Monday, July 27, 2009

sweet dreams :)

აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტად მოგონებებზე და სიზმრებზე მიყვარს წერა. კონსერვატორი და ჩარჩოებში ჩაკეტილი ნუ გეგონებით _ მოგონებებს ფოტოებად ვინახავ ხოლმე. აი, გახსოვთ, ჩვენი მშობლების ფოტოები? ზოგი შავ-თეთრი იყო, ზოგი მოწითალო, ზოგი_მოლურჯო-მომწვანო, ზოგი კი, სუ=სუ ძველი, მოყვითალო. აი ასეთ ფერებად მყვანან მოგონებები და ადამიანები შემორჩენილი. 
ჩემს ეზოზე მინდა წერა. ეს ეზო ძალიან ძალიან დიდი ხნის წინათ არსებობდა პეკინის #5-ში. გვერდზე სასტუმრო "აჭარა" ედგა, იქ კი აჭარის ნაყინი იყიდებოდა. უუუგემრიელესი ნაყინი! ეზოს ბავშვები ხან ვის დავდევდით და ხან ვის, ეს ნაყინი რომ ეყიდა. ეზოში პეჩკინა მახსოვს, თავაწეული და სულ მომღიმარი, ფანჯრებში გადმომდგარ ჭორიკანა მეზობლის ქალებს რომ ართობდა. მე რატომღაც მეგონა, რომ ფოსტალიონი იყო. კიდევ გენო და ჟანგო მახსოვს_გენო მზემოკიდებული 60 წლის კაცი იყო, სქელჩარჩოიანი სათვალით, ჟანგო იმის დოგი, შავი იყო, გაპრიალებული. გენოს გარეშე არსად ფეხს არ ადგამდა. 
ჟუჟუნა მახსოვს კიდევ, ისეთი საყვარელი ქალი იყო, როცა დავინახავდი, ჟუჟუნა წვიმა მოვიდა-ს სიმღერას ვიწყებდი ხოლმე სულ :D 
ეზოში ორდროშობანა გვქონდა ყოოველთვის ამოჩემებული. კიდევ, ბაბაჯანა გითამაშიათ ვინმეს? უნდა გამოკიდებულიყავი ერთ-ერთს ბაბაჯანას ძახილით. მერე აღარ მახსოვს რა ხდებოდა :D 
ეს ეზო, მოწითალო ფერის ფოტოდ დამრჩა. ფაცხით და მაღალი ნაძვით, მედიკოს ცისფერი "ნოლშესტით", ფართო, ძველებური სადარბაზოებით. 

Friday, July 17, 2009

boring-"est" training and Batumi jazz-festivalllll

გუშინ თუ გუშინწინ მოვდიოდით მე, ზურა და ანი კოლმეურნეობაზე. ანიმ თვალები დახუჭა, ზურას ხელი ჩაკიდა და ისე მოსდევდა. მერე მეც მომინდა და ასე, ორი "ბრმა" ისე მივენდეთ, სანამ გზის მეორე მხარეს გაჩერებაზე არ გადავედით ( რა თქმა უნდა, მიქისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლეთ), იქამდე თვალი არც ერთს არ გაგვიხელია. 

ყველაზე უცნაური რა იყო ეხლა ამ მსვლელობაში, რო ანიმ რო დახუჭა თვალები, მართლა არ გაუხელია და ბოლომდე ენდო. მე_ვერა, კაი ხანი თვალები თავისით მეხილებოდა, სანამ მივხვდი, რომ ზურას მართლა თვალდახუჭული შეიძლება რომ ენდო. 

სასიამოვნოა ამის შეგრძნება. როცა შეგიძლია მეგობარს თვალდახუჭული გაყვე დიდ გზაზე. თან ისე ენდო, ორიენტაციის შეგრძნებაც კი დაკარგო და ვერ მიხვდე ვარაუდითაც კი, სად შეიძლება იყო. 

მოკლედ, როგორც ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, ასეთი წვრილმანი რამეებით ვაკვირდები და ვხვდები ყველაზე ადვილ და ან რთულ ამბებს.

