონელებმა, ზვიადისტებმა (და კიდევ ათასმა ვიღაცისტმა...) და ა.შ. ვინ შეიძლება იყოს ახალი თაობის გმირი, რომელსაც მიბაძავს თაობა? როცა იმ დროს ჩვენი მშობლები ჩვენს გამოკვებაზე ზრუნავდნენ ათასი გზით, (და დიდი მადლობა მათ ამისთვის, რომ ჩვენ გამო არავითარ დამამცირებელ სამუშაოს არ თაკილობდნენ!) სამწუხაროდ აღარ დარჩათ იმდენი დრო, რომ ჩვენთვის აზროვნება, მსჯელობა, სწორი დასკვნების გამოტანა ესწავლებინათ. არც მასწავლებლებს შეუწუხებიათ თავი სკოლებში იმაზე ფიქრით, რომ ჩვენგან არა დაზუთხული გაკვეთილები, არამედ ჩვენი ნაფიქრი, გაანალიზებული და შეფასებული დასკვნები მოესმინათ. ჩვენი მასწავლებლები მაშინ არც იმაზე დაფიქრებულან, რატომ ვუცდენდით ხშირად გაკვეთილებს, რატომ არ ვუსმენდით მათ მონაყოლს, რომელსაც პრინციპში, წიგნებში ბევრად უფრო გამართული ქართულით მაინც წავიკითხავდით. მასწავლებლებს ისიც უკვირდათ ჩვენგან, რატომ უყვარდა ყველა მოსწავლეს ერთადერთი მასწავლებელი მთელ სკოლაში. ჩემთვის ასეთი “გამონათებები” სულ ორი იყო: ქართულის ახალგაზრდა მასწავლებელი 61-ე სკოლაში და ისტორიის ასევე ახალგაზრდა მასწავლებელი _ 161-ეში. ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ მათ გაკვეთილებზე ვგრძნობდით, როგორ ვაზროვნებდით, როგორ შეგვეძლო მოცემულის გაანალიზება და შეფასება. თუმცა, სულაც ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს ორი მასწავლებელი რომელიმეს ნიშანს გვიმატებდა. არც არავის უწერდა “სამადლო სამიანს”. საქმე ისაა, რომ ასეთი წვრილმანებით ვვითარდებოდით. სკოლას ჩვენთვის არც ფიქრის და ანალიზის უნარი, არც პასუხისმგებლობის გრძნობა და არც გუნდური მუშაობის ჩვევა არ მოუცია. სკოლა ჩვენგან მხოლოდ მეორე დღისთვის ჩასაბარებელ დაზუთხულ გაკვეთილს ითხოვდა. სწორედ ასე დავამთავრეთ შვიდმა კაცმა სკოლა ფრიადებზე. მშობლებმა კი, თავიანთი მწარე გაკვეთილიდან გამომდინარე, ყველაფრიდან თავის შეუმჩნევლად დაძვრენისა, კანონის დარღვევის და ასე გადარჩენის ჩვევები შეგვმატეს. სწორედ ასე გამოგვიმუშავდა ჩვენს თაობას დაუსჯელობის სინდრომი. და ახლა მე თქვენ გეკითხებით: რატომ უნდა მივიდეს ახალგაზრდა მიტინგზე, როდესაც ისედაც არავინ სჯის კანონის დარღვევაზე, სამართალს ძალით პოულობს (ძირითადად, ისევ ქუჩაში), როდესაც მშობლები წელებზე ფეხს იდგამენ, რომ ჩვენ არ ვიმუშაოთ და ჯიბის ფული მაინც გვქონდეს(!), როდესაც თვითონ ჩვენს მშობლებსვე ეთაკილებათ ჩვენი მიმტანობა, ბარმენობა, მეეზოვეობა... (რა სჭირს ჩემს შვილს სხვისი სამათხოვრო!), როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ რაც არ უნდა თავი მოიკლას სწავლით, “შემცირებაში” მოაყოლებენ და მის მაგივრად უფროსის მოყვანილს დანიშნავენ, მას კი მადლობას გადაუხდიან გაწეული სამსახურისთვის