ჰოო, სასიამოვნო კიდევ ის იყო იმ ტრეინინგიდან (არადა საააშინლად მოსაწყენი იყო), რომ სადილის მერე დავადეთ თავი მე, ანიმ და კიდევ ორმა გოგომ და წამოვედით. მანამდე პლაკატები გავუკარით და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ აუდიტორია. გარეთ რომ გამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცას თავი დავაღწიე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. კი, ნამდვილად სასიამოვნო იყო ამის გაფიქრება.



კიდევ რა. ჰო, 21 ივლისიდან ბათუმში ჯაზ-ფესტივალი იხსნება. სამივე ჯგუფს მოვუსმინე იუთუბზე. სხვათაშორის, პარკერი მომეწონა. ვინმემ ხომ არ იცით, ჩარლი პარკერის ვინმე ხომ არაა? ესეც საქსოფონისტია თან...

კიდევ, Nატურალ 7-ს არა უშავდა რა, მაგრამ რეავი, რეავი, ვეღარ ვკაიფობ ასეთ რაღაცებზე უკვე: პირით რომ ბაძავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს... რაც იუთუბზე ვნახე, დიდი ვერაფერ კომპოზიციას მღეროდნენ... მოკლედ, დიდი ექსპერტი არ ვარ, უბრალოდ, ჩემს შთაბეჭდილებებს გიზიარებთ.

და რაც შეეხება ამ ბრაზილიურ ჯაზს, ნუ ესეც რა გითხრათ... 

პრეტენზიული სულაც არ ვარ, მაგრამ თბილისში რომ ფესტივალები ტარდებოდა, მგონი როგორც მახსოვს, მაშინ უკეთესი ბენდები ჩამოყავდათ.. ან შეიძლება არ მახსოვს და მაშინ უფრო პატარა ვიყავი. 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არც ბრაზილიური ჯაზი არ მომწონებია დიდად.

თანაც გუშინდელი ასათიანის "პროფილის" მერე, ქართველი მომღერლები კიდევ ერთხელ რომ ამღერა (რას ერჩოდა, იყვნენ თავისთვის ჩუმად:))) ), ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები მაინც ყველა ვარიანტში მისწრებაა.

მოკლედ, ჯაზ-ფესტივალის დაწყებით ზაფხული უკვე კააარგად გახურდა ააასე რომ ჯააზზზზზზი ჩჩჩჩასსსსსვვრამდეეეეეეე!!!

www.batumijazz.com <<<< 

Friday, July 10, 2009

ჩემი შეგონებები

ადრე თაკომ მაყურებინა იუტუბზე რაღაც პერფორმანსი იყო. ქალმა საგამოფენო დარბაზში გამოფინა ყველანაირი საწამებელი იარაღი, ძალიან ბევრი და იქ დამსწრე ხალხს სთხოვა, რომ ეწვალებინათ. ხალხმა რა თქმა უნდა შეასრულა მისი სურვილი. ბოლოს კადრში ვხედავთ ამ ქალს, დასისხლიანებულს, ნაცემს, ნაწამებს. 

ჰოდა აქედან დასკვნა: ადამიანები გაგიკეთებენ ყოველთვის იმას და მეტს არაფერს, რის ნებასაც მისცემ. 

ერთ ფილმს ვუყურეთ კინოს სახლში, ძალიან ადრე, პირველ კურსზე ვიყავი მგონი მაშინ, ანუ 4 წლის წინ. არც სახელი მახსოვს ფილმის, არც _ რეჟისორი. ანუ, ტიპია რა და წარმატების მისაღწევად ყველასთან ისე იქცევა, როგორც სხვები ითხოვენ და სხვებს სჭირდებათ: ანუ ყველასთან სხვადასხვანაირია. ბოლოს ეს ტიპი სახურავიდან გადახტება. 

ჰოდა აქედანაც დასკვნა: ადამიანები ისეთს შეგიყვარებენ როგორიც ხარ, მთავარია, შენი თავი აჩვენო და არა ის, რისი დანახვაც მათ უნდათ. 

არასოდეს შევმცდარვარ ადამიანებში. ყოველთვის ზუსტად ვხვდები, რა სჭირდებათ ხოლმე და რისი შესაძლებლობები აქვთ. რამდენად მავნებენ. მაგრამ ძალიან ხშირად ვუხუჭავ თვალს ჩემს წინათგრძნობებს თუ უნარს, გავარჩიო ადამიანები. 

აქედან დასკვნა: პირველი შთაბეჭდილება არა, მაგრამ მაინცდამაინც იმდენ შანსს ნუ მისცემ ადამიანებს, რამდენსაც მოითხოვენ. უბრალოდ, დათვური სამსახური გამოდის. 

გუშინ რაღაც გერმანულენოვან ფილმს ვუყურე "პრემიერაზე". ახალი ფილმი იყო. ქალის და კაცის ურთიერთობის შესახებ ყვება, თუ როგორ შეიცვალნენ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში, როგორ იმოქმედა მათზე ცივილიზაციამ, სოციალიზაციის პროცესმა, მაგრამ როგორ დარჩა ძირითადი ინსტინქტები ისევ ისეთი, როგორიც ქვის ხანაში გვქონდა. 

აქედანაც დასკვნა: ყველა კაცი ისევ და ისევ ერთი ნაგავია :|

Thursday, July 9, 2009

ნუნისი

ნუნისზეც მინდა დავწერო.
მაშინ მართლა ძალიან პატარები ვიყავით. ორი კვირა იქამდე სანამ ნუნისში წავიდოდით, ლამის ერთად ვცხოვრობდით. მე, ნინია, ლეკა, ჩაკო, სანდრო, ალექსა, შოთა, იორიკი, რომიკო.. :) ბევრნი, მოკლედ. ვკითხულობდით ლექსებს, ვუყურებდით "იავნანას" ჩუმად და უკვე მერამდენეჯერ, თეთრ კაბებს ვიცვამდით. მოკლედ, ოაზისი-კომუნა გვქონდა შექმნილი ნინიას სახლში.
მერე ნუნისში წავედით. დიდი კაკლის ხეზე ჯონ ლენონის სახე იყო ამოტვიფრული, ეტყობა ჩვენამდე დიდი ხნით ადრე აქ სხვებიც იყვნენ. გვერდით ველური პიტნა ყვაოდა. ალექსი ამბობდა, გოგო რომ გამიჩნდება, პიტნას დავარქმევო.
ლეკას ჰქონდა ჩახვეული, "წაიყვანეს ალექსი, ბატონებმაო"_რამდენჯერაც არ უნდა გავიგო ეს ფრაზა, ყოველთვის ნუნისი გამახსენდება.
კიდევ, ის ეპიზოდი, მე ჩაკო და თაკო ჯანდიერს რომ ვკითხულობდით რიგრიგობით, მწვანე ბალახზე, თან პიტნის ჩაის ვსვამდით.
საღამოობით ცეცხლთან ვსხდებოდით, ათას სისულელეს ვლაპარაკობდით.
ჰო, იმდენს ვწერდით კიდევ... სხვები ალბათ კიდევ წერენ, მე ვეღარ, სათქმელის მეტი რა მაქვს, უბრალოდ გადავეჩვიე ყველაფრის ასე წერას.
მერე ჩამოვშორდი იმათ. ბავშვობაში დამრჩნენ _ წითელი, გრძელთმიანი ლეკა, ქერა და ბუტია ნინია, სუუულ თეთრი თეთრი ჩაკო, ძალიან ლამაზი ხვიარა, ულამაზესი, პატარა პიტერ პენივით, გაზრდა რომ არასდროს არ უნდა, რევოლუციური იდეებით შეპყრობილი შოთა (ალბათ იმასაც აღარ სჯერა დღეს, ერთ დროს ამდენ ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრებს რომ აფრქვევდა), იორიკი.... :) ბატონებმა წაიყვანეს. ან მე წამიყვანეს, საერთოდ სხვაგან.
მათ მერე ჩემი ცხოვრება საერთოდ შეიცვალა. ჩავჯექი ჩარჩოებში, დავიწყე მოქცევა ისე, როგორც ყველა "წარმატებული ადამიანი" იქცევა.
ის ალილო კი ისევ ნუნისს გამახსენებს, შოთას და გიგილოს კარავთან გამოკიდებულ დიდი ბრიტანეთის დროშას, ჯონლენონიან კაკლის ხეს და პიტნის სუნს.
და საერთოდაც, ალილო შობას კი არა, ზაფხულს გამახსენებს. ცხელ ზაფხულს ნუნისში.
http://www.allshares.ge/download.php?id=0D2634CC24