და თანაგრძნობის ნიშნად გაუღიმებენ... რატომ უნდა მივიდეს ახალგაზრდა იმათ მიერ გამოცხადებულ საპროტესტო აქციაზე, რომელთა სახელებიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების ხელისუფლებიდან ახსოვს, რომლებიც სირცხვილის დერეფნებს ახალგაზრდებს უწყობენ, თავად კი ყოველგვარ მორალურ, ზნეობრივ პრინციპებს უსირცხვილოდ აბიჯებენ; რატომ უნდა ვიარო მე აქციაზე, როცა ვხედავ, რომ ამ აქციას ხელისუფლებიდან უფრო მეტის მომლოდინე და განაწყენებული ადამიანები მართავენ, რატომ უნდა გავაპროტესტო მე დღეს “საზოგადოებრივი არხის” საინფორმაციო პოლიტიკა, როცა მთელი ოთხი წელი ეს არხი ჩემი ჯიბიდან 23 მილიონ ლარს იღებდა და გასული ოთხი წლის მანძილზე ჩემი ფული არ მომიკითხავს! რატომ უნდა მივცე ხმა ამ განაწყენებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც, როგორც ვარდების რევოლუციის დროს, პრაქტიკულად, კონკურენტების გარეშე შევიდნენ პარლამენტში და როდესაც “სახეირო” არაფერი მისცეს, თავად მოინდომეს მმართველობის ხელში აღება! რატომ უნდა ვუსმენდე იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც 7 ნოემბერს ხმაც არ ამოიღეს, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირდა, რატომ უნდა ვუსმენდე იმ არხებს, რომლებიც როცა “იმედი” დახურეს, როცა სულ მანამდე “იბერიის” და “მე-9 არხის” დახურვა მიაფუჩეჩეს, შურით ხარობდნენ, კონკურენტები რომ ეცლებოდნენ გარშემო, რატომ უნდა ვუსმენდე იმ ადამიანის არხს, რომელსაც შოუ-ბიზნესის “ვარსკვლავების” კეთება მობეზრდა და ახლა “პოლიტიკოსების” კეთებაზე გადავიდა... ახლა მე ვეკითხები ჩემი მშობლების თაობას: რატომ არ ამოიღეთ ხმა მაშინვე, როცა ვარდების რევოლუციის დროსვე შეიცვალა სახელმწიფო დროშა, როცა დროშაზე და ჰიმნზე ხდებოდა მუდმივი აპელირება, როცა ყველა აშკარად ვხედავდით, რომ საქმე ფუნდამენტალიზმთან და ნაციზმთან გვქონდა და არა _ ჯანსაღ პატრიოტიზმთან, რატომ არ ამოიღეთ ხმა, როცა იმ დროს დატრიალებულ კლიპებში (რომელსაც დღევანდელი ოპოზიციური არხები მაშინაც სიხარულით უშვებდნენ) მუდმივად ფიგურირებდნენ დროშები, ჯარისკაცები, იარაღი, ტანკები, ვერტმფრენები.რა თქმა უნდა, რომ ძალიან ცუდია, როცა პირველ რიგში, ახალგაზრდობა არ აქტიურობს, როცა მათი ძირითადი ნაწილი რუსთაველზე მხოლოდ ძვირფას რესტორანში სავახშმოდ მიდის (სავარაუდოდ დედიკოს ან მამიკოს ფულებით) და არა მიტინგზე, ძალიან ცუდი მოსასმენია ფრაზა: “მე პოლიტიკაში არ ვერევი”, რადგან დღეს, პოლიტიკაში არჩარევა უკვე დანაშაულია. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ: ჩვენ პროტესტის გრძნობა გვიჩნდება, არა მარტო პოლიტიკოსების, პირველ რიგში, საზოგადოების მიმართ. იმ საზოგადოების, რომელიც ხელისუფლებას “ოღონდ ეს არა”-ს პრინციპით ბრმად ცვლის, იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც პატიობს პოლიტიკოსებს ყველა ხელისუფლებაში და ყველა დროის ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნას, საზოგადოება, რომელიც თავგამოდებით იცავს (უფრო სწორედ, ჰგონია, რომ იცავს, არადა კონსტიტუციის ერთხელ გადაკითხვაც კი ეზარება ზოგიერთს) უფლებებს და ამავე დროს თავისი მოვალეობები არც კი ახსენდება, იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც ალასანიას “ტუჩზე ხალის გამო”, გრეჩიხას “კაი ტიპობის”, ხაინდრავას კი “ნაღდი თბილისელობის” გამო აირჩევს. (რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს უამრავი ღირსება და ნაკლი გაააჩნიათ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა მათთვის!). მე იმ საზოგადოებას ვუცხადებ პროტესტს, რომელმაც პრეზიდენტი, მოფერებით კი მიშა, საკუთარ შვილებთან და შვილიშვილებთან გააიგივა, რომელმაც ჩვენს პრეზიდენტს თავის დროზე წვრილმანი სიგიჟეები (სინამდვილეში კი, სავარაუდოდ, სერიოზული ფსიქიკური პრობლემები) აპატია, რომელიც მიტინგზე ვიღაცების სახელებს ყვირის დღესაც, აფეტიშებს ვიღაცების სახელებს, უცნობს, იგივე გია გაჩეჩილაძეს, სამშობლოს გადამრჩენელს და გაადამიანებულ წმინდა გიორგის ეძახის და დაფნის გვირგვინები მოაქვს მისთვის (და რა თქმა უნდა ამით უხერხულ მდგომარეობაშიც აგდებს. უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, რომელიც ამ ადამიანს გააჩნია, არა მარტო მას, არამედ არც ერთ ადამიანს არ უნდა აიგივებდეს საზოგადოება წმინდანთან და მესიასთან). მე პროტესტს იმ საზოგადოებას ვუცხადებ, რომელიც დამცინავად მიყურებს, როცა გზას მანამ არ ვკვეთავ, სანამ შუქნიშანზე მწვანე შუქი არ აინთება, როცა ორას მეტრს ფეხით გავდივარ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლო და მძღოლებს პრობლემა არ შევუქმნა მოძრაობისას, როცა ხელით დამაქვს ნაგავი იქამდე, სანამ ნაგვის ბუნკერს არ შევხვდები და ხშირად სახლამდეც; იმ საზოგადოებას, რომელმაც ნაგვის დაყრაზე 150 ლარიანი ჯარიმა გააპროტესტა (ნუ დაყრი, შე კაი ადამიანო, იმ ნაგავს, ძალით კი არ გართმევს ჯარიმას ვინმე!)! და ეს საზოგადოება, რომელმაც 97%-ით აირჩია პრეზიდენტი და მმართველი პარტია, ჩემი ერთი ლექტორისა არ იყოს, დამნაშავეს მაგონებს, რომელსაც 8 წელი მიუსაჯეს და 3 წლის მერე ციხიდან გამოსვლა ნებავს! დაბოლოს, როცა ჩემი მშობლები მსაყვედურობენ, თუ რატომ არ ვუერთდები ოპოზიციას, მე ასე ვპასუხობ. ჩემი მშობლები იმასაც მსაყვედურობენ, რომ თუკი ეს ყველაფერი ასე არ მომწონს, მაშინ ჩემი პროტესტი ყველას მიმართ საჯაროდ გამოვხატო. კი ბატონო! აი ჩემი პროტესტიც!
უჰ, და აი სიმღერაც:
http://www.youtube.com/watch?v=RDfdzipN8pQ&feature=related