Tuesday, July 7, 2009

reloading

თავში გადატვირთვის პერიოდი მაქვს. მოვიშორე თსუ-ს გამოცდები_საბოლოოდ!
15-ისთვის დიპლომის დაცვა მრჩება და მერე უკვე თავისუფლად დავირქმევ ბაკალავრს (ნუ, ეს ისევ მარიაჟობისთვის, თორემ ბაკალავრი რა :P, არაფერი). სახლში წასაკითხი "ულისე" მელოდება, მაგრამ იცი რას ვფიქრობ? ულისეს კიდევ თარგმნიან, თან ამჯერად სრულ ვარიანტს გამოუშვებენ, იმ ბოლო 6 თავსაც დაამატებენ, რაც წინა თარგმანში ეკლდა, თავისი შენიშვნებით და რამე და იქნებ დავუცადო და მერე წამეკითხა? მაგრამ, იყოს, სანამ ამას მოვრჩები, მანამდე კი გამოვა ისიც.
კიდევ ახალი ფილმების სიაც: იქნებ სადმე ტარანტინოს ის ახალი ფილმი ვიშოვო (ფუ, რა ქვია დამავიწყდა, კიდევ ლარს ფონ ტრიერის "ანტიქრისტე" და ალმოდოვარის "შეწყვეტილი ამბორი". ნუ რავი, დი-ვი-დი-ზე მაინც უნდა იყოს.
კიდევ, უფრო მეტად მინდა გავშავდე და იპოდრომზე სირბილიც უნდა გავაორმაგო_კვირაში ორ-სამჯერ სირბილი დიდ შედეგს ვერ მომიტანს, ამაში უკვე დავრწმუნდი.
იმედია, ზურამ რომ რაღაც ტრეინინგზე ჩამწერა, საინტერესო იქნება.
იმის იმედიც მაქვს, რომ იმ ესსეების კონკურსი დამთავრდება ერთ კვირაში და იქნებ ამ ზაფხულის დასასვენებელი ფული ამ კონკურსმა მაშოვნინოს, რა ვიცი, რა ვიცი, პირველ სამ ადგილზე მაინც ხომ უნდა გავიდე :))))
გავგიჟდები მე და ანიმ ის სტიპენდია რომ ვერ მოვიპოვოთ! რითი გადავიხდით აბა ჯიპას ფულს სხვანაირად, ჯერ ვერ მოვიფიქრე, ალბათ ვერც ანიმ :
ლუდის სმას თავი უნდა დავანებო_მასუქებს! :
იმდღეს ერთ მაღაზიაში ძალიან საყვარელი "საროჩკა" დავინახე, ამ ხელფასით აააუცილებლად უნდა ვიყიდო.
თმაც უნდა შევიჭრა.
ჰო, კაჭარავას ერთი ნახატი მოვიპარე (ნახატი რა და რეპროდუქცია, პლაკატის პონტში) და იმისთვის ჩარჩო უნდა გავაკეთებინო. ჭიკარტებით გაკვრაზე უკეთესი იქნება.
კიდევ ამ ფირს რომ ჩავამთავრებ, დავაბეჭდინებ და კომპიუტერისთვის არ გადავიტან. მეზარება ამ სიცხეში ფოტოშოპი.
დებიუსის ის პიესა რომ ამოვპრინტე იმდღეს სამსახურში, უნდა გავარჩიო_5 ბემოლი აქვს და 6 გვერდიანია, მაგრამ მაინც გავარჩევ, ძალიან ლამაზი მელოდიაა. ისეთი დრო უნდა შევარჩიო, მამაჩემი და ჩემი ძმა სახლში რომ არ იყვნენ, თორემ დამიწყებენ მერე, ტვინი ნუ გაგვიბურღე, თუ ვერ უკრავ შეეშვი... ნოტების პირველივე წაკითხვაზე ეგრევე კარგად ვინ უკრავს, გამაგებინეთ! მე ვერა, ყოველ შემთხვევაში. :
ახალაია მყავს სანახავი_რაც მოსკოვიდან ჩამოვიდა, არ მინახავს, სირცხვილია, მეგობარია ბოლოს და ბოლოს. :(
ამასობაში ივლისის ბოლოც მოვა, ჩვენი სტიპენდიების ამბავიც გაირკვევა და იმედია კარგად და სასიამოვნოდ გაირკვევა და ზღვაზე წავალთ.
დასვენებაც კი მეზარება უკვე. :
გადატვირთვა მჭირდება.
http://www.avoe.ge/music/index3.php?gr=Music2/&gd=Foreign/&ga=C/&galb=13217

Sunday, July 5, 2009

ტკბილი სიზმრები

ეს პოსტი მინდა, რომ მარტო ჩემს თავს მივუძღვნა. მინდა დავიკიდო და არ დავწერო ახლა მაინც პოლიტიკურ კრიზისზე, (ახალს მაინც ვერაფერს ვიტყვი), ვიღაცების ტყუილებზე, ქალიშვილობის ინსტიტუტზე, ნუ მოკლედ, ათას პრობლემაზე.
ჩემს თავზე მინდა ვილაპარაკო.
დღეს კუს ტბაზე ვიყავი და დავიწვი. ნუ, რას ვწუწუნებ, ჩემი მიზანიც ეგ იყო რომ დავმწვარიყავი. მერე "ვიკი კრისტინა ბარსელონას" ვუყურე. სოფის პოსტი გამახსენდა. ჯერ ის პოსტი, ამერიკულ კინოზე რომ წერდა, მერე მეორე, ფეისბუქზე ქუიზი გავაკეთეო.
მე რომ ის ქუიზი გამეკეთებინა, ზუსტად ვიცი, პენელოპა კრუსის გმირს ამომიგდებდა.
იმდღეს ჩემმა უფროსმა გამიჭედა, ჯაზს რატომ უსმენ, პოზიორობაა ჯაზის მოსმენა, არადა დარწმუნებული ვარ არაფერი გესმისო. როგორ შეიძლება რაღაც უმტკიცო ადამიანს, როცა ის შენს არგუმენტებს უბრალოდ არ ისმენს? რა არის ამაში დაუჯერებელი, რომ შეიძლება ჯაზს ვუსმენდე, უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც ჯაზს უსმენს.
არ მიყვარს, როცა ისეთ სასტავში ვხვდები, სადაც ძალაუნებურად ტიპობას ვიწყებ. ნუ აი, მყავს რა ეგეთი წრე, შარდენი, მინერალური წყალი, რამე. :)))) არ შემიძლია ასე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წინ და უკან ქნევა (თან ყველამ რომ დაინახოს რა ფირმაა და სადაა ნაყიდი), ლარიან მინერალურ წყალზე 4 საათი ჯდომა, ამდენივე ხანი ერთმანეთის ბიძებზე, დეიდებზე, დაქალებზე, იმათ მეზობლებზე, სიდედრებზე და დედამთილებზე ლაპარაკი, ვიღაცების ქორწილებზე და დაბადების დღეებზე, რესტორნებზე და ღამის კლუბებზე (მით უმეტეს რომ მე არც ერთგან დავდივარ და არც მეორეგან), მერე თავის მართლება იმაზე, რომ რა მოხდა, ლუდი გასართობი სასმელია, ცოტას მოწრუპვა ლოთობას არ ნიშნავს და ვაიმეეე გოგო მარტო ბეილისს უნდა სვამდეს და ერთ ჭიქაში თვრებოდეს, ააააახხხხ!! ღრრრრრ!! მართლა! ხო, მაკიაჟის გაკეთება დამავიწყდა და შიგადაშიგ ძირს დაგდებული უუშველებელი ჩანთიდან სუნამოს ამოღება და თმაზე გადაშხუილება_ ნუ აი ასეთი რაღაცები მკლავს რა, არ შემიძლია! ტუალეტში ერთი საათი გაპრანჭვა კიდე, 4 ერთად რომ დადიან ხოლმე, გოგოები, ხანდახან მგონია რომ ვაფშე