რატომ არ ვიზიარებ ზოგიერთის პატრიარქით აღფრთოვანებას და ფანატიზმს?

როცა აუდიტორიაში გამოვაცხადე (ღვინერიას ლექციაზე), რომ პატრიარქის უნეტარესობის და უწმინდესობის დიდად არ მწამს და არც აღფრთოვანებული ვყოფილვარ ამ კაცით ოდესმე, ზურა ბალანჩივაძე (ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი) წამოხტა და პირჯვრისწერით აუდიტორიიდან გავარდა, ასეთ სატანიზმს ჩემი ყურები ვერ მოისმენენო.
არადა რატომ უნდა ვიყო მე ამ კაცით აღფრთოვანებული როცა:
30 წლის წინ, კომუნისტების დროს, როცა ეკლესიის და ლოცვის ხსენებაც კი ეშინოდათ, უცებ კათოლიკოს-პატრიარქი დაგვინიშნეს. რა თქმა უნდა "ზემოდან", აბა სხვა ვინ დანიშნავდა. ისიც საკითხავია, "კაგებემ" ასე "უსისხლოდ" რატომ დანიშნა ვიღაცა კათოლიკოს-პატრიარქად? (მგონი ჩემს პირველ ეჭვს ყველა გაიგებს). მით უმეტეს, რომ უახლესი ისტორიიდან ყველას კარგად გვახსოვს, (ვისაც არა და თავის თავს დააბრალოს), როგორ დახვრიტეს პატრიარქი კომუნისტებმა, იმიტომ რომ კაცი ქრისტიანი იყო და ქრისტიანობასაც ბოლომდე მიაწვა.
რატომ უნდა მჯეროდეს მე იმ კაცის, რომელსაც თავის დროზე არც 9 აპრილის დროს აუმაღლებია ხმა, არც იმ ბიჭების გასასამართლებლად გამოუდვია თავი, თვითმფრინავი რომ გაიტაცეს, (ოო კარგით რა, ეგ რა გამოდებაა!), არც 7 ნოემბერს მოუკლავს თავი მიშას ძაგებით და ელემენტარულად, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით! (note: პატრიარქი ნიუსის ჟურნალისტი არაა, საკუთარი პოზიცია რომ ვერ დააფიქსიროს!), არც, როგორც მახსოვს, მამა ბასილის დაპატიმრების გამო ამოუღია ხმა...
ჩემთვის წარმოუდგენლად სისულელეა, როცა პოლიტიკოსები საბოლოო გადაწყვეტილებას პატრიარქს ავალებს! რატომ უნდა გადაწყვიტოს სასულიერო პირმა საერო პოლიტიკა არ მესმის! (იქნებ გაეხსენებინა ილია მეორეს დავით აღმაშენებლის პირველი რეფორმა, რომელიც სასულიერო პირების საერო პოლიტიკისგან ერთხელ და სამუდამოდ მოკვეთას გულისხმობდა).
და ბოლოს, რატომ ვუწოდებთ ცოცხალ და საღსალამათ კაცს, (პრინციპში რიგით ადამიანს, ღმერთმა არ გვითხრა ბოლოსდაბოლოს, ჩემს თვალში ყველანი თანასწორები ხართო!) უ-წმინდესს და უ-ნეტარესს? რა დააშავეს იმ წმინდანებმა რომ იგვემეს და იცემეს თავი ქრისტიანობის გამო, ერთი იდეის გამო, ამის გამო წმინდანებად რომ შერაცხეს, გამხდარიყვნენ ბატონო კათოლიკოს-პატრიარქები, თურმე ეგრევე უ-წმინდესად გრაცხავენ!
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი უ-წმინდესი და უ-ნეტარესი იმდენად წმინდანი და ნეტარია, რომ ამ ცოდვილ მიწაზე ფეხს ვერ ახებს, (ცოდვის აკიდების ეშინია ეტყობა) და მაგიტომ დაბრძანდება ესკორტით და ძვირფასი მანქანით..
P.S. სულაც არ ვაპირებ ამხელა პოსტის დაწერის შემდეგ იმის მტკიცებას, რომ ქრისტიანი ვარ მიუხედავად ჩემი პატრიარქისადმი დამოკიდებულებისა, ამასაც ალბათ ისეც მიხვდებით :)
ჰო, და მუსიკას რაც შეეხება, (chocolate jesus-ის დაგდება მინდოდა, მაგრამ უკვე დამიგდია ჩემს ლინკებში და აი სამაგიეროდ ეს:
http://www.youtube.com/watch?v=IakDItZ7f7Q&feature=PlayList&p=EC8EF83122F66A6F&playnext=1&playnext_from=PL&index=56
;)