არ ვარ გოგო და ცუდი ისაა, რომ აი ეს დებილი ბარბები ძალიან მაღიზიანებენ, მაგრამ ისიც ცუდია, რომ ინწილექტუალი ქალებიც არანაკლებ მაღიზიანებენ, დაუკმაყოფილებელი სახეები რომ აქვთ და ყველა სურვილი სახეზე რომ აწერიათ, კაცები ხო გაჩენის დღიდან მაღიზიანებენ, წარმოდგენა არა მაქვს პაატა როგორ შემიყვარდა, აი მოხდა სასწაული და შემიყვარდა _ ძალიან მაღიზიანებს ხოლმე ესეც ხანდახან თავისი ინწილექტუალური გამოსვლებით, მაგრამ ასეთი მიყვარს.
ადრე ვფიქრობდი და პრინციპში ახლაც ვფიქრობ, რომ არსებობენ ადამიანები_ აი ადამიანები, რომლებიც მნიშვნელობა არ აქვს კაცები არიან თუ ქალები, ადამიანები არიან და კარგები არიან, რომ დანარჩენებს, ვინც ადამიანები არ არიან, რამდენჯერაც არ უნდა შეცდნენ, ყოველთვის უნდა ვაპატიო და საშუალება მივცე თავიანთი საუკეთესო დაფარული თვისებები გამოავლინონ, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ უნდა დავიწყო მათთან ახალი ურთერთობა, რომ იქნებ, ვერ შეძლეს კარგი კუთხით ეჩვენებინათ თავიანთი თავი, თუმცა ბევრზე ვფიქრობ, რომ მათ ასეთი თვისებები არ აქვთ.
ბევრს ვლაპარაკობ და მივედ-მოვედები რაღაცებს. ძილის წინ ვიცი ხოლმე ასე, სანამ დამეძინება იმაზე ვფიქრობ, მეორე დღეს რომ საქმეები მაქვს გასაკეთებელი, ვიღაცები მყავს შესაბმელი (ნუ ზოგი რაზე, ზოგი რაზე :)) ), ვის რა უნდა ვუთხრა და მერე გადავდივარ, გადმოვდივარ, ათას რამეს ვედები და ბოლოს ისე მეძინება, ვერაფერ ხეირიანის მოფიქრებას ვერ ვასწრებ. და რავი, ჯექსონზე არაფერი დამიწერია და (ნუ რაღა არაფერი ნატა იმხელა სტატია დაგიწერე, იმედია მოეწონა დალიის :))) :წით:) აი ლინკი რა, ისე, ჩემს ბავშვობას მახსენებს, ჩემს სახლს პეკინის #3-ში, ჩვენს დიდ ეზოს, ბავშვებს, მარიკას "ჯექსონებს", ლადოს, სანდროს, ნინიკოს და რავი რა, უბნის ბავშვებს, აჭარის ნაყინს, აჭარაშივე აკეთბდნენ ძალიან მაგარ ნამცხვრებს მაშინ, 90-იანებში:))) და იმას, ჟანგოს, (ძაღლი იყო ჟანგო, დოგი, მოკვდა საწყალი), ჭრიალას (ეგეც ძაღლი იყო, ოღონდ ეზოს დვარნიაშკა..)
ჰოდა, რესტ ინ ფის ემჯეი თუ როგორცაა, კლავიატურის ინგლისურზე გადმორთვა მეზარება, როგორც შეატყვეთ :))))
http://www.youtube.com/watch?v=1YXvNuzqkfw