Monday, May 25, 2009

აქამდე იმდენი პოსტი მქონდა თავში სანამ ბლოგს შევქმნიდი, რომ ვფიქრობდი, ამდენს ერთ ბლოგზე რა დაატევს მეთქი. ახლა აღარაფერი მახსენდება. ზუსტად ეგრე ვარ, როცა ფოტოაპარატი მიმაქვს ხოლმე უნიში, მანამდე კადრები პირდაპირ თვალებში მეჩხირება ხოლმე, აპარატი რომ ხელში მიჭირავს, ვერაფერს ვხედავ ჩემი აპარატის გარდა.

რა დროს ჩემი აპარატია. დღეს ლექტორმა გონებაშეზღუდულობა და საკუთარი აზრის უქონლობა დამაბრალა. რა ჩემი ბრალია, თუკი კერპი არ მყავს. (ღმერთო, გამაჟრიალა სიტყვა "კერპის" ხსენებისას). თანაც ხუთი კერპი/კუმირი (ეს სიტყვა ხომ უფრო მაგრად მოგვწონს "ახალგაზრდებს" :))) ) ჩამომითვალეთო. ზოგმა მედეა ჯაფარიძეო, ზოგმა ილია ჭავჭავაძეო, ზოგმა პატრიარქიო... ვუთხარი, კერპების მოთხოვნილება მხოლოდ დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე-თქო. იმანაც "დაზადნა", (არ უნდოდა სტუდენტის თვალში უინტელექტოდ გამოჩენილიყო ეტყობა) ხოდა, აბა მაშინ ისეთ ადამიანი გეყოლება, ვისაც გინდა თავი მოაწონოო. (არა რა, წერა უკეთესად გამომდის, ვიდრე ლაპარაკი), თორემ ამაზე მეტი წარმოუდგენელი სისულელე რა გინდა, რატომ უნდა მოვაწონო თავი ვიღაცას, როცა პირველ რიგში, მე უნდა ვიყო კმაყოფილი საკუთარი თავით. მე კიდევ, ჩემი თავით კმაყოფილი ჯერ არ ვყოფილვარ.

საბოლოოდ ის დაასკვნა, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის მეშინია.

მე კიდევ საქვეყნოდ ვაცხადებ: არა ბატონო, არ მყავს მე კერპი და საერთოდაც, კერპთაყვანისმცემელი არასოდეს ვიქნები!
რაც შეეხება ჩვენს პატრიარქს, (როდესაც ჩემს აბსოლუტურად თავისუფალ და მიუკერძოებელ აზრს გამოვხატავ ხოლმე ამ თემაზე, ზოგი აუდიტორიიდან გარბის (მაგალითად ადრე ზურა ბალანჩივაძე პირჯვრისწერით გაიქცა ლექციიდან, ამ სატანურ აზრებს მე ვერ მოვისმენო), ზოგი დამცინის, ზოგი სიცილს იკავებს...) აუცილებლად უნდა მივუძღვნა ერთი პოსტი ჩემს ძვირფას აზრებს მის შესახებ, მაგრამ ეს მერე.
მანამდე კი, აი სიმღერაც:
http://www.youtube.com/watch?v=d9zFt6M_GLo

პირველი

რახან პირველია ალბათ შესავალიც შესაბამისი უნდა გავუკეთო არა?
ჰო, პირველი ის, რომ ყველაზე მეტად ჩემს თავზე ლაპარაკი მიყვარს, შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს რამდენად საინტერესო ვარ სხვებისთვის, წაიკითხავენ თუ არა ჩემს "ბლოგს". მეორეც, ჩემი მეგობრების თხოვნით, ვდგამ პირველ ნაბიჯს ბლოგერობაში :დ
მესამეც, წარმოდგენა რა მაქვს რა სტილის/მიმდინარეობის/რელიგიური აღმსარებლობის/და ა.შ. შეიძლება იყოს ჩემი ბლოგი, პირველი რაც გავაკეთე, ძლივს ავარჩიე დიზაინი, დანარჩენი ვნახოთ.
ჰო, რატომ "dreamers". როგორც ყველამ იფიქრეთ ალბათ, ბერტოლუჩის "მეოცნებენის" გამო. (ფილმის იდეის, გმირების, ევა გრინის, ფინალური კადრის, ედიტ პიაფის, რევოლუციის, და ა.შ. ყველაფრის გამო, მეზარება დეტალურად ახსნა, ისედაც ხომ ხვდებით).
სავარაუდოდ, ჩემს ყველა პოსტს ბოლოში შესაბამისი მუსიკაც მოყვება განწყობის შესაქმნელად. პირველი პოსტის სიმღერა აი ეს ლინკია.
http://www.youtube.com/watch?v=Y5T_8x1d7N8
P.S. სანამ აზრზე მოვიდოდე და მე თვითონ გავარკვევდე ამ ბლოგისგან (და თქვენგან) რა მინდა, მანამდე მოუსმინეთ ტომს.