Friday, July 3, 2009

ნაწილები 2

უცნაური დედაჩემი

ათას რამეზე მიწევს ხოლმე წერა. მიწევს თუ არა, მეწერინება მაინც. როგორც წესი, დედაჩემს კი, ყოველთვის ჰგონია, რომ ის რაღაცები, რაც მე მაწუხებს და რაზეც ვწერ, უმეტეს შემთხვევაში, მე გადამხდება ხოლმე თავს.
არა დე, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, ეს პრობლემები მე მექმნება თუ ვინმე სხვას_ ოდესმე ხომ მეც შემეხება, რადგან ვწერ, ესე იგი, ძალიან პრობლემურია და უნდა დაიწეროს და უნდა ითქვას. :)

უცნაური მამაჩემი

მამაჩემს ძალიან უყვარს, როცა ჩემს ამბებს ვუყვები. არ აქვს მნიშვნელობა რაზე, თსუ-ზე, მეგობრებზე თუ პაატაზე. ყველაზე მეტად პაატას ამბები აინტერესებს, მაგრამ ვერ ამხელს. მიბრაზდება ხოლმე, როგორ არ გერიდება მაინცო, არადა კვდება ისე აინტერესებს. მერე დედაჩემთან ბუზღუნებს, ირინა რატომ არ მიყვება არაფერსო. :)))

უცნაური ჩემი ძმა

დიტოს ყოველთვის ან კომპიუტერის წინ ვხედავ, ან ლოგინში, როცა ძინავს. ურთიერთობა თითქმის არ გვაქვს. მაგრამ რაც მუშაობა დავიწყე, სკაიპშიც დავიმატე და ახლა ძმასთან სკაიპით ვლაპარაკობ.
თუმცა საკმარისია დიტო ორი დღით მაინც წავიდეს სადმე, ყველაზე მეტად მენატრება. კომპიუტერის სკამი რომ ცარიელია, ვერ ვეგუები.
დიტოს ყველაზე მეტად ის უყვარს, როცა თვითონ მიყვება რაღაცებს.

ნაწილები

ექიმო, ღირსება დავკარგე

რას ეძახიან ეს ქართველი მართლა "ოღრაში მამაკაცები" თავიანთ ღირსებას, დღემდე არ მესმის. მაია ასათიანივით თავის მართლებას არ დავიწყებ და ალბათ არც თქვენ დამიჯერებთ, მაგრამ არა მგონია ის ღირსება იყოს, ღიპის ქვეშ რომ მალავენ და დიდი გაჭირვებით რომ აძრობენ შარვლიდან როცა საჭიროა, ან როცა არაა საჭირო, სუფრაზე კი, მაგიდის ქვეშ განცხრომით რომ იფხანენ... კარგით რა, ეგაა ღირსება?
ასე იცვლება სიტყვების მნიშვნელობები, ჩემო ძვირფასებო, ასეთი "ოღრაში მამაკაცების" შემხედვარე, საერთოდ, ლამის ჩემი ორიენტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო: ვის დავუთმო ჩემი თავი, ღირსება ასე რომ დააკნინეს, იმათ? არასოდეს.

ლუზერები

საოცარი თანამშრომლები მყავს. თუ ოდესმე იმდენი ინტელექტი მოვაგროვე, რომ მცირე ნოველა მაინც დავწერო, აუცილებლად დავწერ მათზე. დავწერ, თუ როგორ დადიან სამსახურში მხოლოდ 2-3 საათს, ყვირიან, ჩხუბობენ, კამათობენ, ფილმებს უყურებენ, მსჯელობენ ათას სისულელეზე და მერე საბოლოოდ ყოველთვის ერთ დასკვნამდე როგოე მიდიან_ რომ ლუზერები არიან და მათმა მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა. უცნაურია, რომ ყოველთვის ისეთ ხალხთან ჰქონდათ კონტაქტი, რომლებიც დღეს შოუ-ბიზნესში აქტიურად არიან ჩაბმულები და საქართველოს მასშტაბებით კაი ფულს აკეთებენ, ვერც ვერავისთან მიდიან, ვერც ვერაფერს აკეთებენ, ერთმანეთს აბრალებენ ერთმანეთის წარუმატებლობას, ჩივიან იმაზე, თუ როგორი ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები არიან, მერე ამოიჩემებენ ერთს, (ეს ერთი ძირითადად ამათგან ერთ-ერთია ხოლმე და ყოველთვის ეგაა) და უყვირიან, რომ ის ზარმაცი, დეგენერატი, უცოდინარი, უინტელექტო და ფეხებზემკიდია მასტია, რომ ცხოვრებაში რომ ვერაფერს ვერ მიაღწიეს ვიღაცების ბრალია, მერე იუკადრისებენ, 500 ლარიან სამსახურში რატო ვიმუშაოო და ასე იშლებიან.

მე კი, ყოველდღე ამ სცენებს ვუყურებ და ვნატრობ, ოდესმე იმდენი ინტელექტი დავაგროვო, რომ მათ შესახებ მხოლოდ პოსტი არ დავტოვო. ვუყურებ და ვსწავლობ, როგორი არ უნდა ვიყო.